ხმა >
 
ნათია იორდანიშვილი
01.07.17
ქეთი პატარაია
გიორგი დარჩიაშვილი
„მგონია, რომ რაღაც მნიშვნელოვანის ნაწილი ვარ“, – სატყეო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ნათია იორდანიშვილი. ფოტო: გიორგი დარჩიაშვილი

„ჩემი მანქანის საბარგულში ყოველთვის არის ტალახიანი ჩექმა, საწვიმარი და საძილე ტომარა. ასეთი სამუშაო ყოველთვის მომწონდა, მაგრამ როცა ფარავნის ტბასთან ჩემი დაპროექტებული, სხვებთან ერთად ჩემი ხელით დარგული 5000 ნერგი გახარებული დამხვდა, ვიფიქრე, რომ ძალიან საჭირო საქმესაც ვემსახურებოდი“.

რამ გადაგაწყვეტინათ მეტყევეობა?

გეოლოგების ოჯახში დავიბადე და ბავშვობა მშობლებთან ერთად ექსპედიციებში გავატარე. თავიდანვე ვიცოდი, რომ მთელი ცხოვრება მხოლოდ ოფისში ვერ ვიმუშავებდი. მიუხედავად ამისა, მეტყევის პროფესია გაცნობიერებულად არ ამირჩევია. არქეოლოგობა მინდოდა, თუმცა მაშინ ამ დარგს საერთოდ არ ექცეოდა ყურადღება. გადავავლე თვალი სპეციალობებს, რომლებზეც იმ წელს ცხადდებოდა მიღება და „მწვანე მშენებლობის არქიტექტურა“ ისე ავირჩიე, რომ უნივერსიტეტსა და ფაკულტეტს არც კი დავაკვირდი. კარგად ვხატავდი, ვხაზავდი, წარმოვიდგინე, რომ ბაღების, პარკების დაპროექტება და მშენებლობა მომიწევდა და ძალიან მომეწონა. აღმოჩნდა, რომ მოვხვდი აგრარულ უნივერსიტეტში სატყეო ფაკულტეტზე. ერთადერთი გოგო ვიყავი მთელ კურსზე.

როგორ დაიწყო თქვენი პროფესიული კარიერა?

მე ძალიან გამიმართლა, რადგან მაშინ აგრარულ უნივერსიტეტში მეტყევეობის ფაკულტეტზე ჯერ კიდევ იყვნენ არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ მსოფლიო მნიშვნელობის პროფესორები და მეცნიერები – აკადემიკოსი გიგო გიგაური, შალვა აფციაური, ტრისტან ჩერქეზიშვილი და სხვები. თანდათან მომეწონა სატყეო საქმე და ტექნიკურ უნივერსიტეტში არქიტექტურის ფაკულტეტზე გადასვლა გადავიფიქრე. მეტიც, წითელი დიპლომი ავიღე და სწავლა მაგისტრატურაში განვაგრძე. სწავლის პერიოდში სატყეო დეპარტამენტში ჯერ სტაჟიორად, მერე კი სპეციალისტად მიმიღეს. საკვალიფიკაციო გამოცდების ჩაბარების შემდეგ, გავიარე ეტაპები, შეხება მქონდა ტყის მოვლა-დაცვასა და აღდგენასთან. ახლა უკვე 1 წელია ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე ვარ.

2008 წლის აგვისტოში ბორჯომის ხეობაში საავიაციო ჭურვების ჩამოყრის შედეგად გაჩენილმა ხანძარმა თითქმის 1000 ჰა ტყის მასივი მოიცვა, აქედან 250 ჰა კი სრულიად განადგურდა. როგორ გაიხსენებთ ამ პერიოდს?

როგორც ტყესთან დაკავშირებული დადებითი მომენტები არ მავიწყდება ჩემს ცხოვრებაში, ასევე, ვერასოდეს დავივიწყებ იმ საშინელებას, რაც იქ ხდებოდა. როცა უყურებ და ვერ შველი, თანაც იმ ადამიანების გამოც მეშინოდა, ვინც იმ დაქანებულ ფერდობებზე ებრძოდა ხანძარს. ხან ერთ ადგილას აბრიალდებოდა ცეცხლი, ხან მეორე ადგილას. სქელი კვამლი მთელ ხეობაში იდგა. თურქეთისა და უკრაინის ავიაცია გვეხმარებოდა ხანძართან ბრძოლაში. მე და ჩემი კოლეგები იმ მონაკვეთების GPS კოორდინატებს ვკარნახობდით პილოტებს, სადაც მხოლოდ ავიაციას შეეძლო ცეცხლის ჩაქრობა. ასეთი მასშტაბის ხანძარი აქამდე საქართველოში არ ყოფილა.

ხანძრის ჩაქრობის შემდეგ როგორი სურათი გამოჩნდა?

ყველაზე მძიმე განცდა მაშინ დაგვეუფლა, როდესაც ყველაფერი დაწყნარდა. შედგა კომისია, რომელსაც უნდა გაერკვია, რის გაკეთებას შევძლებდით და ისევ ჩავედით ადგილზე. მახსოვს, ამერიკელ ექსპერტებთან ერთად ავდიოდით ფერდზე: გაშავებული მიწა, ძირს დაყრილი, ასევე გაშავებული ჯირკები, აქა-იქ მდგარი შიშველი შავი ხეები, მუხლამდე ვეფლობოდით ნაცარში, სიარული გვიჭირდა. ირგვლივ ცოცხალი არაფერი მოჩანდა, რასაც ხელს წაავლებდი და მოეჭიდებოდი. ეს იყო ნამდვილი სასაფლაოს განწყობა. უცებ, დამწვარი ჯირკის ქვევიდან ამოსული პატარა ცოცხალი უთხოვარი დავინახეთ. რა სასწაულმა გადაარჩინა იმ ალში, როცა გვერდზე მდგომი დედა მცენარე დამწვარი იყო, არ ვიცი, მაგრამ ის ემოცია არ დამავიწყდება. როცა რამდენიმე წლის შემდეგ, ნახანძრალ ადგილას პირველი ბალახი გამოჩნდა, ის სიხარულიც მახსოვს – ეს იმას ნიშნავდა, რომ მცენარის დარგვა უკვე შეიძლებოდა.

დამწვარი ხეები ადგილზე დარჩა თუ გამოიტანეთ?

ამაზე ბევრი იმსჯელეს მეცნიერებმა. ბოლოს შეთანხმდნენ, რომ იქ, სადაც მათი გამოტანა უფრო მეტ ეროზიულ პროცესებს მისცემდა ბიძგს, ხელი არ ეხლოთ. დანარჩენი გარკვეულ ადგილებში ჩამონადენი წყლის შესაკავებლად დააწყვეს, რათა მას ახალდარგული ნერგები და ნიადაგი არ წაეღო.

როდის დაიწყო ტყის აღდგენის სამუშაოები?

2009 წელს დაიწყო პირველი პროექტი ფინეთის მთავრობის დაფინანსებით. ჯერ მნიშვნელოვანი კვლევები ჩატარდა, შემდეგ კი ნერგები დაირგო 2013 წელს. ძალიან მიხარია, რომ მათ შორის ჩემი დარგული სოჭიცაა. 2013-დან 2016 წლამდე მუშაობა პირველ 80 ჰექტარზე მიდიოდა. ეს ის ტერიტორიაა, რომელიც ექსპერტების დასკვნით, ყველაზე საგანგაშო მდგომარეობაში იყო. კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, საერთოდ აღდგებოდა თუ არა სიცოცხლე იქ. თუმცა, ხეები დაირგო და იმ ადგილებში ტყე ისევ გვექნება. ახლა გარემოს დაცვის სააგენტოს მთელი რესურსი: ფინანსურიც და ადამიანურიც, დარჩენილი ტერიტორიის აღდგენისკენაა მიმართული.

2008 წლის აგვისტოს ომის დროს ხანძრით განადგურებული ბორჯომის ტყე. ფოტო: ელენე დავითიძე

რა არის თქვენი მიზანი?

იქ ისეთივე ტყე უნდა მივიღოთ სახეობების თვალსაზრისით, რაც მანამდე იყო. ეს უნდა იყოს ბუნებრივთან მიახლოებული ტყე, რადგან მან უნდა შეასრულოს თავისი ძირითადი ეკოლოგიური ფუნქციები: წყალდაცვითი, კლიმატმარეგულირებელი, ნიადაგდაცვითი და ა.შ. პროცენტულად დიდი რაოდენობით ვრგავთ ფიჭვს, რადგან ითვლება, რომ ფიჭვი ნახანძრალ ტერიტორიაზე არის პიონერი სახეობა, ის ყველაზე კარგად ხარობს და ნიადაგის წარმოქმნასაც უწყობს ხელს. ირგვება ფოთლოვნებიც: მაღალმთის მუხა, მაღალმთის ნეკერჩხალი, პანტა-მაჟალოც დავრგეთ, რათა ნიადაგი დაიჭიროს და შექმნას პირობები, რომ უკვე შემდგომ წლებში იქ ნაძვი და სოჭი დავრგოთ.

ყველა ეტაპი მეცნიერულად შესწავლილი და დაგეგმილია?

ყოველ მოცემულ მონაკვეთზე სპეციალისტების მიერ შესწავლის შედეგად, შედგენილია ტყის აღდგენის პროექტი, რომელიც მოიცავს: ნიადაგის, კლიმატის, წყლის, ჰიდროლოგიური რეჟიმის, სახეობრივი შემადგენლობის, წარსული გარე ფაქტორებისა და ა. შ. კვლევას. ყოველივე ამის საფუძველზე დგება გაშენების სქემა – სად რა მცენარე უნდა განლაგდეს, რა დაშორება უნდა იყოს მათ შორის და სად რომელი სახეობა უნდა შეერიოს ერთმანეთს, რა პროცენტით. თუმცა, ამ ტერიტორიებზე ბოლომდე გაშენების სქემის მიხედვით ვერ წავედით რთული ოროგრაფიული მდებარეობის გამო. ამ ადგილებში თითქმის შეუძლებელია, დაიცვა მწკრივი და ზოლი. ბევრ ადგილას ჯერ ბაქანი კეთდება, ბაქანზე თხრიან ორმოს და იქ ხდება ნერგის დარგვა. საბედნიეროდ, მაღლა არის რიგი ტერიტორიებისა, სადაც უკვე თავისითაა წამოსული ფოთლოვანი ხეები და ტყე თვითაღდგენას იწყებს.

რამდენი ხანი დასჭირდება ბორჯომის ამ ტყეების ბოლომდე აღდგენას?

ერთია ხეების ამოსვლა და მეორეა მთელი ეკოსისტემის აღდგენა. ტყე ხომ გეოგრაფიული ლანდშაფტის ნაწილია, იმ ხეების, ბუჩქებისა და ბალახების, აგრეთვე ცხოველებისა და მიკროორგანიზმების ერთობლიობა, რომლებიც თავიანთი განვითარების პროცესში ურთიერთდაკავშირებულნი არიან ბიოლოგიურად და ახდენენ ზეგავლენას როგორც ერთმანეთზე, ასევე გარემოზეც. განადგურებული ფლორისა და ფაუნის აღდგენას დიდი დრო დასჭირდება.

რამდენად ჩართულია ტყის აღდგენის პროცესში ხეობის მოსახლეობა?

სრულად არის ჩართული. სოფელ დაბაში მცხოვრები მამაკაცების თითქმის 100 პროცენტი აკეთებს საქმეს, რომელიც პირველ რიგში მისთვისაა საჭირო და აუცილებელიც. თუმცა, თავიდან იყო მათთან ურთიერთობის სირთულეებიც. მე მგონია, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში ძალიან დიდი რამ მოხდა იმით, რომ დაიწყო ამ ხალხის ცნობიერების შეცვლა. ახლა უკვე თავად უხარიათ, მათი დარგული ნერგები რომ იზრდება. ისინი თანაბრად მოვლილია არა მხოლოდ ფერდის ქვედა ზოლში, არამედ ქედზეც, ზედა უკიდურეს ზოლშიც, სადაც ძნელია ასვლა და მუშაობა. დღეს ადგილობრივმა მცხოვრებლებმა თავად გააცნობიერეს, როგორ სარგებელს იღებდნენ ამ ტყიდან, როდესაც მუდმივად ჰყავდათ მოაგარაკეები, რომლებიც გადამწვარი ტყის გამო, დღეს უკვე აღარ ჩამოდიან; აგროვებდნენ ტყეში შეშას, სოკოს; სუფთა ჰაერი და სიგრილე ჰქონდათ ზამთარ-ზაფხულ. მე მადლობელი ვარ მათი, რადგან მართლაც რომ ურთულეს პირობებში უწევთ ახლაც მუშაობა.

მიმდინარე წლის 6 მაისს ბორჯომის ტყის აღსადგენად მასობრივი კამპანია დაიწყო. ფოტო: ელენე დავითიძე

რას გულისხმობს კამპანია „აღადგინე“?

ეს არის სტარტაპ კომპანია „ტრიპექსის“ იდეა, რომ ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევძლოთ ტყის აღდგენა. კამპანიის მიზანია, საზოგადოების ჩართულობით, ბორჯომის ხეობის ნახანძრალი ტერიტორიის სრული რეაბილიტაცია, რაც გულისხმობს ტერიტორიის გაწმენდას, შემოღობვას, 750 ათასი ნერგის დარგვასა და მოვლას მომდევნო 5 წლის განმავლობაში. „ტრიპექსთან“ ერთად მონაწილეობს ბიზნესინფორმაციების სააგენტო და ეროვნული ტყის სააგენტო. კამპანია 6 მაისს დაიწყო და 2017 წლის 8 აგვისტომდე უნდა მოხდეს ნერგების საფასურის თანხების მობილიზება. ხეების დარგვა ხდება ონლაინ, ვებგვერდის www.agadgine.ge საშუალებით და ეს შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან. ერთი ნერგის ღირებულება 10 ლარია და მასში შედის ნიადაგის მოსამზადებელი სამუშაოების, ამ ნერგის მოვლისა და, გახმობის შემთხვევაში, მისი ჩანაცვლების ღირებულება. ამ საქმიანობაში ჩართულნი არიან ადგილობრივი მცხოვრებლები, რომლებმაც უკვე გაიარეს შესაბამისი მომზადება. მუშაობენ მოხალისეებიც. დარგვის სამუშაოების პირველი ეტაპი უკვე ჩატარდა 6 მაისიდან 1 ივნისამდე, მეორე ეტაპი გაგრძელდება 1 სექტემბრიდან 20 ნოემბრამდე. ივნისიდან აგვისტომდე, როცა არ არის რეკომენდებული ნერგების დარგვა, ჩატარდება მოსამზადებელი სამუშაოები. 8 აგვისტომდე (ეს თარიღი სიმბოლურადაა არჩეული), ამ 750 ათასი ნერგის შესაძენად საჭირო სახსრები უკვე მობილიზებული უნდა იყოს.

რამდენად ჩაერთო საზოგადოება ამ კამპანიაში?

მას ძალიან კარგი სტარტი ჰქონდა. ადრე, წინააღმდეგი ვიყავი სხვადასხვა კამპანიის, ვამბობდი, ამ ფულით რამდენ ხეს დავრგავდით და გავახარებდით-მეთქი, ახლა კი ვფიქრობ, რომ თუ საზოგადოებამ არ გაითავისა პრობლემის მნიშვნელობა, რამდენიც გინდა დარგე – ის მაინც წავა და გააფუჭებს ან სულაც მოჭრის ხეს. თან, როდესაც ინფორმაცია და შეგნება მეტია, უფრო უფრთხილდებიან გარემოს. ბორჯომში ტყის აღდგენა ერთი საკითხია, ხალხის მოტივირებულობა და ჩართულობა, მათი ცნობიერების ამაღლება – მეორე. ეს ეხება არა მხოლოდ ბიზნესსა და ცალკეულ კომპანიებს, არამედ მოქალაქეებსაც. თავად დედაჩემი, რომელიც ხედავდა, 5 წლის განმავლობაში როგორ დავდიოდით ბორჯომის ხეობაში და ვმუშაობდით ტყის აღდგენაზე, მხოლოდ ახლა, ამ კამპანიის დაწყების მერე მეუბნება – მეც მინდა დავრგო ხე და მითხარი ერთი, როგორ შევიდე ვებგვერდზეო. ხალხს უჩნდება საკუთრების გრძნობა, იმის შეგრძნება, რომ რაღაც დიდი საქმის თანამონაწილეა. იმედია, ასეთივე ზრუნვის საგანი გახდება არა მხოლოდ ბორჯომი, არამედ ჩვენი ყველა ტყე და ზოგადად გარემო.

თეგები: 
მეტყევე
ტყე
არქეოლოგი
პროფესიული კარიერა
საავიაციო ჭურვები
ხე
ბორჯომი
ნეკერჩხალი
მოხალისე
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია