ფოტოამბავი >
ფოტოამბავი
ობიექტივში და კადრს მიღმა
ფოტოამბავის
შესახებ
ჯორბუზების უმეტესობა, როგორც წესი, ხშირი ბეწვით დაფარულ მსხვილ, მტაცებელ ბუზს წარმოადგენს, თუმცა მათ შორისაც გვხვდება რამდენიმე განსაკუთრებული სახეობა. მაგალითად, Promachus leoninus-ი, რომლის ბეწვიან თავს ფანტასტიკურად მწვანე თვალები ამშვენებს.
08.05.19
მწერები გამადიდებელი შუშის ქვეშ
ავტორი:
ფოტოგრაფი: არმენ სეროპიანი

ენტომოლოგი კრისტოფერ ო'ტული თავის წიგნში „უცხოპლანეტელთა იმპერია“ წერს: „მწერების გარეშე ჩავიძირებოდით მკვდარ ორგანულ ნივთიერებაში“.

თქვენი აზრით, მწერები მხოლოდ უსიამოვნების წყაროს წარმოადგენენ? ისურვებდით ისეთ სამყაროში ცხოვრებას, სადაც „აბეზარი“ მეზობლები თავს არ დაგვესხმებოდნენ? თუმცა, სანამ გზად შემხვედრ ყველა მწერს ომს გამოვუცხადებთ, იქნებ ვცადოთ და ოდნავ მეტი შევიტყოთ მათ შესახებ?

ფოტოგრაფი გადასაღებ ობიექტს კარგად უნდა იცნობდეს – რთულია ღირებული კადრის გადაღება, თუკი მხოლოდ ბედის ამარა გაუდგები გზას აპარატით ხელში. ობიექტის შესწავლა პრაქტიკულად წარმატების ნახევარია – მინიმუმ ადგილსამყოფლის, აქტიურობის პერიოდისა და დამახასიათებელი ქცევის შესახებ უნდა მოვიძიოთ ინფორმაცია. ასე მაგალითად, მწერების უმეტესობა ფრენის ნამდვილი ვირტუოზია, ამიტომ თუკი მათთან ახლოს მიპარვა გვინდა, ჯობს, განთიადსა და დაისზე, ან ღრუბლიან და გრილ ამინდში ვცადოთ, მაშინ, როდესაც ისინი მშვიდად არიან. ზოგი მწერი შენიღბვის ნამდვილი ჯადოქარია და ტოტებს ან ქარზე მოლივლივე ბალახებს იმიტირებს.

მწერების მრავალრიცხოვან სამყაროში (ისინი დედამიწაზე არსებული ცხოველთა ბიომასის 50%-ს შეადგენენ!) თითქმის ყველა სახეობას განსაკუთრებული ადგილი უკავია. მაგალითად, ჩვენი საკვები პროდუქტების დაახლოებით 30% ფუტკრების მიერ მცენარეების გადამტვერვაზეა დამოკიდებული. მწერების დამსახურებაა მკვდარი მცენარეების, ცხოველებისა და მათი ცხოველქმედების პროდუქტების დაშლაც, ისინი მიწას ასუფთავებენ და ნიადაგს ამდიდრებენ გამოთავისუფლებული საკვები ნივთიერებებით, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს მცენარეთა ზრდას.

თუმცა, თუკი მაკროფოტოგრაფობას გადაწყვეტთ, ყველაზე მთავარი მაინც ისაა, რომ არავითარ შემთხვევაში არ მიაყენოთ ზიანი ბუნებას – ყველაზე იშვიათი და უნიკალური კადრიც კი არ ღირს თუნდაც ერთი პატარა მწერის სიცოცხლედ.

მაკრო კადრის გადაღება ზამთრის მზიან დღეებშიცაა შესაძლებელი. სწორედ ამ დროს გადააწყდებით ბალახებსა და ბუჩქების ტოტებზე მჯდომი ნემსიყლაპიის ერთ-ერთ სახეობას – Sympecma fusca.
მაისის თბილი წვიმის მოლოდინში მიწყნარებული ფოლადა გუტა (Macdunnoughia confusa) ვიზუალურად ძალიან წააგავს ფოლადა გამას (Autographa gamma), რომელსაც მებაღეები დიდად არ სწყალობენ.
ყველას გვსმენია ზაფხულის ჩახუთულ დღეს დამაყრუებელი ჭრიჭინი, მაგრამ ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ მას მეწყვილის მოსახიბლად მამრი ჭიჭინობელები გამოსცემენ. ფოტოზე მათი ერთ-ერთი ადგილობრივი წარმომადგენელია – მთის ჭიჭინობელა (Cicadetta montana).
გრძელი, ფართო და თითქოს ნაქარგი ფრთების მქონე ლომჭიანჭველა (Myrmecaelurus trigrammus) პატარაობაში ჭიანჭველების და სხვა მცირე ზომის უხერხემლოების ნამდვილი კოშმარია. ფხვიერ ნიადაგში ამოთხრილი ძაბრისებრი ხაფანგების ცენტრში მიმალული მომთმენი ლარვა მისი ნაპირიდან ჩამოგორებულ მსხვერპლს ელოდება, რომელსაც უკან ამოსვლის საშუალებას არ აძლევს და ძლიერი თავის მეშვეობით ქვიშის ან მიწის ნაწილაკებს ესვრის, რის შემდეგაც მას გრძელ და ძლიერ ყბებს შორის იქცევს.
ეფემერული მცენარეული საფარით დაფარული ნუცუბიძის პლატოს ხრიოკ ფერდობებზე ინიღბებიან ნამდვილი უცხლოპლანეტელები – ბუმბულულვაშიანი ემპუსები (Empusa pennicornis), რომელთა შენიღბვის ხელოვნება წარმოუდგენლად მაღალ დონემდეა აყვანილი. უცნაური გარეგნობის გარდა, ქარიან ამინდში ან გადაადგილების დროს, ახალგაზრდა ემპუსები ხმელი ბალახის მსგავსად ირხევიან.
წითელფეხა ჯორაბუზა (Stenopogon nigriventris) ნაყოფიერი შუადღის შემდეგ ისვენებს.
თეგები: 
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია