ხმა >
 
ტოკუგავა ნარიმასა
01.02.19
ქეთი პატარაია
THE TOKUGAWA MUSEUM IMAGE ARCHIVES/DNPARTCOM

ტოკუგავა ნარიმასა არის ტოკუგავა-შოგუნატის ოჯახის მიტოს შტოს მე-15 თავკაცი. სხვა მრავალი საზოგადოებრივი საქმიანობის პარალელურად, იგი საზოგადო ინტერესთა ფონდ ტოკუგავას მუზეუმის პრეზიდენტია. მას წილად ხვდა პატივი და მისია – დაიცვას, განავრცოს და შემდგომ თაობას გადასცეს ტოკუგავას ოჯახის ტრადიციები.

ქვეყანა ვითარდება და ის განიცდის სხვა ქვეყნების გავლენას; ამ ახალი ელემენტების შემოღებით იცვლება კულტურა და ტრადიციები.

რა ადგილი უჭირავს ტოკუგავას საგვარეულოს იაპონიის ისტორიაში?

იაპონიის ხელისუფლების სათავეში ჩვენი საგვარეულო XVII საუკუნის დასაწყისში მოვიდა, რითაც შოგუნატის ანუ სამხედრო-ფეოდალური მმართველობის მესამე დინასტიის – ტოკუგავას 265-წლიანი ეპოქა დაიწყო. ამ ახალი დინასტიის ფუძემდებელი იყო საგვარეულოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წარმომადგენელი იეიასუ. იმპერატორის სანქციით შოგუნის (უმაღლესი მთავარსარდალი იაპონიაში) ტიტულის მიღებისთანავე, იეიასუმ ქვეყნის დედაქალაქად ედო (დღევანდელი ტოკიო) გამოაცხადა. იმპერატორს – რელიგიური ცერემონიების მეთაურის, უმაღლესი ქურუმის უფლებები დარჩა და მას “მიწიერ საქმეებთან შეხება არ უნდა ჰქონოდა, შოგუნი კი უზენაეს ხელისუფლებას განასახიერებდა. შოგუნს ემორჩილებოდნენ სამურაები, რომლებიც მის პირად დაცვას უზრუნველყოფდნენ.

ტოკუგავას, იმავე ედოს პერიოდს, იაპონიის ოქროსა და აყვავების წლებს უწოდებენ.

დიახ, ეს პერიოდი განსაკუთრებულია იაპონიის ისტორიაში. ამ დროს ეკონომიკურად და სოციალურად გაძლიერდა სახელმწიფო, განვითარდა ვაჭრობა. ტოკუგავების საგვარეულო გახდა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი კულტურული სიახლეების ავტორი. ქალაქი ედო (ტოკიო) კი – ჩვენი ტრადიციული ხელოვნების აყვავებისა და ტრადიციული და ნოვატორული ხელოვნების გადაკვეთის ადგილი. დიდი ყურადღება ექცეოდა წიგნის ბეჭდვისა და ბიბლიოთეკათა შექმნის საქმეს. ამ პერიოდში აღორძინდა ფაიფურის წარმოება, ქალაქ კიოტოში დაარსდა კაბუკის თეატრი...

თქვენმა პაპამ, ტოკუგავა კუნიუკიმ, დიდი წვლილი შეიტანა იაპონიის როგორც თანამედროვე ქვეყნის აღმშენებლობაში. იგი იყო იაპონიის ლორდთა პალატის პრეზიდენტი. რას ნიშნავს დღეს ტოკუგავას დიდი გვარის წევრობა, რა პასუხისმგებლობაა ეს თქვენთვის?

დღეს ჩვენს გვარს არავითარი შეხება პოლიტიკასთან და, შესაბამისად, პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ აქვს. დღეს ჩვეულებრივი მოქალაქეები ვართ. ვფიქრობ, ჩვენი მოვალეობაა, საზოგადოებას გადავცეთ სწორი ინფორმაცია იმ პერიოდის, მაშინ განვითარებული მოვლენების და ამბების შესახებ და შევინარჩუნოთ ისტორიული სინამდვილე. მაგალითად: ამბობენ, რომ ედოს პერიოდში იაპონია იზოლირებული იყო და ეს უარყოფით მოვლენად მიიჩნევა, მაგრამ ეს ასე არ არის. ეს მოსაზრება ჩამოაყალიბა იმ ხელისუფლებამ, რომელიც ედოს შემდგომ პერიოდში მოვიდა და იძულებული იყო, ეკრიტიკებინა ძველი ხელისუფლება. სინამდვილეში მთავრობა აკონტროლებდა ვაჭრობას უცხო ქვეყნებთან და მეტი არაფერი.

შესაძლოა, საკუთარი ქვეყნის გარკვეული იზოლაცია თვითმყოფადობის შენარჩუნების ერთ-ერთი გზა იყო.

ედოს პერიოდში სხვა ქვეყნებთან ომი არ ყოფილა, მაგრამ „იზოლაციის პოლიტიკის დასასრულს დასავლურმა ძალებმა პოლიტიკური წყობის შეცვლა მოინდომეს, რასაც სამოქალაქო ომი მოჰყვა. ედოს პერიოდის დასასრულს დაპირისპირებულ სხვადასხვა ძალას მხარს უჭერდნენ საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი. საბოლოოდ, შოგუნმა, ტოკუგავა იოშინობუმ, მიიღო გადაწყვეტილება, მშვიდობიანად დაეთმო ძალაუფლება იმპერატორ მეიჯის სასარგებლოდ. სწორედ ამ ბრძნულმა გადაწყვეტილებამ იხსნა იაპონია უფრო სერიოზული სამხედრო კონფლიქტისა და უცხო ძალების მიერ ჩვენი ქვეყნის კოლონიზაციისგან.

------------------------------------------------

სრული ინტერვიუს წასაკითხად შეიძინეთ National Geographic საქართველოს 2019 წლის თებერვლის ნომერი.

თეგები: 
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია