ფოტოამბავი >
ფოტოამბავი
ობიექტივში და კადრს მიღმა
ფოტოამბავის
შესახებ
2011 წელს წყალდიდობამ ბანგკოკთან (ტაილანდი) მდებარე სოფელი დაფარა. მაგრამ იქ მცხოვრები ვილაიპორნი მაინც წავიდა სასურსათო მაღაზიაში.
25.02.15
მსოფლიო იძირება
ავტორი: გიდეონ მენდელი
ფოტოგრაფი: !აირჩიეთ!

ექსტრემალური ამინდი, რომელიც ზოგჯერ კლიმატის ცვლილებას უკავშირდება, დღეს თითქოს ყველგან ვლინდება. თუმცა, თითოეული ადამიანის ცხოვრებაზე მისი გავლენის დანახვა რთულია. უჩვეულო ამინდის დოკუმენტირება 2007 წელს დავიწყე, როდესაც ერთი კვირის ინტერვალით მომხდარი ორი წყალდიდობის (დიდ ბრიტანეთსა და ინდოეთში) ფოტოსესია გავაკეთე. ჩემზე ძლიერ იმოქმედა იმ ადამიანთა განცდებმა, რომლებიც საერთო ტკივილმა გააერთიანა.

აქედან მოყოლებული, წყალდიდობის ზონები მთელ მსოფლიოში მოვინახულე. დატბორილ გარემოში ყოფა თითქოს თავდაყირა დგება, ნორმალური აქტივობები ჩერდება.

ამ პროექტის თემა პორტრეტებია. მე ხშირად უკან დავყვები ამ ადამიანებს, შინისკენ მიმავალნი ღრმა წყალში რომ იკვლევენ გზას. მათთან უშუალო მუშაობით, იქნება ეს პოზირება თუ დატბორილ სახლებში სცენის მოწყობა, ვცდილობ თბილი გამოსახულების მიღებას. ჩემი გადასაღები სუბიექტების პოზები, შესაძლოა, ჩვეულ საქმიანობასაც გამოხატავდეს, თუმცა, ფაქტია, რომ ამ დროს გარემო ქაოტურია. ისინი ხშირად ბრაზობენ თავიანთ მდგომარეობასა თუ მთავრობის არაადეკვატურ რეაგირებაზე. ბევრი მათგანი ითხოვს, რომ მათი ამბავი გაშუქდეს, რათა მსოფლიომ შეიტყოს ამ ხალხზე თავსდამტყდარი უბედურება.

წყალდიდობა უძველესი მეტაფორაა ბევრ კულტურაში; დამანგრეველი ძალა, რომლის წინაშეც ადამიანი უძლურია. ამინდის „გაგიჟებასთან“ ერთად, ბიბლიური რეალურად იქცევა.

2013-14 წლის ზამთრის შტორმს რეკორდული რაოდენობის ნალექი და მასშტაბური დატბორვა მოჰყვა ინგლისის გარკვეულ ნაწილებში. დაბლობების რეგიონში სასოფლო-სამეურნეო მიწის ათასობით ჰექტარი რამდენიმე თვე იყო წყლით დაფარული.
სომერსეტი. სოფელ ბოროუბრიჯში მშენებელი დეივ დონალდსონი ქალიშვილთან, 12 წლის ჰეთერთან ერთად პოზირებს თავის დატბორილ სახლში. ოჯახის დანარჩენი წევრები დროებით სხვაგან გადავიდნენ, თუმცა დეივი აქ დარჩა, რომ საქონლის გადარჩენა სცადოს.
იგბოგენეში ჯოზეფი და ენდურანს ედემი, ორ შვილთან ერთად, საკუთარი ჭიშკრის წინ დგანან. 2012 წელს ნიგერიამ საშინელი წყალდიდობა გადაიტანა. „შემეშინდა, მეგონა, ყველა დავიხრჩობოდით“, – ამბობს ჟოზეფინა. მაშინ, სულ ცოტა, 360 კაცი დაიღუპა.
ბიჰარში (ინდოეთის შტატი) სახლსა და სკოლის შენობას წყალი აკრავს. 2007 წლის წყალდიდობის მსგავსი ნგრევა ადგილობრივებს არ ახსოვთ. დაიხურა სკოლები, დაიტბორა ათასზე მეტი საცხოვრებელი, დაზარალდა მილიონობით ადამიანი.
ბიჰარში (ინდოეთის შტატი) სახლსა და სკოლის შენობას წყალი აკრავს. 2007 წლის წყალდიდობის მსგავსი ნგრევა ადგილობრივებს არ ახსოვთ. დაიხურა სკოლები, დაიტბორა ათასზე მეტი საცხოვრებელი, დაზარალდა მილიონობით ადამიანი.
2014 წლის წყალდიდობა სიურრეალისტურს ჰგავდაო, – ამბობს ჯეფ უოტერსი, რომელიც მეუღლესთან ერთად დგას სტეინში გაშენებულ საკუთარ დატბორილ ბაღში. სოფელ მურლენდში შირლი არმიტეიჯს ასე არ გაუმართლა: მათი სახლი წელამდე წყალმა (ზემოთ) გაავსო.
2011 წლის ივლისიდან 2012 წლის იანვრამდე ტაილანდის 77 პროვინციიდან 65 გამოცხადდა წყალდიდობის ზონად. „მუსონით გამოწვეულ წყალდიდობებს, გარკვეული ტიპის კავშირი ჰქონდა კლიმატის ცვლილებასთან“, – ამბობს დატბორილი სახლის პატრონი საკორნ პონსირი.
თეგები: 
0
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია