ფოტოამბავი >
ფოტოამბავი
ობიექტივში და კადრს მიღმა
ფოტოამბავის
შესახებ
სახლი ბერკლი-ლეინზე სისაიდ-პარკში (ნიუ-ჯერსი) თითქოს მზად არის ახალი ცხოვრების დასაწყებად: ხიმინჯებზე დადგმული სახლი ახალ საძირკველს ელის.
01.03.18
“ფეხებზე“ შემდგარი სახლები
ავტორი: აირა ვაგნერი
ფოტოგრაფი: აირა ვაგნერი

მას შემდეგ, რაც ქარიშხალმა „სენდიმ“ ნიუ-ჯერსის სანაპიროს გასწვრივ მდგარი სახლები ერთიანად გაანადგურა, ხალხმა მათი აღდგენა დაიწყო. მაღლა.

ჩვეულებრივი, მიწის ზედაპირზე აგებული მარტივი სახლები მაღლა, ჰაერში, სრულიად განსხვავებულად გამოიყურება.

მას შემდეგ, რაც 2012 წელს ქარიშხალი „სენდი“ თავს დაატყდა ნიუ-ჯერსის სანაპიროს, გადარჩენილი სახლების მეპატრონეებმა მათი დროებით `ფეხებზე“ შეყენება დაიწყეს. ზოგიერთმა ეს იმიტომ გააკეთა, რომ დაეკმაყოფილებინა მშენებლობის ახალი კოდექსი ან შეემცირებინა წყალდიდობისგან დაზღვევის ტარიფები; სხვებისთვის კი, ჩემი აზრით, ეს მხოლოდ გულწრფელი მცდელობა იყო, დარჩენილიყვნენ იქ, სადაც ფესვები ჰქონდათ გადგმული, გარემო პირობების მიუხედავად.

ნიუ-ჯერსის სანაპირო ზოლზე ქალაქები თითქმის 205 კილომეტრზეა ჩამწკრივებული. 2013 წელს ამ ახლებური სახლების გადაღება დავიწყე. ზოგადად, შენობებს მუდმივ ნაგებობებად აღვიქვამთ, მაგრამ როდესაც სახლის მიწაში ჩამარხვის, მაღლა აწევის, ბრუნვის, მოწყვეტის ან გადატყორცნის მომსწრე ხდები, ამ მოსაზრებას უკვე ეჭვქვეშ აყენებ.

ამ ფოტოპროექტზე მუშაობისას დავფიქრდი იმაზე, თუ რამდენად გონივრულად ვიქცევით? მიუხედავად მეცნიერების გაფრთხილებისა, რომ კლიმატის ცვლილებამ შეიძლება გამოიწვიოს ზღვის დონის აწევა და ამინდის განსაკუთრებული გაუარესება, ჩვენ ვაგრძელებთ აღდგენით სამუშაოებს „სენდის“ მსგავსი მოვლენების შემდეგ. უფრო მნიშვნელოვან კითხვაზე კი, არის თუ არა ზოგიერთი ადგილი უბრალოდ უსაფრთხო ან პრაქტიკული საცხოვრებლად, აღარც ვფიქრდებით.

ძლიერი ქარიშხლის შემოტევის დროს, ჩვენ ვხედავთ დრამატულ სურათებს და ისინი მთელი ძალით გვითრევენ ამ რეალობაში. ის, რაც შემდეგ ხდება, ნაკლებ ყურადღებას იქცევს, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია: ეს არის ადგილის ნანგრევებიდან გაწმენდის და საცხოვრებლის აღდგენის ჭუჭყიანი სამუშაო.

ზემოდან საათის ისრის მიმართულებით: ნიუ-ჯერსი, სახლები, რომლებიც გადაურჩა ქარიშხალ „სენდის“: ბრიქ-თაუნშიფში, უზარმაზარი სახლი თორმეტ საყრდენზე დგას; ტომს-რივერში, ავტოფარეხი ღია, მაგრამ მიუდგომელია, კლასიკურ კოლონიალური სტილის სახლს კი ჯერაც შემორჩა ერთი ბუჩქი; ლურჯად მოპირკეთებული სახლი ზემოდან გადმოჰყურებს თავის სამეზობლოს.
ყვავილები ფანჯრებზე დამაგრებულ ქოთნებში, მართალია, ხელოვნურია, მაგრამ ჩემთვის ისინი სახლის პატრონების მცდელობაა, დაუბრუნდნენ ნორმალურ ყოფას.
თეგები: 
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია