ხმა >
 
იოჰან ერნსტ ნილსენი
01.01.16
თათა კვაჭაძე
ფილიპ სედერჰოლმი

„კვლევა-ძიება არა მხოლოდ გეოგრაფიული მოგზაურობა, არამედ საკუთარი შინაგანი პოტენციალის სრულად აღმოჩენაა. პლანეტის შესწავლით, ჩვენ ვამაღლებთ ცნობიერებას და ხელს ვუწყობთ დანარჩენი მსოფლიოს განათლებას“, – ამბობს ცნობილი შვედი მკვლევარი, ფოტოგრაფი და მოგზაური ერნსტ ნილსენი.

25 წლის განმავლობაში, მან 40 ექსპედიცია მოაწყო და 140 ქვეყანა დაფარა. სამყაროს შეცნობის ჟინმა იოჰანი ჩრდილოეთსა თუ სამხრეთ პოლუსებზე, ჯუნგლებში, უდაბნოებსა და ყველა კონტინენტის უმაღლეს მწვერვალზე მოახვედრა. 2015 წელს, პირველი იყო, ვინც ფეხით გადაიარა სერენგეტის ეროვნული პარკი და გახდა გინესის რეკორდსმენი. მისი ეს პროექტი მიმართული იყო ბრაკონიერობის წინააღმდეგ და ველური ბუნების დაცვას ემსახურებოდა. გარემოსდაცვით საკითხებზე მუშაობისთვის მან არაერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო.

როგორ გადაწყვიტეთ, რომ მკვლევარი გამხდარიყავით? რა იყო თქვენი პირველი ნაბიჯები?

შემიძლია ვთქვა, რომ ბავშვობიდან მკვლევარი ვარ, იმიტომ რომ ვიყავი ძალიან ცნობისმოყვარე. არის თუ არა მკვლევარი ცნობისმოყვარე? რა თქმა უნდა, მაგრამ ბავშვობაში ამას სხვანაირი ფორმა აქვს: უბრალოდ, ბევრი რამ გაინტერესებს. თავიდან მეგონა, რომ კვლევა სხვა ადამიანების საქმე იყო, ვკითხულობდი ცნობილი მკვლევრების შესახებ და ვერ ვხედავდი ხიდს მათსა და ჩემ შორის. მაგალითად, როცა 1969 წელს ბაზ ოლდრინი გაფრინდა მთვარეზე, ვფიქრობდი, ალბათ, ის ასტრონავტად იყო დაბადებული. მრავალი წლის შემდეგ, შევხვდი და მომიყვა, როგორ დასცინოდა ყველა, როცა ამბობდა, ასტრონავტობა მინდა და მთვარეზე უნდა გავფრინდეო. არავინ იყო ნამყოფი მთვარეზე. მაგრამ რადგან არავინაა ნამყოფი მთვარეზე, არ ნიშნავს, რომ შენც არ შეგიძლია იქ გაფრენა. თანდათან ხიდის კონტურებიც გამოიკვეთა. 15 წლისამ მოვუსმინე ერთ კაცს, რომელიც ფორტეპიანოზე უკრავდა. დედაჩემს ვკითხე, ვინ იყო. ელტონ ჯონი ყოფილა. რა კარგად უკრავს, მეც მინდა პიანინოზე დაკვრა-მეთქი. თუ მოტივაცია გაგიჩნდა, საქმეზე კონცენტრირდები და ბევრს ივარჯიშებ, შენც შეძლებ პიანისტობასო, დამარიგა. ზუსტად ამ მომენტში გავიაზრე, რომ არსებობს ხიდი დასაწყისსა და დასასრულს შორის. შეგიძლია დაიწყო მარცხით და შემდეგ მიაღწიო წარმატებას. ასე თანდათანობით გავხდი პროფესიონალი პიანისტი. შემდეგ ვკითხე ჩემ თავს, კიდევ რა არის შესაძლებელი? ისე მოხდა, რომ ჩემს მეგობართან ნაძლევი დავდე, აუცილებლად ჩავიდოდი აფრიკაში ველოსიპედით. მართლაც, ასე მოვიქეცი: დავანებე თავი სამსახურს, ვიქირავე კარავი, მოვახტი ველოსიპედს და აფრიკისკენ გავწიე. პირველ დღეს საშინლად გამიჭირდა, მაგრამ ვიფიქრე, მოდი კიდევ ერთი დღეც და მერე შევეშვები. ასე აღმოვჩნდი საჰარაში. ადრე ეს მოგზაურობა შეუძლებლად მეჩვენებოდა, მაგრამ ხომ მაინც მოვახერხე. კიდევ რა შემიძლია? ამის მერე უკვე დენალის მწვერვალისკენ გავემართე ალასკაში. პირველად ცხოვრებაში უნდა ავმძვრალიყავი 6200 მეტრის სიმაღლეზე. ასეთი სიმაღლის გამო, დენალი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცივ მთად ითვლება.

წინასწარი მომზადების გარეშე?

სტოკჰოლმში ცოცვის ერთკვირიანი კურსი გავიარე. მანამდე მთაზე არასოდეს ავსულვარ. ესეც შევძელი. კიდევ რა არის შესაძლებელი? ავდექი და კაიაკში ჩავხტი, წინ ვიდეოკამერა დავუმაგრე და 6 თვეზე მეტი აფრიკაში გავატარე. იქიდან დაბრუნებულს მეკითხებოდნენ, კიდევ სად ვაპირებდი კაიაკით მოგზაურობას. მე კი უკვე სულ სხვა ფიქრები მიტრიალებდა. ადამიანებს უყვართ საკუთარი იდეებისა და საქმიანობების ჩარჩოში მოქცევა და სახელების დარქმევა. ხარ ან მთამსვლელი, ან კაიაკისტი და ა. შ. მაგრამ მე ვერაფრით ვეგუები ჩარჩოს. ვიმოგზაურე აფრიკაში, ჰიმალაის მთებში და ერთხელაც, ერთ-ერთმა სატელევიზიო არხმა შემომთავაზა ანტარქტიდაში გადაღებებზე გამგზავრება, 4 თვით. უნდა მემუშავა ბეტა-კამერით, მანამდე მისი სახელიც კი არ გამეგონა. მაგრამ ასეთ შანსს ხელიდან როგორ გავუშვებდი? ეს 90-იანებში ხდებოდა, როცა ინტერნეტთან წვდომა ჯერ არ გვქონდა, ამიტომ სასწრაფოდ გავიქეცი მაღაზიაში, ვიქირავე კამერა და მასთან მუშაობა შევისწავლე. შემდეგ გავემგზავრე ანტარქტიდაში და რამდენიმე დოკუმენტური ფილმიც გადავიღე კლიმატის ცვლილებაზე. ზუსტად იმ დროს აღმოვაჩინე, რომ კლიმატის ცვლილება რეალურია და არაფრით შეიძლება პლანეტის პრობლემების ყურადღების მიღმა დატოვება. სწორედ, ამიტომ დავიწყე ჩემი თავგადასავლების შეთავსება ფოტოგრაფიასთან, ვიღებდი ველურ ბუნებას, ვაწყობდი ფოტოგამოფენებს მთელ მსოფლიოში. მინდოდა, ადამიანების ყურადღება გამემახვილებინა გარემოს დაცვით საკითხებზე. ჩემი კვლევებით მედიაც დაინტერესდა. 90-იანების ბოლოს National Geographic-მა გადაიღო დოკუმენტური ფილმი, რომელიც ასახავდა ჩემს მოგზაურობას აფრიკაში მფრინავი ნავით. გგონიათ, მოგესმათ? არა, ნამდვილად მფრინავი ნავით.

მაინც რატომ დაიწყეთ კვლევა, ხომ არ იყო ეს სურვილი, დაგემტკიცებინათ საკუთარი თავისთვის, რომ ზღვარს მიღმა გადასვლა შეგიძლიათ?

ამას, როგორც ჩემს პასუხისმგებლობას, ისე ვუყურებ. დაიწყო იმით, რომ მინდოდა, ადამიანებისთვის მეჩვენებინა, რომ არაფერია შეუძლებელი. შემდეგ გადამეზარდა სურვილში, შევცვალო სამყარო მსოფლმხედველობის კუთხით. დღეს უკვე არ მჭირდება კიდევ ერთი მწვერვალის დაპყრობა, იმისთვის რომ საკუთარ თავს რაიმე დავუმტკიცო. დაახლოებით 30 მწვერვალზე ვარ ნამყოფი. თავგადასავალი იმითაა მნიშვნელოვანი, თუ რა მიზანს დავისახავთ, როგორ შევცვლით ჩვენს ცნობიერებას. კიდევ გავიმეორებ, რომ კვლევა არაა მხოლოდ გეოგრაფიული მოგზაურობა, ის შენი დაფარული პოტენციალის აღმოჩენაა.

მოგვიყევით თქვენს პროექტზე „პოლუსიდან პოლუსამდე“ (Pole-to-Pole), რა იყო ამ მოგზაურობის მიზანი და იდეა?

ეს იდეა შვიდ მწვერვალზე მოგზაურობის შემდეგ გამიჩნდა (რედ.: შვიდივე კონტინენტის ყველაზე მაღალი მწვერვალები). 2009 წელს, ჩრდილოეთ პოლუსზე რობერტ პირის პირველი მოგზაურობიდან ზუსტად 100 წელი გადიოდა. მინდოდა ჩრდილოეთ პოლუსზე იმ დროს ყოფნა პირისთვის მიმეძღვნა. რუალ ამუნდსენის სამხრეთ პოლუსის დაპყრობიდან 100 წელი კი 2011 წელს სრულდებოდა. 2009 თუ 2011? რა მოხდება, თუ 2009 წელს ჩრდილოეთ პოლუსზე ჩავალ, მერე კი გადავჭრი ნახევარ პლანეტას და წელიწადნახევარში ამუნდსენის პატივსაცემად სამხრეთ პოლუსზე ვიქნები? „პოლუსიდან პოლუსამდე“ პროექტის დაგეგმვა სრული კოშმარი იყო. შემდეგ დაიწყო მოგზაურობა, რომელმაც 535 დღე გასტანა. ეს ურთულესი გზა იყო. 2-3-ჯერ მაინც უნდა იყო ნამყოფი, ამგვარ ექსპედიციაში, რომ იცოდე სწორად როგორ იმოგზაურო. ეს მაშინ ნამდვილად არ ვიცოდი, ამიტომ დავბრუნდი დალეწილი ნეკნებითა და დაზიანებული ზურგით, მაგრამ მიღწეული მიზნით.

ექსპედიციების რომანტიკულ მხარეს რომ დავანებოთ თავი, რა არის ის ბნელი მხარეები და სირთულეები, რასაც მკვლევრები ამ ტიპის მოგზაურობის დროს აწყდებიან?

პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ესაა ფიზიკური დაზიანებები. მეორე მხრივ, მენტალური სირთულეები. მეკითხებიან, რა მენატრება ყველაზე მეტად – გოგოები? ოჯახი? საჭმელი? რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მიყვარს, მაგრამ ყველაზე მეტად არაფრის კეთება მენატრება. ექსპედიციაში სულ რაღაცას ვაკეთებ: ვიღებ ფოტოებს, ვვარჯიშობ, ვმართავ კარავს, რომელშიც გათოშილი ვიძინებ. ამიტომ, შინ დაბრუნებულს, მინდა ვიჯდე სახლში და უბრალოდ არაფერი ვაკეთო; რთულია ტექნიკური დეტალების წინასწარ მომზადებაც, დაფინანსების მოპოვება და სწორი დაგეგმვა.

გინესის რეკორდსმენი სერენგეტის ეროვნული პარკის ფეხით გადაკვეთის შემდეგ გახდით. მოგვიყევით ამ პროექტზე.

160 ქვეყანაში ვიმოგზაურე, საოცარი ველური ბუნება ვნახე, მაგრამ ასევე ვხედავ, როგორ ანადგურებს ადამიანი გარემოს. მინახავს ნავთობით დაბინძურებული ტბები, მინერალების მომპოვებელი კომპანიების მიერ მთლიანად მოჭრილი მთები... ცხოველები ქრებიან იმიტომ, რომ ვიღაც მონადირე ერთობა. კლავ ერთ ლომს და ვერც ხვდები, რომ ამ ტყვიით მთელ ეკოსისტემას უქმნი საფრთხეს. გადავწყვიტე გამეკეთებინა პროექტი, სახელწოდებით „არამარტო პარკში გასეირნება“ (Not a walk in the park). ზოოლოგები იბრძვიან ცხოველების გადასარჩენად, მაგრამ ეს არავის ადარდებს. ხალხი ამ პრობლემებზე უნდა დაფიქრებულიყო. ეს იყო სერენგეტის თავგადასავლის მიზანი. BBC-მ გააშუქა მთელი მოგზაურობა. ჩვენ 126 მილიონი მაყურებელი გვყავდა, რამდენიმე ასეული ათასი დოლარიც მოვიპოვეთ. ბოლოს და ბოლოს ადამიანებმა უნდა შეწყვიტონ გარემოს განადგურება და იფიქრონ ველური ბუნების გადარჩენაზე.

საქართველოში იმყოფებოდით „სილქ როუდ ჯგუფის“ მოწვევით, ერთ-ერთი პროექტის – ინიციატივა „გაამწვანე საქართველო“ ფარგლებში, რომელიც მუშაობს გარემოსდაცვით საკითხებზე. თქვენი აზრით, რა არის საუკეთესო საშუალება, რომ საზოგადოების ყურადღება მიმართო ამ კონკრეტულ პრობლემაზე?

მილიონი დოლარი რომ მქონდეს, რას მოვახმარდი? კლიმატის ცვლილების შეჩერებას, ჰაერის დაბინძურების აღმოფხვრას თუ მარტორქის გადარჩენას? არა, სხვაგვარად გიპასუხებთ: განათლება, კომუნიკაცია, ინფორმაცია. ჩვენ გვჭირდება ინფორმირებული მთავრობები, განათლებული ადამიანები და კომუნიკაცია ქვეყნებს შორის. ჩემი აზრით, საქართველოს მთავრობა უნდა გახდეს მისაბაძი საზოგადოებისთვის გარემოსდაცვით საკითხებში. ეს იქნება გამოსავალი. თუ ერთი იტყვის, რომ მას ეს შეუძლია, იმავეს შეეცდება ბევრი და ცვლილება მართლაც დიდი იქნება. ახალგაზრდას სამყაროს შეცვლა მინდოდა, ახლა მხოლოდ საკუთარი თავის შეცვლა მინდა. თქვენ ულამაზესი ქვეყანა გაქვთ და თუ დაიცავთ მის ბუნებას, გაუფრთხილდებით გარემოს, შეგიძლიათ სხვა ქვეყნებისთვისაც მისაბაძი გახდეთ.

რა უნდა გააკეთოს მთავრობამ, რა კონკრეტული ნაბიჯებია საჭირო?

მაგალითად, მიაქციოს ყურადღება მშენებლობებს. კლიმატურად ნეიტრალური ნაგებობები ნიშნავს, რომ მშენებლობა პროცესის ყველა ეტაპზე გათვლილია და ნაკლებ ზიანს აყენებს გარემოს. მთავრობებმა მხარი უნდა დაუჭირონ გარემოს დაცვით პროექტებს და დააფინანსონ მეწარმეები, რომლებიც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას ქმნიან.

თქვენ ბევრი დამწყები მკვლევრის შთაგონების წყარო იქნებით, რას ურჩევდით მათ?

ყველაზე მნიშვნელოვანია, გჯეროდეს, რასაც აკეთებ; გქონდეს მისწრაფება და იყო ორიგინალური. მსაყვედურობდნენ, რომ ახალგაზრდობაში ექსპედიციებში თავის გამოსაჩენად მივდიოდი. სრული სიმართლეა. ახლა სულ სხვა კონცეფცია მაქვს, ყველა ჩემს თავგადასავალს კონკრეტული მიზანი აქვს და ეს მიზანი რაღაცის გადარჩენაა. უნდა იფიქრო გლობალურად და არ შეუშინდე დიდ, გიჟურ ოცნებებს.

თეგები: 
ზღვარს მიღმა
ფორტეპიანო
საჰარა
გინესის რეკორდსმენი
ბუნება
გარემო
სილქ როუდ ჯგუფი
გაამწვანე საქართველო
კლიმატი
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია