ხმა >
 
მაკო მიქაბერიძე
01.05.18
ნათია ხულუზაური
ირა კურმაევა
მანანა (მაკო) მიქაბერიძე: ზოგადად მიღებულია, თუკი ქვეყანას იმის პრეტენზია აქვს, რომ სამეცნიერო კვლევა ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაზე უნდა აისახებოდეს, მეცნიერებაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 1,5 პროცენტი მაინც უნდა იხარჯებოდეს; დღეს ეს წილი 0,3 პროცენტზე ცოტა მეტია, მაგრამ მჯერა, რომ მინიმალურ ნიშნულსაც მალე მივაღწევთ და უფრო მეტსაც შევძლებთ.

მეცნიერების მნიშვნელობის შესახებ რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელს მეცნიერებასა და კიდევ ბევრ საინტერესო თემაზე ვესაუბრეთ.

როგორ აღმოჩნდით მეცნიერების მენეჯმენტში?

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი 1995 წელს დავამთავრე და ჩემი სპეციალობა იმუნოლოგია იყო. 1990-იან წლებში ბევრი საინტერესო რამ ხდებოდა ამ მიმართულებით მსოფლიოში და ძალიან მომწონდა ეს სფერო. თუმცა, ალბათ გახსოვთ, როგორ უჭირდა ამ დროს საქართველოს. კვლევისთვის ელემენტარული პირობებიც არ იყო და, სამწუხაროდ, ვერ შევინარჩუნე ჩემი პროფესია. საქმიანობის სფეროს გამოცვლაც რამდენჯერმე მომიწია. საბოლოოდ უმაღლესი განათლების მენეჯმენტიდან სამეცნიერო კვლევის მენეჯმენტში გადავინაცვლე.

რამდენი ხანია, რაც ამ საქმით ხართ დაკავებული?

1998-2003 წლებში ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ (OSGF) უმაღლესი განათლების, შემდეგ კი სოციალური მეცნიერებების მხარდაჭერის პროგრამაში ვიყავი ჩართული. 2004 წელს ჩავაბარე ძალიან საინტერესო ინტერდისციპლინურ სამაგისტრო პროგრამაზე სოციალური მეცნიერებების მიმართულებით „ტრანსფორმაცია სამხრეთ კავკასიაში“, რომელსაც თსუ-ის სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი ახორციელებდა. საერთაშორისო პროექტს აფინანსებდა ღია საზოგადოების ინსტიტუტი (OSI) და ინტერდისციპლინური სამაგისტრო პროგრამების მომზადებასა და წარმართვაში ჩართული იყო აკადემიური სტიპენდიების პროგრამის უცხოელი და ადგილობრივი აკადემიური პერსონალი, აშშ-ის მაუნტ ჰოლიოკის კოლეჯის, ოქსფორდისა და რადგერსის უნივერსიტეტების პროფესორები. პროგრამის მოდელად ოქსფორდის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამების ფორმატი იყო აღებული, მიზანს კი რეგიონში მიმდინარე სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური ტრანსფორმაციის კვლევა წარმოადგენდა. 2005 წელს მომენიჭა მაგისტრის მეორე აკადემიური ხარისხი. შემდეგ მუშაობა გავაგრძელე სოციალურ მეცნიერებათა ცენტრში (CSS), რომელსაც რამდენიმე პროგრამული და კვლევითი მიმართულება ჰქონდა. ცენტრის ერთ-ერთი საერთაშორისო პროექტი საქართველოს უმაღლესი განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმების ხელშეწყობას ეხებოდა. ისე მოხდა, რომ ყველა ჩემი სამუშაო მხოლოდ ერთი კონკრეტული საკითხის შესწავლას არ გულისხმობდა. ყოველთვის ვცდილობდით, გაგვეზიარებინა მსოფლიოში არსებული საუკეთესო პრაქტიკა და საუკეთესო გამოცდილება. 2010 წლიდან თსუ-ის ბაზაზე CSS-მა ახალი ინტერდისციპლინური სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების განვითარება და დანერგვა დაიწყო, რაც გარკვეული რეფორმების გატარებასა და ევროპულ აკადემიურ სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობასაც ემსახურებოდა. 2016 წელს გავიმარჯვე IREX-ის სასტიპენდიო კონკურსში და გავიარე უნივერსიტეტების ადმინისტრირების მხარდაჭერის პროგრამა აშშ-ში – მეცნიერების მენეჯმენტის სპეციალური მოდული ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის პროგრამის მიხედვით და კვლევითი სტაჟირება ვაშინგტონის კვლევით ინსტიტუციებსა და ინდიანას უნივერსიტეტში, ბლუმინგტონში.

გამოდის, რომ განათლების რეფორმის მონაწილეც ხართ?

დიახ, ინტენსიური შეხება მქონდა უმაღლესი განათლების თემასთან. OSGF-ის მიერ დაფინანსებული ერთ-ერთი პროექტი, რომელშიც ჩართული ვიყავი, უმაღლესი განათლების სტრატეგიული მიმართულებებისა და პრიორიტეტების კვლევა იყო და მას ახორციელებდა განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი პარტნიორ ორგანიზაციებთან – Tempus-ის ეროვნულ ოფისთან, საერთაშორისო განათლების ცენტრთან და CSS-თან ერთად. შეიქმნა უმაღლესი განათლების რეფორმის პლატფორმა და მომზადდა საქართველოს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სისტემის სიტუაციური ანალიზის დოკუმენტი. იგი მოიცავდა უნივერსიტეტების ავტონომიისა და აკადემიური თავისუფლების, უმაღლესი განათლებისა და კვლევის დაფინანსების, კვლევისა და სწავლების ინტეგრაციის, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფისა და უმაღლესდამთავრებულთა დასაქმების მიმართულებებს. 2014 წლის ბოლოს დამიკავშირდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი, ქალბატონი მარინე ჩიტაშვილი, რომელთანაც თანამშრომლობის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება მქონდა OSGF-სა და CSS-ში და შემომთავაზა ფონდის პროგრამებისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით მოადგილის თანამდებობა.

რაც თქვენ ახლა მიამბეთ, ძალიან დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს. სამი შვილი და ორი შვილიშვილი გყავთ, როგორ ანაწილებთ დროს?

იცით, ძალიან მეხმარებოდა და ახლაც მხარში მიდგას ჩემი ოჯახი. მშობლების მხარდაჭერით ვახერხებდი პროფესიულ და კარიერულ განვითარებას. სწავლის პარალელურად ყოველთვის ვმუშაობდი და ამას ნამდვილად არ ვნანობ. ამასთანავე, თავისუფალი დრო მთლიანად ჩემს ოჯახს ეკუთვნოდა.

დღეს ძალიან აქტუალურია ეს თემა – ქალის როლი და ადგილი საზოგადოებაში.
ჩემი აზრით, ქალმა უნდა შეძლოს თვისი პოტენციალის რეალიზება როგორც ოჯახში, ასევე პროფესიულ და საზოგადოებრივ ასპარეზზე. ყველამ უნდა იზრუნოს თავისი შესაძლებლობების განვითარებისა და პროფესიული ინტერესების დაკმაყოფილებისთვის. წარმატებული, ფინანსურად დამოუკიდებელი ქალი ძალიან მნიშვნელოვანია თავისი ოჯახისა და საზოგადოებისთვისაც. სამწუხაროდ, დასაქმებულ ქალს ორმაგი დატვირთვა აქვს სამსახურსა და სახლში და ვისურვებდი, რომ ოჯახის წევრები თანაბრად ინაწილებდნენ საოჯახო საქმეს. ვფიქრობ, რომ დღეს ახალგაზრდა წყვილები ბევრად უფრო უდგანან ერთმანეთს მხარში და ერთად ზიდავენ ოჯახურ ტვირთს.

ოჯახური ძალადობის პრობლემაზე რას იტყოდით?

სამწუხაროდ, საქართველოში არსებობს ოჯახური ძალადობის პრობლემა, განსაკუთრებით რეგიონებში. მე მაინც მგონია, რომ ამ პრობლემის სათავე განათლებაშია. ჩვენ ბავშვობიდან უნდა ვასწავლიდეთ და არა მხოლოდ ოჯახში, რომ ნებისმიერი ადამიანი თავისუფალი და თანასწორია და ძალადობა მიუღებელია როგორც ქალის, ისე მამაკაცის მიმართ.

___________

სრული ინტერვიუს წასაკითხად შეიძინეთ National Geographic საქართველოს მაისის ნომერი.

 

თეგები: 
მეცნიერება
ეკონომიკა
სოციალური განვითარება
რუსთაველის ფონდი
იმუნოლოგია
კვლევა
პროფესია
განათლება
რეფორმა
დაფინანსება
ქალი
საზოგადოება
ოჯახი
ძალადობა
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია