ფოტოამბავი >
ფოტოამბავი
ობიექტივში და კადრს მიღმა
ფოტოამბავის
შესახებ
Asianellus festivus-ი მხტუნავი ობობების (Salticidae) ოჯახს მიეკუთვნება, რომლის წარმომადგენლებს ობობებს შორის ყველაზე მახვილი მხედველობა აქვთ. წინა თვალების ორი წყვილი ნადირობის დროს ფოკუსირებასა და მსხვერპლამდე მანძილის შეფასებაში ეხმარება, ხოლო დანარჩენი ორი წყვილი – პოტენციური საფრთხის დროულად დაფიქსირებაში.
01.09.18
ობობების შთამომავლობაზე ზრუნვის თავგანწირული მეთოდები
ავტორი: არმენ სეროპიანი
ფოტოგრაფი:

მშობლის სიყვარული ან, თუ გნებავთ, ინსტინქტი, ახასიათებს არა მარტო რთულად მოწყობილ ორგანიზმებს, არამედ უამრავ ცოცხალ არსებას. მისი გამოვლენის ამსახველ ფაქტებს ხშირად გადავაწყდებით ერთი შეხედვით სრულიად უემოციო და მარტივ ცხოველებში.

ველურ ბუნებაში, ყველაზე მნიშვნელოვანია საკუთარი კვალის, ანუ შთამომავლობის დატოვება. ამიტომ დედა ობობებმა ამ საჭირბოროტო საკითხის გადასაჭრელად რამდენიმე გზა მონახეს. ყველაზე ცნობილი დედა ობობები ე.წ. მგელი ობობების (Lycosidae) ოჯახის წარმომადგენლები არიან. კვერცხდების შემდეგ მდედრი მგელი ობობა საკვერცხე პარკს მუცლის ქვეშ იმაგრებს და თან დაატარებს პატარების გამოჩეკამდე. ამ პერიოდის განმავლობაში მზრუნველი მშობელი არაფრით იკვებება და თავდადებით იცავს საკვერცხე პარკს მტრებისა და უამინდობისგან, ხოლო ახალგამოჩეკილი შვილები სიცოცხლის პირველ რამდენიმე დღეს მის ზურგზე შეგროვილები ატარებენ. ცოტა ხანში ისინი დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებენ, ღონეგამოცლილი დედა კი მალევე კვდება.

შავი ერეზუსი (Eresus kollari) კი ნამდვილ მეოჯახედ გვევლინება. მამრი რჩეულ მდედრს საკუთარ მიწისქვეშა ბუდეში ცხოვრების უფლებას აძლევს. ისინი ერთად ნადირობენ და შეხმატკბილებულად ცხოვრობენ. ასეთი ურთიერთობები ობობებში ძალიან იშვიათია, თუმცა ერეზუსის უნიკალურობა მხოლოდ ამაში არაა: საკვერცხე პარკის სადარაჯოზე მყოფ რვათვალა და რვაფეხა მდედრს არაფერი ეპარება. პატარების გამოჩეკამდე რამდენიმე წუთით ადრე მდედრი საკვერცხე პარკში ნახვრეტს აკეთებს, საიდანაც დედამიწას ახალშობილები ევლინებიან. ორი კვირის განმავლობაში მზრუნველი მშობელი პატარებს პირიდან აჭმევს გარკვეული პროცესების შედეგად თხევად მასად გადაქცეულ საკუთარ შინაგან ორგანოებს! ცხადია, მსგავსი თავდადების შემდეგ მშობელი მალე კვდება, ახალი თაობა კი განაგრძობს დედის ნარჩენებით კვებას. ამ ფენომენს მატრიფაგია ანუ “დედით კვება“ ეწოდა. “ყველაფერი შვილებისთვის!“ – ასეთი დევიზით შეიარაღებული ობობები ნამდვილად იმსახურებენ ჩვენს სიმპათიას.

სამეგრელოში ნაპოვნი ხარიტონოვის ტარანტულის (Geolycosa charitonovi) მდედრი თავგანწირვით იცავს ცისფერ საკვერცხე პარკს.
ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული Atypus muralis-ი თავის ხანგრძლივ (8 წელი) სიცოცხლეს მიწისქვეშა ბუდეში ატარებს. ნადირობაში მას ბუნაგის მიწისზედა ნაწილი ეხმარება, რომელსაც წინდის ფორმა აქვს და მარტივად იკრობს უყურადღებო მწერებს. აფხაზეთში მობინადრე ობობა გასულ წელს თბილისშიც აღმოვაჩინე.
Cheiracanthium punctorium-ი აქტიურად იცავს საკუთარ შთამომავლობას;
შავი ერეზუსი (Eresus kollari) მრავალ ქვეყანაშია დაცული კანონით და საერთაშორისო წითელ ნუსხაშია შეყვანილი. ოდესღაც ფართოდ გავრცელებული სახეობა, უკონტროლო ხოცვის გამო, დღეს გადაშენების საფრთხის წინაშე დგას. მდედრი ობობა მკვეთრად განსხვავდება ამავე სახეობის მამრისაგან.
შავი ერეზუსის მამრს ინგლისურენოვან ქვეყნებში შეფერილობის გამო ჭიამაია ობობას ეძახიან.
თეგები: 
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია