სამყარო >
სხვადასხვა
მომავლისკენ მიმავალი გზის ძიებაში
01.03.20
ენ დრუიანი
NASA/ESA, გ. ბეიკონი, ლ. ფრატარე, ზ. ლევაი, ფ. სამერსი

NASA-ს ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპიდან ორიონის თანავარსკვლავედში, დედამიწიდან 1350 სინათლის წლით დაშორებული ახალი ვარსკვლავის წარმოშობის გამოსახულება. ფოტო: NASA/ESA, გ. ბეიკონი, ლ. ფრატარე, ზ. ლევაი, ფ. სამერსი (VIZ3D TEAM, STSCI)

„კოსმოსის“ ერთ-ერთი შემქმნელი ამბობს, რომ ყველაზე ამბიციური სამეცნიერო მისიაა, კაცობრიობას მოქმედების დაწყებისკენ ვუბიძგოთ.

მომავალი ერთ ღამეში გახდა ხელშესახები, რომლის მონახულება ყველას შეეძლო. 1939 წელს ნიუ-იორკში მზის ჩასვლისას მოსულმა ძლიერმა წვიმამ ხელი ვერ შეუშალა მსოფლიო გამოფენის გახსნის ცერემონიალზე დასასწრებად 200 000 ადამიანის შეკრებას. ამ არტდეკოს სტილის “აღთქმული მიწის“ მთავარი თემა „მომავლის სამყარო“ იყო.

იქ გამოფინეს ტელევიზორები, გამომთვლელი მანქანები და რობოტი. ადამიანებმა პირველად იხილეს ნივთები, რომლებიც მათ ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლიდა, მაგრამ ამ საღამოს ისინი ისააკ ნიუტონის შემდეგ უდიდესი სამეცნიერო გენიოსის მოსასმენად შეიკრიბნენ. ალბერტ აინშტაინს ფესტივალის მოკლედ მიმოხილვა და მისი საზეიმოდ განათება ევალებოდა – ტექნოლოგიის ისტორიაში ყველაზე მკაფიო სინათლის აკაშკაშება, რომელიც 60 კილომეტრის რადიუსში გამოჩნდებოდა. ამ საოცარ, უეცარ და უპრეცედენტო ბრწყინვალებას კიდევ უფრო განსაცვიფრებელი წყარო ჰქონდა – მეცნიერები კოსმოსურ სხივებს იჭერდნენ და კვინსში გადასცემდნენ, სადაც მათი ენერგიის წყალობით ღამეს დღედ აქცევდნენ, ახალ სამყაროდ, რომელიც მეცნიერების წყალობით წარმოიშვა.

კოსმოსური სხივების არსის ახსნა აინშტაინს სთხოვეს, თან ამისთვის მხოლოდ 5 წუთი მისცეს. მას სწამდა, რომ საზოგადოებასთან კომუნიკაცია მეცნიერის ვალია და ამიტომაც დასთანხმდა.

აინშტაინი მაშინ 60 წლის იყო და უკვე მრავალი ათწლეულის წინ ჰქონდა სახელი მოხვეჭილი. წვიმაში მდგომთა გარდა, ღონისძიების მიმდინარეობას უამრავი სხვა ადამიანი რადიოთიც უსმენდა.

„თუ მეცნიერება, როგორც ხელოვნება, თავის მიზანს სწორად და სრულად შეასრულებს, – დაიწყო მან, – მისმა მიღწევებმა არა მხოლოდ ზედაპირულად, არამედ თავიანთი სიღრმისეული მნიშვნელობით უნდა შეაღწიონ ადამიანის ცნობიერებაში“.

როდესაც აინშტაინის ამ იშვიათად ციტირებულ სიტყვებს მივაგენი, ვიპოვე ჩემი ცხოვრების 40 წლის საქმიანობის კრედო – ეს ყოველთვის იყო და ყოველთვის იქნება „კოსმოსის“ ოცნება. აინშტაინი გვაგულიანებდა, რომ დაგვენგრია მეცნიერების გარშემო არსებული კედელი, რომელიც ბევრ ჩვენგანს აშინებდა და ეღობებოდა. მას სურდა, სამეცნიერო ჭეშმარიტებები მეცნიერების ტექნიკური ჟარგონიდან ყველასთვის გასაგებ ენაზე გადმოგვეთარგმნა, რათა შეგვძლებოდა მათი გულთან ახლოს მიტანა და გამოვლენილ საოცრებებთან უშუალო შეხვედრის საშუალებით საკუთარი თავის შეცვლა.

როდესაც კარლ სეიგანი და მე ასტრონომ სტივ სოტერთან ერთად „კოსმოსის“ პირველი გადაცემების სცენარს ვწერდით, აინშტაინის ეს კონკრეტული სიტყვები გაგონილი არ გვქონდა. ჩვენ უბრალოდ ფანატიკურად გვსურდა მეცნიერების საოცარი ძალის გაზიარება, მის მიერ გამჟღავნებული სამყაროს სულიერი ამაღლების გადმოცემა და პლანეტაზე ჩვენი ზემოქმედების შესახებ განგაშის სიგნალების გაძლიერება.

„კოსმოსმა“ ეს ავის მომასწავებელი ნიშნები გააჟღერა, მაგრამ, ასევე, გულისამაჩუყებელი იმედიც მოგვცა: 1980 წლის ჯილდოს მფლობელი პირველი სატელევიზიო სერიალი და წიგნი ასობით მილიონმა ადამიანმა შეიყვარა. ასე რომ, საკმაოდ ვღელავდი, როდესაც კარლის გარდაცვალებიდან თორმეტი წლის შემდეგ, სტივთან ერთად გადაცემას „კოსმოსი: სივრცე-დროის ოდისეა“ ვიწყებდი. ახლა კი, “წარმოსახვის ხომალდის“ ვოიაჟების მესამე სეზონის მიმდინარეობისას, კვლავ საოცარი თანამშრომლები მყავს და კვლავ ვღელავ, რომ წინანდელ წარმატებას ვერ გავიმეორებ. ამის მიუხედავად, დრო წინსვლას მაიძულებს.

ყველას გვაფიქრებს ჩვენი აწმყოს მიერ მომავალზე დასმული დაღი. როგორ გამოვიფხიზლოთ თავი ძილიდან და არ აღმოვჩნდეთ კლიმატური ან ბირთვული კატასტროფის წინაშე, რომლის უკან შექცევა შეუძლებელი იქნება, სანამ ის ჩვენ და კიდევ უამრავ სახეობას არ გაანადგურებს? როგორ ვისწავლოთ იმის დაფასება, რის გარეშეც ვერ ვიცოცხლებთ – ჰაერი, წყალი, დედამიწაზე სიცოცხლის არსებობის შემკვრელი ქსოვილი – უფრო მეტად, ვიდრე ვაფასებთ ფულს და მოკლევადიან სარგებელს? მხოლოდ გლობალურ სულიერ გამოღვიძებას შეუძლია ჩვენი გარდაქმნა.

მეცნიერება, როგორც სიყვარული, ერთ-ერთი ბილიკია ტრანსცენდენციისკენ. აბსოლუტური ჭეშმარიტებისა თუ საბოლოო დანიშნულების წერტილის არქონის პირობებში მეცნიერება ღირებული მეთოდია წმინდა ძიებისთვის. ეს თავმდაბლობის დაუსრულებელი გაკვეთილია. სამყაროს თვალუწვდენელობა – და სიყვარული, რომელიც ამ უსაზღვროების მოხელთებაში გვეხმარება – ქედმაღლებისთვის მიუწვდომელია. ის, რაც ნამდვილია, ჩვენთვის უფრო მეტად მნიშვნელოვანი უნდა იყოს, ვიდრე ის, რისი დაჯერებაც გვინდა. მაგრამ რაშია განსხვავება?

მე ვიცი გზა, რომელიც ბუნების სრულად შეცნობის ხელისშემშლელ სიბნელეს გაფანტავს. ესაა მეცნიერების ძირითადი წესები: იდეების გამოცდა ექსპერიმენტებითა და დაკვირვებით. იმ იდეებზე დაყრდნობა, რომლებიც გამოცდას გაივლიან, ხოლო დანარჩენების უარყოფა. სამხილების კვალდაკვალ გაყოლა და ავტორიტეტის ჩათვლით ყველაფრის კრიტიკულ ჭრილში დანახვა.

განა სამყაროში ჩვენი მდგომარეობის, სიცოცხლის საწყისის და ბუნების კანონების უკეთ გასაგებად პილიგრიმობა არ არის საჭირო?

მეცნიერების ბოროტად გამოყენება ჩვენს ცივილიზაციას საფრთხეს უქმნის, მაგრამ მეცნიერებას ასევე ხსნის ძალაც აქვს. მას ნახშირორჟანგისგან დამძიმებული პლანეტის ატმოსფეროს გაწმენდა შეუძლია; შეუძლია გაათავისუფლოს გარემო ჩვენ მიერ გაუფრთხილებლობით მიმოფანტული ტოქსინებისგან. მისი წინასწარმეტყველების შეუდარებელი ძალები დემონსტრირებულია ჩვენს ახლანდელ უსიამოვნო სიტუაციაში.

იმ წვიმიან საღამოს აინშტაინის მიერ წარმოთქმული სიტყვები მისი ჩვენდამი ყველაზე დიდი საჩუქარი შეიძლება იყოს. თუ ჩვენ მეცნიერების დარიგებებს გულთან ახლოს მივიტანთ, ცნობიერი და მოტივირებული საზოგადოება მოახერხებს ამ „შესაძლო სამყაროს“ არსებობისკენ უბიძგოს.

„კოსმოსი: შესაძლო სამყაროები“

ენ დრუიანის მიერ შექმნილი გადაცემა „კოსმოსი: შესაძლო სამყაროები“, რომლის წამყვანია ასტროფიზიკოსი ნილ დეგრას ტაისონი, მაყურებელს დროსა და სივრცეში ამოგზაურებს გამორჩეული ანიმაციებით, ჰოლოგრამებითა და სამყაროს შემცვლელი აღმოჩენების შეხსენებით. უყურეთ სერიალს სილქ ტვ-ში არხზე National Geographic მიმდინარე წლის მარტიდან.

ავტორი, რეჟისორი და პროდიუსერი ენ დრუიანი NASA-ს Voyager-ის გზავნილის პროექტის კრეატიული დირექტორი იყო, რომლითაც ოქროს დისკებით კოსმოსში დედამიწის ხმები და გამოსახულებები გაიგზავნა. დრუიანს მოპოვებული აქვს Emmy-სა და Peabody-ს ჯილდოები National Geographic-ის ცნობილი სატელევიზიო სერიალისთვის „კოსმოსი“.

თეგები: 
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია