ხმა >
 
ტრიშა მაკი
01.11.16

„NASA-ში არ მსახურობენ დილიდან საღამომდე. ზოგჯერ ეს 24-საათიანი სამუშაოა. „სამუშაო“ შეიძლება არც იყოს შესაფერისი სიტყვა – ეს ცხოვრებაა. აქ მხოლოდ ისეთები ხვდებიან, ვისთ-ვისაც კოსმოსი ყველაფერია“ – ტრიშა მაკი, NASA-ს მთავარი ინჟინერი.

წარმატებული ქალების საქმიანობის სფერო მრავალფეროვანია. კოსმოსის შესწავლაში თუ იღებენ აქტიურ მონაწილეობას?

ქალი NASA-ში გამონაკლისი არაა, მაგრამ მაინც ცოტანი ვართ. მუშაობა ახალი დაწყებული რომ მქონდა, როცა რაიმეს ხმამაღლა ვიტყოდი, მთელი მართვის ცენტრი გაკვირვებული უკან იხედებოდა ქალის ხმაზე. მერე შეეჩვივნენ.

როდის და როგორ დაინტერესდით კოსმოსით?

მე მიჩიგანის შტატის ქალაქ როჩესტერ ჰილში გავიზარდე. ჩემი მშობლები მასწავლებლები იყვნენ და შვილების განათლებას დიდ ყურადღებას აქცევდნენ. ჩემი თანატოლი გოგონებივით არასოდეს მნდომებია მსახიობობა, მომღერლობა, მოდელობა... ინჟინერია მაინტერესებდა. მერვე კლასში დაგვეწყო დედამიწის მეცნიერების გაკვეთილები. პირველი თემა იყო ოკეანეები. აღფრთოვანებული დავბრუნდი შინ და მშობლებს გამოვუცხადე – ოკეანოლოგი უნდა გამოვიდე-მეთქი. ერთი კვირა მხოლოდ ამაზე ვფიქრობდი. კვირის თავზე ახალი თემა მოგვცეს – ვულკანები. ოკეანე დამავიწყდა და ვულკანოლოგობა მოვინდომე. ამ გადაწყვეტილებამაც ერთი კვირა გაძლო. შემდეგი თემა იყო კოსმოსი. კოსმოსმა კი ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, რომ იმ დღიდან მოყოლებული, დღემდე არ გამნელებია. მივხვდი, რომ ეს იყო ის, რისი შესწავლაც მთელი ცხოვრება მომინდებოდა.

რთული იყო ამ ოცნების რეალობად ქცევა?

ბევრი სწავლა, შრომა და მონდომება სჭირდებოდა. სკოლის დამთავრების შემდეგ, მიჩიგანის უნივერსიტეტში დავიწყე აეროკოსმოსური ინჟინერიის შესწავლა. ასე შევაერთე ჩემი ორი ინტერესი: კოსმოსი და ინჟინერია. მალე ეროვნულმა აეროკოსმოსურმა სააგენტო NASA-მ გამოაცხადა კონკურსი 2 სტუდენტი-სტაჟიორის ასაყვანად და მეც გავგზავნე საბუთები. კონკურსი ძალიან დიდი იყო და ორ იღბლიანს შორის ვერ მოვხვდი. ავდექი და დავრეკე NASA-ში. მორიგე ოპერატორი დავარწმუნე, ჩემთვის იმ თანამშრომლის ნომერი მოეცა, რომელსაც სტაჟიორები აჰყავდა. მას კი პირდაპირ გამოვუცხადე: „მე ტრიშა მაკი ვარ, 19 წლის სტუდენტი. მართალია, კონკურსში ვერ გავიმარჯვე, მაგრამ NASA-ში უნდა ვიმუშაო-მეთქი“. „კარგი, პირდაპირ ჩვენთან შემოიტანეთ საბუთები და ვნახოთო“. სამ თვეში დამირეკეს და მითხრეს, რომ ამიყვანეს. ახლაც მახსოვს, ამ დროს რომელ ტელეფონთან ვიდექი, რა მეცვა და როგორი ამინდი იყო.

ისეთი იყო NASA-ში მუშაობა, როგორიც წარმოგედგინათ?

თავიდან ასტრონავტობა მინდოდა, მაგრამ მხედველობის პრობლემები აღმომაჩნდა, მზის დიდი რადიაცია კი, პირველ რიგში, თვალზე მოქმედებს. მაინც ძალიან ბედნიერი ვარ, რომ კოსმოსური კვლევების ცენტრში ვმუშაობ და ყოველივე ამის ნაწილი ვარ. 14 წელი ვმუშაობდი ჯგუფში, რომელიც ღია კოსმოსში ასრულებდა აქტივობებს. ასტრონავტთა ეკიპაჟებს კოსმოსში გადაადგილებას ვასწავლიდი და ფრენის კონტროლიორი ვიყავი მისიის კონტროლის ცენტრში. მზადების ახალი ეტაპი სულ ექვსმა ეკიპაჟმა გაიარა ჩემს ხელში.

რას გულისხმობს მზადების ახალი ეტაპი?

ჩვენ ასტრონავტებს უწონადობის მდგომარეობაში მოძრაობას ვასწავლიდით. ამისთვის ორი მეთოდი გამოიყენება. ერთია წყლით სავსე დიდი აუზი ღია კოსმოსის იმიტაციისთვის, სადაც ასტრონავტები სრული აღჭურვილობით ჩადიან. მეორეა სპეციალური თვითმფრინავი, რომელიც პარაბოლური ტრაექტორიით მიფრინავს და სიმაღლიდან უეცრად ვარდება, რა დროსაც 20-30 წამის განმავლობაში უწონადობის მდგომარეობა იქმნება.

ძირითადად რა მისიისთვის ამზადებენ ასტრონავტებს?

მათ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე სამუშაოდ უშვებენ. ეს არის კოსმოსში აწყობილი საერთაშორისო ორბიტარული სადგური, რომელიც შექმნილია კოსმოსში სამეცნიერო კვლევებისთვის. მისი მშენებლობა 1998 წელს დაიწყო. საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს მართავს: აშშ, რუსეთი, იაპონია, კანადა და ევროპის კოსმოსური სააგენტო (სულ 15 ქვეყანა). ყოველ მათგანს თავისი მოდული აქვს კოსმოსურ სადგურზე. სადგური დედამიწის დაბალ ორბიტაზე მოძრაობს – დედამიწიდან 340 კილომეტრზე (სიმაღლე იცვლება ხოლმე) და დღე-ღამეში 16 ბრუნს აკეთებს დედამიწის გარშემო. ეს იმას ნიშნავს, რომ ასტრონავტები 24 საათში 16-ჯერ ხედავენ ისეთ მშვენიერებას, როგორიც მზის ამოსვლა-ჩასვლაა. სადგურის დანახვა ცაზე შეუიარაღებელი თვალითაც შეიძლება – ის მზისა და მთვარის შემდეგ, ყველაზე კარგად ჩანს დედამიწიდან. იქ მუდმივად ცხოვრობს და მუშაობს 6 ადამიანი, რომლებიც პერიოდულად იცვლებიან.

რა ტიპის კვლევები ტარდება კოსმოსურ სადგურზე?

სადგურზე მოქმედებს მიკროგრავიტაციისა და კოსმოსური გარემოს კვლევის ლაბორატორია. კვლევის მთავარი სფეროებია: ბიოლოგია (მათ შორის ბიომედიცინა და ბიოტექნოლოგია), ფიზიკა, ასტრონომია, კოსმოლოგია, მეტეოროლოგია... გამოიცდება სხვადასხვა სისტემები და აღჭურვილობები, რომლებიც საჭიროა მთვარესა და მარსზე გასამგზავრებლად. ადგენენ ადამიანის კოსმოსში ყოფნის ოპტიმალურ ხანგრძლივობას, მიკროგრავიტაციული გარემოს გავლენას მცენარეებისა და ცხოველების განვითარებაზე, აკონტროლებენ გარემოს დაბინძურებას და სხვა.

ახლა რა მოვალეობა გაკისრიათ?

ახლა NASA-ს დამაკავშირებელი ვარ კომპანია Orbital AKT-თან, რომელიც ტვირთის კოსმოსური სადგურისთვის მისაწოდებლად კომერციული მომარაგების სერვისებს უზრუნველყოფს.

რა იყო თქვენი ყველაზე დიდი გამოწვევა NASA-ში?

კოსმოსურ სადგურს პერიოდულად აწვდიან ტვირთს, რომელიც სადგურზე დამონტაჟებულ დიდ ელექტრონულ დანადგარს გადააქვს. კანადელი მეცნიერების მიერ შექმნილ ურთულეს და ძვირადღირებულ რობოტს, რომელიც ტვირთის აღების გარდა სხვა ბევრ ფუნქციასაც ასრულებს, სადგურიდან მართავენ. ერთხელ ეს „ხელი“ მწყობრიდან გამოვიდა და მასთან ერთად გა-ჩერდა კვლევების მთელი რიგი. დამავალეს, რომ ჩემს გუნდთან ერთად, ორ კვირაში აღმედგინა რობოტი. ჩვენს კანადელ კოლეგებს მცირე ზომის ანალოგიური რობოტი გავაკეთებინეთ, „სახსარში“ დავაზიანეთ და დავიწყეთ... როცა მისი შეკეთება შევძელით, კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტებსაც ვუკარნახეთ, რა უნდა გაეკეთებინათ. იმ ორი კვირის განმავლობაში გარეთ არ გავსულვართ. კოსმოსში აპარატის შეკეთების პროცესს NASA-ს მთელი შემადგენლობა დაძაბული ადევნებდა თვალს. ბოლო მითითება გადავეცი სადგურზე და აპარატიც ამუშავდა. სიჩუმე ჩამოვარდა. მე ყურსასმენები მოვიხსენი და ჩავილაპარაკე: „Thank you, robo“. ყველამ შვებით ამოისუნთქა და ტაშით შეხვდა ამ ამბავს.

როგორია კოსმოსის მომავალი?

კოსმოსს დიდი მომავალი აქვს. ახლა კოსმოსური სადგური დედამიწასთან შედარებით ახლოსაა განთავსებული. NASA მუშაობს, რომ კოსმოსური სადგური მარსთან, მერკურთან უფრო ახლოს გადაიტანოს. მალე ადამიანიც მიაღწევს იქამდე – ის ამისთვისაა დაბადებული – კვლევებისთვის, მიღწევებისთვის.

რა იგეგმება ახლო მომავალში?

დაახლოებით 20 წელიწადში ადამიანები თავისუფლად იფრენენ მთვარეზე ისევე, როგორც დღეს იღებენ ბილეთებს და მიდიან სამოგზაუროდ დედამიწის სხვადასხვა წერტილში. ჩვენ გავხდებით ამის მომსწრენი.

შესაძლებელია, რომ ჩვენს გალაქტიკაში კიდევ არსებობდეს პლანეტა, რომელზეც სიცოცხლეა?

თეორიულად, რატომაც არა. თუმცა, რაღა შორს მივდივართ – ფაქტია, რომ NASA-მ მარსზე სიცოცხლისთვის აუცილებელი კომპონენტი – წყალი აღმოაჩინა და ჩემი აზრით, არც ის არის გამორიცხული, რომ იქ გარკვეული უმარტივესი ცოცხალი ორგანიზმები არსებობდეს. თუმცა, როცა იქ დავდგამთ ფეხს, ამას მაშინ გავიგებთ.

თეგები: 
კოსმოსი
NASA
მოჩიგანი
აეროკოსმოსური ინჟინერია
რადიაცია
ასტრონავტები
კოსმოსური სადგური
მეტეოროლოგია
მარსი
წყალი
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია