ხმა >
 
როსტომ საგინაშვილი
25.07.15
სოფო ბუკია
გურამ მურადოვი

ორი ქართველი მომღერლის, ილია ზაქაიძისა და როსტომ საგინაშვილის მიერ შესრულებული „ჩაკრულო“ მთელ საბჭოთა კავშირში ერთადერთი სიმღერა აღმოჩნდა, რომელიც NASA-მ შეარჩია და მსოფლიოს 25 საუკეთესო სიმღერასთან ერთად კოსმოსში „ვოიაჟერებს“ გაატანა, როგორც დედამიწის ვარსკვლავთშორისი გზავნილი უცნობ ცივილიზაციებს. იუნესკოს არამატერიალური მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაში შესულ ამ სიმღერაზე და მის ყველაზე ცნობილ შემსრულებელზე ლეგენდები დადის. როსტომ საგინაშვილი 75 წლისაა, მშობლიურ სოფელ კოლაგში ცხოვრობს.

ბატონო როსტომ, როგორ აღმოჩნდა თქვენი ხმა კოსმოსში?

სახელმწიფო ანსამბლში ვმღეროდი და ამერიკაში გასტროლებზე ორჯერ ვარ ნამყოფი. პირველი გასვლა 1974 წელს იყო. მაშინ საბჭოთა კავშირიდან საზღვარგარეთ ერთეულები გადიოდნენ... ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ამ ქვეყანამ ჩემზე. როდესაც ჩამოვედი, მახსოვს, ჩემს მეუღლეს – ნათელას ვუთხარი კიდეც, რომ ჩემი ოცნებაა, შენც ნახო ქვეყანა, რომელიც მე ვნახემეთქი. დიდებული ტურნე გვქონდა, 58 ქალაქში გავმართეთ კონცერტი, „ჩაკრულოს“ ყველგან ვმღეროდით. ჩვენთვის დღემდე უცნობია, კონკრეტულად რომელ კონცერტზე ნამღერი „ჩაკრულო“ ჩაიწერეს.

შეგითანხმეს, რომ თქვენს სიმღერას კოსმოსში უშვებდნენ?

არა, ასეთი რამე არ ყოფილა. ის კი არადა, კარგა ხანს არც კი ვიცოდი, რომ ჩემი ნამღერი „ჩაკრულო“ ჰქონდათ შერჩეული. ის ხომალდები ჯერ წასულებიც არ იყო, გავრცელდა ამბავი, რომ NASA-მ ქართველების ნამღერი „ჩაკრულო“ კოსმოსში გასაშვებად შეარჩიაო, მაგრამ ვისი ნამღერი იყო, არავინ იცოდა. 1977 წელს შეერთებულ შტატებში გასტროლებზე კიდევ მოგვიწია ჩასვლა. იქ მცხოვრებ ემიგრანტებს ვთხოვეთ, იქნებ ის ჩანაწერი კასეტაზე გადაგვიწეროთ და ამით მაინც გავიგოთ, ვინ მღერიან-მეთქი. სამწუხაროდ, მაშინ ვერ მოხერხდა ამ ჩანაწერის მოსმენა.

როგორ გაიგეთ, რომ თქვენი „ჩაკრულო“ იყო ვოიაჟერებზე?

რამდენიმე წლის შემდეგ, ერთ დღეს ანზორ ერქომაიშვილმა დამირეკა, ამერიკიდან რაღაც ჩანაწერი ჩამომიტანეს და მინდა მოგასმენინოო, ზაქაიძესთან ავიდეთო. ილია უკვე ლოგინად იყო ჩავარდნილი. მასთან რომ ავედით, ანზორმა მაგნიტოფონი ჩართო და „ჩაკრულოც“ დაიწყო. ანზორმა ისიც დააყოლა, ეს ის „ჩაკრულოა“, კოსმოსში რომ დაფრინავსო და მკითხა, ხმები ხომ არ გეცნობაო. მეგონა, მეხუმრებოდა და მეც გავეხუმრე, აბა მე რა ვიცი, ვინ მღერიან-მეთქი. ილიამ საწოლიდან თავი წამოყო და მითხრა: შენ ხომ არ დაყრუვდი, ჩვენს ნამღერს ვეღარ ცნობო. როდესაც ოფიციალურად დადასტურდა ეს ყველაფერი, საოცარი გრძნობა დამეუფლა.

რატომ იყო ეს თქვენთვის მნიშვნელოვანი?

როგორ თუ რატომ? წარმოიდგინეთ, რომ დედამიწაზე უამრავი ერია, ყველას თავისი კულტურა და სიმღერა აქვს და აქედან 25 საუკეთესო მუსიკალურ ნაწარმოებს შეარჩევენ კოსმოსში გასაგზავნად და ერთ-ერთი შენი ქვეყნის სიმღერაა, რომელსაც შენ მღერი. დღემდე ვფიქრობ, რომ ეს ღვთის ნება იყო.

რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში მას შემდეგ? ჩინ-მედლები, რაიკომის მდივნებთან შეხვედრები… ეს ყველაფერი იყო?

არა. საერთოდ არაფერი მსგავსი არ ყოფილა. პირიქით, ყველანაირად ცდილობდნენ, საბჭოთა კავშირში ეს ამბავი მიეჩქმალათ. ხუმრობა ხომ არ არის, თურმე ჩვენს „ჩაკრულოს“ რუსული სიმღერა „პოდმოსკოვნიე ვეჩერა“ ჩაუჩოჩებია. საბჭოთა კავშირიდან ერთი სიმღერა უნდა გაეგზავნათ და რუსები თავიანთი სიმღერის გაგზავნას ცდილობდნენ. რომ არ გამოუვიდათ, ეტყობა, გაბრაზდნენ. ასე რომ, არც არაფერი შეცვლილა ჩემს ცხოვრებაში. ისევ ისეთი როსტომი ვიყავი, როგორიც მანამდე. უბრალოდ, ცოტათი უფრო ბედნიერი.

ამერიკელები როგორ შეხვდნენ ქართულ ანსამბლს?

ძალიან კარგად ესმოდათ ჩვენი კულტურა, ჩვენი სიმღერა. ერთ-ერთ გასტროლზე ჩიკაგოში „ჩაკრულო“ ვიმღერეთ და დარბაზი ტაშით დაინგრა. რამდენჯერმე მოგვიწია მადლობის ნიშნად თავის დახრა. იმდენჯერ დავუკარით თავი, რომ უცებ წელი გამიშეშდა და ვეღარ გავიშალე. ილია ჩუმად მეუბნებოდა, გაიშალე წელში, სცენიდან გავიდეთო, მაგრამ მე ვერ ვიშლებოდი. ბოლოს მოხრილი გავტრიალდი და კულისებამდე ძლივს მივაღწიე. ამას ილია ხშირად იხსენებდა.

ილია ზაქაიძესთან თქვენი დუეტი როგორ შედგა?

ჩვენი ერთად სიმღერა „საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის“ (ახლა „ერისიონი“) მაშინდელი ხელმძღვანელის – ანზორ კავსაძის იდეა იყო. ილია ჩემი პარტნიორი და დიდი მეგობარი გახლდათ. საკუთარ თავზე ლაპარაკი არ მიყვარს, მაგრამ ამბობენ, რომ ჩვენი დუეტი შეუდარებელი იყო. ილიას ძალიან ძლიერი პირველი ხმა ჰქონდა... ნიჭიერი და კარგი ადამიანი ბედმა დაჩაგრა. ბიჭი ავტოკატასტროფაში დაეღუპა, შემდეგ გოგოც გარდაეცვალა... თვითონაც იავადმყოფა. ერთად ბევრი ისტორია გადაგვხდენია. გასახსენებელიც ბევრია...

თქვენი კარიერა სახელმწიფო ანსამბლიდან დაიწყო?

ერთი გურჯაანელი ბიჭი ვიყავი. სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისში, მოსე თოიძის სახელობის სახელოსნოში ჩავაბარე. პარალელურად სპორტს მივდევდი და ჭიდაობაზე დავიწყე სიარული. ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ სოფელში დავბრუნდი, გურჯაანის სამშენებლო ტრესტში დავიწყე მუშაობა. მაგრამ ხმა არ მასვენებდა, სულ მინდოდა, მემღერა. ბოლოს გურჯაანის კულტურის სახლს მივაკითხე, ანსამბლში მამღერეთ-მეთქი. ანსამბლის ხელმძღვანელმა სცენაზე დამაყენა და ერთ-ერთ წევრთან ერთად „კახეთო, ჩემო კახეთო“ მამღერა. თუკი ვინმე იყო კულტურის სახლში, იმ წუთას ყველა დარბაზში შემოვიდა. იმ დღიდან გურჯაანის ანსამბლის წევრი გავხდი. გურჯაანის ანსამბლი რესპუბლიკური ოლიმპიადისთვის ემზადებოდა. თბილისში გამართულ ერთ-ერთ კონკურსზე კონსულტანტებად ჯანო ბაგრატიონი და ანზორ კავსაძე იყვნენ მოწვეულები. იქ მომისმინა პირველად ბატონმა ანზორ კავსაძემ. კონცერტის ბოლოს მოვიდა და მითხრა: „ბოშო, არ გინდა, ჩემთან წამოხვიდე, შემოდგომაზე საფრანგეთში გასტროლებზე მივდივართო“. ჩემი მეგობრები მეუბნებოდნენ, იმ წუთას ფერი დაკარგეო. წარმოიდგინეთ, რა მომივიდოდა, როცა კოლაგსა და თბილისს არ ვიყავი გაცდენილი და საფრანგეთში წასვლის საშუალება მეძლეოდა, თან სახელმწიფო ანსამბლთან ერთად. ისევ თბილისში გადავედი საცხოვრებლად და მეტრომშენში დურგლად დავიწყე მუშაობა. მალევე მივაკითხე რკინიგზელთა სახლში ანზორ კავსაძეს, რომელმაც თავის პირველ ტენორთან, მიშიკუნა გოშაძესთან ერთად მამღერა და რომ დავასრულეთ, მითხრა, 80 მანეთი გექნება ხელფასიო. ასე დავრჩი ანსამბლში.

დიდი ხანია აღარ მღერით?

17-18 წელია სცენაზე აღარ მიმღერია. რაღა დაგიმალოთ და ძალიან კი მენატრება. სიზმარში კი ვხედავ სცენაზე როგორ ვდგავარ. მაგრამ რა დროს ჩემი სიმღერაა, არც ასაკი მიწყობს ხელს და არც ჯანმრთელობა.

თქვენი მთავარი მიღწევა?

ჩემი ოჯახი. ცოლად ჩემი კოლაგელი მეზობელი ნათელა ავირჩიე. აგერ, ორი სახლის გადაღმა ცხოვრობდა. მოვკიდე ხელი და წამოვიყვანე. მას შემდეგ ვართ ასე ერთად. ორი ქალიშვილი გვყავს, შვილიშვილები. სიმღერით კი ყველა მღერის, მაგრამ პროფესიად მომღერლობა არც ერთს აურჩევია.

მართალია, რომ ფოტოგრაფიით იყავით გატაცებული?

კი, „ზენიტი“ მქონდა. მოსკოვში ვიყიდე. გასტროლებზე რომ დავდიოდით, ცეკვა იყო, სიმღერა თუ რაც იყო, ყველაფერს ვიღებდი. “ერისიონს” დღემდე შემორჩა ჩემი გადაღებული ფოტოები.

ბატონო როსტომ, როგორ ფიქრობთ, იქ, კოსმოსში, ვინ ისმენს თქვენს „ჩაკრულოს“?

მაგაზე ხშირად მიფიქრია… მე კი არა, მაგ კითხვაზე პასუხი ჯერ არავინ იცის. თუ ადამიანები არ არიან, ვარსკვლავები ისმენენ, მთვარე, პლანეტები. ალბათ, გავა კიდევ ცოტა ხანი და ახალგაზრდებს უკვე ეცოდინებათ, იქ რა ხდება. ჩემს ახალგაზრდობაში ადამიანი კოსმოსში რომ გაფრინდა, დაუჯერებელი იყო. ახლა ყოველ წუთს დაფრინავენ, მეცნიერება წინ წავიდა და კიდევ უფრო წინ წავა.

თეგები: 
ხმა
როსტომ საგინაშვილი
სიმღერა
კონცერტი
კულტურა
ანსამბლი
დუეტი
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია