ხმა >
 
დავით დვალი
25.01.15
ლევან ბუთხუზი
ასტროფოტოგრაფი დავით დვალი

დავით დვალი განათლებით ქიმიკოსია, მაგრამ დიდი ხანია ამ სფეროში აღარ მუშაობს. კერძო ბიზნესი აქვს, თუმცა ინტერესი ფუნდამენტური მეცნიერების მიმართ არასდროს განელებია. ცოტა ხნის წინ ასტროფოტოგრაფიით დაინტერესდა. ფოტოგრაფიის ეს მიმართულება საკმარისად უცხოა საქართველოსთვის. ვეცადეთ მისი სხვა კოლეგებიც მოგვეძებნა, მაგრამ დავით დვალი, ფაქტობრივად, საქართველოს პირველი მოყვარული ასტროფოტოგრაფი აღმოჩნდა, რომლის მშვენიერ ფოტოებს უკვე იცნობს საქართველოს სოციალური ქსელების მომხმარებელი.

როგორ დაიწყეთ?

სკოლა საბჭოთა პერიოდში დავამთავრე. ჩვენ მაშინ ასტრონომიის გაკვეთილებიც გვიტარდებოდა. მაინტერესებდა, ალბათ, როგორც ყველა მოზარდს, თუმცა იმ დროს ნამდვილ ტელესკოპს სად ვნახავდი, მის ოკულარში ჩაჭყეტაზე რომ არაფერი ვთქვა. მრავალი წლის შემდეგ, უფრო ზუსტად – 2003 წლის აგვისტოში მთელი მსოფლიო მნიშვნელოვან მოვლენას ელოდა – მარსის დიდ პირისპირდგომას, როცა წითელი პლანეტა ძალიან ახლოს მოდის დედამიწასთან. ეს მოვლენა 15-17 წელიწადში ერთხელ ხდება. მომინდა ახლოდან დამენახა მარსი, ჰოდა, ჩემს მეგობრებთან ერთად აბასთუმანში წავედი. ასე გავიხედე პირველად ტელესკოპით. ჩემი სახლის სახურავზე დიდი ტერასაა, რომელსაც წლების განმავლობაში თავგამოდებით ვამწვანებ – ვრგავ სხვადასხვა ჯიშის ხეებს, ყვავილებს. ღამღამობით აქედან ცის ყურება მიყვარს. ალბათ, ერთ-ერთ ასეთ ღამეს მივიღე გადაწყვეტილება, რომ საკუთარი ტელესკოპით, საკუთარი სახურავიდან ახლოს მენახა ჩემი წილი ცა და ვარსკვლავები. 22 ნოემბერს შევუკვეთე და 31 დეკემბერს, თოვლის ბაბუის საჩუქარივით, სახლში მედო. თუმცა ჩემი სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა, თურმე მთავარი სირთულეები ახლა იწყებოდა...

რა აპარატურა გაქვთ?

პირველი ტელესკოპი სელესტრონის ფირმის 279,4 მმ (როგორც ეძახიან „11 ინჩის“) დიამეტრის სარკის მქონე კატადიოპტრიკული (Catadioptric) ტიპისაა – Celestron 1100HD. ასტრონომები მათ მოფერებით კატებს ეძახიან (Cats). დღემდე ჩემს ძირითად ტელესკოპად რჩება. წელს დავამატე აპოქრომატული რეფრაქტორული 80 მმ ტელესკოპი დიდი კუთხური ზომის ობიექტების გადასაღებად. პირველი სურათები ჩვეულებრივი „ქენონის“ აპარატით გადავიღე. ახლა უკვე პროფესიონალური ასტროკამერით ვიღებ QSI ფირმის 8-ფილტრიანი კარუსელით. პროგრამული უზრუნველყოფიდან აღვნიშნავ Maxim DL და PixInsight პროგრამებს. ამას ემატება უამრავი გადამყვანი, ადაპტერი, ტელეკომპრესორი, ფოკუსერი და ა.შ.

რას ხედავს ადამიანი თქვენნაირი ტიპის ტელესკოპში?

პირველი, რასაც ამ ფოტოების ნახვის შემდეგ მთხოვენ, ტელესკოპში ჩახედვაა. იხედებიან და იმედგაცრუებულები რჩებიან, რომ ოკულარში სულ სხვა რაღაც, შავ-თეთრი, მკრთალი გამოსახულება ხვდებათ. ჰგონიათ, ტელესკოპის ბრალია. ვცდილობ ავუხსნა, რომ ატაკამასა და კოსმოსში მდგომი ტელესკოპებითაც ვერ დაინახავენ ნისლეულებსა და გალაქტიკებს ისე, როგორც ფოტოზეა. ჩვენამდე მოღწეული სინათლე ძალიან სუსტია, ჩვენი თვალი მას სათანადოდ ვერ აღიქვამს. ამიტომ, ვიზუალური ასტრონომია ერთია, ხოლო ასტროფოტოგრაფია სრულიად სხვა სამყაროა. ვიზუალსაც აქვს თავისი ხიბლი, საოცარი შეგრძნებაა შორეული გალაქტიკის, ვარსკვლავური გროვის ან ნისლეულის ხილვა, თუნდაც შავ-თეთრად.

როგორია პროცესი გადაღებიდან ფოტომდე?

ამის ასახსნელად თვალი და ფოტოაპარატი უნდა შევადაროთ. დღისით, კარგი განათების პირობებში, პრინციპი ძალიან მსგავსია. ფერად ფოტოაპარატში, ისევე როგორც თვალში, სამი ძირითადი ფერის მიმართ მგრძნობიარე ფოტოელემენტები აფიქსირებს სინათლეს, მოსულს მყისიერ მომენტში. სულ სხვაგვარადაა საქმე სუსტად მნათი ობიექტების დაფიქსირებისას. ფოტოაპარატს, თვალისგან განსხვავებით, ხანგრძლივი ექსპოზიციის საშუალებით შეუძლია მოსული ფოტონების აკუმულირება, იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა საკმარისად განათებული გამოსახულების მისაღებად. თუ ფოტოაპარატის ჩამკეტს 10 წუთით დავტოვებთ ღიას, ფირზე (სენსორზე) ნელ-ნელა დაგროვდება ის ინფორმაცია, რასაც თვალის ბადურა მყისიერად კარგავს და ამიტომაც ვერ აღიქვამს. ბოლოს სურათზე ისახება მკაფიო, უკვე ფერადი და კაშკაშა გამოსახულება, რადგან საკმარისი ფოტონი მოგროვდა. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან უხეშად, მარტივად მოთხრობილი ამბავია. ფოტოგადაღებას კიდევ ერთი სირთულე ახლავს – დედამიწის ბრუნვა. შესაბამისად, მოძრაობს გადასაღები ობიექტიც. თუ ზომები არ იქნა მიღებული, მკაფიო გამოსახულების ნაცვლად გადღაბნილ ლაქებს მივიღებთ. აუცილებელია, გადაღებისას ტელესკოპიც დედამიწასთან ერთად ისე სინქრონულად მოძრაობდეს, რომ ფოტოკამერა გამუდმებით ერთ ობიექტს „უყურებდეს“. ამას ემატება, რომ არც ერთი კამერა არაა იდეალური. კადრს ძალიან ბევრი ტექნიკური ხარვეზი მოჰყვება. სუფთა გამოსახულების მისაღებად მრავალი კადრის გადაღება და შეკრებაა საჭირო. გადაღების დასრულების შემდეგ იწყება მასალის კომპიუტერული დამუშავება. პირველ რიგში, მკვეთრი გამოსახულების მისაღებად კადრები ერთიმეორეს ედება. ამით აგრეთვე ხდება „ნაგვისგან“ გაწმენდა. ახლა ფოტო მკვეთრია და სუფთა. ფერადი ფილტრებით გადაღებული მასალა კომბინირდება და ვიღებთ ფერად გამოსახულებას. ხარისხიანი შედეგის მისაღებად ჯამში 10-ზე მეტი საათის მასალის გადაღებაა საჭირო. დახელოვნებული პერფექციონისტები 20-60 საათს ხარჯავენ თითოეული ფოტოს მისაღებად. ფოტოს დამუშავება კიდევ ცალკე პროცესია. ძალიან მოკლედ, ასეთია ეს პროცესი.

ანუ, თვალს რომ ფოტოაპარატის შესაძლებლობები ჰქონდეს, ამ ფერებს დაინახავდა?

ყველაზე ხშირად ამას მეკითხებიან – კი და არაც. ასტროფოტოებზე გამოსახული ობიექტების უმრავლესობის ფერი საკმაოდ რეალურია. რაც შეეხება ემისიურ ნისლეულებს, ზოგ შემთხვევაში მათი „გაფერადებისას“ იყენებენ ე. წ „ჰაბლის ფერთა პალიტრას“, რომელიც საკმაოდ განსხვავდება ნამდვილისგან და, როგორც სახელწოდებიდან ხვდებით, პირველად ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის მიერ გადაღებული სურათებისთვის გამოიყენეს.

რამდენად მისაღებია ფოტოს დამუშავება?

„ჭუჭყიანი“ მასალა აუცილებლად მუშავდება, ცილდება ყველაფერი, რაც ხელს უშლის აღქმას. არსებობს საბაზისო პარამეტრები ფერისა და სიმკვეთრის მისაღწევად, რომელსაც იყენებს ყველა ასტროფოტოგრაფი, ანუ ყველაფერი, რასაც, ჩვეულებრივ, ფოტოს დამუშავებისას იყენებენ. ამასთანავე, ასტროფოტოგრაფია მეტ თავისუფლებას უტოვებს ავტორს, რადგან არ ვიცით, როგორი იყო რეალური კადრი. ტელესკოპში გახედვისას ხომ ფერებში ის არ ჩანს. ეს უკვე გემოვნების საკითხია. თუმცა „მძიმე ჩარევა“ აქაც არასასურველია.

რა არის აუცილებელი, რომ მუდმივად „ფორმაში“ იყოთ?

ასტროფოტოგრაფიას სამშობლო არ გააჩნია, ის ზოგადსაკაცობრიო მოვლენაა და არაა იტალიური პიცა ან ინგლისური ფეხბურთი. ყველანი ერთ ცას შევყურებთ და ვუღებთ სურათებს. სულ უფრო პოპულარული ხდება და მის პოპულარობას განსაზღვრავს უკვე არსებული ტელესკოპების სიმრავლე და ხელმისაწვდომობა. როგორც ყველაფერ პროგრესულსა და ახალში, ქართველები აქაც ცოტათი ჩამოვრჩებით. იმედია, ჩვენშიც ნელ-ნელა მოიკიდებს ფეხს მეცნიერებისა და ხელოვნების ეს თანამედროვე დარგი. რაც შეეხება ფორმას, არსებობს უამრავი საიტი და ფორუმი, სადაც ათასობით ადამიანია გაერთიანებული; ვიღებთ ფოტოებს, ვაფასებთ ერთმანეთის ნამუშევრებს, ვკამათობთ, ვმსჯელობთ და ვვითარდებით. დიდი სტიმულია რეიტინგების სისტემაც. მაგალითად, Astrobin პორტალზე ჩემმა გადაღებულმა როზეტას ნისლეულმა 28 ნოემბრის „დღის სურათის“ (Image of the Day) სტატუსი მოიპოვა. პოპულარობის საერთო რეიტინგში კი ჩემი გვერდი უკვე პირველ ოცეულში შედის.

საქართველოში სხვა მოყვარული ასტროფოტოგრაფი ვერ მოვიძიეთ. არავის აინტერესებს?

იმედია, გამოჩნდებიან. ასტროფოტოგრაფია საკმაოდ ძვირადღირებული და შრომატევადი, თუმცა სასიამოვნო, აზარტული და საინტერესო საქმიანობაა. ბევრია, ვისაც ასტროფოტოგრაფიის დაწყება სურს. ეს ძალიან მახარებს. თუ ვინმე სერიოზულად ფიქრობს, ხელი მოკიდოს ამ საქმეს, დაუღალავ მხარდამჭერად მიგულოს! სახურავზე მოწყობილი ჩემი ობსერვატორიის კარი ღიაა ასტროფოტოგრაფიის შესწავლის მსურველებისთვის. და მაინც, მთავარი მონდომებაა, მთვარისა და პლანეტების გადაღებითაც შეიძლება დაწყება. თავიდან მეუბნებოდნენ – არ გამოვა, თბილისიდან რა უნდა გადაიღოო? ძალიან ცუდი ცაა თბილისში ასტროფოტოგრაფიისთვის, სმოგი, ტურბულენტურობა, ქალაქის განათება. აღმოჩნდა, რომ ყველაფერი გადალახვადია. თუმცა მაინც საკმაოდ შეზღუდული ვარ, ამიტომ ვგეგმავ, დაკვირვებისთვის უფრო ხელსაყრელ ადგილზე გადავიტანო ჩემი ობსერვატორია.

ძვირადღირებული ფუნდამენტური მეცნიერების ბედს როგორ ხედავთ საქართველოში?

საილუსტრაციოდ აბასთუმნის ობსერვატორია გამოდგება, დღეს რომ უბრალოდ გადარჩენისთვის იბრძვის. არადა, მისი გლობალური მნიშვნელობა ძალიან დიდია. არც ისე ბევრია მსოფლიოში ასეთი უნიკალური ადგილი. ეს დარგი წარმოუდგენელი სისწრაფით ვითარდება და ფართოვდება. მხოლოდ ეგზოპლანეტების აღმოჩენა და მათი კვლევა რად ღირს! ობსერვატორიას სჭირდება დაფინანსება, განახლებული ტელესკოპები და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა, რომ კვლევები გაგრძელდეს და ისევ დავიბრუნოთ ის მნიშვნელობა, რაც ადრე გვქონდა. ევგენი ხარაძე, ეს საოცარი ადამიანი, 25 წლის იყო, აბასთუმნის ობსერვატორიის დამაარსებელი და დირექტორი რომ გახდა, ნულიდან შექმნა ყველაფერი, მათ შორის ძალიან სერიოზული სკოლაც. ახლა რომ ნახოთ, გული მოგიკვდებათ. 15 გუმბათია, რომელშიც ყველგან იყო ტელესკოპი. ახლა უმეტესობა მუზეუმს ჩამოჰგავს და მგონი სულ ორი მუშა ტელესკოპი აქვთ, ისიც იქ მომუშავე არაჩვეულებრივი პროფესიონალების დამსახურებით. მესმის, ძნელია, მაგრამ სულ რომ არ ჩაქრეს, ამაზე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს. შენარჩუნება ხომ უფრო ადვილია, ვიდრე ყველაფრის თავიდან დაწყება.

კარგად თუ ჩავუღრმავდებით, ფუნდამენტური მეცნიერების ბევრ მხარეს, შესაძლოა, კომერციული პოტენციალიც ჰქონდეს თვითდაფინანსებისთვის. აბასთუმანს, ჩემი აზრით, სერიოზული კომერციული პოტენციალიც აქვს. აქაც რომ მომხდარიყო ინვესტირება, ახლა სულ სხვა სურათი გვექნებოდა და აბასთუმანი, ბათუმისა და მესტიის მსგავსად, საქართველოს სავიზიტო ბარათი იქნებოდა. აქ საოცრადაა შეხამებული ატმოსფერული პარამეტრები (სრულიად უნიკალური პოსტსაბჭოთა სივრცეში), ჰაერის სიწმინდე, ბუნების სილამაზე და თავად ობსერვატორია, როგორც სამეცნიერო და კომერციული ობიექტი. მაგალითად, უკრაინაში არის ასტრონომიის მოყვარულების ძალიან დიდი სკოლა. ზაფხულს ისინი ყირიმის მთების ასტრობანაკებში ატარებდნენ. სადღაა ყირიმი და „ყირიმული ღამეები“? ამ ფონზე, აბასთუმანი იდეალური ალტერნატივაა. აქ არანაკლებ ადამიანს ვუმასპინძლებდით, ვიდრე „კაზანტიპში“. ამ ხალხს გამართული ინფრასტრუქტურა და ერთი დაძახება უნდა. რაც შეეხება თავად ფუნდამენტური მეცნიერებისადმი ახალგაზრდების ინტერესს, ღრმად მწამს, რომ თუ ასტრომოყვარულებს მიეცემათ პრაქტიკული მუშაობის საშუალება, ბევრი საკუთარ პროფესიად ასტრონომიას აირჩევს.

თეგები: 
ხმა
ასტროფოტოგრაფია
დავით დვალი
ტელესკოპი
აბასთუმანი
აპარატურა
გადაღება
ფოტო
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია