ხმა >
 
ნატა ფერაძე
28.08.15
სოფო ბუკია
გურამ მურადოვი

უკვე ორი წელია, ნატა ფერაძე თბილისის მერიის თანამშრომლებს, მშენებელ ინვესტორებსა და სამართალდამცავებს მშვიდ ძილს უფრთხობს. ის და მისი მეგობრები არიან ყველგან, სადაც ერთი ხე მაინც იჭრება, სადაც მანქანები ფეხით მოსიარულეების უფლებებს არღვევენ, საფრთხე ემუქრებათ ცხოველებსა თუ მცენარეებს. „პარტიზანული მებაღეობა“ – ასე ჰქვია მოძრაობას, რომელიც ორი წლის წინ ნატა ფერაძის ინიციატივით შეიქმნა. მათ ქალაქების გამწვანების იდეა აერთიანებთ . რგავენ ხეებს და სხვებსაც მოუწოდებენ: დარგონ, მორწყან და მოუარონ ნარგავებს. პირველი ნარგავები, რომლებიც პარტიზანებმა ქალაქში ზუსტად ორი წლის წინ დარგეს, ნატა ფერაძემ საკუთარი მეურნეობიდან მოიტანა. ლეგალური გზებით ქალაქის გამწვანება რომ არ გამოუვიდა, პარტიზანად იქცა – დაქოქილ ტრაქტორებს გზას უღობავს და ინვესტორებსა და პოლიტიკოსებს შუა თითის აწევით ელაპარაკება.

როგორ აღმოჩნდით „პარტიზანი მებაღეების“ რიგებში?

პროფესიით მხატვარ-რესტავრატორი ვარ. ჰოლანდიიდან რომ დავბრუნდი, პატარა ყვავილების მაღაზია გავხსენი. არავითარი პროფესიული ცოდნა არ მქონდა, უბრალოდ, მიყვარდა ეს საქმე. ჩემმა მეგობარმა, რომელიც მაშინ ძველი თბილისის გამგებელი იყო, გამწვანების ფირმაში მენეჯერობა შემომთავაზა. არც მართვის გამოცდილება მქონდა და არც გამწვანების. მეორე თუ მესამე დღეს გმირთა მოედანზე ჩემი დიზაინით ყვავილების დარგვა დამავალეს, მერე – რუსთაველზე ჩემი არჩეული ხეები უნდა დამერგო. როგორც აღმოჩნდა, რაღაც არასწორი დავრგე, თუმცა ნელ-ნელა გამოცდილება შევიძინე. „გრინსერვისში“ 2 წელი ვიმუშავე, სანამ არ მივხვდი, რომ ძალიან ცუდ სიტუაციაში აღმოვჩნდი. ტენდერებში დიდი ჩახლართულობა და სიბინძურე იყო. ჩემი მეგობარიც იყო გარეული, რომელმაც „გრინსერვისში“ მიმიყვანა. რუსთაველზე ხეების მოჭრაშიც მიუძღვოდა წვლილი. გავაფრთხილე, თუ არ გაჩერდებოდა, პროკურატურაში წავიდოდი. ასეც მოვიქეცი. მერე ვიჯექი და ვუყურებდი, როგორ ჭრიან და ჩეხავენ ხეებს, სანამ ინტერნეტში Guerrilla gardening-ის (პარტიზანული მებაღეობა) შესახებ ინფორმაციას არ გადავეყარე. პირველად ზუსტად ორი წლის წინ, „ფეისბუქზე“ ჩემი მეგობრებისთვის დავაანონსე, რომ გმირთა მოედანზე, ესტაკადის გასაყვანად მოჭრილი ხეების სანაცვლოდ კატალპას დარგვას ვაპირებდი. კატალპეპი ჩემი პატარა მეურნეობიდან წამოვიღე. რამდენიმე ადამიანი გამომეხმაურა, დავრგეთ ხეები და ნარგავების ფოტოები „ფეისბუქზე“ ავტვირთეთ. ამ პოსტს საოცარი რეაქცია მოჰყვა. ჯერ ჩემი მეგობრები, მერე სრულიად უცხო ადამიანები მწერდნენ, კიდევ როდის დავრგავთ ხეებსო. ასე ნელ-ნელა გავბევრდით, მოგვწონდა და გვიხაროდა, რასაც ვაკეთებდით. კუს ტბის ტერიტორიაზე ე.წ. „ციყვები” ჩვენი პირველი სერიოზული პროტესტი იყო.

რომელიც წააგეთ, არა? რესტორანი იქ მაინც აშენდა...

ეს ჩვენი პირველი მცდელობა იყო. მაშინ ცოტანი ვიყავით, სტრატეგია არ გვქონდა ჩამოყალიბებული, ინტელექტუალური რესურსიც ცოტა იყო. თუმცა, მაინც ვერ ვიტყვი, რომ წავაგეთ. ამ წაგებით ბევრი რამ ვისწავლეთ. ვაკის პარკში რომ დღემდე სასტუმრო არ შენდება, გარკვეულწილად, სწორედ ამ გამოცდილების დამსახურებაა.

და რა აჩვენა ამ გამოცდილებამ – რა არის თქვენს საქმეში მთავარი?

მთავარია, რომ ბევრნი ვიყოთ. გაირკვა, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში, და მათ შორის საქართველოშიც, მოსახლეობა ძალიან აღშფოთებულიც რომ იყოს, აქტიურობაზე იშვიათად გადადის. ამიტომ, ხალხის, ასე ვთქვათ, „შემოტყუებაა“ საჭირო და ჩვენც სხვადასხვა ხერხი ვისწავლეთ. მაგალითად, ღია კინოჩვენებებს ვაწყობთ... ასევე, ვისწავლეთ, რომ უფრო მეტად პოზიტიურები უნდა ვიყოთ და არა აგრესიულები.

ვის შეუძლია გახდეს „პარტიზანი მებაღე“?

„პარტიზანი მებაღეები“ არ არის ორგანიზაცია, რომელსაც აქვს დაფინანსება, ჰყავს დირექტორი და აქვს ოფისი. ამ მოძრაობაში ჩართვა, ქვეყნის მასშტაბით, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, სადაც არ უნდა ცხოვრობდეს ის.

ოპონენტები ამბობენ, „პარტიზანებს“ რომ ჰკითხოთ, ინვესტორი საერთოდ არ უნდა შემოვიდეს ქვეყანაშიო.

ჩემი პასუხი ძალიან მარტივი და ლოგიკურია: ეს მშენებლობები მოკლევადიან მოგებაზეა გათვლილი. დღეს შეიძლება მილიონები შემოიტანოს, მაგრამ საბოლოოდ, ასეთი ქაოტური მშენებლობები თბილისს გადააქცევს ქალაქად, რომელსაც არც ერთი ტურისტი არ ესტუმრება. ძველი უბნები კარგავენ თავიანთ სახეს. ქალაქი უფასურდება. სადაც თითს დაადებს ინვესტორი, იქ აშენებს, რასაც უნდა. ტურისტებს რომ თავი დავანებოთ, ჩვენს თავზე არ ვფიქრობთ? იმ საშინელ გარემოზე, რომელიც ჩვენს ქალაქშია... ძალიან გაზრდილია ონკოლოგიური დაავადებები, განსაკუთრებით ბავშვებში, იმიტომ, რომ მძიმე მეტალები მეტრ-ნახევარ სიმაღლეზე აკუმულირდება და ბავშვებს უწევთ ამის სუნთქვა... შვეიცარიაში ყველა უბანში ჰაერის სისუფთავის საზომი მრიცხველები დგას და სადღაც სექტემბერ-ოქტომბერში მონაცემები ქვეყნდება. ყველა ელოდება ამ შედეგების გამოქვეყნებას, რომ ბინების ყიდვა-გაყიდვა დაიწყოს. არავინ ყიდულობს ბინას, სადაც დაბინძურებული ჰაერია...

რისი ბრალია მოსახლეობის პასიურობა?

დიდწილად გაუნათლებლობის. არ იციან, რომ ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. რეკრეაციული ზონები მარტო ჟანგბადის წყარო არ არის. მათ უზარმაზარი გავლენა აქვთ ადამიანის მენტალურ ჯანმრთელობაზეც. საავადმყოფოში, სადაც მწვანე საფარია, პაციენტი უფრო მალე ჯანმრთელდება. ნაგავი, რომელსაც ვუყურებთ, ჩვენზე აისახება და გვსტრესავს. როგორ შეიძლება, მაგალითად, სპორტის სასახლის უკან ცხოვრობდე და მშვიდი ადამიანი იყო? იმავეს აპირებენ იპოდრომზე...

ფიქრობთ, რომ თქვენი პროტესტი ამ მშენებლობებს შეაჩერებს?

ოპტიმისტურად ცოტა ძნელია განეწყო ამ ქალაქში, მაგრამ ყველაფერს დრო სჭირდება. მეტი განათლება, მეტი საუბარი ამ თემაზე. 2013 წელს, კუს ტბაზე “ციყვებს” რომ ვიცავდით, ოცნი ვიყავით. პატრულმა ქეჩოში ჩაგვავლო ხელი და წაგვაღოღიალა. ახლა უჭირთ ასე მოგვექცნენ, რადგან ბევრად მეტნი ვართ.

ბოლო სტიქიის დროს საშველად წასულს შველა თავად დაგჭირდათ. ბევრს ხომ არ რისკავთ?

2 საათის დაწყებული იყო სტიქია, როცა მანქანით ჩემს შვილთან და მის ორ მეგობართან ერთად მივედი თამაზაშვილის ძაღლების თავშესაფრის გადასარჩენად. ჩემი შვილის მეგობრები, რომლებიც მშობლებმა მე ჩამაბარეს, „სხვა კუნძულზე“ აღმოჩნდნენ, უტელეფონოდ და სტიქიის განმავლობაში ძალიან დიდი ხანი არაფერი ვიცოდი მათ შესახებ. ეს ყველაზე კოშმარული იყო ჩემთვის იმ ღამეს. ვაკის ძეხვეულის მაღაზიას შევაფარე თავი შვილთან და ორ იქვე გაცნობილ მოხალისესთან ერთად. წყალი იმატებდა და ჩემი შვილი მეკითხებოდა – ვიწვალებთ თუ უცებ დავიხრჩობითო… ტირილს ძლივს ვიკავებდი, რომ კიდევ უფრო არ დამესტრესა ჩემი შვილი. აი, რატომ წამოგიყვანეთ აქ-მეთქი! – ვიმეორებდი… ორმა მოხალისემ, რომლებიც ჩვენთან იყვნენ, სოსისის დახლებზე ჩამწკრივებული შეშინებული ძაღლები დამანახეს: – აი, რატომაცო. არ ვნანობ, რომ იმ ღამეს იქ ვიყავი. თუმცა, მომავალში მეტ სიფრთხილეს გამოვიჩენ, სხვის ბავშვებს აღარ წავიყვან.

რა შეცვალა თქვენს ცხოვრებაში 13-მა ივნისმა?

როცა მანქანით და 3 ბავშვით წყალდიდობის ეპიცენტრში მივედი, არავინ გაგვაფრთხილა, რომ იქ ჩასვლა სახიფათო იყო. არც მაშველები მოვიდნენ დროზე, წყალს თვითონ რომ არ დაეკლო, არავინ იყო ჩვენი მშველელი. პირველი, ვინც ჩვენამდე მოაღწია, ისევ ჩვენი მეგობარი, ოფროუდერი ვახო სახოკია იყო. იმ დღემ კიდევ უკეთ დამანახა ის, რაც აქამდეც ვიცოდი და რის გამოსწორებასაც ვცდილობთ – ჯერჯერობით ამ ქვეყანაში მხოლოდ საკუთარი თავის და მეგობრების იმედად უნდა ვიყოთ.

სტიქიის შემდეგ მოხალისეების ხილვამ არ გაფიქრებინათ, რომ უკვე ბევრი შემოგიერთდებათ?

თავდაპირველად ამის იმედი გვქონდა, მაგრამ როგორც გაირკვა – ამაოდ. სტიქიიდან 10-იოდე დღის თავზე ვერეს ხეობაში „მანჰეტენის“ მშენებლობა რომ დააანონსეს, გამაფრთხილებელი აქცია გავმართეთ და მხოლოდ 300-მდე ადამიანი მოვიდა. კიდევ ბევრია სამუშაო მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ასამაღლებლად. პრევენცია უნდა ვისწავლოთ, რომ ერთ მუშტად შეკვრა მხოლოდ “ქელეხის სუფრებში” არ გვიწევდეს.

პარტიზანებმა ახალი კამპანია დაიწყეთ – ტროტუარებზე, პარკინგის ადგილებში ფერადი საბურავების დადგმა ჩარგული ყვავილებით. ვიცი, პრობლემები შეგექმნათ…

ადრე არ გვიმჩნევდნენ, პატრული გაგვიღიმებდა და ჩაივლიდა. ამჯერად კი, მანქანიდან ჩამოტვირთულიც არ გვქონდა საბურავები, რომ 5 ეკიპაჟი გაჩერდა და ალყა შემოგვარტყეს, დაგვაჯარიმეს, საკმაოდ უხეშები იყვნენ. ეს აღვიქვით, როგორც დაშინების მცდელობა. ანუ, რეალურად, ხელს ვუშლით უკვე, რაც გამარჯვებას მოასწავებს. რას ვაპირებთ? მოვაგროვებთ თანხას, გადავიხდით ჯარიმას… ცოტა ხნის წინ დავბრუნდი – ახალ ფერად საბურავებში ახალი ყვავილები ჩავრგეთ. კიდევ უფრო გააქტიურებას ვაპირებთ და სწორი „მწვანე” კანონმდებლობის მოთხოვნას, რომელიც დაწერილიც კი გვაქვს, ქართველი იურისტების და გერმანელი კანონმდებლების დახმარებით და ეს კანონმდებლობა საქართველოს პარლამენტმა არ გაითვალისწინა. ვაპირებთ ბრძოლას სამართლებლივი მოთხოვნების წამოყენებით და მოქალაქეების ჩართულობის მეთოდების ძიებით –საგანმანათლებლო, კრეატიული, პოზიტიური ქმედებებით.

როგორ ფიქრობთ, რა უშლის ხელს ქალებს, რომ იყვნენ ლიდერები?

ალბათ, აღზრდა. გააჩნია, ვინ რამდენად დათრგუნეს ბავშვობაში და დააპროგრამეს „ნამდვილ ქართველ ქალად“… დისკომფორტი არ შემქმნია არასოდეს, პირიქით, ბოროტადაც კი ვსარგებლობ ხოლმე ქართული, ტრადიციული “მანდილოსნისადმი მოწიწების მქონე” პოლიტიკოსებით და ამის არც მერიდება – ისწავლონ კაცებმაც თანაბარი ურთიერთობა, როცა საქმეზეა საუბარი მაშინ მაინც. ადრე მენეჯერად ვმუშაობდი ერთ დიდ ფირმაში, სადაც სპეციალურად უნდოდათ ქალი მენეჯერი – ქალს ისე ვერ შეეწინააღმდეგებიან და ისე ვერ შეეპასუხებიან, როგორც კაცსო. და ასეც არის ხშირად. მგონია, კი არა და დარწმუნებული ვარ, არცერთ ქალს არ შეექმნება პრობლემა, თუ თვითონ არ იქნება ეჭვებში, რომ იმას აკეთებს, რასაც არ უნდა აკეთებდეს…

თეგები: 
ნატა ფერაძე
პარტიზანი მებაღეები
საბურავები
მცენარე
ხე
ყვავილები
გამწვანება
პროტესტი
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია