რისკიანები >

ყინულის მკვლევარი
პეტ უოლტერსი
მარკო გრობი

ლონი თომპსონი ბოლო 38 წელია მყინვარების მწვერვალებზე (პერუდან ჩინეთამდე) დაცოცავს და ყინულის სიღრმეებიდან უმნიშვნელოვანესი კლიმატური მონაცემები ამოაქვს. ასობით მეტრის სისქის მყინვარი შეიძლება ათასწლოვან ინფორმაციას შეიცავდეს: თოვლისა და მშრალი სეზონის მტვრის შრეებს. ზოგიერთის თქმით, თომპსონს 5500 მეტრის ზემოთ უფრო მეტი დრო აქვს გატარებული, ვიდრე სხვა ნებისმიერ ადამიანს, უკანასკნელი დათვლებით - 1099 დღე. მისი მონაცემებით, ჩვენი პლანეტა უპრეცედენტო სისწრაფით თბება. შედეგად დნება ყინული. მისი სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე სახიფათო საქმე კი ახალ, უაღრესად საჭირო დატვირთვას იძენს. თომპსონი ახლა ტიბეტისკენ მიეშურება. სჯერა, დედამიწაზე უძველეს ყინულს იქ აღმოაჩენს, შესაძლოა მილიონი წლის ყინულსაც კი.

უამრავი ადამიანი ადის 5500 მეტრის ზემოთ, მაგრამ თქვენ იქ კვირებს ატარებთ.

როცა ჰიმალაიზე დასუოპუს მყინვარი გავხვრიტეთ, იქ ექვს კვირას გავჩერდით, 7000 მეტრზე. მთამსვლელები ასე არ იქცევიან.

ბევრი გამოწვევა უნდა გქონდეთ...

ექვსი ტონა დასაბანაკებელი და გასაბურღი აღჭურვილობის ატანა 7000 მეტრზე. ეს ერთი პრობლემა, მეხი – მეორე. ანუ იმის თქმა მინდა, რომ ზემოთ ატანილი გაქვს ბურღი, რომელიც პრაქტიკულად ყველაზე დიდი მეხამრიდია მსოფლიოში. მქონია შემთხვევა, როცა ჩემ წინ 3 მეტრში მეხი ჩამოვარდა. კიდევ არის ზვავები, შტორმები, ქარი. შეიძლება სამი-ოთხი დღით სადმე გაეჩხირო ან ქარმა კლდიდან გადაგაგდოს. ვგრძნობ, რომ გამიმართლა, რაკი 64 წლამდე მოვაღწიე.

გასულ წელს გული გადაგინერგეს.

მთები რომ არ დამელაშქრა, გულის პრობლემები მაინც მექნებოდა? ვინ იცის?! მამაჩემი გულის შეტევით გარდაიცვალა, ეს გენეტიკურია. იქნებ ამდენ ხანს იმიტომ ვცოცხლობ, რომ მთებზე დავძვრები.

რატომ არ წყვეტთ მუშაობას?

როცა პერუში კველკაიაზე ვბრუნდები, სადაც 26-ჯერ ვარ ნამყოფი, ისეთი შეგრძნება მიჩნდება, თითქოს კიბოთი მომაკვდავ პაციენტს მოვინახულებ. მოგეხსენებათ, უიმედო ვითარებაა, უყურებ, როგორ დნება სანთელივით. ჩემი სამუშაო გადარჩენის უიმედო მცდელობაა. ისღა შემიძლია, ისტორიას შემოვუნახო „პაციენტის“ ბოლო წამები.

ერთხელ თქვით, რომ მხოლოდ მონაცემები ადამიანის ქცევას ვერ შეცვლის.

ადამიანის ბუნებაა, რომ მხოლოდ დღევანდელი პრობლემა დაინახოს. როცა ხანძრების, გვალვების, ტორნადოების შედეგად ადამიანები თავიანთ სახლებსა თუ მოსავალს კარგავენ, როცა იმ ყველაფერს კარგავენ, რისთვისაც უშრომიათ, – მხოლოდ მაშინ ამბობენ, ვაიმე, ეს რა ხდებაო. არადა, უკვე დავზარალდით. იმედია, ეს მიდგომა სწრაფად შეიცვლება. შეიძლება ერთ ღამეშიც კი შეიცვალოს...

თეგები: 
ყინული მყინვარი ყინული კლიმატი თოვლი მტვერი პლანეტა ტიბეტი დედამიწა ჰიმალაი მთამსვლელი მეხამრიდი გადანერგვა გადარჩენა ბუნება პრობლემა
25.01.13
zaza134
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია