ფოტოამბავი >
ფოტოამბავი
ობიექტივში და კადრს მიღმა
ფოტოამბავის
შესახებ
საბადურის ტყით დაბურულ, მიხვეულ-მოხვეულ უღელტეხილს რომ გადაივლი, თიანეთის გზაზე ერთ-ერთი პირველი სოფელი ღულელები გხვდება, რომელიც გაშლილ ველზე მდებარეობს და წინ თვალუწვდენელ ჰორიზონტს გიშლის.
01.09.19
უსასრულო გზები
ავტორი: ნათია ლიქოკელი
ფოტოგრაფი: ბილი (დავით) ბილიხოძე

ამბავი

წელიწადის დროები, უსასრულო გზები და საქართველო ჩიტის საფრენი სიმაღლიდან

„პარიზი ჩიტის საფრენი სიმაღლიდან“ – ასე ჰქვია ვიქტორ ჰიუგოს რომანის „პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის“ ერთ-ერთ თავს. მახსოვს, ამ თავს რომ ვკითხულობდი, ძალიან მიკვირდა, რანაირად მოახერხა ავტორმა XIX საუკუნის დასაწყისში პარიზის ჩიტის საფრენი სიმაღლიდან ასე დეტალურად აღწერა-მეთქი. ჩემს ბავშვურ წარმოსახვაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჰიუგოს უნარმა, აღეწერა ის, რასაც რეალურად მაშინ ვერაფრით ნახავდა და ჰიუგოსეული „პარიზი ჩიტის საფრენი სიმაღლიდან“ განსაკუთრებით კარგად დამამახსოვრდა.

ერთ მშვენიერ დღეს ჩვენმა არტრედაქტორმა, რუსო ყიფიანმა, ფოტოგრაფ ბილის (დავითი) დრონით გადაღებული კადრები მაჩვენა. „საქართველო ჩიტის საფრენი სიმაღლიდან“ – გავიფიქრე და ყველაზე მეტად იმან დამაინტერესა, ნეტა ჰიუგოს რომ დღეს ეცხოვრა, რანაირად დაწერდა იმ თავს-მეთქი. თუმცა ჰიუგო იქით იყოს და ბილის მართლაც ძალიან საინტერესო ფოტოსესია გამოუვიდა და, როგორც აღმოჩნდა, მისთვისაც სწორედ ჩიტის საფრენი სიმაღლე ყოფილა საკვანძო ინტერესი: „ჩემთვის დრონის აფრენა ყოველთვის ფრენასთან ასოცირდება, – მითხრა მან, – სულ სხვანაირად ჩანს სიმაღლიდან ჩვენთვის ნაცნობი ადგილები. მანამდეც მილიონჯერ გამივლია საბადურის ტყის გზა და არასდროს მიფიქრია, რომ ის შეიძლებოდა სიმაღლიდანაც ასეთი ლამაზი და მისტიკური ყოფილიყო“. ბილის სერპანტინების გადაღებაც უყვარს, რადგან საქართველოს რთული რელიეფი ყოველთვის რაღაც განსაკუთრებულს სთავაზობს.

ასე რომ, წარმოგიდგენთ მრავალფეროვან საქართველოს – ჩიტის საფრენი სიმაღლიდან!

ალპურ ზონაში ბალახს განსაკუთრებული სიხასხასე აქვს, ასეა ჯვრის უღელტეხილზეც, რომელიც სტეფანწმინდისკენ მიმავალმა უნდა გაიარო. ამ ფოტოზე ალპური ბალახის, კლდეში გაჭრილი გზის და მომიჯნავე ტონების გრადაცია საინტერესო გრაფიკულ ნახატს იძლევა.
რაჭისა და ლეჩხუმის დამაკავშირებელი ორბელის ციცაბო უღელტეხილი ისე მიიკლაკნება შემოდგომის ტყეში, ერთი შეხედვით შეიძლება იფიქრო, ქვეწარმავალიაო. ცაგერი-ამბროლაურის გზაზე გადაღებული ეს ფოტო კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ შემოდგომის გზას განსაკუთრებული ხიბლი აქვს.
სილამაზით ცნობილი საბადურის ტყე თბილისის ეროვნული პარკის სისტემაში შედის. მას ხშირად სტუმრობენ დედაქალაქის ხმაურითა და მტვრით დაღლილი ადამიანები, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ის ჩიტის საფრენი სიმაღლიდანაც წარმოუდგენელი სილამაზისაა. საბადურის ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაღებული ამ ზამთრის პეიზაჟების შემხედვარეს ძალაუნებურად ცნობილი მხატვრების ვირტუოზულად შესრულებული გრაფიკული ნამუშევრები გახსენდება – თითქოს, თითოეული დეტალი და შტრიხი წინასწარ ნაფიქრი და გააზრებულიაო.
თბილისის ზღვის სილურჯე, სანაპიროს გრადაციული ტონები, გზის მკვეთრი ზოლი და მის გასწვრივ ჩაყოლებული წიწვოვანი ხეები ეფექტურ ნახატს ქმნის.
თეგები: 
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია