ხმა >
 
ნინო გუჯარაიძე
01.08.16
ქეთი პატარაია
ირა კურმაევა

„მამაჩემი მოხევეა და დედაჩემი გურული. ზაფხულობით ჯერ მთაში დავდიოდით და მერე ბარში, ზღვაზე. ამ ორ კონტრასტულ გარემოში მოხდა ჩემი პირველი შეხება ბუნებასთან“. – ნინო გუჯარაიძე, ასოციაცია „მწვანე ალტერნატივის“ აღმასრულებელი დირექტორი

პროფესიულად როგორ დაიწყო თქვენი ამ სფეროსთან შეხება?

1998 წელი იყო. სამედიცინო ფსიქოლოგიას ვსწავლობდი და ტესტებს მაძლევდნენ შესავსებად. რესპონდენტების ძებნაში რამდენჯერმე მწვანეთა მოძრაობის ოფისში მოვხვდი, მომეწონა და იქ დავრჩი. 2000 წელს მე და ჩემმა თანამოაზრეებმა გადავწყვიტეთ, ჩვენი ორგანიზაცია – „მწვანე ალტერნატივა“ შეგვექმნა, გამოვეყავით მათ და გარემოს დაცვის ადვოკატები გავხდით. ჩვენი სფერო იყო: სატყეო სექტორი და ენერგეტიკა. მერე ნელ-ნელა სხვა თემები გახდა აქტუალური ქვეყანაში – პრივატიზება, მიწები, ტრანსპორტი, კლიმატის ცვლილება და, რა თქმა უნდა, ბიომრავალფეროვნება, რომელიც გამჭოლი თემაა და ამ სფეროში ყველაზე მეტად დაზარალებული გამოდის.

რას ნიშნავს ბიომრავალფეროვნების ადვოკატირება?

ეს ნიშნავს გარემოს დაცვის საფრთხეების გამოვლენასა და აცილებას, კონკრეტული ღონისძიებების ლობირებას. გვყავს ბიოლოგები, გეოგრაფები, იურისტები, როცა საქმე სპეციფიკურ საკითხს ეხება, მაშინ ექსპერტებს ვიწვევთ და ვდებთ სურათს – რა უარყოფითი შედეგები შეიძლება გამოიწვიოს ამა თუ იმ პროექტმა ბიომრავალფეროვნებაზე, გარემოსა და ადამიანებზე ზემოქმედების თვალსაზრისით. შემდეგ ვცდილობთ, პროექტები შევაცვლევინოთ და ბიომრავალფეროვნებას, შეძლებისდაგვარად, ნაკლები ზიანი მიადგეს.

ვინ იღებს გადაწყვეტილებებს ან ცვლის პროექტს?

გარემოს დაცვის სამინისტრო, ენერგეტიკის სამინისტრო, მთავრობა, რომელიც იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები. ამ უკანასკნელთ თავიანთი პოლიტიკა აქვთ, რაც გულისხმობს გარემოს დაცვას, ბიომრავალფეროვნების გაფრთხილებას და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინებას – ასეთ შემთხვევაში ადვოკატირება ადვილია. თუ ისინი პროექტში არ მონაწილეობენ, მაშინ ჩვენი დაცვის მექანიზმები შეზღუდულია – პირდაპირ სასამართლოში გვიწევს სარჩელის შეტანა და სახელმწიფოსთან ოფიციალურად დავა. ჩვენთვის ისიც უთქვამთ, თქვენ რაღაც ბაყაყებზე ზრუნავთ და ადამიანი არ გაღელვებთო. სინამდვილეში, ადამიანი არის ამ ყველაფრის ნაწილი, მას არ შეუძლია ბუნების გარეშე არსებობა. როდესაც ვსაუბრობთ ბიომრავალფეროვნების საფრთხეზე, ვსაუბრობთ ამ ერთობლიობის საფრთხეზე.

რატომ აირჩიეთ ადვოკატირება და არა რაიმე სხვა მეთოდი გარემოს დასაცავად?

როცა ვიწყებდით, ეს სფერო საჭიროებდა განვითარებას, თან გარემოებებმაც შეგვიწყო ხელი. ადვოკატირება მოითხოვს როგორც საკითხის სიღრმისეულ ცოდნას, ასევე დაცვის მექანიზმების ცოდნას, კავშირების ქონას, მთელი ამ ტექნოლოგიების ცოდნას. ხშირად კანონმდებლობასა და პოლიტიკასთან მივდივართ. ამ ხნის განმავლობაში ჩამოგვიყალიბდა იმიჯი, რომ ძალიან რადიკალურები ვართ, მაგრამ ეს ასე არაა, ჩვენ ვითხოვთ მაქსიმალურს, რათა მივიღოთ მინიმალური.

როგორია, გქონდეს რადიკალური გარემოს დამცველის იმიჯი?

ერთი მხრივ, მძიმეა. იშვიათია, რომ მთავრობის მოხელეებმა მოგისმინონ და მიხვდნენ, რომ რასაც ეუბნები, მათ ინტერესებშიც შედის. მეორე მხრივ, როცა სახელი გაქვს, საზოგადოების მხრიდან მოლოდინიც დიდია. ჩვენს ოფისში ტელეფონი არ ჩერდება: „ხეს ჭრიან… რაღაც ხდება... შენ სად ხარ, რას აკეთებ?!“. ხანდახან იღლები, შედეგიც არ ჩანს, მაგრამ მოვა ვინმე, მოგიყვება საშინელ ამბავს და ხვდები – მიუხედავად ყველაფრისა, უნდა მოკიდო ამ საქმეს ხელი.

რომელი პროექტის წარუმატებლობამ დაგწყვიტათ გული ყველაზე მეტად?

დარიალიჰესის მშენებლობა, რომელიც არც გარემოსა და ადამიანზე ზემოქმედების და არც ჰიდროლოგიური და გეოლოგიური თვალსაზრისით შეუსწავლიათ. შედეგად, მერამდენედ დაიძრა უკვე მეწყერი დევდორაკის მთიდან. მდინარე თერგის 80-90%, სადაც კალმახის ადგილობრივი სახეობა ბინადრობდა, მილში შეუშვეს. მდინარის თანმხლები მთელი ეკოსისტემა განად-გურდა, მილში ბიომრავალფეროვნება არ არსებობს, ისევე, როგორც დღეს ფაქტობრივად აღარ არსებობს მდინარე თერგი.

იქნებ აუცილებელი იყო ამ ჰესის აშენება?

როდესაც პროექტის განხორციელება აუცილებელია, ზიანი წინასწარ უნდა გათვალო და შემამსუბუქებელი ღონისძიებები დაგეგმო. ვისი სიკეთისთვის აშენდა ეს ჰესი, როდესაც, ბუნებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, უკვე 5 ადამიანია დაღუპული.

ენგურზე დაგეგმილია მცირე ჰესების კასკადის მშენებლობა. რა გავლენა ექნება ამას ბიომრავალფეროვნებაზე?

ახლა მთელ მსოფლიოში მუშაობენ ახალ მიმართულებაზე – ეკოლოგიური ეკონომიკა, რაც ნიშნავს ეკოსისტემისა და ბიომრავალფეროვნების მთელი ღირებულების შესწავლას. 2013 წელს გაეროს გარემოს დაცვის პროგრამის ფარგლებში წინასწარი ანგარიში მომზადდა. ენგურის 32 დაგეგმილი კაშხლიდან მხოლოდ 4-ის შესწავლით აღმოჩნდა, რომ მათი აშენებისას ეკოსისტემასა და ბიომრავალფეროვნებაზე მიყენებული ზარალი მეტი იქნება, ვიდრე ეკონომიკური სარგებელი.

მაინც როგორ ითვლიან ეკოსისტემის ღირებულებას?

ეკოსისტემას გააჩნია თავისი სერვისები – მისგან მიღებული პირდაპირი და არაპირდაპირი სარგებელი, მაგალითად, დამტვერვა. დამტვერვის წვლილი ამერიკის სოფლის მეურნეობაში 190 მილიარდია წელიწადში. აჭარაში, სადაც ჰესები შენდება და სატვირთო მანქანები შუა სოფელში მოძრაობისას ტოვებენ მტვერს, ფუტკარმა იკლო და მოსავლიანობაც დაეცა. სწორედ ამიტომ უნდა გაფრთხილება ბიომრავალფეროვნებას, რადგან მისი თითოეული სახეობა უდიდეს როლს თამაშობს მთლიან ეკოსისტემაში.

რა არის ყველაზე დამაზარალებელი ბიომრავალფეროვნებისთვის?

ბიომრავალფეროვნებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფრთხე არის ჰაბიტატის, ანუ სახეობის საარსებო გარემოს დეგრადაცია, ფრაგმენტაცია. ჩვენს ქვეყანაში ამ თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე მეტად მწვავე და დამაზარალებელი გახდა წიაღის მოპოვება. 2005-2006 წლებში დიდი რაოდენობით ლიცენზიები გაიცა წიაღის მოპოვებაზე. სწრაფი ტემპით წავიდა სპილენძისა და ოქროს მოპოვება და ზიანიც ბოლო ათი წლის განმავლობაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა. 2005 წლიდან სახელმწიფომ ჩათვალა, რომ წიაღის მოპოვება არ უნდა იყოს გარემოზე ზემოქმედების შესწავლის საგანი და სამწუხაროდ ეს დღემდე ასეა.

როგორ ზარალდება ბიომრავალფეროვნება წიაღის მოპოვების შედეგად?

წიაღის მოპოვება მოითხოვს ხშირ შემთხვევაში დიდ ფართობზე ტყის მოჭრას, ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნას, შესაბამისი ფლორისა და ფაუნის განადგურებას. ის იწვევს: ეროზიისა და მეწყრის საფრთხის ზრდას, მიწისქვეშა წყლების სისტემის მოშლას, ატმოსფეროს დაბინძურებას, ნიადაგის ზედა ფენებში მძიმე მეტალების დაგროვებას, მისი დამუშავებისას მჟავე წყლების წარმოქმნას, ხმაურსა და ვიბრაციას, რაც ძალიან ცუდად მოქმედებს ბიომრავალფეროვნებაზე.

წარმატებული კამპანიებიდან რომელს გამოყოფდით?

2009 წელს დაგეგმილ 500-კვტ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის რეაბილიტაცია-მშენებლობას, რომელსაც რამდენიმე დაცული ტერიტორია უნდა გადაეკვეთა. „მწვანე ალტერნატივის“ წარმოებული საადვოკატო კამპანიის შედეგად, ევროკომისიის წარმომადგენლობამ საქართველოს მთავრობას შესთავაზა, რომ მიეღო „მწვანე ალტერნატივის“ მიერ შემუშავებული, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკისთვის უსაფრთხო, შემოვლითი მარშრუტით მშენებლობის გეგმა და მზად იყო დაეფარა ფასთა შორის სხვაობა. საბოლოოდ, ევროკავშირმა საქართველოს დამატებით 3 მილიონი ევრო გამოუყო გრანტის სახით და მშენებლობამ შემოვლითი გზით ჩაიარა.

თეგები: 
სამედიცინო ფსიქოლოგია
ბიომრავალფეროვნება
ადვოკატირება
ეკოსისტემა
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია