ხმა >
 
ნინო ცინცაძე
01.03.16
ანა გოგოსაშვილი
გურამ მურადოვი

ნინო ცინცაძემ 1994 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კლასიკური ფილოლოგიის მიმართულებით, არის ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი. თუმცა, ამ სფეროში არ მუშაობს. დღეს ის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტ „პორტიჯის“ ადრეული განვითარების პროგრამას ხელმძღვანელობს და ასევე სახალხო დამცველის ტოლერანტობის ცენტრის ვებგვერდის რედაქტორია.

როგორ დააფუძნეთ ადრეული განვითარების პროგრამა და რა იყო მთავარი ბიძგი?

2005 წელს გაჩნდა ჩემი მესამე შვილი – ირაკლი, რომელსაც დაუნის სინდრომი აღმოაჩნდა. იმ დროისათვის საქართველოში ადრეული ჩარევის პროგრამა, რომელიც დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს, და არა მხოლოდ მათ, განვითარებაში ეხმარება, არ არსებობდა. მაშინ ბევრი არაფერი ვიცოდი დაუნის სინდრომის შესახებ. ამ თვალსაზრისით, ძალიან დამეხმარნენ მეგობრები, რომლებმაც უცხოეთიდან თანამედროვე ლიტერატურა გამომიგზავნეს. ამ წიგნების მეშვეობით, თვითონ დავიწყე ჩემს შვილთან მუშაობა. შემდეგ, წლის ბოლოს, გავიცანი ლატვიელი ქალბატონი ინეტა კურსიეტე, რომელმაც თავის დროზე ლატვიაში დააარსა ადრეული განვითარების პროგრამა. მასაც დაუნის სინდრომის მქონე შვილი ჰყავს. ინეტა კურსიეტეს სურდა საქართველოშიც განევითარებინა ეს პროგრამა, ჩამოვიდა და ჩაატარა ტრენინგი ადრეული განვითარების შესახებ, სადაც მიიწვია დაინტერესებული ადამიანები, მათ შორის მეც. ტრენინგების დასრულებისთანავე მე და ჩემმა მეგობარმა, ეკა კეკელიამ გადავწყვიტეთ, საქართველოშიც დაგვეფუძნებინა ადრეული განვითარების სერვისი. ეს მნიშვნელოვანი იყო არამარტო ჩემი შვილისთვის, არამედ, ზოგადად, ამ სფეროში ვითარების შესაცვლელად. შედეგად, დავდეთ ხელშეკრულება ილიას უნივერსიტეტთან. თავიდან მუშაობა დავიწყეთ 4 პატარა ოთახში 2 ადრეული ინტერვენციის სპეციალისტითა და 4 ბავშვით.

რა არის პორტიჯი?

პორტიჯი ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე პატარა ჩრდილოური ქალაქია, სადაც მე-20 საუკუნის 60-70-იან წლებში ამოქმედდა ეს პროგრამა. 10 წლის წინ, პორტიჯის პირველ ტრენინგებს დავესწარი, მივხვდი, რომ ეს სწორედ ის იყო, რაც მე და ჩემს შვილს, სხვა ჩემ მსგავს მშობლებსა და მათ შვილებს ძალიან სჭირდებოდა. ადრეული განვითარების პროგრამა ამ სფეროში არსებული სხვა სერვისებისგან იმით გამოირჩევა, რომ: იგი ძალიან მნიშვნელოვან – გარდატეხების გამომწვევ – ასაკს უკავშირდება; ჰოლისტურია – განვითარების ყველა სფეროს – შემეცნებითი, კომუნიკაციური, სოციალურ-ემოციური, ფიზიკური, თვითმოვლის – სტიმულირებაზე ერთდროულად მუშაობს; ორიენტირებულია მშობლების მხარდაჭერასა და გაძლიერებაზე; ითვალისწინებს და ჩაშენებულია ბავშვის განვითარების ბუნებრივ გარემოში.

რა იყო ამ 10 წლის განმავლობაში თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი?

ამ წლების განმავლობაში ბევრი რამის გაკეთება შევძელით. დღეს პორტიჯის გუნდში 20 ადამიანია და ასზე მეტ ბავშვსა და მათ ოჯახებს ვაერთიანებთ. ჩვენი პროგრამა ილიას უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ნაწილია. ბავშვის განვითარების ინსტიტუტი ასევე აუტიზმის, სკოლამდელი და ინკლუზიური განათლების, და განსაკუთრებულ მოსწავლეთა განათლების, კონსულტირებისა და რეაბილიტაციის სასწავლო-პრაქტიკულ ცენტრებს აერთიანებს. ამ ინსტიტუტის არსებობა ძალიან მეამაყება. ჯერ ერთი იმიტომ, რომ მის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში მეც მიმიძღვის წვლილი და მეორე, ეს არის ადგილი, სადაც სერვისები, განათლება და კვლევა ერთ სივრცეში ერთიანდება და სადაც მაღალი სტანდარტებისა და პროფესიული ეთიკის განვითარებაზე სერიოზულად ზრუნავენ. მიხარია, რომ პორტიჯის ადრეული განვითარების პროგრამა თბილისის ფარგლებსაც გასცდა. 3 წლის წინ, საქართველოს სამარიტელთა კავშირთან ერთად, ეს სერვისი ლაგოდეხშიც განვავითარეთ. მეორე მნიშვნელოვანი მიღწევა, არ მოვერიდები ამ სიტყვას, გარდატეხის შეტანაა სკოლამდელ ინკლუზიურ განათლებაში. დღეს თბილისში სკოლამდელი ინკლუზიური განათლება ამ სისტემის განუყოფელი ნაწილია და ეს „საქართველოს პორტიჯის ასოციაციის“ დამსახურებაა. მესამე მნიშვნელოვან მიღწევად, ასევე 10 წლის წინ, ალექსანდრეს დედასთან, თამარ მარგიშვილთან ერთად დაარსებული „დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებისა და პროფესიონალების კავშირი“ მიმაჩნია. ამ ორგანიზაციის საქმიანობაში, ბოლო რამდენიმე წელია, მე ჩართული აღარ ვარ და სწორედ ეს მიხარია, რომ ამ საქმეს ახლა სხვა მშობლები – ალექსანდრეს, თეოს, ლელეს, ქეთის და სხვების დედები აგრძელებენ. მთელი ეს წინდების კამპანიები, ამ თემის მედიაში გააქტიურება და უფლებადაცვითი საქმიანობები მათი დამსახურებაა.

რა ლიტერატურა არსებობს ქართულ ენაზე?

ირაკლი პატარა რომ იყო, ჩემმა მეგობარმა ამერიკიდან დაუნის სინდრომის თემაზე შექმნილი წიგნების სერია გადმომიგზავნა – დაუნის სინდრომი და მსხვილი მოტორიკა, დაუნის სინდრომი და წერა-კითხვის უნარები, დაუნის სინდრომი და მათემატიკის სწავლება, დაუნის სინდრომი და კომუნიკაციური უნარების განვითარება და ა. შ. ჩემი შვილი ამ წიგნების კითხვაში გავზარდე და ძალიან მინდოდა ეს რესურსი სხვა მშობლებსაც ჰქონოდათ.

პირველი წიგნი, რომელიც საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის დახმარებით ვთარგმნეთ, იყო ცნობილი ექიმისა და მეცნიერის, დაუნის სინდრომის მქონე შვილის მამის, ზიგფრიდ პოიშელის რედაქტორობით გამოცემული წიგნი „დაუნის სინდრომი – ნათელი მომავლისაკენ“. ზემოხსენებულ წიგნში ამ დარგში მომუშავე წამყვანი სპეციალისტები პასუხს სცემენ ყველა კითხვას, რაც კი შეიძლება დაუნის სინდრომის გარშემო გაჩნდეს. შემდეგ ვთარგმნეთ „მსხვილი მოტორული უნარების განვითარება დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებში“. ეს წიგნი იმდენად პრაქტიკული და სასარგებლოა, რომ, წესით, 2 წლამდე ბავშვების მშობლებისა და ამ სფეროში მომუშავე სპეციალისტების სამაგიდო წიგნად უნდა იქცეს. ვთარგმნეთ, ძალიან საინტერესო რესურსი – „როგორ ვასწავლოთ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს კითხვა“. ბოლო სერიოზული ნაბიჯი ქართულ ენაზე დაუნის სინდრომის სამედიცინო მეთვალყურეობის პროტოკოლის შექმნა იყო, რომელიც ძალიან კარგი პედიატრის, ნანა რურუას დახმარებით განვავითარეთ. გასულ წელს, ჯანდაცვის სამინისტრომ ეს პროტოკოლი მიიღო. იმედია, დადგება დრო, როდესაც ქართველი ექიმების უმრავლესობა ამ სტანდარტებით იხელმძღვანელებს და პედიატრებისა და გენეტიკოსების ნაწილი ბავშვს სრულიად არასაჭირო გამოკვლევებზე აღარ გაუშვებს და უარესი – მშობლებს აღარასდროს ეტყვის, რომ უმჯობესია, ბავშვი დატოვონ.

როგორია სამომავლო გეგმები?

დღეს ჩვენი ინსტიტუტის ერთ-ერთი მიზანი კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპიის სამაგისტრო პროგრამის განვითარებაა. ტრადიციული ლოგოპედიისგან განსხვავებით, ეს სპეციალობა აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში სერიოზულად განვითარდა და გაფართოვდა. ამ პროგრამას პორტუგალიელ, ნიდერლანდელ, ხორვატ და ისრაელელ ექსპერტებთან ერთად ვაკეთებთ. იმედი მაქვს, რომ მაღალ პროფესიულ სტანდარტებზე დაფუძნებულ სპეციალობას განვავითარებთ, რომელიც ძალიან დაეხმარება ყველა ბავშვსა და მოზრდილს, ვისაც კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების სფეროში რაიმე სირთულე აქვს.

როგორია ირაკლის ცხოვრება?

ვხუმრობ ხოლმე, რომ, ტრადიციულად, ჩემი შვილი ახალი პროგრამებისა და მიდგომების საპილოტე „ცდის პირია“. თუმცა, ცხადია, რომ ეს მას ცხოვრებაში ხელს არ უშლის, პირიქით, ეხმარება. ის თავის რამდენიმე მეგობართან ერთად, პირველი პორტიჯელი იყო. მერე იყო ერთ-ერთი პირველი ბავშვი, რომელიც სკოლამდელ ინკლუზიურ განათლების პროგრამაში (ბაღში) ჩაერთო. ახლა 21-ე საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეა და ისევ ერთ-ერთი, საქართველოსთვის ახალი, პროგრამის – „მეგობართა წრის“ „საპილოტე ბავშვია“. ორი ინგლისელი ფსიქოლოგის, კოლინ ნიუტონისა და დერეკ უილსონის ამ მეთოდს (გასული წლის შემოდგომაზე ტრენინგები ჩაატარეს ჩვენს ინსტიტუტში) მთელი ფოკუსი მასწავლებლებისგან, სპეც-მასწავლებლების და ფსიქოლოგებისაგან ბავშვის თანაკლასელებზე გადააქვს და განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვის ჯგუფში ინტეგრირების ბუნებრივ და ძალდაუტანებელ გზას გვთავაზობს. ვფიქრობ, რომ ინკლუზიური განათლების მომავალი სწორედ ამგვარ მიდგომებშია. ამ ეტაპზე ირაკლი და მისი საყვარელი კლასელები ამ ამოცანას მშვენივრად ართმევენ თავს.

რა არის თქვენი საქმიანობის მთავარი ხიბლი?

პირველ რიგში, ჩვენი ბავშვები და მათი მშობლები, რომლებიც თავს უფრო თავდაჯერებულად, დაცულად გრძნობენ და გამოხატავენ კმაყოფილებას ჩვენთან ურთიერთობით. ადამიანები, რომლებთან ერთადაც ვმუშაობ. რომ შევაჯამოთ, ამ საქმიანობის მთავარი ხიბლი ადამიანური ურთიერთობებია.

რა ყოფითი სიმძიმე ახლავს ამ ყველაფერს?

ხანდახან გამუდმებით ზრუნვის რეჟიმში ყოფნა დამღლელია. სიმძიმის განცდა, ზოგადად, ძალიან სუბიექტურია, მე, შესაძლოა არ დამამძიმოს იმან, რაც ბევრი ადამიანისთვის სიმძიმესთან ასოცირდება და პირიქით, გავბრაზდე იმაზე, რაც სხვებისთვის სასაცილოა. ვიცი, რომ ბევრი მშობელი გაანერვიულა მეწარმე პარლამენტარმა. ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება დაგამძიმოს თოფაძემ. კოლექტიური თოფაძისადმი, როგორც ზოგადად რეგრესული მოვლენისადმი, უნდა იყო პრინციპული და თანმიმდევრული, მაგრამ, არავითარ შემთხვევაში, დამძიმებული ან შეურაცხყოფილი.

როდისმე განგიცდიათ დისკრიმინაცია?

მსგავსი რამ არც ჩემ თავთან და არც ჩემს შვილთან მიმართებაში ჯერ არ მიგრძნია... თუმცა ვცდები... ირაკლი რომ დაიბადა, სამშობიაროში მამამისს უთხრეს, რომ ჯობდა ბავშვი დაგვეტოვებინა, რადგან განვითარების პერსპექტივა არ ექნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ დისკრიმინაციული, არაპროფესიონალური და არაადამიანური მოვლენის აღმოსაფხვრელად, ამ წლების განმავლობაში, ბევრი ვიმუშავეთ, სამწუხაროდ, დღემდე არსებობენ ექიმები, რომლებმაც შეიძლება მშობელს მსგავსი რამ უთხრან, თუმცა ამგვარ შემთხვევათა რიცხვმა საგრძნობლად იკლო. ვიცი, რომ რეგიონებში დღემდე არსებობს ბაღები, სადაც ბავშვს მიღებაზე უარს ამ ნიშნით ეუბნებიან. თუმცა ზოგადად, დისკრიმინაციის განცდაც სუბიექტური მგონია. თუ საკუთარ თავს და საკუთარ შვილს ღირსებით ეპყრობი და ღია ხარ გარშემომყოფებისადმი, გარშემომყოფებიც ბუნებრივად, მსგავსად რეაგირებენ.

პოზიტიური დისკრიმინაცია?

სახლში ჩემი შვილი ბებიების მხრიდან მუდმივი პოზიტიური დისკრიმინაციის „მსხვერპლია“. ზოგადად, საქართველოში ახლა ვდგამთ პირველ ნაბიჯებს ინკლუზიური საზოგადოების ჩამოსაყალიბებლად და დიდად არაფერი დაშავდება, ჩვენი ბავშვები „ცოტა პოზიტიურად დისკრიმინირებულები რომ იყვნენ“, თუმცა გადაჭარბება არაფერში ვარგა.

რა არის საზოგადოებაში ინტეგრაციის ორმხრივი სარგებელი?

ორმხრივ სარგებელს ძალიან ბევრი კვლევა ადასტურებს. შემიძლია, მაგალითად, ჩემი უფროსი შვილები და ირაკლის კლასელები მოვიყვანო. ისინი გაიზრდებიან და თითოეულს, სხვა ბევრ კარგ თვისებასთან ერთად, დამატებით ექნება ერთი შტრიხი: მათ ეცოდინებათ, რას ნიშნავს ირაკლის მსგავს ადამიანებთან ახლო და პოზიტიური ურთიერთობა.

როგორი მდგომარეობა იქნება საქართველოში დაუნის სინდრომთან მიმართებაში 10 წლის შემდეგ?

გააჩნია, საქართველო როგორ განვითარდება. დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების ბედი, ისევე როგორც თითოეული ჩვენგანის ბედი, საქართველოს პოლიტიკურ არჩევანზეა დამოკიდებული. თუ საქართველო არ დაკარგავს იმ ორიენტირებს, რაც აქამდე ჰქონდა და თუ ის შეინარჩუნებს სწრაფვას, გახდეს ევროპული სამყაროს ნაწილი, თუ ძალიან არ დავარდება ეკონომიკური ზრდის ტემპი, მაშინ, ვფიქრობ, რომ 10 წელიწადში გვეყოლება ბევრი დასაქმებული დაუნის სინდრომის მქონე ადამიანი, გაჩნდება პირველი პრეცედენტები, როცა ისინი შექმნიან ოჯახებს, ექნებათ მეტი სივრცე გასართობად და ერთმანეთთან და სხვებთან ურთიერთობისათვის.

თეგები: 
ფილოლოგია
ტოლერანტობა
რედაქტორი
დაუნის სინდრომი
ტრენინგი
ლიტერატურა
დისკრიმინაცია
ინტეგრაცია
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია