ფოტოამბავი >
ფოტოამბავი
ობიექტივში და კადრს მიღმა
ფოტოამბავის
შესახებ
აირინ სონია პოზირებს მილაიას – ზეწრის ფონზე, რომელიც დედამისმა სხვა მცირე ნივთებთან ერთად წამოიღო სახლიდან, როდესაც სამხრეთ სუდანიდან უგანდაში მიდიოდა.
01.05.18
ის რაც წამოიღეს
ავტორი: ნინა სტროქლიკი
ფოტოგრაფი: ნორა ლორეკი

ხანდახან ზეწარი ერთადერთი ნივთია, რომელიც მათი სახლიდან რჩება.

ომი როდესაც დაიწყო, ასობით ათასმა სამხრეთ სუდანელმა მიატოვა სახლი და მხოლოდ იმით წამოვიდა, რისი ხელით წამოღებაც შეძლო.

ფოტოგრაფი ნორა ლორეკი უგანდაში, სამხრეთ სუდანელების დასახლება ბიდიბიდიში ჩავიდა, სადაც თითქმის 300 000 ლტოლვილი აფარებს თავს. ის პირველივე დღეს მიუახლოვდა ცოტა ხნის წინ ჩამოსულ ქალს და ჰკითხა, რისი წამოღება მოახერხა სახლიდან. „ვერაფრის“, – უპასუხა მან, „გარდა ჩემს ზეწარში გახვეული ტანსაცმლისა“. „ზეწარი???“ – ლორეკი გაკვირვებით ინიშნავდა დღიურში.

2011 წელს ახალი ქვეყანა, სამხრეთ სუდანის რესპუბლიკა შეიქმნა. 2013 წელს ის უკვე სამოქალაქო ომში იყო ჩაბმული. 2016 წელს, როდესაც სამშვიდობო შეთანხმება დაირღვა, ლტოლვილების დიდმა ტალღამ უგანდის საზღვარი გადაკვეთა, სადაც მათ უფლება ჰქონდათ ემუშავათ, ფერმები ჰქონოდათ და სკოლაში ევლოთ. 2017 წელს მემილიონე ლტოლვილმა ისარგებლა მეზობელი ქვეყნის სტუმართმოყვარეობით.

როდესაც ლორეკმა ზეწრების შესახებ გამოიკითხა, ბიდიბიდის მცხოვრებლებმა თავიანთი მილაიები გამოუტანეს: ნაჭრები მოქარგული ორნამენტით, ჩიტებითა და ყვავილებით. ქალებს ზეწრების კერვა დედებისა და ბებიებისგან ჰქონდათ ნასწავლი. ზეწრებს იყენებდნენ საწოლზე გადასაფარებლად ან კედლებზე ჰქონდათ ჩამოკიდებული და ისინი ხშირად მზითვის ნაწილიც იყო.

ბევრი ლტოლვილისთვის მილაია ერთადერთი ნივთია, რომელიც მათ სახლიდან დარჩათ; ასევე მისი საშუალებით იღებენ ისინი მცირე, მაგრამ მაინც შემოსავალს. 38 წლის როუზ ჯონმა ბიდიბიდიში ქალები გააერთიანა; ისინი ერთად კერავენ და შემდეგ ყიდიან მილაიებს. „ეს გვაძლევს ერთად ყოფნის, ერთმანეთთან საუბრის, ფიქრების გაზიარების საშუალებას და ასევე შემოსავალს“, – უთხრა მან ლორეკს.

ამ დასახლებაში ქალები საკუთარ შვილებს უვლიან და ხშირად სხვებსაც ზრდიან. უმეტეს შემთხვევაში მათ ქმრები არ ჰყავთ; ისინი ან ომს შეეწირნენ ან სამხრეთ სუდანში დარჩნენ საბრძოლველად და სამშობლოს დასაცავად. ლტოლვილებს სახლში დაბრუნების იმედი თითქმის აღარ აქვთ.

ვიოლა კიდე, 22 წლის (ცენტრში). სამხრეთ სუდანიდან უგანდის საზღვრამდე ორი კვირა მიდიოდა ფეხით, მილაიაც თან მიჰქონდა. მან ჯერაც არ იცის, გაიქცნენ თუ არა მისი მშობლები და ძმები.
27 წლის ანჯელინა ნიაკუმი და მისი ქალიშვილი.
46 წლის ესთერ მინელა.
13 წლის გრეის მონია დედობილის მილაიას ფონზე.
25 წლის ანჯელინა ნიანუბა შვილებთან ერთად.
როუზ ჯონი შვილებთან, დისშვილებთან და შვილიშვილთან ერთად. მან გააერთიანა ქალები, რომლებიც კერავენ მილაიებს და მცირე შემოსავალს იღებენ.
ნაქარგი ზეწრები - მილაიები.
თეგები: 
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია