ხმა >
 
ირაკლი შავგულიძე
25.06.15
ირმა კახურაშვილი
კიკალა სტუდიო

ირაკლი შავგულიძე ბიოლოგია, 1992 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. შემდეგ, მაგისტრატურა შოტლანდიაში, აბერდინის უნივერსიტეტში გაიარა. ამჟამად, იგი ბიომრავალფეროვნების კვლევისა და კონსერვაციის ცენტრ „ნაკრესს“ (წარსულში სახეობათა კონსერვაციის ცენტრი „ნოეს კიდობანი“) ხელმძღვანელობს. ორგანიზაცია უკვე 26 წლისაა და მრავალი წარმატებული პროექტი აქვს განხორციელებული.

როგორ ახსნით თქვენი ცხოვრების არჩევანს?

ცოცხალი ორგანიზმები ბავშვობიდან მაინტერესებს. ასე რომ, ჩემი პროფესია ჯერ კიდევ იმდროინდელი არჩევანი იყო (დედაც ბიოლოგი მყავდა). „ნაკრესში“ მოსვლისთანავე (მგონი 1995 წელი იყო), ერთი მხრივ, ამ სფერომ ჩამითრია, მეორე მხრივ – იმ ადამიანებთან მუშაობამ, რომლებიც ორგანიზაციაში იყვნენ. ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევდი გარემოს, სადაც არსებობა მომიწევდა. მე ხომ ცხოველთა ეკოლოგი ვარ. ეკოლოგია კი ორგანიზმს იმ გარემოში განიხილავს, რომელშიც ის ცხოვრობს. ამით იმის თქმა მინდა, რომ „ნაკრესის” გარემო ჩემთვის იდეალური აღმოჩნდა როგორც თანამშრომელთა განწყობის, ისე მათი მსოფლმხედველობის თვალსაზრისით. ბიოლოგია, ზოგადად, ძალიან სწრაფად განვითარებადი დარგია. იმისთვის, რომ პრაქტიკაში დანერგო ეფექტური პროექტები, მუდმივად საქმის კურსში უნდა იყო, რა ხდება სამყაროში შენს სფეროში, ფუნდამენტური მეცნიერება იქნება ეს თუ ველზე მიმდინარე ბუნების დაცვითი პროექტები. ამას თავისი დამატებითი ხიბლიც აქვს – გიწევს მოგზაურობა, სამყაროს ინტეგრალურ ნაწილად გრძნობ თავს.

ბევრს მოგზაურობთ?

დიახ. მიწევს საქმიანიც და ვმოგზაურობ სიამოვნებისთვისაც. საბჭოთა პერიოდში რკინის ფარდის იქით პირველად სტუდენტობისას გავაღწიე. გაცვლითი პროგრამით ინგლისში ექვსი კვირით ვიყავი. იქიდან დაბრუნებული მივხვდი, რომ მცირე დროში გაცილებით მეტი ვიცოდი ბრიტანეთზე, ვიდრე მამაჩემმა, რომელმაც ზეპირად იცოდა ამ ქვეყნის ისტორია. მოგზაურობა ჩემი ჰობი გახდა. ვისაც ამის საშუალება აქვს, აუცილებლად უნდა იმოგზაუროს მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში. ჩემი სამსახური, მივლინებები და კონფერენციები ამის საშუალებას მაძლევს, მეც ამ შანსს ვიყენებ.

რა ადგილი მიგაჩნიათ ყველაზე საოცრად?

აღმოსავლეთ აფრიკა; ყველასთვის ცნობილი ტოპონიმები: ნგორონგოროს კრატერი, კილიმანჯარო და ა. შ.; მერე კიდევ აფრიკის საოცარი ბუნება და ცხოველთა სამყარო, მასაები და სხვა ადგილობრივი კულტურები. მაგრამ ტანზანიაში არის ერთი შეხედვით ნაკლებად გამორჩეული ადგილი – ოლდუვაის ხეობა. იქ ჩვენი წინაპარი სახეობები ცხოვრობდნენ: ეს ხეობა დაახლოებით 1,9 მილიონი წლის წინ Homo habilis-ს ეკავა, 1,8 მილიონი წლის წინ Paranthropus boisei-ს და სადღაც 1,2 მილიონი წლის წინ კი Homo erectus-ს. ოლდუვაიში ფიქრობ, რომ იქ ხარ, საიდანაც ჩვენ ყველანი მოვდივართ.

რაშია თქვენი მოგზაურობების გამოყენებითი მხარე?

პირველ რიგში, შენ თვითონ მდიდრდები, როცა სხვა კულტურებს ეცნობი. ხდები უფრო ღია და ტოლერანტული და ეს გეხმარება ცხოვრებაში სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.

ორგანიზაციულ მხარეს რაც შეეხება – კონტაქტები კოლეგებთან, გამოცდილების გაზიარება. მერე კი ვერც აცნობიერებ, რამდენი რამ მოგაქვს უკან. მაგალითად, 90-იანების ბოლოს კენიაში, ლაიკიპიის პროვინციაში გავემგზავრეთ სამუშაოდ მე და ჩემი „ნაკრესელი“ კოლეგები (ლევან ბუთხუზი და ლევან გოშაძე). ეს იყო მუდმივმოქმედი (ამერიკული დაფინანსებით) „ლაიკიპიას მტაცებელთა კონსერვაციის პროგრამა”, რომელშიც წარმატებით „ჩავენერგეთ“; გვაინტერესებდა ზოლებიანი აფთარი, ის აფრიკაშიც გვხვდება და საქართველოშიც (იმედია – ჯერ კიდევ!). პროექტი უკვე კარგა ხნის დაწყებული იყო, რამდენიმე აფთარი უკვე დაეჭირათ და რადიოსაყელოც დაემაგრებინათ. იქ მივხვდით, რომ ტელემეტრიული კვლევების გარეშე, წინ ვერ წავიწევდით. იმ პერიოდში კი ტექნოლოგიები ძვირი და მათზე წვდომა გარკვეულწილად შეზღუდული იყო. მაინც მოვახერხეთ და დავიწყეთ მსხვილი ცხოველების ტელემეტრიული კვლევა. „ნაკრესი“ კვლევის ამ მეთოდის პიონერი გახდა საქართველოში. ამასობაში ტექნოლოგიებიც ვითარდებოდა და ჩვენც უფრო მეტ ცოდნასა და გამოცდილებას ვიძენდით. ავითვისეთ ველური ცხოველების (მგლის, დათვის, წავის) უმტკივნეულო დაჭერის, მათი რადიოგადამცემით აღჭურვისა და ბუნებაში დაბრუნების მეთოდები. ჩვენი დაჭერილ ცხოველებზე შებმული რადიოსაყელოებიდან მიღებულ სიგნალებს კი სპეციალური ანტენით ვიღებდით და ცხოველის ადგილმდებარეობას ვადგენდით. ახლა ტექნოლოგიები ისე წავიდა წინ, რომ თანამედროვე საყელოს დახმარებით უკვე თბილისში, რეალურ დროში მოგვდის ინფორმაცია, სად არის „დანიშნული“ ცხოველი. ვადევნებთ თვალს მის გადაადგილებას, სად აქვს ბუნაგი, სად იკვებება, ღამეს სად ატარებს და ა. შ. ასეთი კვლევა გვეხმარება მაგ., დავადგინოთ, რა ტერიტორია სჭირდება დათვს საცხოვრებლად ან შეუძლია თუ არა ეროვნულ პარკებსა და ნაკრძალებს უზრუნველყონ მსხვილი მტაცებლები (მაგ. მგელი) საკმარისი საარსებო გარემოთი? ეს ფასდაუდებელი ინფორმაციაა არამარტო ცხოველთა ქცევისა და ეკოლოგიის შესასწავლად, არამედ დაცული ტერიტორიების უკეთ დასაგეგმად და მათში სხვადასხვა ზონის გამოსაყოფად – შესაბამისად, ბუნების უკეთ დასაცავად.

რეალურ საშიშროებას თუ წაწყდომიხართ?

ლაიკიპიის პროექტი ვახსენე. კენიის ამ პროვინციაში გაცილებით ველური გარემოა, ვიდრე ამ ქვეყნის ეროვნულ პარკებში. აქ ცხოველები არ არიან შეჩვეული ადამიანებს. კალიფორნიაბერკლის უნივერსიტეტის საკვლევი-საველე ბანაკი ძალიან პრიმიტიული, მაგრამ მოხერხებულად მოწყობილი იყო. ვცხოვრობდით დიდ კარავში, წინ ულამაზესი აფრიკული პეიზაჟით. ახლომდებარე სოფელში ვიქირავეთ, ალბათ, 70 წელს მიტანებული „ლენდ-როვერი“, რომელიც მოსიარულე ჯართს უფრო ჰგავდა (და იყო კიდეც!), ვიდრე მანქანას – უპარპრიზო და უფარო, არც სახურავი ჰქონდა, კარები ცუდად იკეტებოდა და, რაც მთავარია, რომ გავაქროლეთ, მაშინღა დაგვაწია პატრონმა – „ფრთხილად იარეთ, მუხრუჭი არ უმუშავებს კარგად!“ იქ მიწის გზებია. ერთ გასვლაზე, უცებ, ყველა უბედურება დაგვატყდა: „კონუსი“ გაითიშა და სიჩქარის გადამრთველი კოლოფიც მწყობრიდან გამოვიდა, ნეიტრალურიდან სიჩქარეში ჩაგდების მცდელობისას საშინლად ღრჭიალებდა, მანქანა ინერციით მიგორავდა. დამუხრუჭება ვცადეთ, მაგრამ ამაოდ – პედალი „ჩავარდა“. მიუხედავად იმისა, რომ ლევანი (ახლა თქვენი ჟურნალის რედაქტორი, მაშინ კი „ნაკრესელი“) ძალიან გამოცდილი მძღოლი იყო, ექსპედიციებში მრავალწლიანი სტაჟით, მაინც ვერაფერს გახდა. მანქანას ვერ ვაჩერებდით. უცებ, მოსახვევში დავინახეთ, რომ გზაზე სპილო მიიზლაზნება, დინჯად და მედიდურად. როგორც წესი, ჯგუფს წინ მიუძღვება ყველაზე გამოცდილი, ასაკოვანი მდედრი სპილო – „მოხუცი დედოფალი“. ეს იმას ნიშნავს, რომ უკან ჯოგიც მოჰყვება. დავიზაფრეთ. როგორც კი სპილოები დაგვინახავდნენ, რომ მათკენ თავხედურად მივგორავდით (უფრო სწორად, მივექანებოდით), ჩვენი უტენტო (ან ტენტი რას გვიშველიდა!) და ღია მანქანიდან ალბათ ხორთუმებით სათითაოდ გადმოგვათრევდნენ და იქვე გაგვაბრტყელებდნენ. ასეთი რამ ხომ არაერთხელ მომხდარა. გადმოხტომას და გაქცევას აზრი არ ჰქონდა. სპილოს სად გაექცევი. მაგრამ მოხდა ჰოლივუდური ფილმის ბედნიერი შემთხვევითობა: სპილოს ფეხებში გარდაუვალი შევარდნიდან რამდენიმე მეტრში, ლევანმა მანქანის სიჩქარეში ჩაგდება მოახერხა. ახლა უკვე რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავმძვრალიყავით ცხოველებს შორის და ამიტომ ერთად დავიყვირეთ – „გაზი მიეცი, გაზი!“ (ჩვენ – მე და ლევან გოშაძე ქართულად ვყვიროდით, ჩვენი ორი თანამგზავრი ადგილობრივი სამბურუ, რომლებმაც გვთხოვეს, ამ ადგილებში ბევრი ლომია და გაგვიყოლეთო, თავის სამბურუულ ენაზე ალბათ იმავეს იძახდნენ). ლევან ბუთხუზმა არც აცხელა და არც აცია და სულ „რვიანებით“ გაიარა სპილოებს შორის. ბეწვზე გადავრჩით! საქართველოს ბუნების გადარჩენა უჩვენოდ მოუწევდათ ჩვენს კოლეგებს. ჩვენი სხეულები კი წარმატებით ჩაერთვებოდნენ აფრიკის სავანის ეკოლოგიურ პროცესებში – ნივთიერებათა წრებრუნვაში. ისე, ეკოლოგი თუ ხარ, მეტი რა გინდა!

რა გამოწვევები აქვს საქართველოს ველურ ბუნებას?

სამ ძირითად ასპექტს გამოვყოფდი – ველური სახეობების საარსებო გარემოს ათვისება და გამოყენება (ურბანიზაცია და ინფრასტრუქტურის განვითარება, გადაჭარბებული ძოვება, ტყის არალეგალური ჩეხა და ა.შ.), პირდაპირი მოპოვება, მაგ. არალეგალური ნადირობა და საზოგადოების ცნობიერების დაბალი დონე. პრობლემები მართლაც ბევრია. ნახეთ თუნდაც საქართველოს წითელი ნუსხა, რამდენი სახეობაა მასში! არის პერიოდები, როდესაც ტყის ჭრა ყველაზე დიდი პრობლემაა. ტყეები კატასტროფულად ნადგურდებოდა და ამის გამო ადამიანები გულწრფელად წუხდნენ. საქმე ისაა, რომ მოჭრილი ხე ადვილად გვხვდება თვალში, იმავე ტყიდან ირმის გაქრობა კი – არა. შესაბამისად, ირმის გაუჩინარებას საზოგადოება პრობლემად ნაკლებად აღიქვამს. ნაწილობრივ ესაა იმის მიზეზი, რომ საზოგადოება ნაკლებად მოითხოვს მთავრობისგან ბრაკონიერობის აღკვეთას. ჩვენ კი დღეს ბრაკონიერობა მიგვაჩნია ყველაზე მძიმე პრობლემად. ამის გამო გაწყდა ჯეირანი, რომელიც ჩვენს შემეცნებაში განსაკუთრებული სილამაზისა და სინატიფის სიმბოლო იყო. ეს სახეობა გარდაბნის ველებზეც კი გვხვდებოდა. ქართველებმა მოვახერხეთ და ბევრგან გავანადგურეთ ნიამორიც. ახლა ეს ცხოველი მხოლოდ თუშეთში (მცირედ კი ხევსურეთშიც) შემორჩა და გადაშენების უკიდურესი საფრთხის წინაშეა. ჭარბ ნადირობას ერთი საზოგადოების ერთი თაობის განმავლობაში შეუძლია მთლიანად გადააშენოს სახეობა. არადა, ხომ ძნელი წარმოსადგენია საქართველო ჯიხვის გარეშე. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჯიხვი ენდემური სახეობაა. ის კავკასიის გარდა არსად ბინადრობს მსოფლიოში. იყო დრო, როდესაც ჩვენი თანამემამულეები ყველა ამ ჩლიქოსანს ვერტმფრენებიდან ავტომატს ესროდნენ, ასობით ინდივიდს რამდენიმე საათში „აწვენდნენ“ ისე, რომ კლდეებში ჩაჩეხილი ნადავლიც კი არ (ან ვერ) გამოჰქონდათ. ადგილობრივ მოსახლეობას ვუხსნით, რომ გვესმის მათი: მთაში ნადირობა ვაჟკაცობის სიმბოლო და ტრადიციული საქმიანობაა, მაგრამ დღეს ამას ჩვენი ბუნების საგანძური ეწირება და ეს ყველა ტრადიციაზე მაღლა დგას. ნადირობის ტრადიცია რომ შეინარჩუნო, ისიც ხომ უნდა შეინარჩუნო, რაზეც ნადირობ! ეს საკითხები მთაში უფრო კარგად ესმით, ვიდრე ვითომდა უფრო განვითარებულ რეგიონებში. კეთილშობილი ირემი, რომელიც მთელ მსოფლიოში ფართოდაა გავრცელებული ევროპაში, 90-იან წლებში ჩვენთან თითქმის მთლიანად განადგურდა. მცირე პოპულაციები შემორჩა ლაგოდეხის ნაკრძალსა და ბორჯომის ეროვნულ პარკში. ახლა გამოჩნდა თუშეთში, ხევსურეთში, რაც ძალიან მახარებს, არადა, არცთუ შორეულ წარსულში, ირემი საქართველოს ტყეებში პრაქტიკულად ყველგან გვხვდებოდა.

ბრაკონიერები ნადირობენ დათვზეც, თუმცა, საბედნიეროდ, დათვის მდგომარეობას არაუშავს და სწორი მართვის პირობებში მასზე მოწესრიგებული ნადირობა შესაძლოა დასაშვები იყოს. მაგრამ უმეტესი სახეობის შემთხვევაში მნიშვნელოვანი დაცვითი და აღდგენითი ღონისძიებებია ჩასატარებელი.

ზოგადად, ბუნების დაცვა ძალიან კომპლექსური საქმეა. ყველა ცოცხალი ორგანიზმი ერთმანეთზეა დამოკიდებული. როდესაც ეკოსისტემაში ადამიანი ერევა, ყველაფერი ირევა. ყოველივე ამაზე „ნაკრესი“, როგორც ორგანიზაცია, და პირადად მე, როგორც მისი ფილოსოფიის მატარებელი, ჩემს წილ დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. ჩვენი ყველა პროექტი სახეობებისა და ეკოსისტემების შესწავლაზე, მათი მდგომარეობისა და ძირითადი საფრთხეების გამოვლენაზეა ორიენტირებული. მუშაობას არცერთი წუთით არ ვწყვეტთ. ახლაც გერმანიის მთავრობის დახმარებით (GIZ) სახეობათა მონიტორინგის საინტერესო პროექტს ვახორციელებთ. ხშირად ბალანსის შენარჩუნება ბუნების დაცვის ინტერესებსა და სხვა ინტერესებს შორის კონფლიქტამდე მიდის. ბოლოდროინდელ საქართველოში ეს ძალიან თვალსაჩინოა. ჩვენს ორგანიზაციას წლების განმავლობაში უწევს დაპირისპირდება ხან მთავრობებთან, ხან არალეგალურ მონადირეებთან და ხან კერძო ბიზნესთან. ვცდილობთ, მათთან კონსტრუქციულ ურთიერთობას, მაგრამ არსებობს პრინციპები, რომელთაც ვერ დავთმობთ. კმაყოფილი ვარ, რომ „ნაკრესმა“ უკვე მიაღწია ისეთ ნიშნულს, როდესაც სახელისუფლებო რყევები ნაკლებად აშინებს. ჩვენ შედეგები გვაინტერესებს.

ბრძოლასა და პროტესტს შედეგი გამოუღია?

რამდენიმე წლის წინ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით, საქართველოში ნებადართული გახდა წითელ ნუსხაში შეტანილ სახეობებზე ნადირობა, მათ შორის იმ სახეობებზეც, რომლებიც გადაშენების კრიტიკული საფრთხის წინაშე სწორედ ნადირობის შედეგად აღმოჩნდნენ. საუბარია ირემსა და ნიამორზე. ამ სახეობებზე ნადირობის კვოტების დადგენაც კი სრულიად მიუღებლად მიგვაჩნდა. სანადირო კვოტების შემუშავება საქართველოს ველური ბუნების განადგურებისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა. აზრი ეკარგებოდა ქვეყანაში წითელი ნუსხის არსებობას, რამდენადაც მასში შეტანილ სახეობებს არავითარი განსაკუთრებული დაცვითი სტატუსი აღარ ექნებოდათ. საკანონმდებლო ცვლილება სანადირო ტურიზმისა და ეკოტურიზმის განვითარების ეგიდით უნდა მომხდარიყო. სხვა ორგანიზაციებთან ერთად, ამაზე ძალიან მძაფრი რეაგირება მოვახდინეთ. გავმართეთ დისკუსიები, საქმის კურსში ევროკავშირის შესაბამისი სტრუქტურებიც ჩავაყენეთ, საბოლოოდ, კანონმდებლობა შეიცვალა და ეს ჩვენი „პატარა“, მაგრამ მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო. ახლა დღის წესრიგში მდგრადი ნადირობისა და, საერთოდ, ნადირობის სექტორის მოწესრიგება დგას.

რითი ამაყობთ?

პირველი – ჩვენი ორგანიზაციის დემოკრატიულობა და ჩვენი პრინციპების ურყევობა, რის გამოც ის 26-ე წელია მყარად დგას ფეხზე და ამაში ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი წვლილი, ძველ „ნაკრესელებსაც“ და ახალგაზრდებსაც. ეს საქმე იასონ ბადრიძემ დაიწყო 1989 წელს. შემდეგ ზურა გურიელიძე ავირჩიეთ დირექტორად. მკაცრად დადგენილი ვადა რომ გაუვიდა, იგი ლევან ბუთხუზმა შეცვალა. რამდენიმე წლის შემდეგ კი მე ამირჩიეს ხელმძღვანელად. თავიდან რთული იყო პასუხისმგებლობის ტვირთი და თან უამრავი მიმდინარე საქმე. ახლა შედარებით ვუმკლავდები, ძირითადად გამოცდილების დაგროვებისა და კოლეგების მხარდაჭერის წყალობით.

მეორე – თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს ძუძუმწოვართა კვლევის სფეროში ყველა მოწინავე ტექნოლოგია “ნაკრესის” შემოტანილი და დანერგილია. ჯერ კონსერვატული მეთოდებით (ცხოველის კვალზე მიყოლა თუ მათი ექსკრემენტების ანალიზი) დავიწყეთ კვლევა, შემდეგ პირველებმა დავნერგეთ ცხოველების ტელემეტრიული მეთოდით შესწავლა, ასევე პირველებმა გამოვიყენეთ ფოტო და ვიდეოხაფანგები, რითაც ძალიან წინ წავწიეთ ველური ცხოველების მონიტორინგის საქმე დაცულ ტერიტორიებში. ახლა კი, ველურ ცხოველთა შესახებ მონაცემების შეგროვებას ე. წ. დრონების (უპილოტო საფრენი აპარატები) გამოყენებით ვაპირებთ. ძალიან მიხარია, რომ ყველა ამ წამოწყებას შემდეგ სხვა ორგანიზაციებიც (პირველ რიგში კი დაცული ტერიტორიების სააგენტო) სიამოვნებით იტაცებენ და წარმატებით ნერგავენ. სხვათა შორის, ჩვენი მაგალითი მარტო ქართული ორგანიზაციებისთვის არ არის მისაბაძი. გახსოვთ ალბათ, რომ 2003 წლის ნოემბერში სწორედ „ნაკრესმა“ აღმოაჩინა ფოტოხაფანგით ცნობილი ლეოპარდი ვაშლოვანში. ვაშლოვნელი „ნოეს“ სურათებმა მსოფლიო მოიარა. BBC-სა და CNN-ის რეპორტაჟების შემდეგ, ჩვენს კვლევებში საერთაშორისო ორგანიზაციებიც ჩაერთნენ. შედეგად, ლეოპარდის კვალი სომხეთსა და აზერბაიჯანშიც დააფიქსირეს იქაურმა კოლეგებმა იმავე მეთოდის გამოყენებით. ამ 26 წლის განმავლობაში ჩვენ მართლაც ბევრი რამ შევძელით!

თეგები: 
ირაკლი შავგულიძე
ნოე
კიდობანი
ბიოლოგია
ცოცხალი ორგანიზმები
ეკოლოგია
მეცნიერება
ტოპონიმები
მოგზაურობა
ველური ბუნება
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია