ხმა >
 
გიორგი ძებისაშვილი
01.08.18
ქეთი პატარაია
ირა კურმაევა
გიორგი ძებისაშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში 2001 წლიდან მსახურობს. აგვისტოს ომში იგი მძიმედ დაიჭრა. მიღებული აქვს 2 მედალი საბრძოლო იარისათვის, III, II და I ხარისხის უწყებრივი მედლები „უმწიკვლო სამსახურისათვის“, მედლები: „გენერალი მაზნიაშვილი“ და „სამშობლოსათვის თავდადებული“ და ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი, რომლითაც ჯილდოვდებიან ერისა და სამშობლოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის, თავდადებისა და თავგანწირვისთვის.

აგვისტოს ომის გმირი გიორგი ძებისაშვილი დღეს გენერალურ შტაბში შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტის თანაშემწეა

რა მოვალეობა აკისრია სერჟანტს?

სერჟანტი ჯარის ხერხემალია, მეთაურის მარჯვენა ხელი, მისი მრჩეველი. მას აქვს უშუალო შეხება ჯართან, აბარია ჯარისკაცის აღზრდა, მისი ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური მომზადება. სერჟანტის წოდება იწყება ათეულის სერჟანტიდან და მთავრდება შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტით. მე ბოლო სამი წლის განმავლობაში სამხედრო ატაშეს თანაშემწე ვიყავი გერმანიაში და ამ თანამდებობაზე ახალი დანიშნული ვარ. ახლა ჩვენ გვაბარია სერჟანტების კარიერული განვითარება, მუშაობის დაგეგმვა, სწავლება...

როგორ დაიწყო თქვენი სამხედრო კარიერა?

ჩემი უფროსი ძმა სამხედრო იყო და ბავშვობიდან ვამბობდი, ჯარში თუ წავედი, იქიდან აღარც წამოვალ-მეთქი. ასეც მოხდა. 2003 წელს 9 კაცი შეგვარჩიეს და 3 წლით სწავლებაზე გაგვიშვეს გერმანიაში. გვასწავლიდნენ კლდეზე ცოცვას, კლდეზე ბრძოლას ზემოდან, ქვემოდან, თოკებზე. მონდომებით ვვარჯიშობდი, ჩვენი გერმანელი მეთაური ლოკომოტივს მეძახდა.

შემდეგ?

სამთო მომზადების ინსტრუქტორი გავხდი. გერმანიაში სწავლამ ბევრი რამ მომცა. საქართველოში 3 წლის შემდეგ ჩამოვედი და მეოთხე ქვეითი ბრიგადის მთავარ სერჟანტად დავინიშნე. ჩემი ბრიგადა ყველაზე ახალგაზრდა ბრიგადა იყო. 2007 წლიდან დავიწყეთ ერაყში სამშვიდობო მისიისათვის მზადება, მაგრამ ომმა ყველაფერი შეცვალა.

როგორ დაიწყო ყველაფერი?

ვაზიანში ვიყავით, სამხედრო ბაზაზე. ხალხის ნაწილი ერაყში წასვლის წინ შვებულებაში გვყავდა გაშვებული. შვიდში დაიძაბა სიტუაცია, დაიწყო ქართული სოფლების ინტენსიური დაბომბვა. გამთენიისას გამოგვიძახეს, მთელი ბრიგადის (3300 კაცი) მობილიზება მოხდა. ჯარისკაცების მორალურ მხარეზე და მოტივაციის ამაღლებაზე მე ვიყავი პასუხისმგებელი. ცხინვალში მოგვიწია შესვლა. ყველამ იცის, რომ მეოთხე ქვეითი ბრიგადა ყველაზე მოწინავე პოზიციაზე იყო და თავისი დავალება შეუსრულებელი არ დაუტოვებია.

რა ხდებოდა ფრონტის ხაზზე?

ბრიგადის მეთაური და მე ერთ-ერთ ბატალიონთან ერთად ყველაზე მოწინავე პოზიციაზე ვიყავით. ცხინვალში რუსეთის ავიაციამ დაგვბომბა. იქ დაგვეღუპა ყველაზე მეტი ჯარისკაცი, იქ გვყავდა ყველაზე მეტი დაჭრილი, იქ დავიჭერი მეც. ნამსხვრევი მომხვდა კისერში, ხერხემალი დამიზიანდა და მთლიანი დამბლა დამეცა. ძალიან გამიმართლა – ჩემმა მეგობრებმა და თანამებრძოლებმა სხვა დაჭრილებთან ერთად გამომიყვანეს.

რით განსხვავდება სამხედრო წვრთნა რეალური ომისაგან?

სწავლების დროს ბევრს ფიქრობ, გინდა, რომ აითვისო, სწორად გააკეთო ყველაფერი, რეალური ომის დროს კი ფიქრის დრო არა გაქვს, ვერც ხვდები ბევრ რამეს. ნურავინ იტყვის, რომ იქ არ ეშინოდა, შიში ბრძოლის დროს ბუნებრივია, მაგრამ ბევრ საფრთხეს ვერ აფასებ. იქ ყველა ერთადაა, ყველაფერი ერთმანეთშია არეული, თან მოტივაცია გაქვს, რომ შენი ქვეყნისთვის იბრძვი და წინ გინდა წახვიდე. რაც კი წვრთნების დროს გისწავლია, ყველაფერს ავტომატურად აკეთებ.

რთულია, ასეთ დროს იყო მეთაური?

რა თქმა უნდა. ყველაზე პატარა ჯგუფის, ათეულის მეთაურიც პასუხისმგებელია თავის ჯარისკაცებზე. როგორც წაიყვანა ისინი, ცოცხლები და ჯანმრთელები, ისევე უნდა დააბრუნოს უკან, ან, თუ ვერ დააბრუნებს, უნდა ახსნას, რა მოხდა და რატომ მოხდა. უფრო დიდ მეთაურებს უფრო დიდი პასუხისმგებლობა აქვთ. თუმცა, ჯარისკაცსაც აქვს თავისი მოვალეობა და პასუხისმგებლობა. მას კონკრეტული დავალება აქვს და ის თუ ვერ შეასრულა, მაგალითად, თუ ვერ გააკონტროლა კარგად თავისი პერიმეტრი და მტერი შემოეპარა, შეიძლება, თავისი ათეული დაღუპოს. ასე რომ, თავისი წილი პასუხისმგებლობა ყველას აკისრია, პასუხისმგებლობა ერთმანეთზე.

რა არის ჯარი?

ჯარი არის ერთი დიდი ოჯახი. როდესაც შენი ოჯახის წევრს რაღაც უჭირს, ტოვებ ყველაფერს და დასახმარებლად მიდიხარ. ისინი, ვინც მე გამომიყვანა დაჭრილი, ყველანი ბრძოლის ველზე დაბრუნდნენ, თუმცა ნებისმიერ ომში არიან მშიშრები, რომლებიც გარბიან და იმალებიან, მაგრამ ასეთები ერთეულები არიან და არ ჩანან.

ბრძოლის ველზე უფრო სიფრთხილეა საჭირო – იქ ვიღაცას ეუბნები თავი ჩაწიოს, ვიღაცამ კარგად აკონტროლოს თავისი პერიმეტრი და ა.შ. ჩვენ გვყავს ბიჭები, რომლებიც წარმოუდგენელ ცეცხლში გააზრებულად შევიდნენ და დაჭრილები გამოიყვანეს მანქანით, რომელიც საცერივით იყო დაცხრილული.

___________

სრული ინტერვიუს წასაკითხად შეიძინეთ National Geographic საქართველოს აგვისტოს ნომერი.

თეგები: 
ჯარისკაცი
გიორგი ძებისაშვილი
აგვისტოს ომი
გმირი
სერჟანტი
მეთაური
სამხედრო
ბრიგადის მეთაური
ქვეყანა
საქართველო
ბრძოლის ველი
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია