ხმა >
 
ნესტან ნიჟარაძე
01.10.15
სოფო ბუკია
გურამ მურადოვი

ერეკლეს მოედანზე, ბამბის რიგსა თუ აბანოთუბანში დიდი თეთრი მონიტორები წელსაც დამონტაჟდა. ერთმანეთს ცვლიან კადრები ველური ბუნებიდან, სირიელი დევნილების პორტრეტები, კავკასიის პეიზაჟები… ფოტომოყვარულები, რიგითი გამვლელები თუ ზურგჩანთა გადაკიდებული ტურისტები დაუვიწყარ მოგზაურობას ასრულებენ 15 ქვეყანაში 111 ფოტოგრაფთან ერთად. ეს "ფოტო ღამეა" – თბილისის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კულტურული საღამო. „ჩვენი მთავარი მიზანია წავშალოთ საზღვრები, ერთად ვიმოგზაურობთ დედამიწის გარშემო და უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი“, – ამბობს TBILISI PHOTO FESTIVAL-ის სამხატვრო ხელმძღვანელი ნესტან ნიჟარაძე, რომელიც უკვე მეექვსე წელია ამ პროექტს ახორციელებს. National Geographic-ს იგი ქართული ფოტოგრაფიის გამოწვევებზეც ესაუბრა და იმაზეც, თუ რა ხიბლი აქვს „სმარტფონებით“ გადაღებულ ფოტოებს.

უკვე მეექვსე წელია ფესტივალს ატარებთ. რას იტყვით წლევანდელ ღონისძიებაზე?

სწრაფად გაირბინა დრომ. არც წელს დავარღვიეთ ტრადიცია – მიუხედავად იმისა, რომ ფესტივალების ჩასატარებლად ყოველთვის ცოტა სახსრები და საშუალებები გვაქვს, წელსაც ძალიან ამბიციურები ვიყავით. ფოტოგრაფია სრულფასოვანი სამეტყველო ენაა, რომელსაც გაცილებით უფრო გლობალური მასშტაბის კომუნიკაცია შეუძლია და უკვე მეექვსე წელია ამას ჩვენი ფესტივალით ვამტკიცებთ. სწორედ სამყაროსთან კომუნიკაცია იყო ჩვენი მთავარი მიზანი, როდესაც 2010 წელს ეს საქმე დავიწყეთ.

ფესტივალმა უკვე მოიპოვა რეგიონული მასშტაბის მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიების რეპუტაცია და, საბედნიეროდ, დიდი ხანია სამხრეთ კავკასიის ფარგლებსაც გასცდა. ამ ექვსი წლის განმავლობაში ქართველი, სომეხი, აზერბაიჯანელი ფოტოგრაფების გარდა, ჩვენ ვიმუშავეთ უკრაინელ, თურქ, ირანელ, ლიტველ, რუს, ეგვიპტელ, სირიელ, ერაყელ, ავღანელ ფოტოგრაფებთან.

წლევანდელი ფესტივალიც, როგორც ყოველთვის, გამოეხმაურა უნივერსალურ თემებს, საერთაშორისო პრესის ფურცლებზე მოხვედრილ მოვლენებს.

ჩავთვალეთ, რომ აუცილებლად უნდა მიგვექცია ყურადღება მეორე მსოფლიო ომის დასრულების 70 წლისთავისადმი. შესაბამისად, პროგრამის ნაწილი მეორე მსოფლიო ომთან, მის შედეგებთან იყო დაკავშირებული. ძალიან საინტერესოა პოლონელი, ლიტველი, გერმანელი ფოტოგრაფების ნამუშევრები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ საბჭოთა ოკუპაციის შედეგებზე მოგვითხრობს. მაგალითად, საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, აღმოსავლეთ პრუსიაში დაიწყეს გერმანელების დევნა, ათასობით დაობლებული გერმანელი ბავშვი ლიტვურ ოჯახებში იზრდებოდა. ეს საინტერესო ისტორიები ჩვენი ფესტივალის პროგრამაშიც მოხვდა...

საბჭოთა ოკუპაციის თემაზე ქართველ ფოტოგრაფებსაც ბევრი ექნებოდათ სათქმელი. რატომ „გაეპარათ“ მათ ეს თემა? და, ზოგადად, რამდენად მრავალფეროვანია ჩვენი ფოტოგრაფების თვალსაწიერი?

ქართველი ფოტოგრაფების ძველ და ახალ თაობაში ბევრი საინტერესო ავტორია. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, მათი ხედვის კუთხე მართლაც ვიწროა. ცხადია, ეს ყველას არ ეხება! ამ ფესტივალის გამართვაც სწორედ იმიტომ გვინდოდა, რომ ის დიდი მონაპოვარი, რომელიც მსოფლიო ფოტოგრაფიას აქვს, საქართველოში ჩამოგვეტანა და ქართველი ფოტოგრაფებისთვის გვეჩვენებინა. ბოლო 25 წელია ჩვენ ურთულეს პერიოდს გავდივართ და, სავარაუდოდ, კიდევ უახლოესი 125 წელი არანაკლებ რთული იქნება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ იქით აღარაფერი გვაინტერესებდეს. რაღაც ძალიან პატარა, ლოკალურ სივრცეში ვტრიალებთ. თითქოს არაფერი გვაინტერესებს ჩვენი ლოკალური სამყაროს მიღმა.

არ ვიცი, ეს რისი ბრალია. შესაძლოა, გვეშინია, ის კომფორტი არ დაგვერღვეს, რომელსაც ჩვენი პატარა სამყარო გვაძლევს. შორს გახედვის, მასშტაბის აღქმის შიში გვაქვს. შიში, რომ ეს კარი და ფანჯრები გაიხსნება.

თქვენი და ფოტოგრაფიის ურთიერთობა როგორ დაიწყო?

პროფესიით ჟურნალისტი ვარ. 1994 წელს, როდესაც თბილისში გაზი და შუქი ერთდროულად გაითიშა, სრულიად შემთხვევით სამი თვით პარიზში მოვხვდი, ფრანგულის უკეთ შესასწავლად.

ჩავაბარე უნივერსიტეტში; გვასწავლიდნენ აუდიო-ვიზუალურ ხელოვნებას და სწორედ ამ პერიოდში გაჩნდა ინტერესი ფოტოგრაფიისადმი. სტუდენტი ხარ და პარიზში ცხოვრობ, შეუძლებელია ლამაზი ფოტოების გადაღება არ მოგინდეს.

ხარ ქალაქში, სადაც ხელმისაწვდომია ნებისმიერი ლიტერატურა, იმართება არაჩვეულებრივი გამოფენები და ა. შ. თამამად შეგიძლია შეცურო ფოტოგრაფიის ოკეანეში. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც მე თვითონაც ვაჩხაკუნებდი. მახსოვს, პირველი ფოტოები ჩამოვიტანე და გურამ წიბახაშვილს ვაჩვენე. ახლა ვფიქრობ, როგორი კორექტული ადამიანია გურამი, მაშინვე რომ არ ამიკრძალა ფოტოაპარატთან გაკარება.

თავად საერთოდ აღარ იღებთ?

მე ისეთ ფოტოგრაფებთან ურთიერთობის ფუფუნება მაქვს და ისეთ ნამუშევრებს ვეხები, რომ სტანდარტი ძალიან მაღლა მაქვს აწეული და ფოტოებს თავად აღარ ვიღებ. სულ სამი ფოტო გადავიღე – ერთი ფრანსუა მიტერანის დაკრძალვაზე პარიზში, მეორე – ამსტერდამში მოგზაურობისას და მესამე – ევროპიდან თბილისში რომ დავბრუნდი და მტკვარში არეკლილი ძველი თბილისი დავინახე. ამით ჩემი ფოტოგრაფია დამთავრდა. ძალიან სასაცილოა, ხომ? ბევრი დღესაც ასე წარმადგენს – ფოტოგრაფი ნესტან ნიჟარაძე. არადა, სულ იმას გავიძახი, რომ ფოტოგრაფი არ ვარ.

სმარტფონითაც არაფერს იღებთ?

ვგიჟდები iphone-ით ჩხაკუნზე. სმარტფონებმა ყველაფერი გაამარტივეს და მადლობა მათ ამისთვის. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ასეა. Iphone-ით ფოტოს გადაღება აღარ არის ჩემთვის ისეთი საკრალური მომენტი, უფრო ვბედავ. თუმცა, უნდა გამოვტყდე, როცა ტელეფონით ვიღებ, მაშინაც ვცდილობ, რომ უბრალოდ კი არ ვაჩხაკუნო, არამედ კარგად დავფიქრდე, რას ვიღებ.

იცით, რა არის კარგი? სმარტფონმა ფოტოსადმი დამოკიდებულების „ვულგარიზაცია” მოახდინა. მოყვარულებს მოგვეცა ფოტოგრაფიით თამაშის შესაძლებლობა. ახლა შეგვიძლია ჩვენთვის საინტერესო ყოველი მომენტი თუ განწყობა დავაფიქსიროთ.

ასეთი რამ საუკუნეზე მეტი ხნის წინ მოხდა, როდესაც კოდაკმა თავის ცნობილი ფირი გამოიგონა და ფოტოების გადაღების საშუალება მოყვარულებსაც მისცა. ეს უმნიშვნელოვანესი ეტაპი იყო, რომელმაც აბსოლუტურად შეცვალა ჩვენი დამოკიდებულება გამოსახულებისადმი. კოდაკი მოუწოდებდა ყველას – თქვენ ოღონდ გადაიღეთ, გამოგვიგზავნეთ ფირი და ჩვენ მივხედავთ ყველაფერს. ეს იყო ბუმი. ქალმა, კაცმა, მოზარდმა – ყველამ, ვისაც ადრე არც გაუბედავს ფიქრი ფოტოგრაფიული გამოსახულების შექმნაზე, მიიღო შესაძლებლობა ფოტოგრაფი გამხდარიყო. იგივე მოხდა სმარტფონების შემთხვევაშიც.

დიდ ფოტოგრაფიას რომ დავუბრუნდეთ... ვის შეუძლია, რომ გახდეს კარგი ფოტოგრაფი? არის რაღაც თვისება, რომლის გარეშეც კარგი ფოტოგრაფი ვერ გახდები?

კი, არის. პირველ რიგში, ფიქრი უნდა შეგეძლოს. დანარჩენი ყველაფერი სწავლებადია. ფოტოგრაფია ინტელექტუალური საქმეა და აუცილებლად ფიქრიდან იწყება. თუ ადამიანს შეუძლია ფიქრი და ამავე დროს მზადაა დიდი ფიზიკური ძალისხმევისთვის, ის ფოტოგრაფიაში წარმატებას მიაღწევს. „კარგი თვალი“, მოგზაურობის სიყვარული და სხვა – ეს ტექნიკური დეტალები მეორეხარისხოვანია.

ბევრს მოგზაურობთ და ასე ახლოს ხართ ფოტოგრაფიასთან. როგორ აისახა ეს თქვენს ცხოვრებაზე?

ეს ერთმანეთთან დაკავშირებული პროცესებია. როცა ფოტოგრაფია გაინტერესებს, ესე იგი სამყარო გაინტერესებს. შესაბამისად, როგორც კი მოგეცემა საშუალება სადმე წახვიდე, ამ შანსს იყენებ. რაც უფრო მეტს მოგზაურობ, მით მეტად გაინტერესებს ფოტოგრაფია. ასეთი წრე გამოდის.

მე ვიტყოდი, რომ ფოტოგრაფიით დაინტერესებამ ჩემი ცხოვრება განსაზღვრა. არ მახსოვს, პირველად როდის ვუთხარი ჩემს თავს, რომ ცხოვრებას ფოტოგრაფიას დავუკავშირებდი. მე ვარ ადამიანი, რომელიც ზოგადად ვიზუალური ხელოვნებისადმი ძალიან მგრძნობიარეა. ბავშვობიდან ვუყურებ ლამაზ გამოსახულებას, ხელოვნების ნიმუშებს. ჩემთვის ყოველთვის თვალი იყო ინფორმაციის მიღების სერიოზული წყარო.

დღესაც ჩემი დღე იწყება და მთავრდება გამოსახულებით. ინფორმაციასაც, ძირითადად ფოტოებით ვიღებ. გამოსახულება იმდენს გვიყვება და იმდენს გვანახებს, ისეთ ადგილთან გვაახლოებს, სადაც ჩვენ შეიძლება ვერასდროს მოვხვდეთ. ზოგჯერ შეიძლება იტირო, ისე განიცადო ფოტოზე გამოსახული ადამიანის ემოცია, რომელსაც საერთოდ არ იცნობ.

თქვენ რომ ახალგაზრდა ქართველი ფოტოგრაფი იყოთ, რა თემაზე იმუშავებდით?

რამდენიმე ახალგაზრდა ფოტოგრაფმა უკვე დამისვა ეს კითხვა და ვუპასუხე, რომ სიამოვნებით გავიცნობდი ახალ თაობას. ჩემი თაობა ვიცი – ბევრი მინახავს გადაღებული. მაგრამ, ჩემ შემდეგ თაობაზე და არც იმის შემდეგ თაობაზე, არაფერი მინახავს საინტერესო. რატომ არ იღებთ? რატომ არ გვაჩვენებთ?

მაინტერესებს, ვნახო, რით განსხვავდებით ჩემგან, რით ცხოვრობთ? ეს ის თაობებია, რომლებიც დიდი ცვლილებების ფონზე იზრდებოდნენ, რთული პერიოდების გავლა მოუწიათ. ეს არის თაობები, რომლებსაც მათი ქვეყნის უახლესმა ისტორიამ, პოლიტიკურმა, ეკონომიკურმა და სოციალურმა ცვლილებებმა დაღი დაასვა. მათ თვალწინ იშლებოდნენ სისტემები... ეს თაობები ნამდვილი საბადო უნდა იყოს ფოტოგრაფიისთვის...

ხომ არ გიფიქრიათ, საქართველოში ფოტოსკოლის გახსნაზე?

უკვე 2-3 წელია ამაზე ვმუშაობთ. მგონი, ძალიან მალე, სავარაუდოდ, გაზაფხულისთვის უკვე შევძლებთ გამოვაცხადოთ სტუდენტების მიღება. ამ წამოწყებას მხარს ძალიან კარგი უცხოელი ფოტოგრაფები უჭერენ. ისინი მზად არიან ჩამოვიდნენ და მასტერკლასები ჩაატარონ... სერიოზული გეგმა და მიზნები გვაქვს. ჯერჯერობით, დეტალებს აღარ მოვყვები.

თეგები: 
ხმა
ნესტან ნიჟარაძე
სამყარო
კომუნიკაცია
აბანოთუბანი
ველური ბუნება
ფოტომოყვარულები
ფესტივალი
კულტურა
ფოტოგრაფი
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია