რისკიანები >

მიწისქვეშეთში
გაბრიელ ჯესიტი და არტურას არტიუშენკა

გასულ ზაფხულს მიკრობიოლოგი იევა კირაიტე ჩაეშვა კრუბერის შახტში. ეს არის დედამიწაზე ყველაზე ღრმა გამოქვაბული, რომელიც საქართველოში მდებარეობს. საშინლად ნესტიანი 1600-მეტრიანი სიღრმიდან იევა ნიმუშებით სავსე ზურგჩანთით დაბრუნდა.

რატომ გამოქვაბულები? რამ გადაგაწყვეტინათ, რომ თქვენი გზა ქვემოთ მიდის?

ყოველთვის ვოცნებობდი, ჩემი სამუშაო ძიებას დაკავშირებოდა. ალბათ, ეს ყველას უფიქრია. მოგზაურობა ბავშვობიდან მიზიდავდა. ვილნიუსის უნივერსიტეტში მოლეკულური ბიოლოგიის შესასწავლად ჩავაბარე და ჩემი შანსების ძიება დავიწყე. ამან სპელეოლოგთა კლუბში მიმიყვანა. პირველ ლექციაზე კლუბის მაშინდელმა ხელმძღვანელმა ყველაფერი იღონა, რომ აუდიტორია მაქსიმალურად დაეფრთხო იმ დაბრკოლებების, სიბნელისა და შიშის აღწერით, რაც მიწისქვეშა სამყაროს უკავშირდებოდა. მაგრამ მისმა ძალისხმევამ, უფრო გამიძლიერა სწრაფვა, გა-მოქვაბულებში ნებისმიერ ფასად ჩავმძვრალიყავი.

იყო თუ არა კრუბერის ჩახტში ჩასვლა თქვენი ყველაზე დიდი გამოწვევა?

ეს იყო ჩემი ყველაზე ღრმა დაშვება. პირველად მეძინა მიწისქვეშეთში. ქვემოთ მთელი კვირა გავატარე. სხვა გამოქვაბულები, ტექნიკური თვალსაზრისით, შესაძლოა, უფრო რთული იყოს, თუმცა, კრუბერაში მეტი გამძლეობა გჭირდებათ.

პარადოქსულია, მაგრამ ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება გამოქვაბულის ღია სივრცეებმა დატოვა. არადა, ადამიანთა უმეტესობა ქვემოთ ვიწრო გვირაბების გამო ვერ ჩადის. აქ გვირაბების ზოგიერთი დარბაზი იმდენად ვრცელია, რომ ყველაზე ძლიერი სასიგნალო შუქიც ვერ გაანათებს.

ჭის შუაგულში დაკიდებული ვერც მის დასაწყისს ხედავთ, ვერც ბოლოს: ზემოთ 100 მეტრი – ქვემოთ უსასრულობა.

როგორ იცვლება აღქმა გამოქვაბულში ერთი კვირის გატარების შემდეგ?

ირგვლივ მხოლოდ სიბნელეა. თვალი მხოლოდ იმ წერტილამდე აღწევს, სადამდეც თქვენი სასიგნალო შუქურა სწვდება. ყნოსვა მძაფრდება, ქვემოთ კი ბევრი „სურნელია“. თიხის სუნს ეჩვევით, რომელიც იქ ყველგან იგრძნობა, ხოლო დამატებით სხვა სუნები ყნოსვის ძლიერ სტიმულატორებად იქცევა.

სმენაც ასევე უცნაურად „გამოიყურება“ და სულ იმას ცდილობს, როგორ მოგატყუოთ. გამოქვაბულის სივრცეები 3D ლაბირინთის შეგრძნებას გიჩენთ, ირგვლივ კი სულ წყალია – წვეთა, დინება, ვარდნა. ამ ყველაფრის თავზე წარმოქმნილი ექოთი თქვენ გიჩნდებათ ილუზია, რომ ვიღაც გამუდმებით ლაპარაკობს. ეს ხმა ძალიან რეალურია.

თეგები: 
მიწისქვეშეთი მიკრობიოლოგი საქართველო ნესტი სიღრმე გამოქვაბული მოგზაურობა უნივერსიტეტი ბიოლოგია ჭა შუქურა გვირაბი ყნოსვა ლაბირინთი
01.03.16
zaza185
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია