ხმა >
 
ზუბინ მეტა
01.11.17
ნათია ხულუზაური
ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილი
დიდი მაესტროს მასწავლებელი ვენის სახელმწიფო მუსიკალურ აკადემიაში ჰანს სვაროვსკი იყო. ის მეტას „ყოველმხრივ შემკულ მუსიკის ჯადოქარს“ უწოდებდა. თუმცა, თავად, ნამდვილი გენიოსისთვის დამახასიათებელი თავმდაბლობით საკუთარ თავს „ერთ უბრალო მუსიკოსს უწოდებს“.

ლეგენდარული მაესტრო ზუბინ მეტა 60 წელზე მეტია აღაფრთოვანებს მსმენელს. წელს ის საქართველოს კომპანია „სილქ როუდ ჯგუფის“ ინიციატივით ეწვია წინანდლის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის მხარდასაჭერად, რომელიც 2019 წელს გაიხსნება და მიზნად ახლაგაზრდა მუსიკოსების მხარდაჭერასა და მათ საერთაშორისო სივრცეში ინტეგრაციას ისახავს.

მამის შესახებ მიამბეთ, რამდენადაც ვიცი, მუსიკოსი იყო.

ჰო, მამაჩემი მუსიკისთვის ცხოვრობდა. აბსოლუტურად თვითნასწავლი მევიოლინე იყო. ბუღალტრის განათლება ჰქონდა, მაგრამ ეს პროფესია ძალიან მალე იოლად დათმო და ბომბეის ფილარმონიული ორკესტრი დააარსა. ახალგაზრდობისას, ერთი იტალიელი მაესტრო ჰყავდა, რომელმაც მხოლოდ ვიოლინოს ხელში დაჭერა ასწავლა და აუხსნა, როგორ დაეკრა სიმებიან საკრავზე. იმდენი იმუშავა საუთარ თავზე, რომ ბეთჰოვენის სავიოლინო კონცერტის შესრულება შეძლო. თუმცა, აცნობიერებდა, რომ ეს არ იყო საკმარისი და მეორე მსოფლიო ომის დამთავრებისთანავე, პირველივე გემით გაემგზავრა ნიუ-იორკში. გაუმართლა და იმ დროის საუკეთესო მასწავლებელთან, იგორ გალამიანთან გაიარა ვიოლინოს კლასი.

მამამ თუ იქონია გავლენა თქვენს არჩევანზე?

რა თქმა უნდა, მამაჩემმა ყველაფერი იღონა, რომ ჩვენთვის ევროპული მუსიკალური განათლება მოეცა. ჩვენ ჩანაწერების უზარმაზარი კოლექცია გვქონდა და, გარკვეულწილად, მეც თვითნასწავლი ვარ, საათობით ვუსმენდი, მაგალითად, ტოსკანინის. მაშინ დიდი ვერაფერი ხარისხის ჩანაწერები იყო, თუმცა ტემპი და მუსიკალური ინტერპრეტაციები დღემდე მახსოვს. ესეც ერთგვარი თვითგანათლების პროცესი იყო. გარდა ამისა, მუდმივად დავდიოდი მამაჩემთან და ვესწრებოდი ორკესტრის რეპეტიციებს.

რომ არა ეს მოცემულობა, მაინც მუსიკას აირჩევდით?

არ ვიცი. მამაჩემი ნამდვილად სასწაული იყო, არავითარი წინაპირობა არ გააჩნდა, ჩინეთისკენ მიმავალი დიდი მევიოლინეების კონცერტზე დასწრებას თუ არ ჩავთვლით, ბომბეიში რომ ჩერდებოდნენ ხოლმე. ასე რომ, მას ნამდვილად სურდა მუსიკოსობა. მე კი ყველაფერი ეს მისგან მერგო. ჩემი მუსიკისადმი სიყვარული ნამდვილად მისი დამსახურებაა.

ევროპული მუსიკის შესრულებისას, თუ გრძნობთ ინდური კულტურის გავლენას, იმოქმედა თუ არა ამ ფაქტორმა თქვენი სტილის ჩამოყალიბებაზე?

რა თქმა უნდა, მე ინდური კულტურის წიაღში გავიზარდე. თუმცა, იეზუიტური, აბსოლუტურად ქრისტიანული განათლება მივიღე. ჩვენთვის არავის მოუთხოვია რელიგიის შეცვლა, სხვათაშორის, ჩემს კლასში ექვსი სხვადასხვა რელიგიის მიმდევარი სწავლობდა. შეიძლება ითქვას, რომ კოსმოპოლიტური სულიერი უპირატესობა გვქონდა; იმ პერიოდში გავიზარდეთ, როცა ბრიტანეთის იმპერია დასასრულს უახლოვდებოდა და ახალი ინდოეთი იბადებოდა.

როგორც ვიცი, მედიცინასაც სწავლობდით.

არა, მე მხოლოდ ერთი წელიწადი დავყავი პრე-სამედიცინო კოლეჯში.

რატომ?

ჩვენ საშუალო ფენის პარსები ვიყავით ბომბეიში და სულ ოთხი-ხუთი პროფესია გვქონდა, მშობლები კი ჩვენ მაგივრად ირჩევდნენ.

მუსიკამ გადაგძალათ?

ჰო, მე მუსიკით დავიბადე, ის ჩემს გულსა და გარემოს ავსებდა. ასე რომ, მედიცინის საწყისების შესწავლიდან ერთ წელიწადში, გამოვაცხადე, რომ ასე აღარ შემეძლო, და რომ მე მუსიკას ვირჩევდი. მუსიკას ბომბეიში მთელი ცხოვრება ვსწავლობდი, მაგრამ როცა საბოლოო გადაწყვეტილება მივიღე, ვენაში გავემგზავრე. იქიდან დაიწყო ჩემი ნამდვილი ზრდა, თუმცა ცოდნა, რომლითაც ევროპაში ჩავედი, მამაჩემისგან მქონდა.

რა იყო ის მთავარი, საეტაპო მოვლენა, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა თქვენს ცხოვრებაზე?

ახლა 81 წლის ვარ, უკვე 60 წელია ვდირიჟორობ – ძალიან ბევრი უმნიშვნელოვანესი მოვლენა მომხდარა ჩემს ცხოვრებაში, თუმცა არასოდეს დამავიწყდება ჩემი პირველი კონცერტი ვენაში; ალფრედ ბრენდელი ასრულებდა სოლოს – მართლაც დაუვიწყარი იყო. მერე ლივერპულში წავედი, როგორც ასისტენტ-დირიჟორი, ბელგრადშიც, ნორვეგიაშიც... მაგრამ ნამდვილი ცხოვრებისეული გარდატეხა ტანგელვუდში მოხდა, ბოსტონის სიმფონიური ორკესტრის საზაფხულო სკოლაში, სადაც კონკურსში მეორე ადგილი დავიკავე. სწორედ იქ მომისმინეს ადამიანებმა, რომლებმაც მონრეალისა და ფილადელფიის ორკესტრში მიმიწვიეს. ამ პირველმა კონცერტებმა განაპირობა ჩემი წარმატება. ახალგაზრდა დირიჟორისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორკესტრთან პირველად დაკვრის საშუალება მიეცეს, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხელმეორე მიწვევაა. ჩემს შემთხვევაში კი, ეს ორივე ორკესტრი ასე მოიქცა. ამას მოჰყვა მონრეალის მიერ მუსიკალური ხელმძღვანელის პოზიციის შემოთავაზება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.


 

სრული ინტერვიუს წასაკითხად შეიძინეთ National Geographic საქართველოს ნოემბრის ნომერი. 

თეგები: 
მუსიკა
მაესტრო
აკადემია
გენიოსი
მევიოლინე
ორკესტრი
ახალგაზრდობა
ბეთჰოვენი
სიმფონიური ორკესტრი
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია