ხმა >
 
ზიკას ვირუსი და საფრთხეები
19.05.16
ქეთი პატარაია
სტენლი მალოი ამერიკის მიკრობიოლოგთა აკადემიის არჩეული წევრი, ამერიკის მიკრობიოლოგთა საზოგადოების ექსპრეზიდენტი, აშშ-ის მთავრობის ყოფილი მრჩეველი ბიოლოგიური უსაფრთხოების, ბიოლოგიური თავდაცვის, კვლევისა და ჯანდაცვის პოლიტიკის საკითხებში, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის დეკანი, მეცნიერებათა დოქტორია. მისი ლაბორატორია იკვლევს მიკრობული დაავადებების ევოლუციას და ახალი ვაქცინებისა და ანტიბიოტიკების განვითარებას. ახლახან ის თბილისს სტუმრობდა.

-შიდსი, C ჰეპატიტი, ებოლა, ზიკა... ადამიანებს აინტერესებთ, რატომ გამრავლდა ამდენი ვირუსი . არსებობს ვარაუდი, რომ ისინი საიდუმლო ლაბორატორიებშია შექმნილი. აქვს ამ მოსაზრებას საფუძველი?

ალბათ აქვს, რადგან ყველას გაგვიგონია, რომ დიდი სახელმწიფოები მუშაობენ ბაქტერიული იარაღის შექმნაზე და ეს საიდუმლოა. რაც ნამდვილად ვიცით მეცნირებმა, ისაა, რომ მანამდე უცნობი ვირუსული დაავადების გავრცელების მიზეზი ხშირად ადამიანის გარემოში ჩარევა ხდება. მაგალითად, ებოლას შემთხვევაში ზუსტად ვიცით, რაც მოხდა. ყველაფერი აფრიკის დასავლეთით, ლიბერიაში დაიწყო: ეს ვირუსი არსებობდა გარკვეული ჯიშის ღამურებში, რომლებიც ბინადრობდნენ მაღალ ხეებში რამდენიმე ათეული მეტრის სიმაღლეზე და ადამიანებთან კონტაქტი არ ჰქონდათ. ადამიანებმა გაჩეხეს ეს ტყე და ღამურას საარსებო გარემომ დაბალ ხეებსა და ბუჩქებში გადმოინაცვლა. ებოლას ვირუსით პირველი დაავადებული ადამიანი იყო პატარა ბიჭი, რომელმაც ღამურასთან ითამაშა. როდესაც საუბარია ტყის გაჩეხვაზე, თითქოს კონკრეტული ხელშესახები შედეგები რთული წარმოსადგენია და ისინი მოგვიანებით დადგება, მაგრამ საუბედუროდ, ამ შემთხვევაში სრულიად მარტივი და ტრაგიკული შედეგი დადგა. ებოლას ეპიდემია გარემოში ადამიანის ჩარევის ნათელი მაგალითია.

-ახლა დიდ საფრთხეს წარმოადგენს ზიკას ვირუსი. რა შეიძლება ითქვას მასზე?

თითქმის იგივე, რაც ებოლას შემთხვევაში. ზიკას ვირუსი პირველად 1947 წელს გამოჩნდა აღმოსავლეთ აფრიკაში, უგანდაში. აქაც გაჩეხეს ტყეები სახელად „ზიიკა“, სადაც ამ ვირუსის მატარებელი მაიმუნები ბინადრობდნენ. მაიმუნებისა და ადამიანების საცხოვრებელი გარემო დაუახლოვდა ერთმანეთს და ვირუსი გადაიტანა კოღომ Aedes аegypti. აქამდე ზიკას ვირუსი იყო მხოლოდ ეკვატორულ სარტყელში მდებარე აფრიკისა და წყნარი ოკეანის ქვეყნებში, მაგრამ 2015 წლის მაისში ვირუსი გამოჩნდა ბრაზილიაშიც. დღეისათვის ზიკას ვირუსი დაფიქსირებულია სამხრეთ ამერიკის, კარიბის ზღვის ქვეყნებში, აშშ-ში და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში. ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაციის ცნობით, სამხრეთ, ცენტრალურ და ჩრდილოეთ ამერიკაში აღნიშნული ვირუსით, შესაძლოა, უკვე 4 მილიონამდე ადამიანი იყოს დაინფიცირებული.

-რით არის საშიში ეს ვირუსი? რას იწვევს ის?

ერთი შეხედვით, ვირუსის სიმპტომებს სიცხე, თავისა და სახსრების ტკივილი, გამონაყარი, კონიუქტივიტი და საერთო სისუსტე წარმოადგენს, რომელიც 2-7 დღეს გრძელდება. თუმცა, ხშირ შემთხვევაში მას სიმპტომებიც არ აქვს, რის გამოც რთულია მისი გამოვლენა. ვირუსი ზრდასრულებში, ძირითადად, არ იწვევს სიკვდილიანობას. ერთადერთი იშვიათი გართულება, რომელსაც ექიმები ამ ვირუსს უკავშირებენ - გიიენ-ბარეს სინდრომია. ეს ცენტრალური ნერვული სისტემის აუტო იმუნური დაავადებაა, რომელსაც დამბლის გამოწვევა შეუძლია. ამ დროს კიდურებში მოძრაობითი ან მგრძნობელობითი ფუნქციები ირღვევა და დამბლა სხვა კუნთებზე ვრცელდება.

მთავარი საშიშროება იმაშია, რომ როდესაც დაავადება სასუნთქ გზებს აზიანებს, ჟანგბადის ნაკლებობამ, შესაძლოა, ლეტალური შედეგი გამოიწვიოს, გარდა ამისა, ზოგ შემთხვევაში, შესაძლებელია, რომელიმე კუნთი სამუდამოდ პარალიზებული დარჩეს.თუმცა, ეს ყველაფერი არაა. ყველაზე დიდ საფრთხეს ვირუსი ორსულებისთვის წარმოადგენს. მას ჩანასახის დაინფიცირება შეუძლია და მიკროცეფალიას იწვევს. მიკროცეფალიის დროს ნაყოფის ქალა მოსალოდნელზე პატარაა და ტვინი ვერ ახერხებს გაზრდას, რაც შესაბამისად აისახება მის ფიზიკურ და ინტელექტუალურ განვითარებაზე. მიკროცეფალიის სიმძიმიდან გამომდინარე, მას ჩვილის სიკვდილის გამოწვევაც შეუძლია. სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე ეს უკვე პრობლემაა და პუერტო-რიკოს ხელისუფლებამ მოუწოდა ქალებს, რომ სანამ ზიკას საწინააღმდეგო ვაქცინას შეიმუშავებენ, 2 წელი თავი შეიკავონ დაორსულებისგან.

-მხოლოდ კოღოს მეშვეობით ვრცელდება ეს ვირუსი თუ არსებობს ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის საფრთხე?

კოღო Aedes аegypti ცხოვრობს ქვეყნებში, სადაც ტროპიკული და სუბტროპიკული კლიმატია. თუმცა, ზიკა დაფიქსირდა ისეთ ქვეყნებშიც, სადაც სხვა სახეობის კოღო ბინადრობს. ის წყალში დებს კვერცხებს, ამიტომ მოსახლეობას ურჩევენ სახლში თავდახურული ჰქონდეთ ყველა ჭურჭელი წყლით, გააკრან მწერებისაგან დამცავი ბადეები, ჩაიცვან დახურული, ღია ფერის ტანსაცმელი. მიმდინარეობს იმ ტერიტორიების პესტეციდებით დამუშავება, სადაც შესაძლოა კოღოები ბინადრობდნენ... მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ კოღოს კვერცხების დასადებად წყლის ის წვეთებიც ყოფნის, რომელიც ყვავილის ფურცელზე გროვდება, გასაგები ხდება, რომ მასთან ბრძოლა ძალიან ძნელია. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი არ არის - სულ ორი კვირის წინ გამოკვლევებით დამტკიცდა, რომ ვირუსი ასევე გადაეცემა სქესობრივი გზით - ის ნახეს დიდი რაოდენობით სპერმაში, სადაც პაციენტის გამოჯანმრთელების შემდეგ კიდევ დიდხანს რჩება.

-ეს ნიშნავს, რომ ვერცერთი ქვეყანა ვირუსისაგან დაცული ვერ იქნება?

დიახ, ასეა. ხშირად ვამბობ-ხოლმე: მიკრობებმა საზღვრები არ იციან.

ადამიანები გადაადგილდებიან, მოგზაურობენ. თეორიულად რომ დავუშვათ, რომ მათ შორის არც ერთი ინფიცირებული არ არის, შესაძლოა, საზღვაო თუ ავიალაინერს ვირუსის მატარებელი კოღოც გამოჰყვეს. მართალია, თქვენი ქვეყანა შორსაა აფრიკასა თუ ამერიკისაგან, მაგრამ საქართველოშიც არის სუბტროპიკული კლიმატის ზონა და არსებობს ვარაუდი, რომ შეიძლება აქ გავრცელებული კოღოებიც გახდეს ზიკას ვირუსის მატარებელი. ჩვენ ვსაუბრობდით ადამიანის ბუნებაში ჩარევაზე და ამ ჩარევის ყველაზე მძიმე შედეგია კლიმატის ცვლილება. იმავე კოღოების მაგალითზეც შეიძლება ამის ჩვენება: კოღო ცოცხლობს გარკვეულ ტემპერატურულ ფარგლებში, იძინებს სიცივეში და აქტიურდება სიცხეში. კლიმატის ცვლილებამ - დათბობამ, სეზონების არაბუნებრივმა ცვლილებამ გაზარდა მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა და მისი გავრცელების არეალი. თუ ადრე ის მთიან ზონაში არ ბინადრობდა, ახლა მთაშიც სითბოა და კოღოს უფრო დიდხანს, მეტ და მისთვის ახალ სულიერ არსებასთან უხდება თანაცხოვრება, რომ არაფერი ვთქვათ ადამიანზე. არადა ამ მწერებს ზიკას ვირუსის გარდა გადააქვთ სხვა ვირუსული დაავადებები: ყვითელი ცხელება, მალარია, იაპონური ენცეფალიტი... ოღონდ ერთიცაა: ჩვენ ბოლომდე არ ვიცით, კიდევ რა ფუნქციებს ასრულებენ კოღოები (ისევე, როგორც სხვა არსებები) და მათი პოპულაციის ხელოვნური შემცირებით ან გაზრდით სად და რა შედეგებს მივიღებთ. ამდენი წლის განმავლობაში არ მახსენდება არც ერთი შემთხვევა, როცა ადამიანმა სცადა ჩარეულიყო ეკოსისტემაში და ეს არ დასრულებულიყო სერიოზული უარყოფითი შედეგით.

-თქვენ იყავით ამერიკის მთავრობის მრჩეველი ბიოლოგიური უსაფრთხოების, ბიოლოგიური თავდაცვის, კვლევისა და ჯანდაცვის პოლიტიკის საკითხებში. რამდენად უსმენენ მეცნიერთა რჩევებს მთავრობის წარმომადგენლები?

ერთი ამბავი უნდა მოგიყვეთ. რამდენიმე წლის წინ, რადიოში ყური მოვკარი, როგორ გამოდიოდა წინასაარჩევნო სიტყვით ერთი კანდიდატი. წამყვანმა ჰკითხა: „თქვენ ყოველთვის საუბრობთ იმ ადამიანებისთვის, ვინც უკვე თქვენი მომხრეა. ხომ არ ჰგავს ეს იმას, რომ ქადაგება წაუკითხო საეკლესიო გუნდს“. მაშინ კანდიდატმა უპასუხა: „თუ თქვენ საეკლესიო გუნდსაც არ წაუკითხავთ ქადაგებას, მაშინ ისინი უკვე მომავალ კვირას არ მოვლენ სამღერად“. მთავრობისა და მეცნიერების ურთიერთობაც ასეთი უნდა იყოს - ხშირი, რეგულარული, მუდმივი. მაშინაც კი, თუკი ისინი გაიგებენ რაღაცას და კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამენ, ეს მაინც არ არის საკმარისი. მათ სულ უნდა უხსნათ, რასთან აქვთ საქმე და მუდმივი კონტაქტი უნდა არსებობდეს.

-როგორი შეგრძნებაა, როდესაც დგახარ თანამედროვე მეცნიერების სულ ბოლო აღმოჩენებთან, მის პულსზე გიდევს ხელი და ყოველდღიურად ჩართული ხარ ამ პროცესებში?

როდესაც ადამიანი ირჩევს, რომ იყოს მეცნიერი, პირველ რიგში ამ არჩევანის უკან დგას ცნობისმოყვარეობა და ასეა არა მხოლოდ დასაწყისში, ცნობისმოყვარეობა მუდმივად მიჰყვება მას. ასე რომ თქვენს კითხვაზე,“რას ვგრძნობ?“ - გიპასუხებთ, რომ ყოველი ახალი ინფორმაციის გაგებისას, ყოველი ახალი შედეგის მიღებისას ვგრძნობ დიდ კმაყოფილებას. კმაყოფილებას და უფრო დიდ წყურვილს - გავიგო მეტი.

თეგები: 
ზიკა
ვირუსი
სტენლი მალოი
მიკრობიოლოგი
შიდსი
C ჰეპატიტი
ებოლა
ბაქტერია
საფრთხე
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია