ხმა >
 
დავით თარხნიშვილი
08.05.19
ლიზა ყარალაშვილი
ირა კურმაევა

ილიას სახელმწიფო უნივერსტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი დავით თარხნიშვილი ეკოლოგიასა და მის მნიშვნელობაზე ლაპარაკობს.

დედამიწაზე სულ 35 ბიომრავალფეროვნების ცხელი წერტილია გამოყოფილი. ერთ-ერთი ცხელი წერტილი კი სწორედ კავკასიის რეგიონია.

რატომ გადაწყვიტეთ, ეკოლოგი გამხდარიყავით?

ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა და მაინტერესებდა ცხოველები. ამიტომ გადავწყვიტე, ეს ჩემს პროფესიად მექცია.

თქვენი აზრით, რატომ არის ეკოლოგია მნიშვნელოვანი?

ეკოლოგია, უხეშად რომ ვთქვათ, ბიოლოგიის ერთ-ერთი განხრაა. აკრედიტაციის სამსახურმა ის დისციპლინათაშორის ჯგუფში მოათავსა, თუმცა, ჩემი აზრით, ის ბიოლოგიის ნაწილად რჩება, კერძოდ, ეკოლოგია შეისწავლის ცოცხალ სისტემებს, რომლებიც იერარქიულად ორგანიზმზე მაღლა დგას.

ბიოლოგიის სხვადასხვა დარგი შეისწავლის უჯრედებს, ქსოვილებს, ორგანოებს, ორგანოთა სისტემებსა და ორგანიზმებს; ეკოლოგია კი – პოპულაციებს, მათ მიერ შექმნილ სხვადასხვა სტრუქტურებს, ორგანიზმთა თანასაზოგადოებებსა და ეკოსისტემებს. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ეკოლოგია შეისწავლის ცოცხალი ორგანიზმების ურთიერთობას ერთმანეთთან და არაცოცხალ გარემოსთან.

ეკოლოგია, როგორც მეცნიერება, მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ჩვენ, ადამიანები, ეკოსისტემის ნაწილი ვართ. იმისათვის, რომ ჩვენ და სხვა ცოცხალმა ორგანიზმებმა – მცენარეებმა, ცხოველებმა (მათ შორის შინაურმა ცხოველებმაც) ამ ეკოსისტემაში ცხოვრება შევძლოთ, საჭიროა, რომ ის გამართულად ფუნქციონირებდეს.

საჭიროა, კარგად ვიცნობდეთ ჩვენ გარშემო არსებულ ცოცხალ ორგანიზმებს, გვესმოდეს, თუ როგორ ურთიერთობენ ისინი ერთმანეთთან და გარემოსთან, რათა უკეთ შევძლოთ ჩვენი გარემოს დაცვა.

რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ გარემოს და გარემოში არსებულ ორგანიზმებს გავუფრთხილდეთ?

ამის ერთი მარტივი მიზეზი ისაა, რომ ჩვენ ეს ორგანიზმები მოგვწონს – გვიყვარს ცხოველები და მცენარეები, რომლებიც ჩვენ გარშემო არსებობენ. მეორე, უფრო საყოფაცხოვრებო მიზეზი ისაა, რომ ჩვენ ძლიერ ვართ გარემოზე დამოკიდებულნი. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, გარემოსა და მასში არსებულ ორგანიზმებზეა დამოკიდებული ჩვენი საკვების წყარო. ისინი განაპირობებენ ასევე ჩვენს დაავადებებს და ეპიდემიებს. მოკლედ, ყველანაირად ვართ გარემოზე დამოკიდებული – საკვებით დაწყებული და დამთავრებული ჰაერით, რომელსაც ჩვენ ვსუნთქავთ. ჰაერს ხომ ჟანგბადით მცენარეები ამდიდრებენ.

რა არის ბიომრავალფეროვნების ცხელი წერტილი, ე.წ. „ჰოთსფოთი“?

ბიომრავალფეროვნების ცხელი წერტილები არის ისეთი ადგილები, სადაც ცხოველების, მცენარეების, სოკოებისა და სხვა ცოცხალი ორგანიზმების დიდი მრავალფეროვნება გვხვდება და, ამავდროულად, მათ, გარკვეული მიზეზების გამო, გადაშენების საფრთხე ემუქრებათ. ეს საფრთხე სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული. ეს მიზეზი შეიძლება ადამიანი იყოს, შეიძლება, ვთქვათ, კლიმატური პირობების ცვლილება. მთავარია, რომ მათ გადაშენება, პლანეტიდან გაქრობა ემუქრებათ, რაც, რა თქმა უნდა, ყოველთვის არასასურველია.

რას ნიშნავს რეფუგიუმი?

დღეს ჩვენ ვიმყოფებით გამყინვარების პერიოდში. ეს შეიძლება ბევრისთვის გასაკვირი იყოს, მაგრამ უკანასკნელი დაახლოებით 2,5 მილიონი წელია დედამიწა გამყინვარების (ე.წ. გლაციალურ) პერიოდშია, როდესაც ტემპერატურა პერიოდულად ძალიან დაბალ ნიშნულამდე დადის. ამ დროს ხმელეთის დიდი ნაწილი თოვლითა და ყინულით იფარება. ასეთი პირობები – დაბალი ტემპერატურა, შესაბამისად, დაბალი ტენიანობაც – ცხოველთა და მცენარეთა უმრავლესობისთვის არახელსაყრელია. ასევე არახელსაყრელია მათთვის მაღალი ტემპერატურა და ჭარბი ნალექიც. როდესაც დედამიწაზე პირობები უარესდება, გლობალურად მცირდება ბიომრავალფეროვნება. თუმცა, არის ადგილები, სადაც გარემო პირობები მეტ-ნაკლებად უცვლელი რჩება და მცენარეთა და ცხოველთა მრავალფეროვნებაც კარგად ნარჩუნდება. ამ ადგილებს რეფუგიუმებს უწოდებენ.

როდესაც დედამიწაზე კვლავ ნორმალიზდება პირობები, ანუ ტემპერატურა და ნალექიანობა კვლავ ხელსაყრელი ხდება ცოცხალი ორგანიზმებისთვის, ისინი თავიდან ვრცელდებიან ამ რეფუგიუმებიდან და კვლავ მთელ პლანეტას ასახლებენ.

--------------------------

სრული ინტერვიუს წასაკითხად შეიძინეთ National Geographic საქართველოს 2019 წლის მაისის ნომერი.

თეგები: 
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია