რისკიანები >

მკვლევარი და დამხმარე
ხათუნა შავგულიძე
კიკალა სტუდიო

ბეჟან ლორთქიფანიძე ზოოლოგია. 1999 წელს დაამთავრა თსუ-ს ბიოლოგიის ფაკულტეტი და სახეობათა კონსერვაციის ცენტრ „ნაკრესში“ დაიწყო მუშაობა. ზოგადად, კონსერვაციული კვლევითი საქმიანობის გარდა, მისი სამეცნიერო და საველე სამუშაო მსხვილი ძუძუმწოვრების პოპულაციების კვლევა-მონიტორინგს ეხება.

რისგან შედგება თქვენი სტანდარტული საველე სამუშაო?

მაგალითისთვის ავიღოთ მგელი. მისი მონიტორინგისთვის, გარკვეული რაოდენობის ინდივიდს უნდა შეებას GPS-ით აღჭურვილი საყელურები, რომელიც GSM სიგნალით რეგულარულად იძლევა ინფორმაციას ინდივიდების ადგილმდებარეობის შესახებ რეალურ დროში. მასალა გროვდება და რუკაზე დაიტანება; იკვეთება უმნიშვნელოვანესი სურათი: თითოეული ინდივიდის გადაადგილების მარშრუტები, საცხოვრებელი ფართი, დღეღამური აქტივობა, ნადირობისა და ფერმების შეწუხების სპეციფიკა და ა. შ. ეს კი მგლისა და ფერმერის უკეთ დაცვისა და დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გაუმჯობესების ფუნდამენტია.

რამდენად რისკიანია ველური ბუნების სპეციალისტის სამუშაო?

ერთხელ, ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე დათვი დავაძინეთ. ხაფანგი სპეციალური ტროსია, რომელიც ეცმება თათზე. მეგონა, ეძინა, ჯოხით მოვსინჯე, უცებ წამოვარდა, ღრიალით გამოქანდა და სულ ახლოს მოწყვეტით დაეცა – ტროსმა აღარ გამოუშვა. ხაფანგმა გადამარჩინა. აღელვებულმა მეორე დოზა გავუკეთე. საყელურიც შევაბით. ზოგადად, ნებისმიერი საქმე შეიძლება რისკიანი იყოს. დაცული ტერიტორიების რეინჯერები ყოველ დღე რისკავენ ბრაკონიერების დევნისას. 2012 წელს ბორჯომ-ხარაგაულში რეინჯერი მერაბ არევაძე დაიღუპა. ჩემი რისკი მათთან შედარებით არაფერია.

ივნისის წყალმოვარდნის დროს ბეჰემოთის იმობილიზაციაში იღებდით მონაწილეობას...

ეს „ბუნჩულა ცხოველი“ ძალიან აგრესიული და არაპროგნოზირებადია. აფრიკაში, წელიწადში 3000-მდე სიკვდილის შემთხვევა სწორედ ბეჰემოთის „კისერზეა“. ცხადია, ეს ვიცოდი, როდესაც გმირთა მოედანზე ზოოპარკის ვეტერინარებთან ერთად „იმობილიზაციის ოპერაცია“ ჩავატარეთ. ჩვენი ამოცანა იყო მისი გაბრუება, რადგან სრული იმობილიზაციისას ასეთი მასის ცხოველს დაუზიანებლად ვერ გადავიყვანდით. ყველაზე საშიში მასთან მიახლოება იყო, არადა, ვოლიერში თავისი ფეხით უნდა დაგვებრუნებინა. საბედნიეროდ, პრეპარატმა კარგად იმუშავა და „ბეგიც“ მის ველურ თანამოძმეებზე უფრო მშვიდობიანი აღმოჩნდა.

თეგები: 
ბეჟან ლორთქიფანიძე ზოოლოგი მკვლევარი ბიოლოგი ფაკულტეტი კონსერვაცია ძუძუმწოვრები საველე მგელი რუკა ტროსი ხაფანგი ბრაკონიერი წყალმოვარდნა ბეჰემოთი ზოოპარკი
01.08.15
zaza186
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია