ხმა >
 
ნათია ჯავახიშვილი
01.07.19
სოფო აფციაური
ირა კურმაევა

პროფესიით ეკოლოგი და ბიოლოგი ნათია ჯავახიშვილი 2017 წლიდან ხელმძღვანელობს ბუნების კონსერვაციის ორგანიზაცია „საბუკოს“. საზოგადოება „საბუკო“ 2008 წელს დაარსდა და გადაშენების პირას მყოფი ფრინველების პოპულაციას იკვლევს. მართალია, „საბუკოს“ სიაში ბევრ სხვადასხვა სახეობის ფრინველს ამოიკითხავთ, მაგრამ ნათიას სახელი ყველაზე მეტად მიანც ბექობის არწივთანაა დაკავშირებული. გადაშენების პირას მყოფი ეს მტაცებელი წითელ ნუსხაშია შეტანილი. ნათია კი, თავის კოლეგებთან ერთად, წლების განმავლობაში მუშაობს მათ დაცვასა და შენარჩუნებაზე.

უკანონო ნადირობის შესამცირებლად მხოლოდ სადამსჯელო ღონისძიებები ან ეკოტურიზმის ხელშეწყობა საკმარისი არ არის.

როგორ დაიწყო საქართველოში ბექობის არწივზე დაკვირვება და მათი პოპულაციის შესწავლა?

2014 წელს, როდესაც ჯერ კიდევ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი ვიყავი, Batumi Raptor Count-ის ერთ-ერთ დამფუძნებელს გაუჩნდა იდეა, რომ საქართველოში ბექობის არწივის წყვილები დაეთვალათ. ექსპედიციები მართლაც შედგა, თუმცა პროექტი მოგვიანებით, 2015 წელს, 12 ათასი დოლარით დაგვიფინანსეს. ეს არ იყო დიდი თანხა, მაგრამ შესაძლებლობა გვიჩნდებოდა, საკუთარი იდეები განგვეხორციელებინა და ასეც მოხდა. პარალელურად, Conservation leadership programme-ის ფარგლებში, ერთი თვით კანადაში, ბანფის დაცულ ტერიტორიაზე სასწავლო კურსი გავიარე. მუდმივად მახსენდება ეს მოკლე პერიოდი, რომელმაც ჩემს კარიერაზე და, ზოგადად, მსოფლმხედველობაზე უდიდესი გავლენა მოახდინა. წარმოიდგინეთ, უცებ, თსუ-ის გაყინული ბიბლიოთეკიდან და მოსაწყენი სასწავლო გარემოდან აღმოვჩნდი კამპუსში, სადაც, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ კოლეგებთან ერთად, თეორიული ცოდნის გარდა, ველზე მუშაობას ვსწავლობდი. ყველა სხვადასხვა სფეროს იკვლევდა, ზოგი ირბისებს, ზოგი მარჯნის რიფებს. ეს ჩემთვის რაღაც ახალი იყო, მათ შორის ყველაზე გამოუცდელი ვიყავი. ერთადერთი, რაც მქონდა, იყო სურვილი, მათგან მესწავლა. მახსოვს, კანადიდან დაბრუნებულმა თბილისში რომანტიკული შემართებით პრეზენტაცია გავაკეთე. მეგონა მორჩა, გადავდგამ მთებს და აღვადგენთ სახეობას, მაგრამ შემდეგ მუშაობამ დამანახა, რომ კონსერვაცია ძალიან გრძელვადიანი და ბუნდოვანი პროცესია. ყველაფერი მხოლოდ ჩვენზე არაა დამოკიდებული. გზაზე ბევრი დაბრკოლება და სიურპრიზი გვხვდება, რომელსაც ხანდახან სასოწარკვეთამდე მივყავართ, მაგრამ საბოლოოდ მაინც იმედიანად ვარ. მჯერა, რომ ჩვენი მუშაობა შედეგს გამოიღებს, უბრალოდ მოთმინება და დაუღალავი შრომაა საჭირო.

რამდენიმე თვის წინ, თქვენ მიერ დანიშნული არწივის მართვე, სახელად SABU 03 კახეთში მკვდარი იპოვეთ.

უკანასკნელ სამ წელიწადში, 13 დანიშნული არწივიდან 11 სხვადასხვა მიზეზის გამო დაგვეღუპა. არწივებს ნიშანს ვადებთ მათზე დაკვირვების მიზნით, ვიგებთ ფრენის მარშრუტებს, გადაადგილების ხანგრძლივობას, ვაფასებთ მართვეების სიკვდილიანობას.

ერთ-ერთი მათგანი იყო SABU 03, რომელმაც ორი წელი სხვადასხვა დაბრკოლებას გაუძლო და გადარჩა. რამდენიმე თვის წინ მისმა გადამცემმა მოძრაობა შეწყვიტა. მაშინვე გავეშურეთ ადგილზე. კახეთში, სოფელ ქვემო ბოდბის მიმდებარედ რამდენიმე დღის მკვდარს მივაგენით. გადამცემი მოძრობილი ჰქონდა და იქვე ახლოს ეგდო. ჩვენი ვარაუდით, არწივი ბრაკონიერმა საფანტით მოკლა. მოვითხოვეთ ექსპერტიზა, მაგრამ სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიამ დაადგინა, რომ SABU-ს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და ის ბუნებრივი სიკვდილით მოკვდა. ეს ვერსია გარემოს დაცვის სამინისტროს ზედამხედველობის სამსახურმაც გაიზიარა, რასაც „საბუკო“ არ ეთანხმება. ბევრი ფაქტი მოწმობდა, რომ არწივი უკანონო ნადირობის მსხვერპლი იყო, მათ შორის გვერდით დაგდებული გადამცემი და პირველადი დათვალიერებით ჩვენ მიერ შემჩნეული სისხლის ლაქები. სამწუხაროდ, არაფრის დამტკიცება არ შეგვიძლია. ბრაკონიერობის გამოვლინება და პრევენცია, პირველ რიგში, სახელმწიფოს ინტერესებში უნდა შედიოდეს, თუმცა ხანდახან ეს პროცესი ეფექტური არაა. ყოველწლიურად ვკარგავთ ბექობის არწივებს. ბრაკონიერების გარდა, მათ საფრთხეს ელექტროგადამცემი ბოძებიც უქმნის. შეიძლება ჩვენგან ელოდებიან ხოლმე პასუხს, რომ ერთი ინდივიდის სიკვდილი მსოფლიო პოპულაციისთვის დამანგრეველია, ასე ცალსახად ვერაფერს ვიტყვით, ბრაკონიერობას და დენის დარტყმას სხვა სახეობის ათასობით ფრინველიც ეწირება, მაგრამ ამას ცოტა ფართოდ უნდა შევხედოთ. საქართველო ფრინველების მიგრაციისა და, ზოგადად, სახეობების სიმრავლის თვალსაზრისით ევროპაში გამორჩეული რეგიონია. რომ არაფერი ვთქვათ ჩვენს ბიომრავალფეროვნებაზე და მისი დაცვის აუცილებლობაზე, ეს სუფთა ეკონომიკური კუთხითაც გვჭირდება. ეკოტურიზმის მხრივ ფრინველებზე დაკვირვება ერთ-ერთ მიზნად უნდა დავისახოთ. მაშინ, როდესაც, მაგალითად, მინდვრის ტოროლას ან მეფეტვიის ნახვა საქართველოში დიდი რიცხოვნობით შეგვიძლია, ეს ბრიტანეთიდან ან ბელგიიდან ჩამოსული „ბერდვოჩერებისთვის“ იშვიათი სანახაობაა.

ე.წ. ბერდვოჩინგით გამორჩეულია აჭარა. აქ ფრინველების მიგრაციამ ეკოტურიზმის განვითარებასაც შეუწყო ხელი. მიუხედავად ამისა, აჭარა უკანონო ნადირობის თვალსაზრისით ერთ-ერთ ცხელ რეგიონად რჩება.

აჭარის რეგიონი მსოფლიოში მართლაც უნიკალურია ფრინველთა მიგრაციის თვალსაზრისით. ამ სამიგრაციო დერეფანს წელიწადში ორჯერ, შემოდგომასა და გაზაფხულზე თბილ ქვეყნებში მოსახვედრად, შემდეგ კი უკან დასაბრუნებლად, მილიონზე მეტი მტაცებელი ფრინველი იყენებს. ბრაკონიერობას კი ყოველ სეზონზე დაახლოებით 12 000 ფრინველის სიცოცხლე ეწირება. ჩვენი ორგანიზაცია იკვლევდა მიზეზებს და ცდილობდა, ადგილობრივ მოსახლეობასთან თანამშრომლობით გადაეწყვიტა პრობლემა. გვეგონა, რომ თუნდაც ეკოტურიზმი, საოჯახო სასტუმროები ადგილობრივებს გაუზრდიდა მოტივაციას, აღარ დაეხოცათ მტაცებლები, თუმცა ეს არ აღმოჩნდა სრულად ეფექტური. „საბუკომ“ წელს დროებით უარი თქვა იქ მუშაობაზე, რადგან მგონია, რომ უკანონო ნადირობის შესამცირებლად მხოლოდ სადამსჯელო ღონისძიებები (რომელსაც ზედამხედველობის სამსახური კურირებს) ან ეკოტურიზმის ხელშეწყობა საკმარისი არაა. ერთი მხრივ აგრესია, რომელიც ბრაკონიერების მიმართ არსებობს, მათ დამოკიდებულებას ვერ შეცვლის. მეორე მხრივ, ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს გამართული სახელმწიფო მონიტორინგის სისტემა, რომელიც ამ პრობლემას სწორად და თანმიმდევრულად მიუდგება. ამიტომ მინდა, რომ უახლოეს პერიოდში დავიწყოთ საგანმანათლებლო კამპანიები. სხვა ქვეყნების გამოცდილებას თუ გავითვალისწინებთ (რაც, შესაძლოა, ჩვენს რელობაში ცოტა რთული შესასრულებელია), ადგილობრივებთან განათლების სფეროს ფსიქოლოგების მუშაობაცაა საჭირო. ბრაკონიერს, აკრძალვის მაგივრად, უკეთესია, სწორად მიაწოდო ინფორმაცია, უთხრა და გაააზრებინო, რატომაა ესა თუ ის ფრინველი კონკრეტულად მისთვის, მისი საცხოვრებელი გარემოსთვის და მისი კეთილდღეობისთვის სასარგებლო. ამიტომ, ვფიქრობ, მათთან ადგილზე მეტად ბევრი სამუშაოა.

-----------------

სრული ინტერვიუს წასაკითხად შეიძინეთ National Geographic საქართველოს 2019 წლის ივლისის ნომერი.

ბექობის არწივები განსაკუთრებულად მესაკუთრეები არიან. 3 წლისები უკვე ტერიტორიის ათვისებას იწყებენ, 4 წლის შემდეგ კი – მის დასაკუთრებას. თუ მას დიდი დაბრუნების შემდეგ თავის ბუდეში თავისივე მშობლები დახვდნენ, კონფლიქტი გარდაუვალია.

თეგები: 
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია