რისკიანები >

60 წელი მწვერვალზე
მაშო სამადაშვილი
მამუკა კიკალიშვილი (კიკალა)

შოთა მირიანაშვილი - 77 წლის მთამსვლელი, საქართველოს მთამსვლელთა ფედერაციის პრეზიდენტი. ტრავერსების კლასში საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, არაერთგზის ჩემპიონი სასიმაღლო, კლდოვან და ტექნიკურ კლასებში. საერთაშორისო მასშტაბით ორ ათეულზე მეტი ექსტრაკლასის მარშრუტის ავტორი, 100-ზე მეტი ალპინიადის ხელმძღვანელი. აილამა, შხარა, ჯანღა, უშბა, წურუნგალა, პამირისა და ტიანშანის მთიანეთი... - ეს მის მიერ დალაშქრული მწვერვალებია.

პირველად როდის წახვედით მთაში?

17 წლის ვიყავი. უნივერსიტეტის ალპინიზმის კლუბიდან ყელის ტბის სათავეებთან წავედით. იქ დაუპყრობელ მწვერვალზე ავედით და მას “თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი” დავარქვით.

მას შემდეგ 60 წელია მთაში დადიხართ…

ასეა. ამ პერიოდში ჩემს მეგობართან, საუკეთესო ალპინისტ დიმიტრი დანგაძესთან ერთად 15 ათასზე მეტი ადამიანი წავიყვანე მთაში, მგონი რეკორდიც კია. მახსოვს, 2003 წელს ჩემმა მოსწავლემ ამერიკული ალპინისტური ჟურნალი ჩამომიტანა, რომელშიც ვრცელი სტატია იყო მსოფლიოს რთული მარშრუტების შესახებ: კავკასიონზე ყველაზე რთულ მწვერვალად შხარა იყო დასახელებული; იქ აღწერილი შვიდი ექსტრაკლასის მარშრუტიდან სამი ჩემი დალაშქრული იყო. ბოლო ინფორმაცია არ ჰქონდათ, რადგან ამასობაში ორი კიდევ უფრო რთული მარშრუტი დავამატე.

რისკიანი პროფესია გაქვთ, რა არის ალპინიზმში ყველაზე რთული?

ამ 60 წლის მანძილზე მთაში 40-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. 1980 წლის ექსპედიციაში ოთხი კაცი დამეღუპა, სავარაუდოდ, დაშვებისას მოწყდნენ... 70 მეტრიღა ჰქონდათ დარჩენილი. ბევრჯერ გავმწარებულვარ და მითქვამს: ეს ჩემი ბოლო მწვერვალი იქნება-მეთქი, მაგრამ როდესაც ჩამოდიხარ, თითქოს, ყველაფერი დავიწყებას მიეცემა და სეზონის მოახლოვებას ისევ გულისფანცქალით ელოდები...

რომელიიყო ყველაზე ძნელი მარშრუტი?

1979 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონატისთვის პამირში 6800-მეტრიანი მწვერვალი შევარჩიე. ეს მარშრუტი სასიკვდილოდ სახიფათოდ მიიჩნიეს და უარი მითხრეს. მწვერვალზე მაინც ავედით. გუნდის ერთ-ერთ წევრს პალოების ამოხრახნისას გული წაუვიდა და სამი ადამიანი ჰაერში აღმოვჩნდით. კიდევ კარგი არ თოვდა. ნამქერში ჩავცვივდით. საოცარია! გადავრჩით.

წელსაც აპირებთ მთაში წასვლას?

რა თქმა უნდა. წელს ქართული ალპინიზმისთვის საიუბილეო თარიღია: 1923 წელს ქართველ მთამსვლელთა ჯგუფი პირველად ავიდა მყინვარწვერზე. აგვისტოში 100-კაციანი ჯგუფით ისტორიულ მარშრუტს გავიმეორებთ.

თეგები: 
მწვერვალი მთამსვლელი ფედერაცია ჩემპიონი ალპინიადა უნივერსიტეტი მთა ალპინიზმი მარშრუტი ჰაერი მყინვარი
25.06.13
zaza146
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია