ხმა >
 
ნილ მაკფარლეინი
01.09.18
ნათია ხულუზაური
ირა კურმაევა

პროფ. ნილ მაკფარლეინი ოქსფორდის უნივერსიტეტის მმართველი საბჭოს წევრი და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს მდივანია. იგი 1990 წლიდან არის ჩართული ქართული მეცნიერების ხელშეწყობის საქმეში და საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების პროგრამის ერთ-ერთი ინიციატორია ოქსფორდის უნივერსიტეტში.

ალბათ სამართლიანი იქნება, თუ ვიტყვი, რომ საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების ერთადერთი და ყველაზე დიდი დამფინანსებელი რუსთაველის ფონდია.

მომიყევით, თუ როგორ დაინტერესდით საქართველოთი.

საქართველოში პირველად 1990 წელს მოვხვდი. საბჭოთა მეცნიერებათა აკადემიასა და ამერიკელ მკვლევართა საბჭოს გაცვლითი პროგრამა ჰქონდა, რომლის თემა საერთაშორისო უსაფრთხოება იყო. პროგრამაში ახალგაზრდა მეცნიერები იყვნენ ჩართულნი. მაშინ მეც ახალგაზრდა მეცნიერი ვიყავი და ერთ-ერთი შეხვედრა სწორედ თბილისში იყო. მე საბჭოთა საგარეო პოლიტიკას ვსწავლობდი, მაგრამ საქართველოში ჯერ 1990 და შემდეგ 1991 წელს ჩამოსვლამ მიმახვედრა, რომ საბჭოთა კავშირი ფაქტობრივად უკვე უკანასკნელ დღეებს ითვლიდა, ასე რომ, მისი საგარეო პოლიტიკის კვლევას აზრი დაეკარგა. მას შემდეგ ჩემი დაკვირვებისა და შესწავლის საგანი საქართველოს აკადემიური ცხოვრების გარდაქმნისა და ადაპტაციის პროცესია ამერიკასთან ცვალებადი ურთიერთობების ფონზე.

უფრო კონკრეტულად?

მაგალითად, სოციალური მეცნიერებები საბჭოთა კავშირის აკადემიური ცხოვრების ძლიერი მხარე ნამდვილად არ იყო. საინტერესოა, როგორ ახერხებს საქართველო საბჭოთა აკადემიური ცხოვრების ადაპტაციას სოციალური მეცნიერებების დარგში, როგორ შეგვყავს ის თანამედროვე დიალოგში სოციალური მეცნიერებების და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თქვენი მოღვაწეობაც ამას უკავშირდებოდა?

დიახ, 4 წლის განმავლობაში თსუ-ს მოწვეული პროფესორი ვიყავი და სადოქტორო პროგრამას ვუძღვებოდი. მის ფარგლებში ძალიან ახლოს ვთანამშრომლობდი სოციალური მეცნიერებების ცენტრთან, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორი მარინე ჩიტაშვილი გახლდათ. როდესაც იგი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორად დაინიშნა, იფიქრა, რომ კარგი იქნებოდა, თუკი ფონდს საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭო ეყოლებოდა, რათა კვლევის დაფინანსებისა და წარმოების საერთაშორისო პერსპექტივა გახსნილიყო. და აი, უკვე 4 წელია, რაც ეს საბჭო ფუნქციონირებს.

რამდენად აქტიურად მონაწილეობთ საბჭოს ცხოვრებაში, ალბათ საკმაოდ ბევრ დროს ითხოვს.

დიახ, ნამდვილად, მაგრამ მე მოხარული ვარ მისი წევრობისა, ახლა საბჭოს მდივნის ფუნქციასაც ვითავსებ. რაც ყველაზე მთავარია, საბჭოს თითოეული წევრი, ყველა უცხოელი წევრი აქტიურადაა ჩართული მის საქმიანობაში და ცდილობს, რომ ხელი შეუწყოს საქართველოში მეცნიერების სწორი მიმართულებით განვითარებას. ჩვენ ვცდილობთ, ქართველ კოლეგებს იმის შესახებაც გავუზიაროთ გამოცდილება, თუ როგორ უნდა მოახერხონ ამა თუ იმ სამეცნიერო პროექტის ფორმირება ისე, რომ კვლევიდან მიღებული მაქსიმალური სარგებელი საქართველოში დარჩეს.

რამდენად წარმატებულად მიმდინარეობს პროცესი?

ვფიქრობ, ჯერ მაინც ყველაფერი განვითარების ფაზაშია. არის მეცნიერების გარკვეული დარგები საქართველოში, რომლებიც საბჭოთა მემკვიდრეობის შედეგია და დღემდე ძალიან მაღალი დონისაა, მაგალითად, ფიზიკა – თეორიული ფიზიკა, მათემატიკა. თუმცა, ერთ-ერთი პრობლემა, რომელსაც საქართველო შეეჯახა ამ მიმართულებით, ისაა, რომ უფროსი თაობის ბევრმა, მართლაც განსაკუთრებულმა მეცნიერმა დატოვა ქვეყანა. ასე რომ, გაჩნდა ნაპრალი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რასაც ფონდი ცდილობს, საქართველოში სამეცნიერო ცხოვრების აღდგენაა. ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ ამ პროცესს, რამდენადაც ჩვენ ეს შეგვიძლია. ამაში მხოლოდ ფინანსურ ხელშეწყობას არ ვგულისხმობ, რადგან ფონდს საკმაოდ ლიმიტირებული სახსრები აქვს. ჩვენ იმასაც ვცდილობთ, რომ გავახსენოთ ჩვენს მეცნიერებს, თუ ვინ არიან ისინი როგორც ქართველნი. თანამედროვე ქიმიის ლაბორატორიის ან ინფორმატიკის სისტემის მოწყობას საკმაოდ დიდი ფული სჭირდება, საქართველოში კი ხშირად არ არის ამის საშუალება. ამიტომ ვცდილობთ, შევქმნათ ადამიანური კაპიტალი.

___________

სრული ინტერვიუს წასაკითხად შეიძინეთ National Geographic საქართველოს სექტემბრის ნომერი.

თეგები: 
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია