რისკიანები >

გრანდიოზული ფოტოები
მელოდი კრამერი
მარკო გრობი

JR-მა გაზაფხულის სამი კვირა ტაიმს-სკვერში ვაგონში გაატარა. ფრანგი მხატვარი საკვების ნაცვლად გამვლელებს უზარმაზარ ფოტოებს სთავაზობდა. ფოტოზე გამოსახულ სუბიექტებს (შემთხვევით შერჩეულ ნიუ-იორკელებს) შეეძლოთ საკუთარი პორტრეტები შინ წაეღოთ ან ქუჩებში გაეკრათ. JR,რომელიც სახელს არ ამჟღავნებს, 13 წელია მთელ მსოფლიოში შენობების კედლებზე აკრავს სურათებს, ხშირად ისეთ ადგილებშიც კი, სადაც დაპატიმრების ან დეპორტაციის დიდი რისკია და მისმა ფოტოებმა შეიძლება პოლიტიკური დატვირთვაც კი შეიძინონ. ნაირობის (კენია) ერთ უბანში - კიბერაში ხელოვანმა ქალების პორტრეტები გადაიღო, შემდეგ ფოტოზე სახეები შუაზე გადაჭრა, ფოტოების ზედა ნაწილები მატარებლებს მიაკრა, ქვედა ნაწილები კი - ლიანდაგის ქვემოთ, ფერდობზე, გოფრირებული ლითონის ფურცლებზე მიამაგრა. მატარებელი რომ ჩაივლიდა, სურათები წამიერად ჩამწკრივდებოდნენ და ცხოვრების კიდეზე გარიყული ქალები სულ ერთი წამით მთლიანდებოდნენ.

თქვენ ისეთი ადგილების ფოტოები გადაიღეთ, რაც მანამდე არ გადაუღიათ...

ხელოვნების ხიბლი ისაა, რომ მას ყველგან შეუძლია შეაღწიოს. მიყვარს, როცა ხელოვნება ისეთ ადგილას ჩნდება, სადაც მის გამოჩენას არავინ ელოდება. მიხარია, როცა ვხედავ, როგორ აკრავენ ქუჩაში საკუთარ პორტრეტებს ის ადამიანები, რომლებიც მუზეუმშიც კი არ ყოფილან. ფოტოგრაფია ასეთ ადგილებში უნდა შევიდეს, რათა ის ყველამ ნახოს. რატომ არ უნდა მიიღოს ეს სიამოვნება ყველა ადამიანმა?

რა ნიშნით არჩევთ იმ ქვეყნებს, სადაც მოგზაურობას აპირებთ?

ყველა ის ადგილი, სადაც ვიყავი, ტელევიზიით მქონდა ნანახი და სურვილი გამიჩნდა, საკუთარი თვალითაც მეხილა. ჩემი მოგზაურობა იმ წელს იმ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამოძახილი იყო: კენიის ამბოხება, ახლო აღმოსავლეთში ყოველდღე რაღაც ხდება...

ოდესმე მარცხი თუ განგიცდიათ?

ჩრდილოეთ კორეაში ჩანაფიქრი ბოლომდე ვერ განვახორციელე. ზოგჯერ საზოგადოება შეგახსენებს, რომ ხელოვნებას ყველგან არ მიესალმებიან. კანონის დარღვევას არ ვცდილობ, უბრალოდ ხანდახან ჩემი საქმიანობა კანონის ფარგლებში ვერ ჯდება.

კუბაში მოგზაურობა როგორი იყო?

ფიდელის, ჩეს და რაულის პორტრეტების გარდა, ამ ადამიანებს სხვა პორტრეტი არ ჰქონდათ ნანახი. ეს შემთხვევით ფიდელის ან რაულის პორტრეტი ხომ არაა, ოღონდ სხვა რაკურსით გადაღებულიო, - მეკითხებოდნენ. „არა, ეს პაბლოა, იმ კუთხეში ცხოვრობს“, - ვპასუხობდი.

ინსტალაცია ბრუკლინში. JR მხატვარ დენიელ არშამთან ერთად მუშაობდა.

თეგები: 
ფოტო პორტრეტი ხელოვანი მოგზაურობა ინსტალაცია
25.09.13
zaza149
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია