ხმა >
 
ნინო თევზაძე
01.04.18
ნინო თევზაძე, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის, CENN-ის წარმომადგენელი. ჩართულია პროგრამაში, რომლის მიზანია ქვეყანაში ნარჩენების ინტეგრირებული მართვის სისტემის მთელი ციკლის დანერგვა, რაც გულისხმობს ნარჩენების წარმოქმნის შემცირებას, ეფექტიან შეგროვებას, გადამუშავებას, ენერგიად გარდაქმნასა და ნაგავსაყრელზე განთავსებას.

მთავარი მოთამაშე – მოსახლეობა

„მაღალმთიან აჭარაში, ბეშუმში, საკურორტო ზონაში, არალეგალური ნაგავსაყრელი დავხურეთ. ეს იყო ულამაზეს წიწვოვან ტყეში საკმაოდ დიდ ფართობზე დაყრილი ძალიან დიდი რაოდენობის ნარჩენების გროვა. ძალიან ფრთხილად იყო საჭირო სამუშაოების ჩატარება, რათა ზიანი არ მიგვეყენებინა გარემოსთვის. ფაქტობრივად, ხელით ვიმუშავეთ. დიდი შრომა ჩაიდო, მაგრამ უდიდესი სიამოვნება იყო, როდესაც ყველაფერი გავწმინდეთ და საბოლოოდ დავინახეთ შედეგი“. – ნინო თევზაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ის წარმომადგენელი.

რას გულისხმობს ნარჩენების მართვის თანამედროვე სტანდარტები?

ბოლო ათწლეულების განმავლობაში შეიცვალა მიდგომა ამ საკითხისადმი. ნარჩენი ერთმნიშვნელოვნად არ ნიშნავს ნაგავს. ევროკავშირში ხელმძღვანელობენ ნარჩენების მართვის ინტეგრირებული მიდგომით, რომელიც გულისხმობს ნარჩენების წარმოქმნის შემცირებას, ხელმეორედ გამოყენებას, გადამუშავებას, ენერგიად გარდაქმნას და, როგორც ყველაზე ნაკლებად სასურველ ნაბიჯს, ნაგავსაყრელზე განთავსებას.

ევროპაში დამკვიდრებულია შეხედულება, რომ ნარჩენი არის პოტენციური ნედლეული და ენერგიის წყარო და მისი გადამუშავებით ქვეყანა მნიშვნელოვან სოციალურ და ეკონომიკურ სარგებელს იღებს.

საქართველოც იზიარებს ამ პრინციპებს?

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელშეკრულების მოთხოვნების 302-ე მუხლის თანახმად, საქართველომ საერთაშორისო სტანდარტების დონეზე უნდა მოაგვაროს ჰაერისა და წყლის ხარისხის, ნარჩენების მართვის, ბუნების დაცვის, ჰაერის ინდუსტრიული დაბინძურებისა და ქიმიკატების მენეჯმენტის პრობლემები. თუმცა, ამ სისტემის აწყობას მხოლოდ სახელმწიფო ვერ შეძლებს, თუ თითოეულმა ჩვენგანმა არ გაითავისა საკითხის მნიშვნელობა.

რატომ არის ნარჩენების მართვის საკითხი ასეთი მნიშვნელოვანი?

პირველ რიგში ნარჩენების გარემოზე ზეგავლენის გამო. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, მსოფლიოში წლიურად 1,3 მილიარდი ტონა მუნიციპალური ნარჩენი წარმოიქმნება, ანუ ადამიანი დღეში 1,2 კგ ნარჩენს წარმოქმნის. საქართველოში ეს რიცხვი უფრო მეტია – ერთ სულ მოსახლეზე საშუალოდ 1,7 კგ-ს შეადგენს. მსოფლიოში სათბურის აირების გამოფრქვევის 5% ნაგავსაყრელებზე მოდის, რასაც თავისი წვლილი შეაქვს გლობალური დათბობის პროცესში. თანაც, ნაგავსაყრელებზე, ჟანგბადის ნაკლებობის პირობებში, ბიოდეგრადირებადი ნარჩენები სრულად არ იხრწნება, რის შედეგადაც გამოიყოფა მეთანი (CH4), რომლის სათბურის ეფექტი 25-ჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე ნახშირორჟანგისა (CO2). ყოველივე ეს ჰაერის დაბინძურებას იწვევს. ნაგავსაყრელებიდან გამოჟონილ წყლებს, რომლებიც სხვადასხვა ქიმიკატითაა დაბინძურებული, ნიადაგისა და გრუნტის წყლების დაბინძურება შეუძლია. ისინი ადგილობრივ გარემოს, ცხოველებსა და მცენარეებს აზიანებს და შეიძლება წყალმომარაგების სისტემაშიც მოხვდეს.

გარდა ამისა, ნაგავსაყრელი იზიდავს ფრინველებს და თუ დამაბინძურებლები კვების ჯაჭვში მოხვდება, მაშინ იგი ძლიერ უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე. ნაგავსაყრელი იზიდავს ასევე მწერებს, მავნებლებსა და საპროფაგებს (ლეშიჭამიებს), რომლებსაც წყლითა და ჰაერით გადააქვთ გადამდები დაავადებები; აღარაფერს ვამბობ საშინელ სუნზე, რომელიც დიდ მანძილზე ვრცელდება.

---

სრული ინტერვიუს წასაკითხად შეიძინეთ National Geographic საქართველოს აპრილის ნომერი.

რუსთავის თანამედროვე სანიტარიული ნაგავსაყრელი, რომელზეც ყოველდღიურად შეტანილ ნარჩენებს შესაბამისი ტექნიკით პრესავენ და პერიოდულად აყრიან თიხანარევ მიწას.
თეგები: 
არასამთავრობო ორგანიზაცია
CENN
ნარჩენები
მოსახლეობა
ტყე
ჰაერი
დაბინძურება
ქიმიკატები
ნარჩენები
ჟანგბადი
სუნი
მიწა
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია