ფოტოამბავი >
ფოტოამბავი
ობიექტივში და კადრს მიღმა
ფოტოამბავის
შესახებ
ეს ფოტოგრაფი ალასკის ყინულში საინტერესო ფორმებს პოულობს, რომლებიც კლიმატის ცვლილებაზე მიუთითებს.
01.03.20
ყინულში დაფიქსირებული
ავტორი: პატრისია ედმონდსი
ფოტოგრაფი: !აირჩიეთ!

ფოტოგრაფი ყინულის ქვეშ ბუშტების შთამბეჭდავ ფორმაციებს ხედავს, რომლებიც კლიმატის ცვლილებაზე მიუთითებს.

ყოველ წელს რიოტა კაჯიტა ალასკაში ზამთრის პირველი ყინულის სანახავად მიემგზავრება. კაჯიტას, ფერბენქსში მცხოვრებ იაპონელ ფოტოგრაფს, სჯერა, რომ „ყველაფერი, ისიც კი, რაც უმნიშვნელოდ გვეჩვენება, ჩვენი პლანეტის სასიცოცხლო საკითხებს უკავშირდება“. მაგალითისათვის მას ტბებისა და ტბორების ყინული მოჰყავს.

კაჯიტა თავისი პროექტისთვის „ყინულის ფორმაციები“ ფოტოებს 2010 წლიდან იღებს. მრავალ მათგანზე მეთანისა და ნახშირორჟანგის გაყინული ბუშტებია აღბეჭდილი. მათი არსებობა კაჯიტას ადარდებს: დედამიწის ჩრდილოეთ რეგიონების დათბობასთან ერთად მარადმზრალი ნიადაგის ლღობა ჩქარდება, რაც მეტი მეთანის – მავნე სათბურის აირის გამოთავისუფლებას იწვევს. კაჯიტა იმედოვნებს, რომ ადამიანები, რომლებიც ამ ფოტოებს ნახავენ, „ბუნებასთან კავშირს იგრძნობენ“.

მისი ფოტოპროექტის, „ყინულის ფორმაციები“ მეცნიერული განმარტება კაჯიტამ Life-Framer.com-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ჩამოაყალიბა: „ფორმაციების უმრავლესობა გაყინული აირის – მეთანისა და ნახშირორჟანგის – ბუშტებია. წყალი ზედაპირიდან სიღრმისკენ ნელ-ნელა იყინება და აირებს იმწყვდევს“. ყინულის ზედაპირზე თრთვილისა და თოვლის კრისტალები დამატებით მოცულობას ქმნის.
გადაღებული ყინულქვეშა ფორმაციების დიამეტრი 25-დან 75 სანტიმეტრამდეა. კაჯიტას აშინებს ის, რასაც ისინი მოასწავებენ. მისი თქმით, „იმის გამო, რომ მეთანი სათბურის ეფექტის ერთ-ერთ მთავარ გამომწვევად ითვლება, მეცნიერები ალასკაში ამ გაყინული ბუშტებისა და კლიმატის გლობალური ცვლილების ურთიერთკავშირს იკვლევენ“.
კაჯიტა ამბობს, რომ „ყინულის ორნამენტების პოვნის დრო მოკლეა, რადგანაც თოვლი მალე ფარავს ყველა ზედაპირს“.
თეგები: 
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია