რისკიანები >

44 ათასი კილომეტრი ჰაერში
პეტ უოლტერსი
მარკო გრობი

ბარინგტონ ირვინგი 2007 წლის 27 ივნისს (23 წლის ასაკში) მაიამიში დაეშვა. მას შემდეგ ისყველაზე ახალგაზრდა (და პირველი აფროამერიკელი) მფრინავია, რომელიც სამყაროს გარშემო სოლო-ფრენებს ახორციელებს. სკოლაში ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავი იყო. ჯერ სულ რაღაც ერთი წელი იყო, რაც ავიაციას სწავლობდა, რომ უკვე სპონსორების ძიება დაიწყო ერთძრავიანი თვითმფრინავის დასამზადებლად, რომლითაც 44 000 კილომეტრს გაივლიდა. ირვინგი ამბობს, რომ თავისი მოგზაურობით ახალგაზრდების შთაგონება სურდა, რათა მათ საკუთარი უნარი გამოეცადათ და უფრო ძლიერები გამხდარიყვნენ. დღეს ის პილოტიცაა და მასწავლებელიც: საკუთარ გამოცდილებას ფლორიდელ ბავშვებს უზიარებს და მოსწავლეებს ეხმარება, ცაში თავიანთი აღმოჩენები გააკეთონ.

რატომ დაფრინავთ?

ფრენისკენ ზეცასა და მიწას შორის ყოფნის განცდა მიზიდავს. შენი სიცოცხლე ცასა და დედამიწას შორისაა გამოკიდებული. სხვა რა შეიძლება იყოს ისეთი, რაც ადრენალინს ასე ძლიერად მოგიზღვავებს და ამხელა სიმშვიდესაც მოგიტანს.

იქნებ გაიხსენოთ ის დრო, როდესაც ასეთი შერეული ემოციები გქონდათ...

ყოველ ჯერზე, როცა ამ ამბავს ვყვები, მბურძგლავს. ჩრდილო იაპონიიდან წამოვედი და ალასკას პაწაწინა კუნძულ შემიაზე უნდა გავფრენილიყავი. ძლიერი ტურბულენტობა იყო, ქარის სიჩქარე 70-დან 110-მდე კვანძი. ბოლო სამ საათში კი სერიოზული ყინულის შტორმიც დაიწყო. ავიახაზების პილოტები რადიოგადამცემით მიკავშირდებოდნენ: მანდ რა ჯანდაბას აკეთებ, უკან უნდა შეტრიალდეო, - მეუბნებოდნენ. მე კიდევ ჰაერში ვიყავი გამოკიდებული ამ ერთძრავიანი თვითმფრინავით. უკან მოსაბრუნებელი საწვავი არა მაქვს-მეთქი, - ვუთხარი. ჰოდა, ამ ადამიანებმა მშობლების სახელი და ტელეფონის ნომერი გამომართვეს, სხვა გამოსავალი არ არისო. კუნძულ შემიაზე დაშვებისას, ავზში 12 წუთის სამყოფი საწვავი მესხა. მაშინ მივხვდი, რომ რასაც ვაკეთებ, ჩემი მოწოდება და ვალია.

თქვენ გაქვთ სკოლა, სადაც ბავშვები მეცნიერებასა და საინჟინრო საქმეს ეუფლებიან...

მოწაფეებს თვითმფრინავი დავამზადებინეთ. ,,მგონი შემეშალა”, ,,ამაში დახმარება მჭირდება!” - ხშირად მესმოდა მათგან მუშაობის პროცესში. თვითმფრინავი რომ დავძარი, თავში დამკრა: ეს ხომ ბავშვების დამზადებულია! ნეტავ, რა მოხდება, ძრავმა რომ მიმტყუნოს?

მაგრამ ხომ გაფრინდა?

კი, რა თქმა უნდა. მშვენივრად გაფრინდა.

თეგები: 
ჰარი მაიამი მფრინავი სპონსორი თვითმფრინავი ფრენა ადრენალინი სიმშვიდე ემოცია ტურბულენცია შტორმი კუნძული
25.04.13
zaza138
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია