ფოტოამბავი >
ფოტოამბავი
ობიექტივში და კადრს მიღმა
ფოტოამბავის
შესახებ
გიდი რიჩარდ ეშბარნი (მეტსახელად „ცხენის სულზე მონადირე“) გრინ-რივერ-ლეიკს გაჰყუ-რებს. ბრიჯერ-ტიტონის ეროვნული ტყე.
01.04.16
მთის კაცი
ავტორი: ჯერემი ბერლინი
ფოტოგრაფი: !აირჩიეთ!

ყოველი წლის 4 ივლისს, კლდოვანი მთების ხეობაში ძველი ეპოქა ცოცხლდება. ბანაკში ცხოველის ტყავით შემოსილი თხუთმეტიოდე ჯმუხი გარეგნობის მამაკაცი შეკრებილა. ცხენები და ვირები ხეებზე მიუბამთ. კაჟითა და ფოლადის ხახუნით ისინი კოცონს აჩაღებენ და ბიზონის ხორცს აშიშხინებენ.

ვინ არიან ეს ტიპები?

ისინი ამერიკელი მთის კაცები არიან, რომლებმაც ბეწვეულით ვაჭრობის ძველი ტრადიცია აღადგინეს. 1800-1840 წლებში, ჩრდილოეთ ამერიკაში ეს ბიზნესი დიდი პოპულარობით სარგებლობდა, თუმცა შემდეგ დავიწყებას მიეცა. ეს ტყავშიგახვეული, ველური გარეგნობის მამაკაცები რეალურ ცხოვრებაში რესპექტაბელური ექიმები, ადვოკატები, ფოსტალიონები და სხვა პროფესიების წარმომადგენლები არიან. თუმცა, წელიწადში ერთხელ ისინი ერთი კვირით ცივილიზაციას სწყდებიან და უბრუნდებიან დროს, როდესაც ადამიანის ყოფა საკუთარი თავის გადარჩენისთვის ბრძოლა იყო.

ფოტოგრაფმა დევიდ ბარნემ ამ სტუმართმოყვარე კომპანიასთან ერთად ბოლო ორი სეზონი გაატარა. მათ აინტერესებთ, როგორ ცხოვრობდა ადამიანი თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე, როგორ და რა მეთოდებით იბრძოდა თვითგადარჩენისთვის.

American Mountain Men (AMM) – ასე ჰქვია ასოციაციას, რომლის წევრებიც ყველაზე უშიშარი, რისკიანი წინაპრების ნაკვალევს მიჰყვებიან და ძველი ტრადიციების შესწავლასა თუ მათ შენარჩუნებას ცდილობენ. ამ ცოდნას, ისინი შემდეგ სხვებსაც უზიარებენ.

დასავლეთში ბეწვეულით ვაჭრობა 1805 და 1806 წლებში ლუისისა და კლარკის მიერ მოწყობილი ექსპედიციებით დაიწყო. ხაფანგით მონადირეთა პირველი ყოველწლიური შეკრება 1825 წელს მაკკინონში (ვაიომინგი) გაიმართა. ეს საკმაოდ ხანგრძლივი და ხმაურიანი დღეები იყო. ამ შეკრებაზე დასასწრებად ჩამოსულ მთის კაცს შეეძლო ბეწვეული გაეყიდა, თავისი მარაგები შეევსო და ტყეში რამდენიმეთვიანი მარტოობის შემდეგ, კვლავ ხალხში გარეულიყო.

მე-19 საუკუნის შუა წლებში მოდა შეიცვალა და ბეწვეულით ვაჭრობა მინელდა. ამ საქონელზე მოთხოვნა შემცირდა და მასზე ფასებიც დაეცა. თუმცა, 1968 წელს ტრადიცია კვლავ აღდგა. უოლტ ჰეივორდმა და ლაშქრობასა და წარსულ ეპოქაზე შეყვარებულმა კიდევ ექვსმა ადამიანმა AMM-ი დააფუძნეს.

დღეს ეს ცნობილი ორგანიზაციაა, საკუთარი წარმომადგენლები ყველა შტატში ჰყავს, რომლებიც ყოველწლიურად ერთ დიდ შეკრებას ესწრებიან. „ისინი ყველანი მთის კაცის საერთო კოდექსს იცავენ, თუმცა, რეგიონალური განსხვავებები თვალსაჩინოა“, – ამბობს ხაფანგის დამგები და საზღვაო ფლოტის ყოფილი კაპიტანი „ტიო მიგელ“ მორგანი, რომელსაც ძია მაიკს ეძახიან.

„მაგალითად, მისისიპის აღმოსავლეთით, – ამბობს ის, – მთის კაცებს ხანგრძლივ მონადირეებს ეძახდნენ და მათ მაუდისა და მატყლის სამოსი ეცვათ. უფრო დასავლეთით კი, ჩვენ ცხოველის ტყავით ვიმოსებით და დასავლელი წინაპრების ოსტატობას ვეუფლებით: როგორ უნდა გაატყავო ონდატრა, იჯირითო, ისროლო დანა ან მართო ლამბაქის ფორმის ტყავშემოკრული ნავი“.

„პილიგრიმმა“, რომელიც AMM-ის წევრობას გადაწყვეტს, აუცილებლად უნდა გაიზიაროს ასოციაციის წესები და მისი წევრების რჩევა-დარიგებები. მიზანი აქ ყველას ერთი აქვს.

„ჩვენი ამოცანაა ისტორიის მაქსიმალურად სრულყოფილი დოკუმენტირება, რათა მომავალმა თაობებმა საკუთარი წარსული იცოდნენ“, – ამბობს მორგანი.

მონტანა. 55-კმ-იანი ჯირითის შემდეგ, რიკ ჰარსტი, მეტსახელად „არწივი“ (მდგომარე), სამ მთის კაცთან ერთად ბალახზე ისვენებს, იქვე ცხენები ძოვენ. მე-19 საუკუნის დასავლელი მთის კაცის კვალზე სიარული ცხენისა და მხედრისგან განსაკუთრებულ მომზადებას მოითხოვს.
ბეწვეულით ვაჭრობის ტრადიციის აღმდგენები
მთის კაცის ყოველწლიურ შეკრებებზე ქალები მკვიდრი ამერიკელებივით იმოსებიან.
ბეწვეულით ვაჭრობის ტრადიციის აღმდგენები
კონან ასმუსენი ისვენებს.
ბეწვეულით ვაჭრობის ტრადიციის აღმდგენები
მონტანაში რეილინ ეშბარნი თმას იწმენდს.
ბეწვეულით ვაჭრობის ტრადიციის აღმდგენები
კანზასში ყოფილ საზღვაო ფლოტის ტექნიკოს ლარი ჰენსონს ირმის ტყავი აცვია.
რაბის ველი (მონტანა). სკოტ ოლსენი დანტისტია. როცა მთის კაცია, მისი მეტსახელია „დოქტორი სპილოს ძვალი“. ის ძაღლთან ერთად თახვისთვის დაგებულ ხაფანგებს ამოწმებს.
თეგები: 
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია