ხმა >
 
კოშუ
01.06.19
ქეთი პატარაია
ირა კურმაევა

„ჩემთვის სიტყვას დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ მუშაობის დაწყების წინ ვმედიტირებ და მხოლოდ მაშინ ვიწყებ ხატვას, როდესაც ვიგრძნობ, რომ მზად ვარ“. – კოშუ.

კოშუ იაპონური კალიგრაფიის ხელოვნების – შიოდოს ოსტატის, აკემი ლუკასის ფსევდონიმია, რომელიც მისმა მასწავლებელმა მიანიჭა.

ყველას შეუძლია კალიგრაფიის შესწავლა?

დიახ. რვა წლის ასაკში მარცხენა თვალში მხედველობა დავკარგე და საშინლად ვწერდი, სწორედ ამიტომ გამიშვა დედაჩემმა კალიგრაფიის სკოლაში. ჩემი და-ძმაც იქ სწავლობდა. მასწავლებელი ყოველთვის აქებდა მათ, ჩემზე კი ამბობდა – აკემის არაფერი გამოსდისო. მიუხედავდ ამისა, 24 წლის ასაკში ოსტატის რანგს მივაღწიე და კალიგაფიის მასწავლებელი გავხდი.

შიოდოს სტილში შესრულებული ნაწერი ხშირ შემთხვევაში ხელოვნების ნიმუშს წარმოადგენს, რომელშიც შესაძლებელია ავტორის ემოციებისა და განწყობის ამოცნობა. როგორ ირჩევთ სიტყვას?

ეს არის ჩემი ცხოვრებიდან აღებული სიტყვები, რაც მე ვიცი, განმიცდია, ეს არის ჩემი გზავნილი. ზოგჯერ ღამე გამეღვიძება და ვგრძნობ, რისი დაწერა მინდა, რაღაც შიგნიდან მკარნახობს...

როგორც პოეზია?

დიახ, სხვების არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის ასეა – როგორც პოეზია, ლექსი... ძალიან მნიშვნელოვანია, იმ მომენტში რა მოდის ჩემგან. სიტყვა ძალაა. ყველა სიტყვას და, შესაბამისად, დაწერილ სიტყვას აქვს თავისი ძალა.

კალიგრაფიის ნიმუშებს ზოგჯერ მცირე ზომის ნახატიც ახლავს. ესეც კალიგრაფიის ნაწილია?

იაპონური კალიგრაფია უფრო ფართო ცნებაა, ვიდრე უბრალოდ სიტყვების ლამაზად წერა. ჩემი მასწავლებელი სეიძან ფუჯიმოტო მასწავლიდა გრაგნილების კეთებას, რომლებზეც უნდა დამეწერა, ხატვას, ხეზე ტვიფვრას... იგი ამბობდა, რომ ჯერ უნდა შეისწავლო და აითვისო ეს ყველაფერი და მხოლოდ მერე დაიწყო წერა.

რა მასალით მუშაობთ?

მე უპირატესობას ვანიჭებ ქაღალდს, რადგანაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქაღალდზე მელნის ეფექტი. მიმუშავია აბრეშუმზე, კერამიკაზე, მარაოებზეც. ლონდონში ერთ-ერთი იაპონური რესტორნის კედელიც მომიხატავს, მაგრამ ქაღალდი და მელანი სულ სხვაა. მე ამის კეთება მსიამოვნებს და ვაღწევ იმ შედეგს, რომლისკენაც მივდივარ.

რომელია თქვენი ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევარი?

მე შემიძლია ფუნჯის წვერსა და კიდეებზე მუქი მელანი გამოვიყენო და შიგნით – ბაცი, რითაც სიღრმის ეფექტს ვაღწევ. რთულია ისეთი სიჩქარით და მიმართულებით ამოძრაო ფუნჯი, რომ მელნის ჩამოსვლისას მუქი და ბაცი ფერები არ გადავიდეს ერთმანეთში. ასეთ დროს ხაზს ეძლევა სამი განზომილების ეფექტი. თითო ნამუშევარზე, დაახლოებით, 100 ცდა მჭირდება, რადგანაც მთლიანი ნამუშევარი ერთი მონასმით იქმნება. ალბათ ასეთი ნამუშევრები ჩაითვლება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვნად, რადგან ეს ჩემი შექმნილი ტექნიკაა – ჰაკუფუ; ის ურთულესია და ამას დემონსტრაციებზე ვერ ვაკეთებ.

თქვენ ახლა ლონდონში მუშაობთ და ასწავლით კალიგრაფიას. როდესაც მაყურებელს არ ესმის სიტყვის მნიშვნელობა, მისი აღქმა სრულყოფილია?

ჩემთვის მნიშნელოვანია, რომ შეიგრძნონ ჩემი ნამუშევარი. თუ ეს

შეგრძნება გაჩნდება, ამის შემდეგ შეიძლება ნაწერის შინაარსი და ისტორია ფორმის მიღმაც გაიგონ.

ეს ყოველთვის გამოდის?

არა, რა თქმა უნდა. როცა ჩემი მასწავლებელი ხედავდა, რომ მე არ ვიყავი განწყობილი იმის საკეთებლად, რაც ჩაფიქრებეული მქონდა, საერთოდ არ მამუშავებდა და პირდაპირ მიშვებდა სახლში. ერთხელ მასწავლებელმა მითხრა – 100-ჯერ გამეორება და გაკეთება არ არის საკმარისი, აქ მთავარი ნაკლი ის არის, რომ შენ არ ხარ ამ ნამუშევარშიო. მას ჩემს ნამუშევარში ჩემი დანახვა უნდოდა. მაშინ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და ეს არ მესმოდა. ვფიქრობდი, რომ ბევრს ვშრომობდი, მაგრამ მასწავლებელი ამას არ მიფასებდა. გაკვეთილიდან გამოსულს ხშირად მიტირია.

როდის მიხვდით, რას მოითხოვდა თქვენგან?

23 წლის ვიყავი, როდესაც ერთ დღეს უცებ რაღაც შეიცვალა ჩემში და სხვა დამოკიდებულება ვიგრძენი ქაღალდის მიმართ. მაშინ შემაქო მასწავლებელმა პირველად. მერე მითხრა – დაწერე „ყვავილის გული“. მე დავწერე; მან თქვა – რა კარგიაო, ჩარჩოში ჩასვა და კედელზე ჩამოკიდა. მე ისევ ვერაფერი გავიგე, რადგანაც ჩემი ეს ნამუშევარი სულაც არ მომეწონა.

„ყვავილის გული“ თქვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერსონალური გამოფენის სახელიცაა.

დიახ, ასეა. იმ ნამუშევრის მნიშვნელობას 15-16 წლის მერე მივხვდი, როდესაც დამიდგა ძალიან მძიმე პერიოდი, ყველაფრისთვის თავის დანებება მინდოდა, არაფრის კეთება არ შემეძლო. ჩემი მასწავლებელი უკვე გარდაცვლილი იყო. მაშინ იგი ვნახე სიზმარში და მითხრა – „ყვავილის გული“ მაჩვენეო. ნამუშევარს ვერსად მივაგენი. მერე დავიწყე იმის ძებნა, თუ რას ნიშნავდა ყვავილის გული და ვნახე, რომ ბუდისტურ რელიგიაში ეს სიტყვათშეთანხმება ლოტოსის ყვავილს ნიშნავს. ლოტოსის ყვავილი ტალახში, ჭუჭყში იზრდება და მაინც როგორი ნაზი, კრიალა, ლამაზი და უმანკო გამოდის იქიდან. ცხოვრებაც მძიმეა, ჭუჭყიანი, ბევრი ტალახი ახლავს მას, მტკივნეულია, მაგრამ შენ მაინც უნდა შეეცადო და შეინარჩუნო შენში სუფთა გული, თან ატარო ეს სილამაზე, როგორც ლოტოსის ყვავილი. მივხვდი, რომ ამას მეუბნებოდა ჩემი მასწავლებელი.

ყოველ ჯერზე, როდესაც ვწერ, ვხატავ, ვთავისუფლდები ყველა სხვა ემოციისაგან მედიტაციის საშუალებით და ვიტოვებ მხოლოდ ამ სუფთა ყვავილის გულს. რადგან ნებისმიერი ემოცია აისახება ნამუშევარზე, ამიტომ ვცდილობ, გავთავისუფლდე ყველაფრისაგან და დავრჩე სუფთა, კრიალა, ცარიელი სხვა ემოციებისგან. „ყვავილის გული“ თავიდან დავხატე. როდესაც იაპონიაში პირველად გამოვფინე ეს ჩემი ნამუშევარი, ის ძალიან ემოციური აღმოჩნდა ყველასთვის. ვინც მას ნახულობდა, ყველას ცრემლები სდიოდა.

როგორ მუშაობთ თქვენს სტუდენტებთან?

ჩემმა მასწავლებელმა სიკვდილის წინ მითხრა – 100 სტუდენტიც რომ გყავდეს, ყველას განსაკუთრებულად და განსხვავებულად მიუდექი, არასოდეს გაიმეორო ერთთან ის, რასაც მეორესთან აკეთებო. კიდევ მითხრა – ხელი მოკიდე და ისე იმუშავე სტუდენტებთან, რათა მათ არა მარტო გაიგონ, არამედ იგრძნონო. მე მის ამ დარიგებებს მივყვები. მასწავლებელი 2008 წელს გარდაიცვალა და მის ბოლო ამოსუნთქვამდე ვსწავლობდი მისგან. მეც ბევრი წარმატებული სტუდენტი მყავს, მაგრამ მინდა, რომ მყავდეს ისეთი, რომელსაც უფრო ღრმა ცოდნას გადავცემ.

საქართველოში პირველად ხართ?

დიახ, მაგრამ კიდევ ჩამოვდივარ. პერსონალური გამოფენა, რომელზეც ჩემი 50-მდე ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიღნაღის მუზეუმში 4-დან 11 ივლისამდე გაგრძელდება. გამოფენასთან ერთად დაგეგმილია სემინარები და კალიგრაფიის ჩვენებები თბილისში, მირზაანსა და რუსთავში.

თბილისში ჩამოსვლამდე ვნახე სიზმარი, თითქოს ჰაერში ამოვიდა გრაგნილი, რომელზეც ეწერა: ყველანი უფლის შვილები ვართ. ეს სიტყვები პირველი შოგუნის – იეასუს ანდერძიდანაა. სწორედ ისინი დავხატე აქ.

თეგები: 
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია