რისკიანები >

ექიმი ომის ზონაში
პეტ უოლტერსი
მარკო გრობი

ჯილ სიმენი მრავალი წლის განმავლობაში ცდილობდა, სამხრეთ სუდანში ალყაში მყოფ ადამიანებამდე თანამედროვე მედიცინა მიეტანა. ის 1989 წელს ჩავიდა აფრიკაში გამძვინვარებული ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ეპიდემიის, ვისცერალური ლეიშმანიოზისა (ხორცისმჭამელა პარაზიტული დაავადება, სახელად „კალა-აზარი“) და სასტიკი სამოქალაქო ომის დროს. დღეს ომი დასრულებულია, სამხრეთ სუდანმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა და ეპიდემიაც დაცხრა. მაგრამ ძალადობა, ავადმყოფობები და შიში კვლავ ანადგურებს რეგიონს, რომელიც სიმენის მეორე სამშობლოდ იქცა.

რა ვითარება იყო მაშინ, როდესაც ჩახვედით?

ნახევარზე მეტი მოსახლეობა რეგიონში უკვე დაღუპული იყო. ისეთ სოფლებში მოხვდებოდი, სადაც ერთ ცოცხალ ადამიანსაც კი ვერ გადაეყრებოდი. დაინახავდი ხანძრისგან დარჩენილ ფერფლს. შეიძლება ძვლებზეც კი გაგევლო. იქ არავინ იყო. სიჩუმე სუფევდა, ეს შემზარავი იყო და დამთრგუნველი.

სიკვდილის ყველა მიზეზს უნდა შებრძოლებოდით. მტრის აღწერა შეგიძლიათ?

„კალა-აზარი“ ფლებოტომუსის (ლეიშმანიოზის გადამტანი მწერი) ნაკბენით გადადის, გეწყებათ ციებ-ცხელება, სისუსტე, ელენთა დიდდება. მრავალი კვირის მერე კვდები. 1989 წელს, როცა სამხრეთ სუდანში ჩავედი, უდაბნოში მცხოვრებ პაციენტებს არავინ მკურნალობდა. საჭირო გახდა კვლევა, რათა უდაბნოს პრიმიტიულ ქოხებს გარეთ მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტირება და მკურნალობა ჩაგვეტარებინა. ჩვენი კვლევების უმეტესობა სწორედ ამ საკითხებისადმი იყო მიმართული.

თუმცა ბოლო ოცი წლის განმავლობაში დაავადების აღმოფხვრა მოახერხეთ...

მთლად ასეც არაა. მაშინდელ ეპიდემიას დღევანდელს ვეღარ შეადარებ, რადგან ჯანდაცვა არსებობს. მაგრამ ბოლო სამი წლის მანძილზე კიდევ ერთი აფეთქება გვქონდა. გასულ წელს 2500 პაციენტს ვუმკურნალეთ. ეს დიდი რიცხვია.

დაბომბვისას თქვენი კლინიკა დაიწვა. და მაინც ამბობთ, რისკიანი არ ვარო...

არა ვარ. სერიოზულად გეუბნებით. ჯანდაცვის საკითხებისა და სუდანის მიმართ განსაკუთრებულად სათუთი დამოკიდებულება მაქვს. ბევრი თავზარდამცემი ამბის მოყოლა შემიძლია. ჩვენგან ჩრდილოეთით მდებარე ქალაქში ხოცვა-ჟლეტას რამდენიმე საათში ალბათ 200 ადამიანი შეეწირა. ხალხს უბრალოდ ესროდნენ – ესროდნენ ქალებს, რომლებიც სარეცხს რეცხავდნენ. მაგრამ ეს არაა ჩემი აქ ყოფნის მიზეზი.

მაგრამ თქვენ იქ ხართ და ეს სარისკოა. ასე არაა?

საქმე ისაა, რომ რისკზე მე არ მივდივარ. რისკზე ყველამიდის. ცხოვრება რისკია. ყველამ, ვინც იქ ცხოვრობს, იცის, რომ სიცოცხლე ერთ საათში შეიძლება დამთავრდეს. მიუხედავად ამისა, ისინი ცხოვრობენ და ხარობენ. მე კი მილიონობით ადამიანთან მაქვს შეხება და იმედია, მათ ვეხმარები. ბედმა ამაზე მეტად როგორ უნდა გამიღიმოს?

თეგები: 
ექიმი ომი მედიცინა ეპიდემია ხანძარი პაციენტი დიაგნოსტირება კვლევა დაავადება კლინიკა
25.01.13
zaza132
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია