ფოტოამბავი >
ფოტოამბავი
ობიექტივში და კადრს მიღმა
ფოტოამბავის
შესახებ
ჩუკოტკის ზღვაში მდებარე ვრანგელის კუნძულზე მზე ჩადის. ჩრდილოეთის ირმის რქების ჩარჩოში ნორჩი არქტიკული მელაა მოქცეული. ვრანგელი ერთ-ერთია რუსეთის 105 მკაცრად დაცული ნაკრძალიდან, რომლებშიც ადამიანების შეშვება მკაცრად რეგულირდება.
01.07.18
რუსეთის ხელუხლებელი საგანძური
ავტორი: ივ კონანტი
ფოტოგრაფი: სერგეი გორშკოვი

რუსეთის ეკოლოგიის მძიმე ისტორიაში ერთი მოულოდნელობა იმალება: 34,6 მილიონი ჰექტარი ხელუხლებელი მიწა.

ბოლო ასი წელია რუსეთი ცდილობს, ადამიანი არ მიაკაროს ველურ ბუნებას და ამ გზით დაიცვას ის.

რუსეთის მღელვარე XX საუკუნის ნაკლებად ცნობილი მემკვიდრეობა დაცული ტერიტორიების სიმრავლეა. მათ შორის ზოგი ისეთი შორეული და მიუდგომელია, რომ ძალიან ცოტა რუსს თუ დაუდგამს იქ ფეხი.

სანამ უკანასკნელი მეფე ნიკოლოზ II იძულებული იქნებოდა ტახტიდან გადამდგარიყო 1917 წელს, ციმბირში, ბაიკალის ტბასთან შექმნა ქვეყნის პირველი მკაცრად დაცული ნაკრძალი. ბოლშევიკმა რევოლუციონერებმა ნოკოლოზ II მალევე დახვრიტეს და იგი ვერ მოესწრო მისი წამოწყების წარმატებას: ნაკრძალის წყალობით გადარჩა სიასამური, რომელიც ბეწვის გამო იმპერატორის ოჯახში ძვირად ფასობდა და ამიტომ „რბილი ოქრო“ უწოდეს.

რუს ბუნების დამცველებს სურდათ რუსეთის ახალდაარსებული ნაკრძალები ადამიანებისაგან დაეცვათ და მათ პირველყოფილი ბუნების ხელუხლებელი ლაბორატორიის სახე ჰქონოდა.

დღეს, უამრავი გარემოსდაცვითი ბრძოლის შემდეგ, რუსეთს 70,3 მილიონი ჰექტარი ფედერალურად დაცული ტერიტორია აქვს. მათ შორის 34,6 მილიონი ჰექტარი მოდის 105 ნაკრძალზე, რომელიც აკმაყოფილებს ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) უმაღლეს სტანდარტს – Ia კატეგორიას – „სადაც ადამიანის სტუმრობა, სარგებლობა და ზემოქმედება მკაცრად კონტროლდება და შეზღუდულია“. არც ერთ სხვა ქვეყანაში არ არის ასე მკაცრად დაცული მიწა.

სერგეი გორშკოვი თითქმის ოცი წელია იღებს ამ ველურ ბუნებას და აღბეჭდავს იშვიათ ვულკანურ ამოფრქვევებს, შეხვედრებს ადამიანს შეუჩვეველ ცხოველებთან თუ არქტიკული სანაოსნო გზების სეზონურ ლღობას. მისი ნამუშევარი გვახსენებს, თუ რა მშვენიერ შედეგს ვაღწევთ, როდესაც ბუნებას არ ვაწუხებთ.

ციმბირის არქტიკულ ზონაში მდებარე პუტორანის ნაკრძალში მდინარე კურეიკა იწყებს გაყინვას. უგზო ნაკრძალს წელიწადში მხოლოდ რამდენიმე ასეული სტუმარი ჰყავს.
კამჩატკის ნახევარკუნძულზე კლიუჩევსკოის ეროვნულ პარკში, ბრტყელი ტოლბაჩიკის თოვლიან მწვერვალთან ახლოს ორი ლავური ნაკადი ერწყმის ერთმანეთს.
ხვრელიდან გამოჟონილი წყალი ლამის ტბის, წყალმცენარეებით შეფერილ, გაყინულ ზედაპირზე იტოტება. პუტორანის პლატოზე ათასობით ტბა და ჩანჩქერია. ფოტოგრაფ სერგეი გორშკოვის თქმით, როდესაც ამ შორეულ რეგიონში გაზაფხული მოდის, „წყალი მთავარი მხატვარი ხდება“.
პუტორანის ნაკრძალში კანდინსკის ჩანჩქერი 208 მეტრიანი პუტორანის პლატოდან კანიონში ეშვება. ჩრდილოეთის ირმის მიგრაციული მარშრუტი კვეთს ნაკრძალს, სადაც ასევე ბინადრობს ლოსი, მგელი, სამურავი, ციმბირული ცხვარი და მურა დათვი.
რუსეთის არქტიკულ ეროვნულ პარკში, აისბერგების თავზე, შავი ღრუბელი ჩამოწვა.
თეგები: 
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია