ფოტოამბავი >
ფოტოამბავი
ობიექტივში და კადრს მიღმა
ფოტოამბავის
შესახებ
ხუხუის პროვინცია - სურიები კეჩუას თემის კულტურული ქვეჯგუფია. ამ ქალის შებუმბლული კოსტიუმი განასახიერებს ნანდუს – სურიების ფრინველს.
25.04.15
არგენტინული იდენტობა
ავტორი: მარკო ვერნასკი
ფოტოგრაფი: !აირჩიეთ!

არგენტინა კურთხეული მიწაა. მსურდა გამეკეთებინა პროექტი, რომელიც მის მრავალფეროვნებას დაგვანახებდა, ხელს შეუწყობდა კონსერვაციას და გამოაცოცხლებდა სოფლის თემებს. ამ პროექტის დასახმარებლად, შევქმენი ფონდი, სახელად ბიოფილია (biophilia-foundation.org), რაც სიცოცხლის სიყვარულს ნიშნავს.

მას შემდეგ, რაც აქ 10 წლის წინ გადმოვედი, ვნახე, თუ როგორ გახდა არგენტინის ეკონომიკა სულ უფრო დამოკიდებული გენმოდიფიცირებული სოიას ფართომასშტაბიან კულტივაციაზე. ეს კულტურის კუთხითაც ტრაგიკულია და ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისითაც. ვიგრძენი, რომ მდგრად მომავალზე ორიენტირება აუცილებელი იყო.

2013 წელს მეუღლესთან ერთად დავიწყე ქვეყნის გარშემო ხუთთვიანი მოგზაურობა; ვიმუშავეთ ფერმერებთან და საკვების მცირე მწარმოებლებთან, რათა შეგვერჩია რამდენიმე პროექტი არგენტინის ოთხ განსხვავებულ რეგიონზე: ჩრდილო-დასავლეთი ალტიპლანო, ჩრდილო-აღმოსავლეთი მესოპოტამია, გრან-ჩაკო და პატაგონია. ეს ფოტოსესია სწორედ ამ დროს შეიქმნა.

ნამდვილად მომბეზრდა უბრალოდ ღარიბ ფერმერთა ფოტოები, ამიტომ გადავწყვიტე, რომ აქცენტი მათ კულტურაზე გამეკეთებინა. სურის ჯგუფის ერთ გოგონასა და ორ დიაბლოს ვთხოვე, ტრადიციულ ან საკარნავალო სამოსში გამოწყობილიყვნენ. ასე გადავიღე მათი პორტრეტები.

ბიოფილიის ძირითადი მიზანია, დაეხმაროს ამ მკვიდრ ჯგუფებს, დაიცვან საკუთარი კულტურული მემკვიდრეობა და ეს საკუთარი ადგილობრივი წარმოებების განვითარებით გააკეთონ; აწარმოონ ისეთი ტრადიციული პროდუქტები, როგორებიც კარტოფილი, კინოა და ვიკუნიას მატყლია. ჩვენ კი იმედი გვაქვს, საკუთარი პროდუქტების კონკურენტუნარიან ბაზარზე გატანის საქმეშიც დავეხმარებით.

მთავარია, მოახერხო – თითოეული ჯგუფის პოტენციალი პირდაპირ მიმართო ბუნებრივი გარემოს გაუმჯობესებისკენ. ამავე დროს, გადამწყვეტია, რომ სერიოზული ანგარიში გავუწიოთ კულტურულ იდენტობასაც.

ამ თემებთან მუშაობა დიდი გამოცდილება იყო. თუ გულს ღიას ტოვებ და ყველა კულტურას პატივს სცემ, ყოველდღე აითვისებ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს.

მისიონესის პროვინცია - ჟაზი-პორა-გუარანის თემი ცხოვრობს არგენტინა-ბრაზილიის საზღვართან. მათი ესპანური სახელები კოლონიური წარსულის გამომხატველია. ფოტოზე ჰუგო მარტინესი თავის კოატასთან ერთად პოზირებს.
ხუხუის პროვინცია - დარიო გონზალესი და მისი შვილი ლოს-დიაბლოს ჯგუფს ეკუთვნიან. მათ სჯერათ, რომ ეშმაკს ძალუძს როგორც წყევლა, ისე მფარველობა.
ნეუკენის პროვინცია - იქ მაპუჩეები ცხოვრობენ. „ცოტანიღა დარჩნენ, - ამბობს ვერნასკი, - კოლონიალიზმმა ამ ხალხს მიწები წაართვა. ჩვენ გვინდა, მათ დაბრუნებაში დავეხმაროთ“. ბევრი მაპუჩეა მონადირე, სალვადორ კვინტრიკეოსა (მჯდომარე) და მისი ვაჟიშვილის, რიკარდოს, ჩათვლით.
ნეუკენის პროვინცია - მაპუჩეები ზრდიან თხებს, რომლებიც ამ რეგიონში თურქეთიდან შემოიყვანეს. პატაგონიაში მატყლი შემოსავლის ძირითადი წყაროა.
ნეუკენის პროვინცია - მაპუჩეთა საცხოვრებლებში, მარიტა ანდრეუსის (მდგომარე) სახლის მსგავსად, არც ელექტროდენია და არც წყალი.
ხუხუის პროვინცია - „ეს ამაყი გოგონა არაკელი დელ როზარიო სუარესია, - ამბობს ვერნასკი, - ჰგონიათ, რომ გაუჩოების პროფესია მხოლოდ მამაკაცების კუთვნილებაა, მაგრამ სწორედ ქალები იცავენ ამ ტრადიციას“.
თეგები: 
0
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია