ფოტოამბავი >
ფოტოამბავი
ობიექტივში და კადრს მიღმა
ფოტოამბავის
შესახებ
სტეფან ლავუეს თქმით, ჩრდილო- აღმოსავლეთ სამეფოს შესახებ ფოტო- პროექტისთვის ხშირად მგზავრობდა ამ გზაზე და მეტ ირემს ნახულობდა, ვიდრე ადამიანს.
01.11.18
უჩვეულო სამეფო
ავტორი: არჩერ მეიორი
ფოტოგრაფი: !აირჩიეთ!

ექსცენტრიკულებისა და დამოუკიდებელი ადამიანების მიმართ კეთილგანწყობილ ადგილს ეძებთ? ვერმონტის ეს სამეფო სცადეთ.

ვერმონტის ჩრდილო-აღმოსავლეთ სამეფოს შორეულ კუთხეებში ერთი ადათი არსებობს. როდესაც უცხო ადამიანის სახლთან მიხვალთ, უნდა სიგნალი მისცეთ და მანქანიდან გადმოსვლამდე ცოტა ხანი მოიცადოთ, რომ ძაღლებმა აგწონ-დაგწონონ. ეს ზრდილობის ერთგვარი ფორმა და არც ისე ცუდი აზრია.

ადგილობრივები იქაურობას უბრალოდ სამეფოს ეძახიან. ისეთ განსხვავებულ, შიგადაშიგ არაკეთილმოსურნე და თავისუფლად მოაზროვნე შტატშიც კი, როგორიც ვერმონტია, სამეფო განსაკუთრებულ ადგილს იკავებს.

სამეფო დაახლოებით 5180 კვადრატულ კილომეტრს იკავებს, სამი ოლქისგან შედგება და 64 000 მცხოვრებზე ნაკლები ჰყავს. ტერიტორიის დაახლოებით 80% ტყეა და დანარჩენი ვერმონტისგან ბევრი რაღაცით განსხვავდება – პირქუში ცის ქვეშ მოყოლილი, ყინულით ნაქარგი უძველესი გეოლოგიური ეპოქის ტექტონიკური კოლაჟი.

ამბობენ, რომ ამ ცივ ადგილას კანონს უფრო ნაკლები საქმე აქვს წესებთან, ვიდრე პირად ღირსებასთან, რომლებიც მხოლოდ ხანდახან ემთხვევა ერთმანეთს.

სტეფან ლავუემ, ბრეტანში მცხოვრებმა ფრანგმა, სამეფო მეგობრებთან ვიზიტისას აღმოაჩინა და თავის პროექტად აქცია. მის მიერ გადაღებული ადამიანები სამეფოს მცხოვრებლების არქეტიპებია.

რაც აქვთ – იმყოფინებენ; რისი ყიდვაც არ შეუძლიათ – გააკეთებენ; არ არიან არაკეთილმოსურნე გარემოთი დათრგუნულები. სამეფო არჩევანია, ექსცენტრიკული და თავისუფალი ადამიანების თავშესაფარი.

როდესაც რედაქტორმა მკითხა, ვიცნობდი თუ არა ყოველდღიურობის მუზეუმს (მე-17 გვერდზე), ვუთხარი, რომ არა, მაგრამ არ გამიკვირდებოდა, ცარიელი თუ იქნებოდა – ვიხუმრე. გაირკვა, რომ ასეთი მუზეუმი მართლაც არსებობს და იქ ყოველდღიური საგნები – ქინძისთავით დაწყებული, ასანთის ღერით დამთავრებული – ყველაფერია გამოფენილი.

და მაინც, ხაზგასმული უცნაურობის შესაბამისად, ის შეიძლებოდა ცარიელიც ყოფილიყო. აქ მცხოვრებლებს შეიძლება არ ჰქონდეთ ფული, მაგრამ ხშირად ირონიით არიან მდიდრები.

სამაგალითო ვერმონტელი არჩერ მეიორი, შტატის მთავარი სამედიცინო ექსპერტის ბიუროს გამომძიებელია. ჯილდოს მფლობელი ავტორია კრიმინალური რომანებისა, რომლის მიხედვით გადაღებული სერიალის მთავარი გმირია ვერმონტელი დეტექტივი ჯო განთერი.

უილიამ ედი გარემოს დამცველი, რეჟისორი, ავტორი და მასწავლებელი იყო, რომელმაც „ჩემი ფანტაზია და სამეფოს რეალობა ერთმანეთთან დააკავშირა“, ამბობს ლავუე. იგი 2016 წელს, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ვერმონტელი მწერალი არჩერ მეიორი ჩრდილო-აღმოსავლეთ სამეფოს „ექსცენტრიკოსების თავშესაფარს“ უწოდებს. სამეფოს ერთ-ერთი მუზეუმი ყოველდღიურ საგნებს ეძღვნება.
სამეფოს კიდევ ერთი მუზეუმი ველური ცხოველების ფიტულებს ეთმობა.
ლავუე ადგილობრივებს სახელებს უგონებდა. ჯოზი ენ მონრო, მშვილდით მონადირე, რომელიც ყასბის ხელობას სწავლობდა და მუშაობდა, „ჩემი პრინცესა იყო“.
ქვრივი პენსიონერი ემელია ლარამი შეშას ჩეხავს, რომელსაც სახლის გასათბობად და საკვების მოსამზადებლად იყენებს. ლავუემ მას „ტყისმჭრელი ქალი“ შეარქვა.
თეგები: 
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია