ხმა >
 
დავით ნარმანია
01.06.17
ქეთი პატარაია

სამუშაო ოთახის კედელზე XX საუკუნის 30-იანი წლების თბილისის რუკა კიდია, ფანჯრიდან საბურთალოს ხედი ჩანს. თბილისის მერი, დავით ნარმანია დედაქალაქზე გვესაუბრება.

როგორია თქვენი თვალით დანახული თბილისი?

თბილისს უნიკალური რამ აქვს, რაც სხვა ქალაქებს არ გააჩნიათ არც საქართველოში და არც საზღვარგარეთ. ეს არის ისტორიული წარსულიდან გამომდინარე თავისებურებები, რაც დღეს მისი სავიზიტო ბარათია. პირველი: თბილისი მულტიკულტურული ქალაქია, რომელშიც მრავალი ერის წარმომადგენელი თანაცხოვრობს, რაც ხაზს უსვამს ამ ქალაქის სტუმართმოყვარეობას. მეორე: თბილისი ისტორიულად აღმოსავლეთისა და დასავლეთის გზაგასაყარზე მდებარეობდა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის კულტურული, ეკონომიკური, სავაჭრო ცენტრი იყო. მესამე: ჩვენი ქალაქი ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში, სადაც უამრავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია შემორჩენილი. ბევრმა ფაქტორმა შექმნა თბილისი, როგორც უნიკალური და სხვებისგან განსხვავებული. შესაბამისად, ამ თავისებურებებს სათანადო აღქმა, მოფრთხილება სჭირდება და ამით, შეგვიძლია ჩვენი ქალაქი ვაქციოთ უკეთეს ქალაქად, ვუმასპინძლოთ უფრო მეტ სტუმარს.

თავისებურებების შენარჩუნებაში ძველი ქალაქის იერსახეც იგულისხმება?

დიახ, ძველი ქალაქის აღდგენის პროექტი გრძელდება. ჩვენი ერთ-ერთი მიმართულებაა მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია და ქალაქის იერსახის მოწესრიგების სამუშაოები. გასულ წელს ჩატარდა აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაცია, სადაც 45-ზე მეტი შენობა-ნაგებობიდან 39 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ბევრი სტუმარი ჰყავს ამ ადგილს. ჩვენ შევინარჩუნეთ ჩვენი მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა და ამასთან, მესაკუთრეებსაც დამატებითი ეკონომიკური შემოსავალი გაუჩნდათ. წელს დაიწყება ასეთივე, 2-წლიანი პროექტი კოლმეურნეობის მოედნიდან მშრალ ხიდამდე მიმდებარე ტერიტორიის სარეაბილიტაციოდ. გამაგრდება შენობა-ნაგებობები, მოწესრიგდება კომუნიკაციები, ვიზუალური მხარე და ა.შ. ქალაქის ეს ნაწილი დაუკავშირდება უკვე აღდგენილ აღმაშენებლის გამზირს და შეიქმნება ერთიანი ტურისტული მარშრუტი.

უკვე 2 წელი გავიდა თბილისის წყალდიდობიდან. რას გაიხსენებდით?

ძლიერი წვიმა იყო და ქალაქში ვმოძრაობდი, რომ მენახა, ხომ არ იტბორებოდა რომელიმე მონაკვეთი. მივიღე შეტყობინება, რომ ვაკის მხარეს საკმაოდ დიდი წყალი გადმოდიოდა, იქით წავედი და პრაქტიკულად ჩემ თვალწინ ხდებოდა მდინარის დონის მომატება და წყლის გადმოსვლა. როცა ასეთი ფორსმაჟორული სიტუაციაა, პირველი შოკი დგება და საჭიროა დრო, რომ ადამიანმა გაიაზრო ეს ყველაფერი და მიიღო გადაწყვეტილება – რა შველის სიტუაციას, თუმცა, როცა სტიქიის მასშტაბები არის დიდი, იქ ხშირ შემთხვევაში ადამიანი უძლურია.

პირველად რა მოიმოქმედეთ?

შოკის მიუხედავად, ჩვენ მაინც სწრაფ რეჟიმში დავიწყეთ მობილიზაცია სამი თვალსაზრისით. პირველი: სამაშველო სამსახური და მათი სწრაფი და ოპერატიული რეაგირება; მეორე: მივიღეთ გადაწყვეტილება, გამოგვეძახებინა სამხედრო ძალები; მესამე: ძალიან დიდი საზოგადოებრივი მობილიზება დაიწყო პირველი წუთებიდანვე. თუმცა, სანამ წყლის დონემ ცოტა არ დაიწია, ბევრი რამის გაკეთება ვერ მოხერხდა, გარდა იმისა, რომ სამაშველო სამსახური აქტიურად მუშაობდა, მოქალაქეები დატბორილი შენობა-ნაგებობებიდან და ტერიტორიებიდან გამოჰყავდათ.

რა იყო ყველაზე მძიმე, რთული?

ყველაზე მთავარი სიმძიმე, სირთულე ის იყო, რომ წყლის დიდი მასა ძალიან სწრაფად მოვიდა, პრაქტიკულად, ნახევარი საათიდან ერთ საათამდე პერიოდის განმავლობაში რამდენიმე მეტრით მოიმატა წყლის დონემ, რაც დაგუბების ჩამოშლამ გამოიწვია. ის, რომ რამდენიმე დღის გადაუღებელი წვიმის შედეგად, მთას მოსწყდებოდა 1 მილიონ კუბურ მეტრზე მეტი ნაშალი მასალა, ამის პროგნოზირება შეუძლებელი იყო. საუბედუროდ, ძლიერი ტალღების დარტყმამ იმსხვერპლა ადამიანები. 21 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

რა ზარალი მიადგა ქალაქს და რა არის დღეს გაკეთებული?

განადგურდა საცხოვრებელი სახლები, ინფრასტრუქტურა, ზოოპარკი, ზარალის მოცულობა დაახლოებით 100 მილიონი ლარია. აუნაზღაურებელი მხოლოდ დაკარგული სიცოცხლეა. ამის გარდა, დღეს ყველაფერი ანაზღაურებულია – ნაწილი სახელმწიფოსა და მერიის ბიუჯეტიდან, ნაწილი შემოწირულობების შედეგად მიღებული თანხებით, ასევე საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების დახმარებით. ინფრასტრუქტურა აღდგენილია, მოსახლეობის რისკის შემცველი სახლები და ტერიტორიები გამოსყიდულია და ვისაც საკრებულოს მიერ დადგენილი წესით ეკუთვნოდა ანაზღაურება, მათ მიეცათ შესაბამისი კომპენსაცია. გაკეთდა ადრეული შეტყობინების სისტემა, რათა ოპერატიულად, დროულად მივიღოთ სიგნალი გარემოს ეროვნული სააგენტოდან წყლის დონის მომატების შესახებ.

რა იყო ის გაკვეთილი, რომელიც ამ ტრაგედიიდან მიიღეთ?

გაკვეთილი იყო ის, რომ ასეთ სარისკო ზონებში ხეობა უნდა იყოს უფრო უსაფრთხო. შესაბამისი გაანგარიშებები გაკეთებულია და ნატანდამჭერი მოწყობილობები შენდება მდინარე ვერეს ხეობაში, რათა მომავალში, მსგავს სიტუციაში მდინარის ნატანმა მასალამ გვირაბები არ ჩახერგოს. გაკეთდა კალაპოტის გამაგრების პროექტი, რომელიც ახლაც მიმდინარეობს. სარისკო დატბორვის არეალში მოსახლეობა ახლა აღარ ცხოვრობს.

წყალდიდობისას განადგურდა ზოოპარკი, დაიხრჩო და დაიხოცა ბევრი ცხოველი. ზოოპარკიც გადადის სარისკო ზონიდან?

ზოოპარკის გადატანა მიმდინარეობს ეტაპობრივად თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე. მშენებლობა დაწყებულია. რამდენიმე წლის შემდეგ, ახალი ზოოპარკი მზად იქნება და ძველიც გამოთავისუფლდება, იქ დამატებით მწვანე საფარი გაშენდება და იქნება ცენტრალური პარკი.

წინასაარჩევნოდ ქალაქში მილიონი ხის დარგვას დაგვპირდით.

2014 წლის შემდეგ დარგული გვაქვს 700 ათასამდე ხე-მცენარე, რომელთაგანაც უმეტესობა გახარებულია. ბოლო 2 წლის განმავლობაში, ჩვენ კონტრაქტებში ვუდებთ კომპანიას პირობას, რომ თუ მცენარე გახმება, 4 წლის განმავლობაში ის უნდა ჩანაცვლდეს, ასე რომ, გახარების მაჩვენებელიც კარგი გვაქვს. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ზოოპარკის ტერიტორია, მთელი ვერეს ხეობა, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია, მახათას მთის ტერიტორია, სადაც მარტო შარშან შემოდგომაზე 12 ათასი ძირი ზეთისხილი დაირგო. კონტრაქტორმა კომპანიამ აქ სარწყავი სისტემაც კი გააკეთა და 4 წლის განმავლობაში მოუვლის და პასუხს აგებს ამ მცენარეებზე. წლის ბოლომდე ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ მილიონიანი ხის დაპირება (თავისი მოვლა-პატრონობით) რეალობად იქცეს.

ეკონომისტი, მკვლევარი- მეცნიერი, უნივერსიტეტის სრული პროფესორი... როგორ გაცვალეთ პრესტიჟული აკადემიური საქმიანობა საჯარო სამსახურის მოხელეობაზე, რომელიც მუდმივად კრიტიკის ობიექტია?

როცა რაღაცას აკეთებ, არის კრიტიკა და ეს ბუნებრივია. ჩვენ გვაქვს აბსოლუტური დემოკრატია, ყველა ამბობს და წერს იმას, რასაც ფიქრობს. კრიტიკას მშვიდად ვიღებ და გარკვეულ საკითხებსაც ვაანალიზებ იმისთვის, რომ შეცდომებისგან ვიყოთ მაქსიმალურად დაზღვეული, თუმცა უშეცდომო ადამიანი და მმართველი არ არსებობს. აკადემიურ საქმიანობას კი თავისი ბევრი პლუსი აქვს. მე პრაქტიკულ, კვლევით საქმიანობას ვეწეოდი, რაც დღესაც ბევრ რამეში მეხმარება. როცა რაღაცას აკეთებ, ჩართული ხარ პროცესში, შემოქმედი ხარ, ხელმძღვანელი ხარ, ძალიან დიდი კმაყოფილებაა და ამაზე დიდი კმაყოფილება არ არსებობს, როცა შეგიძლია გააკეთო ისეთი რამ, რაც წლების განმავლობაში დარჩება ქალაქში და საზოგადოებისთვის, მომავალი თაობისთვის სასიკეთოა.

გამწვანების სამუშაოების გარდა, რა კეთდება ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსასწორებლად?

ჩვენ ქალაქში მოვსპეთ ყველა ნაგავსაყრელი გარდა ორისა (სამგორსა და გლდანში): ერთი ჩვეულებრივი, მუნიციპალური ნარჩენებისთვის და მეორე – სამშენებლო ნარჩენებისთვის. შემოვიყვანეთ ახალი, ბუნებრივ გაზზე მომუშავე, ეკოლოგიურად ბევრად უფრო უსაფრთხო ავტობუსები. ცენტრალური მთავრობის მიერ დაგეგმილია ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების შემოღება, რათა გაუმართავმა მანქანებმა არ დააბინძურონ გარემო. ელექტრო ტრანსპორტის განვითარებას ვუწყობთ ხელს – ელექტრომობილებისთვის ქალაქში გვაქვს ორი უფასო გასამართი სადგური. ვმუშაობთ მეტროს მოდერნიზაციის პროექტზე.

საზოგადოებისთვის განსაკუთრებით მტკივნეული საკითხია ხეების მოჭრა მშენებლობის ადგილებზე.

ჩვენ ახლახან შევიტანეთ დედაქალაქის საკრებულოში ახალი პროექტი, რომლის მიხედვითაც მშენებლობების დროს მხოლოდ 25%-მდე საფარის მოჭრა იქნება შესაძლებელი, ასე რომ ტერიტორიის მესაკუთრე მწვანე საფარს მთლიანად ვერ მოჭრის. ჩვენ შემოგვაქვს საკომპენსაციო რგვების საკითხი, როდესაც მოჭრილი ხეების ნაცვლად, დეველოპერს დაევალება ათეულობით ნერგის დარგვა და მოვლა-პატრონობა. გარდა ამისა, ახალი გენერალური გეგმა მომზადდა და ორ კვირაში გვექნება მისი საბოლოო ვარიანტი, რომელიც ითვალისწინებს ქალაქში მშენებლობების პარალელურად, მწვანე სივრცის განვითარებას და დენდროლოგიური პროექტების შეთავსებას მშენებლობებთან ერთად. სხვა შემთხვევაში მშენებელი ვერ ჩააბარებს აშენებულ კორპუსებს.

რამდენად ხშირად ახერხებთ ბუნებასთან კონტაქტს?

დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, ხშირად ვერ ვხვდები ბუნებაში, მაგრამ ის ძალიან მიყვარს. გამწვანება ჩემი სტიქიაა, ის მხოლოდ საარჩევნო დაპირება არ ყოფილა. როგორც მოქალაქემ, თავი ვალდებულად ჩავთვალე ეს შანსი არ გამეშვა ხელიდან და დამერგო ქალაქში მეტი ხე. ასე რომ ბუნება ძალიან მიყვარს, ცხოველები ძალიან მიყვარს, მიყვარს ნადირობა.

როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი თავი პენსიაზე?

დარწმუნებული ვარ, რომ იმ დროისათვის უფრო უზრუნველყოფილი საპენსიო სისტემა იქნება. ახლა ბევრი რამ კეთდება ამისთვის. საპენსიო-სადაზღვევო სისტემაზე აქტიურად მუშაობს ჩვენი მთავრობა, ძალიან საინტერესო მოდელია მომზადებული და შემოთავაზებული. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ როდესაც საპენსიო ასაკამდე მივალ, მეტი და უკეთესი მიღწევები მექნება, შვილებიც გზაზე იქნებიან დაყენებული და იმედია, საპენსიო ასაკში მაინც დავისვენებ ცოტას.

თეგები: 
ქალაქი
მერი
რუკა
თბილისი
სტუმართმოყვარეობა
იერსახე
რეაბილიტაცია
მდინარე
ზოოპარკი
ეკონომისტი
მეცნიერი
მკვლევარი
გამწვანება
ეკოლოგია
ბუნება
პენსია
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია