ხმა >
 
ქეთევან ქემოკლიძე
01.11.19
ნათია ხულუზაური
ირა კურმაევა, ნინო ისაკაძე

ქეთევან ქემოკლიძე როზინას როლს ასრულებს ჯოაკინო როსინის ლეგენდარულ ოპერაში „სევილიელი დალაქი“, სანტიაგოს მუნიციპალური საოპერო თეატრი ჩილეში.
ფოტო: ქეთევან ქემოკლიძის პირადი ფოტოარქივი

2006 წელს ჰ.გ. ბელვედერის საერთაშორისო კონკურსზე მოგებული ლა სკალას საოპერო თეატრის სპეციალური პრიზით ქეთევან ქემოკლიძე უგამოცდოდ ჩაირიცხა ამავე თეატრთან არსებულ აკადემიაში, რასაც მოჰყვა მისი მსოფლიო მასშტაბის წარმატება. დღეს იგი მსოფლიო საოპერო სცენის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მომღერალია.

ჩვენი ნოემბრის ნომერი განსაკუთრებულია – მთლიანად ქალებს ეძღვნება. ჩვენ 7 წლიდან ვიცნობთ ერთმანეთს და მომინდა, ამ განსაკუთრებული ნომრისთვის სწორედ შენთან, დღეს უკვე წარმატებულ, ძლიერ ქალთან ჩამეწერა ინტერვიუ. დიდი მადლობა, რომ დაგვთანხმდი.

პირიქით, დიდი მადლობა შენ, მიხარია, რომ სწორედ მე გავხდი თქვენი ჟურნალის რჩეული და საქმემ ისევ შეგვახვედრა ერთმანეთს.

მახსოვს, ბავშვობიდან გიყვარდა ლიდერობა, სპექტაკლების თამაში, მაშინ თუ ფიქრობდი, რომ შეიძლებოდა შენი ცხოვრება სცენასთან დაგეკავშირებინა?

ჰო, ყოველთვის მიყვარდა სცენა, იმპროვიზაცია. თეატრი მაინც ირეალური სამყაროა და აი, ამ ირეალურ სამყაროში ცხოვრება მიყვარდა. ჩემი მშობლები მეცნიერები არიან და შეხება არ ჰქონდათ სცენის მიღმა თეატრალურ ცხოვრებასთან, თუმცა სამი წლიდან დავყავდით ოპერაში. სულ მაინტერესებდა, რა ხდებოდა კულისებში. ლიდერობაც ყოველთვის მახასიათებდა და ჩემი პირველი დამრიგებელი დედაჩემს ხშირად ეუბნებოდა – ეს, ალბათ, ან კარგი ადამიანი გამოვა, ან რაიკომის მდივანიო. სულ მიყვარდა ორგანიზებულად ღონისძიებების, სპექტაკლების მოწყობა. დედა ამბობს, რომ, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, შვებით ამოისუნთქა, რადგან ჩემი რაიკომის მდივნობა უკვე გამორიცხული იყო.

ჩვენ საკმაოდ რთული 90-იანი წლები გამოვიარეთ ერთად, ფორტეპიანოზეც ერთ სკოლაში დავდიოდით, გაყინულ საკლასო ოთახებში ვმეცადინეობდით მუსიკას. თუმცა, საოპერო მუსიკა შენს ცხოვრებაში საკმაოდ გვიან შემოვიდა, არა?

დიახ, ნამდვილად, საოცარი წლები გამოვიარეთ ერთად, ამის შესახებ ევროპაში რომ ვყვები ხოლმე, მეუბნებიან, ასე ჩვენი ბებიები და ბაბუები ლაპარაკობდნენ ხოლმეო. ჩვენ, სამწუხაროდ, რაღაც გაგებით – საბედნიეროდაც, მოგვიწია გვეცხოვრა პერიოდში, რომელმაც ძალიან ბევრი რამ გვასწავლა და დიდი ძალა მოგვცა. მე რომ მუსიკალური სკოლა დავამთავრე, მთლიანად ჩემი პედაგოგის, ნანა მურადაშვილის დამსახურებაა, რადგან მას ბოლომდე სწამდა, რომ რაღაც განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი მქონდა, თუმცა ფორტეპიანოში ისეთი ზარმაცი ვიყავი, რომ ჩემს ნიჭიერებას აზრი ეკარგებოდა. ხატვა და სიმღერა მიყვარდა. ერთ-ერთი ხალხური სიმღერის კონცერტის შემდეგ დედას ურჩიეს, რომ საოპერო მუსიკაში მეცადა ბედი და მიმიყვანეს გულიკო კარიაულთან, ჩემს პედაგოგთან, რომელთანაც კონსერვატორიაში დღემდე ვმუშაობ. მახსოვს ბატონი ნოდარ ანდღულაძე, რომელმაც საგამოცდოდ მომისმინა და თქვა – ამ გოგონას პირდაპირ კარმენის არია მიეცითო. ასე შევედი საოპერო სამყაროში, მაგრამ გადაწყვეტილება საკმაოდ გვიან მივიღე, მხოლოდ მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე.

ეკონომიკის ფაკულტეტზე რატომ ჩააბარე?

არ ვიცი, ამბობენ, რომ მათემატიკის ნიჭი მქონდა, ჩემი მეუღლე ეკონომისტია და ახლა, როდესაც ვადარებ, ვხვდები, რომ ეს ნიჭი ძალიან შეფარდებითი იყო. იმ პერიოდში ხატვით და მუსიკით ვერ იცხოვრებდი.

რას ურჩევდი ახალ თაობას პროფესიის არჩევის მომენტში?

სიმართლე რომ გითხრა, მე საკმაოდ ჯიუტი ადამიანი ვარ და არასოდეს ვაკეთებდი იმას, რაც ჩემი სურვილიც არ იყო. საერთაშორისო ეკონომიკურზე ჩაბარებაც მე თვითონ გადავწყვიტე, რადგან ვხვდებოდი, რომ გარკვეული ტიპის მყარი ბაზა უნდა მქონოდა, ამიტომ არასოდეს მინანია, რომ ეკონომიკა ავირჩიე. ახალგაზრდებს ვურჩევ, რომ საერთოდ არ იყვნენ სწორხაზოვნები და ვიწროდ მოაზროვნეები, ყოველთვის ძალიან ფართოდ იფიქრონ. შეიძლება ჩააბარონ ეკონომიკურზე, ხვალ ჩააბარონ სამხატვრო აკადემიაში, ზეგ საერთოდ ფიზიკის ფაკულტეტზე; მათ უნდა სცადონ ყველაფერი და სადაც თავის თავს იპოვიან, იქ განვითარდნენ ბოლომდე. ოღონდ, საკუთარი თავის პოვნას პასუხისმგებლობაც ახლავს თან. საკუთარი თავის პოვნაა, როდესაც რასაც აკეთებ, გსიამოვნებს და ამ საქმით ეკონომიკურ დოვლათსაც ქმნი. მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ადამიანმა ჰობის დონეზე არ უნდა დაიტოვოს საკუთარი პროფესია.

ინტერვიუს სრულად სანახავად იხილეთ ჟურნალის ნოემბრის ნომერი...

Ketevan Kemoklidze

მეგონა, წლებთან ერთად სცენაზე გასვლის წინ ნერვიულობა გაივლიდა. თუმცა, ის, უბრალოდ, შეიცვალა – ახლა სულ სხვა პასუხისმგებლობას ვგრძნობ.

შედგა თუ არა სპექტაკლი

ვხვდები, როდესაც მართლა მავიწყდება, რომ ვარ ქეთევან ქემოკლიძე... არის ჯადოსნური მომენტები, როდესაც გაქვს შეგრძნება, რომ საკუთარ თავს გვერდიდან უყურებ... არის მომენტები, როდესაც გრძნობ, რომ დარბაზი მართლა შენთან ერთად სუნთქავს და პაუზის დროს შეიძლება არც ისუნთქოს. აი, როდესაც ასეთი მომენტები დგება, მიჩნდება განცდა, რომ სპექტაკლი შედგა. აპლოდისმენტები ყოველთვის არ განსაზღვრავს იმას, შედგა თუ არა სპექტაკლი – ზოგჯერ სიჩუმე უფრო მეტს გეუბნება. შედგა თუ არა სპექტაკლი, ვიცი, როდესაც მთავრდება წარმოდგენა.

ქეთევან ქემოკლიძე იზოლიერის როლში წარმოგვიდგენს ძლიერი ქალის სახეს ჯოაკინო როსინის ოპერაში „გრაფი ორი“, მალმოს ოპერა, შვედეთი.

თეგები: 
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია