ხმა >
 
საკაიდა კაკიემონი
01.12.19
ქეთი პატარაია
ირა კურმაევა

საკაიდა კაკიემონი – იაპონიის ტრადიციული რეწვის ასოციაციის დასავლეთის ფილიალის მდივანი, კუიუშუს ტექნიკური უნივერსიტეტის ხელოვნების უმაღლესი სკოლისა და საგას უნივერსიტეტის ხელოვნებისა და რეგიონული დიზაინის ფაკულტეტის მიწვეული პროფესორი

საკაიდა კაკიემონი – 370-წლიანი ტრადიციის მქონე იაპონური ფაიფურის, კაკიემონის ოჯახის მე-15 თავკაცია.

საიდან დაიწყო კაკიემონის ფაიფურის ისტორია?

XVII საუკუნის დასაწყისში, კუნძულ კუიუშუს საგას პრეფექტურაში, არიტას რეგიონში, სადაც მზადდებოდა სახელგანთქმული ფაიფური „არიტაიაკი“, თეთრი თიხა აღმოაჩინეს, რამაც აქ კერამიკის წარმოება კიდევ უფრო პოპულარული გახადა. 1640 წელს ჩემმა 14 თაობით უფროსმა წინაპარმა, საკაიდა კაკიემონმა, წითელი საღებავით შექმნა მარტივი, ასიმეტრიული ნახატი რძისფერ-თეთრ ზედაპირზე, რასაც შემდგომ ეწოდა „კაკიემონი“ და ის იაპონიაში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ნაკეთობას წარმოადგენს.

საკაიდა კაკიემონის სახელი დარჩა იაპონიის ხელოვნების ისტორიაში, მაგრამ მისი საქმიანობა არ იქცა წარსულის დასრულებულ ნაწილად...

დიახ, დღეს საკაიდა კაკიემონი ცნობილია როგორც მინანქრის საღებავებით ფაიფურის მოხატვის საიდუმლოების ერთ-ერთი პირველაღმომჩენი და ამ ახალი ტექნიკით შესრულებული სხვადასხვა ნამუშევრის ავტორი. მან ჩაუყარა საფუძველი კაკიემონის ოჯახს და, პირველი თაობიდან მოყოლებული, 370 წლის მანძილზე ამ ოჯახს არასოდეს შეუწყვეტია სილამაზისა და ინოვაციური ხერხების ძიება. კაკიემონის ოჯახში ხელობა ყოველთვის გადადიოდა მამიდან შვილზე.

ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ, დაიბადეთ თუ არა, თქვენი პროფესია და ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო?

იცით, ამდენი ხნის მანძილზე არავისთვის დაუტანებიათ ძალა. ბავშვობაში მეც ამ სილამაზეში ვიზრდებოდი, ვხედავდი, როგორ მუშაობდა მამა. მისი შექმნილი ნივთები ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო, მაგრამ მამაჩემს ბავშვობაში არასოდეს უსწავლებია ჩემთვის, თუ როგორ უნდა გავაკეთო ფაიფური. ეს ტრადიციაა ასეთი – მამა შვილს პირდაპირ არ ასწავლის. სახელოსნოში ბევრი ხელოსანი ჰყავთ და ბავშვი დაბადებიდანვე უყურებს მათ მუშაობას, იქვე თამაშობს, ხან მიბაძავს რაღაცაში და ასე ითვისებს ხელობას და იზრდება ამ გარემოში. დიახ, ჩემი პროფესია ბავშვობიდანვე გადაწყვეტილი იყო და მეც არ ვეწინააღმდეგებოდი ბედს.

სად ხდებოდა ყოველივე ეს?

ჩვენი სახელოსნო ქალაქის ცენტრიდან მოშორებით, ერთი ლამაზი მთის ძირში დგას და ამ მთის ფერდობზეა განლაგებული ფაიფურის გამოსაწვავი ღუმელები. ამ ქალაქში მარტო ჩვენი ოჯახის სახელოსნოები არ არის, სხვა სახელოსნოებიცაა და ძველ დროს, ედოს პერიოდში, ამ ფერდობზე ერთი დიდი საერთო ღუმელი იდგა. მერე, როდესაც წარმოება უფრო თავისუფალი გახდა და სახელოსნოებს მიეცათ თავიანთი პროდუქციის გაყიდვის საშუალება, ყველამ საკუთარი ღუმელი აიშენა.

როგორია კაკიემონის გამორჩეული, რძისფერ-თეთრი ფაიფურის დამზადების ტექნოლოგია?

ქალაქ არიტაში მოიპოვება ბუნებრივი ქვა, რომელსაც ფშვნიან, წყალში ხსნიან და აქედან მიიღება თიხა. რაც უფრო წვრილია ქვის გრანულები, მით უფრო კარგი ხარისხის თიხა გამოდის. ამ თიხისაგან გაკეთებულ ჭურჭელს ვწვავთ ღუმელში 13000C ტემპერატურაზე. კარგი ხარისხის ფაიფურის ჭურჭლის გასაკეთებლად ის სამჯერ უნდა გამოიწვას. პირველ გამოწვაზე დაახლოებით ორცხობილის სიმკვრივის ჭურჭელი მიიღება. მასზე სპეციალურ წამალს ასხამენ და მეორედაც 1300 გრადუსზე გამოწვავენ. მაღალ ტემპერატურაზე ეს წამალი დნება, შედის რეაქციაში თიხასთან და მიიღება რძისფერ-თეთრი ფაიფური. შემდეგ ჭურჭელს ისეთი საღებავებით მოხატავენ, რომლებიც დნება 8000C ტემპერატურაზე და ამ ტემპერატურაზე მესამედ გამოწვისას ლღვება მხოლოდ საღებავები და არ დნება ქვედა ფენები.

ეს ტექნოლოგია საუკუნეების განმავლობაში არ შეცვლილა?

ძირითადად, არ შეცვლილა. მაგალითად, ადრე ღუმელს შეშით ახურებდნენ, ახლა ელექტროენერგიას ვიყენებთ და ამან გარკვეული დეტალები შეცვალა, თუმცა დანარჩენი იგივეა.

რა მასალისაა საღებავები, რომლითაც ჭურჭელზე ხატავთ?

ეს საღებავები ბუნებრივი მასალისაგან – მინერალებისა და სხვა ბუნებრივი ნივთიერებებისაგან მიიღება.

----------------------------------------------------------------------------------------------------------

ინტერვიუს ვრცელ ვერსიას გაეცანით ჟურნალის დეკემბრის ნომერში

მამას მიაჩნდა, რომ ყველაზე ლამაზი ნახატი ისაა, რომელიც ბუნებიდან არის გადახატული და თავის თავში მოიცავს სილამაზესაც და საშინელებასაც. მხოლოდ იმის გამოსახვა, რაც ლამაზი გგონია, საკმარისი არაა. როდესაც ცხოვრების ყველა ფერს აითვისებ – ნათელსაც და ბნელსაც – მაშინ შეძლებ მაყურებლის აღელვებას.

თეგები: 
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია