ხმა >
 
ხატია ბუნიათიშვილი
01.12.17
ნათია ლიქოკელი
ხატია ბუნიათიშვილი 6 წლის ასაკიდან მართავს კონცერტებს. ის არაერთი პრიზისა და ჯილდოს მფლობელია. გასულ წელს მან უკვე მეორედ მოიპოვა მსოფლიოში ერთ-ერთი პრესტიჟული მუსიკალური ჯილდო Echo Klassik-ი თავისი სოლო-ალბომისთვის „კალეიდოსკოპი“. ფოტო: ნიკოლას შოპფერი

ესაუბრა: ნათია ლიქოკელი

ძნელია რაიმე ახალი თქვა ხატია ბუნიათიშვილზე, რომელიც მუდამ ყურადღების ცენტრშია. წინანდლის კონცერტისთვის სამშობლოში ჩამოსულს რეპეტიციაზე ვესტუმრეთ ინტერვიუსთვის. ვუსმენდი და მიკვირდა – მის ლაპარაკშიც კი მუსიკა ჟღერს – სუსტი და ძლიერი თვლა, პაუზები, სტაკატოები, ლეგატოები, ფრაზების დასაწყისი და დასასრული...

რას ნიშნავს თქვენთვის მუსიკა?

მუსიკას ჩემთვის ორი მხარე აქვს. ერთი არის მუსიკა, რომელსაც აღვიქვამდი ბავშვობიდან და რომელიც ემოციებს აღძრავდა ჩემში და მეორე არის დისციპლინა, რომელიც პროფესიისთვის იყო საჭირო. მუსიკის ეს ორი მხარე ყოველთვის განსხვავდებოდა ჩემთვის.

შეგიძლიათ, აღწეროთ თქვენი როგორც მუსიკოსის ჩამოყალიბების პორცესი?

როიალთან საკუთარი ინდივიდუალობის მოძებნა ამ პროცესის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო, რომელსაც დიდი შრომა ახლდა თან. ამ შრომის შედეგად სრულიად სხვა შეგრძნებები აღმოვაჩინე, რაც მხოლოდ სცენაზე, ხალხთან, პუბლიკასთან ურთიერთობისას არის შესაძლებელი. სხვადასხვა ნაწარმოების, მაგალითად, მოცარტის რეკვიემის მოსმენა ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო და, რა თქმა უნდა, რეპერტუარიც – ვირჩევდი იმ ნაწარმოებებს შორის, რომლებსაც მთავაზობდნენ მშობლები და პედაგოგები. ვცდილობდი ისეთები ამომერჩია, რომლებიც ჩემი ემოციების განსაკუთრებულ კონცენტრირებას ახდენდა. ასე მემატებოდა საყვარელი ნაწარმოებები, რომლებსაც მივყვებოდი, ასე ვთქვათ, ჩემი ემოციური ხაზით.

დღეს როგორ ირჩევთ ნაწარმოებს?

დირიჟორთან და სხვა მუსიკოსებთან შეთანხმებით, რადგან სცენაზე მათთან ერთად გამოვდივარ. ჩვენ ყველას, პირველ რიგში, ერთად დაკვრა უნდა გვსურდეს და მერე უკვე რომელიმე კონკრეტული ნაწარმოების შესრულება.

ხატია ბუნიათიშვილი 6 წლის ასაკიდან მართავს კონცერტებს. ის არაერთი პრიზისა და ჯილდოს მფლობელია. გასულ წელს მან უკვე მეორედ მოიპოვა მსოფლიოში ერთ-ერთი პრესტიჟული მუსიკალური ჯილდო Echo Klassik-ი თავისი სოლო-ალბომისთვის „კალეიდოსკოპი“. ფოტო: ნიკოლას შოპფერი

განტვირთვისთვის რომელ ნაწარმოებს უსმენთ?

მუსიკას განტვირთვისთვის არ ვუსმენ...

არც უკრავთ?

მუსიკა ემოციების კონცენტრაციას ახდენს, უფრო კარგად შეიგრძნობ გარემოს. ამ დროს გრძნობ, რომ განტვირთული კი არ ხარ, პირიქით, მთლიანად ჩართული ხარ და უფრო ცოცხლად შეიგრძნობ ხალას ემოციებს. ეს შეიძლება მძიმე, არასასიამოვნო, ან ძალიან სასიამოვნო ემოციები იყოს. ამიტომ განტვირთვისთვის მუსიკას არც ვუკრავ და არც ვუსმენ.

ხანდახან, ალბათ, სულაც არ ხართ დაკვრის ხასიათზე.

ხანდახან მინდა, რომ გავიქცე – დავკრა ფეხი და გავიქცე, მაგრამ, არსებობს პასუხისმგებლობის გრძნობა, რომელიც გაძლევს ძალას, გააკეთო ის, რაც საჭიროა. ალბათ, სწორედ ისაა პროფესიონალიზმი, როდესაც შეძლებ – საჭირო დროს საჭირო ადგილას იყო და მოგწონდეს იქ ყოფნა. როცა ამას ვახერხებ, ვფიქრობ, რომ უკვე გავიზარდე.

სრული ინტერვიუს წასაკითხად შეიძინეთ National Geographic საქართველოს დეკემბრის ნომერი. 

თეგები: 
ვირტუოზი
პიანისტი
ხატია ბუნიათიშვილი
კონცერტი
ჯილდო
წინანდალი
მუსიკა
ემოცია
პროფესია
პუბლიკა
მოცარტი
პედაგოგი
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია