სტატიები >
ერთი წლის შემდეგ
01.06.16
ქეთი პატარაია
მარი ნაკანიმამასახლისი

ივნისის წყალდიდობას თბილისში 2015 წელს 20 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 2 – დაიკარგა, დაზარალდა 800-ზე მეტი.

სტიქიის შედეგად მიყენებულმა ზარალმა, დაახლოებით, 100 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა, ნაწილობრივ განადგურდა ზოოპარკი; ცხოველების ნაწილი დაიხრჩო, გისოსებს გარეთ დარჩენილი მტაცებლები კი დახოცეს.

ეს არის ინფორმაცია თბილისის მერიის მიერ მომზადებული ანგარიშიდან მსოფლიო ბანკის მონაცემებით, რომლის უკანაც კონკრეტული ადამიანების დიდი ტრაგედია და ტკივილი დგას. თუმცა, სტრესი მიიღეს იმ მოქალაქეებმაც, რომლებიც კატასტროფაში უშუალოდ არ მოყოლილან, მაგრამ ამ ტრაგიკული მოვლენების მაყურებლები იყვნენ, მათ შორის ბავშვებიც – მათთვისაც დაირღვა ცხოვრების ჩვეული რიტმი და დაინგრა ზოოპარკი – მათი ცხოვრების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი.

კატასტროფა არამარტო უფროსებში იწვევს სტრესს, მას შეუძლია მყისიერად შეცვალოს ცხოვრება. ნებისმიერი მოვლენა, რომელიც ადამიანისგან ცხოვრების ჩვეული რიტმის სწრაფ ცვლილებას მოითხოვს, შეიძლება განვიხილოთ როგორც სტრესორი, რომელმაც შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს ბავშვის ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე.

„დედამ ჩართო კომპიუტერი და ვნახე ვიდეო. შევწუხდი. მიყვარდა ზოოპარკში სიარული. გამორჩეულად მიყვარდა ვეფხვი და ლომი. იქ ბამბის ნაყინი და სხვადასხვა გასართობი იყო. მერეც ვიყავი ზოოპარკში, მაგრამ ის ისეთი აღარ დამხვდა, როგორიც ადრე – ცოტა იყო ცხოველი, ცოტა იყო მხიარულება და იქ ყოფნა აღარ იყო სასიამოვნო“, – მეუბნება 6 წლის ნუციკო.

კლინიკური ფსიქოლოგი, მარიამ კვარაცხელია-ზირაქიშვილი ნეირომეცნიერებაში ერთი ძალიან საინტერესო აღმოჩენის – სარკისებრი ნეირონების (ე. წ. ემპათიური ნეირონები) შესახებ მესაუბრება, რომლებიც 1992 წელს პარმის უნივერსიტეტის პროფესორმა ჯაკომო რიზოლატიმ და მისმა კოლეგებმა აღმოაჩინეს. 2010 წელს კალიფორნიის

საკითხი იმის შესახებ – როგორ, სად და რა ფორმით უნდა იარსებოს ზოოპარკმა თბილისში, ჯერ კიდევ გადაუწყვეტელია.

სან-დიეგოს უნივერსიტეტის პროფესორი რამაჩანდრანი წერდა, რომ სარკისებური ნეირონები ჩართულნი არიან ისეთ პროცესებში, როგორებიცაა იმიტაცია და მიბაძვა. ნებისმიერი აქტივობა, რომელსაც სხვა სუბიექტი ახორციელებს და მაყურებელი უყურებს, ამ უკანასკნელისთვისაც აბსოლუტურად იმავე ნეიროფიზიოლოგიურ მდგომარეობას ქმნის. ამიტომ ნებისმიერ სტრესულ მოვლენას ზოგჯერ ისეთივე პოსტტრავმული რეაქციის გამოწვევა შეუძლია ადამიანში, რომელსაც უშუალოდ არ შეხებია ესა თუ ის მოვლენა, როგორიც მის უშუალო მონაწილეებში.

ბავშვებმა, რომლებსაც უშუალოდ საკუთარ თავზე არ გამოუცდიათ 13 ივნისის ტრაგედია, იდენტური თუ არა, არანაკლები დაძაბულობა და საკმაოდ ძლიერი შფოთვა გამოიარეს როგორც პასიურმა მაყურებლებმა.

ისინი არამხოლოდ ნანახმა დათრგუნა, არამედ კატასტროფის შემდეგ მედიით გავრცელებულმა ინფორმაციებმაც. ბავშვის გონებაში აქამდე უსაფრთხო და დაცული ქალაქი სტრეს ფაქტორად იქცა, ხოლო ზოოპარკიდან გამოქცეული ცხოველების გამო, გარეთ გასვლის შეზღუდვების გამოცხადება მათთვის დაცულ სივრცეში შემოჭრას ნიშნავდა.

9 წლის ნიკოლოზი იხსენებს, როგორ დაიბნა, ეზოში ჩასვლა რომ აუკრძალეს. ვერ იჯერებდა, რომ ეს სიმართლე იყო. თავიანთ გაოცებასა და წუხილზე ლაპარაკობენ სხვებიც; ყვებიან საყვარელ ცხოველებზე, რომლებიც დაიღუპნენ: მაიმუნებზე, ლომის ბოკვერ შუმბაზე, პინგვინებზე, ვეფხვებზე...

ბავშვებს დღემდე აქვთ კითხვები 13 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რადგან, როგორც ჩანს, ამომწურავი ინფორმაცია ვერ მიიღეს. „ოჯახი და მშობელი ბავშვისთვის უსაფრთხოების გარანტი – ნავსაყუდელია. ჩვეულებრივ, ბავშვს არ აწოდებენ პირდაპირ ინფორმაციას. ბოლომდე გაუგებარი სიტუაცია კი, კიდევ უფრო გაურკვეველ მდგომარეობაში აგდებს ბავშვს და კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშანს ბადებს მასში“, – ამბობს ფსიქოლოგი სალომე ცხვიტავა. მისი რჩევაა, რომ ბავშვს რეალობა დოზირებულად, ასაკის

გოგოები და ბიჭები სხვადასხვანაირად რეაგირებენ სტრესზე. გოგონები ემოციებს გამოხატავენ, კითხვებს სვამენ და ფიქრობენ მომხდარზე.

შესაბამისად მივაწოდოთ. არ ვუთხრათ ტყუილი, რომელიც ბოლოს მაინც გაირკვევა და კიდევ უფრო მეტ და სერიოზულ კითხვებს გაუჩენს – ახლა უკვე მშობლის მიმართ.

იმ დღის შემდეგ, ამ ბავშვებისთვის რეალობა შეიცვალა. მათ შორის მხოლოდ ერთი – 8 წლის გიორგი ამბობს, რომ ადრე ზოოპარკში იშვიათად დადიოდა და ცხოველები წყალდიდობის შემდეგ შეუყვარდა. ბავშვების უმეტესობას კი, აღარ უნდა ზოოპარკში მისვლა, რადგან იქ ყოფნისას სევდიანი ამბები ახსენდება.

საინტერესოა, რომ ბავშვები გაურბიან ადამიანების ხსენებას და ლაპარაკს ცხოველებზე იწყებენ, თუმცა კარგად იციან, რომ სტიქიის დროს ადამიანები დაიღუპნენ. 8 წლის ანასტასია იმასაც კი მეუბნება, რომ ცხოველები უფრო შეეცოდა, ვიდრე ადამიანები. როგორც ირკვევა, ამის მიზეზი ისაა, რომ უბრალოდ ის იმ ცხოველებს იცნობდა, ადამიანებს კი – არა.

ბავშვები, ცხოველებთან ერთად, სტიქიისაგან დაზარალებულ თანატოლებზე წუხან – ესმით მათი მდგომარეობა, მათი დანაკარგი. მარიამი ამბობს, რომ ის ბავშვებიც ეცოდება, რომლებმაც თუნდაც მხოლოდ ერთი საყვარელი სათამაშო დაკარგეს.

პატარა რესპონდენტებთან საუბრისას ირკვევა, რომ მათ, მიუხედავად იმისა, რომ პასიური მაყურებლები იყვნენ, საკმაოდ დიდი სტრესი მიიღეს.

ბავშვებში სტრესის მოქმედებას რამდენიმე ფაზა აქვს. პირველი ფაზა სტრესზე პასუხისას არის ემოციური ცვლილებები: შიში, შფოთვა, დარდი ან დახმარების სურვილი.

მეორე ფაზაში შესაძლებელია: უფროსებზე მეტად დამოკიდებულება, გაღიზიანება, განვითარების უფრო დაბალ საფეხურზე დაბრუნება; ფიზიკური სიმპტომების გამოვლენა (მადის ცვლილება, თავის ტკივილი, უძილობა...); აგრესია, მტრობა თამაშისას; საკუთარი თავის დადანაშაულება მომხდარში; სოციუმიდან გამოყოფა და ა. შ. (თუმცა ეს მხოლოდ რამდენიმე კვირა გრძელდება).

მესამე ფაზას

ბიჭები უფრო აგრესიულ ქცევას ავლენენ სტრესზე და გოგონებზე უფრო მეტ დროსაც ანდომებენ შეგუებას.

აღდგენით საფეხურს უწოდებენ. ამ პერიოდში ბავშვები ეძებენ გზას ნორმალურ ცხოვრებასთან დასაბრუნებლად. თუმცა ზოგჯერ ეს დიდ დროს მოითხოვს, ხანდახან წლებსაც კი.

„სტრესული მოვლენის ფრაგმენტული გახსენება, ძილის დარღვევა, გუნება-განწყობილების ცვალებადობა და ინდიფერენტულობა პოსტტრავმატული სტრესის გამოხატული სიმპტომებია. სტრესული მოვლენა, რომელიც მისი იგნორირების შედეგად მწვავდება, შესაძლებელია გახდეს როგორც სპეციფიკური ფობიების, ასევე გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის ჩამოყალიბების მიზეზი“, – გვიხსნის მარიამ კვარაცხელია-ზირაქიშვილი.

ტრაგედიიდან წელიწადია გასული და მიუხედავად იმისა, რომ პოსტტრავმატული სტრესის სიმპტომებს ჩემს არაჩვეულებრივ რესპონდენტებს ვერ ვამჩნევ, ისინი საუბრისას მაინც ღელავენ, ფიქრობენ, თითებს იმტვრევენ, ტანსაცმლის ღილებს აწვალებენ, ქანაობენ, თმებს ისწორებენ და თავის მოსაზრებას მთავაზობენ, თუ რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მსგავსი კატასტროფა არ განმეორდეს. მათ შორის ყველაზე პოპულარულია ზოოპარკის გამაგრება უფრო მაგარი რკინებით, რომ წყალი ვერ მოერიოს. 9 წლის ნიკოლოზს, მიწის ჩამოშლისგან დასაცავი ხეების დარგვამდე, მთების რკინებით გამაგრებაც უნდა, წყლის შესაკავებლად კი დიდი კედლის აგება, – რომელშიც ჰესიც იქნება და წყალს პატარა მდინარეებად გაუშვებს. 9 წლის მარიამსაც სრული ინფორმაცია აქვს ხეების ჩეხას, მეწყერსა და წყალდიდობას შორის კავშირზე; სერიოზულად მეუბნება, რომ იმ დღის შემდეგ ფიქრობს, რომ ადამიანი უხეშია ბუნების მიმართ, მისი აზრით, უფროსებმა ვერ იგრძნეს, რომ, რაც მოხდა, მათი ბრალი იყო. ქეთოც დიდი ადამიანივით მელაპარაკება და მიხსნის, რომ ჯობია, ზოოპარკი სხვა, უფრო უსაფრთხო ადგილას გადაიტანონ და მოსახლეობაც არ უნდა ცხოვრობდეს საშიშ ზონაში.

მე და ქეთო ზოოპარკში სკამზე ვსხედვართ. საუბრის დასასრულს

წყალდიდობის შემდეგ მარიამი პირველად მივიდა ზოოპარკში.

ვუტყდები, რომ არ ვიცი, რა ცხოველია ტაპირი; ხელს მკიდებს და ტაპიტუპის გასაცნობად მივყავარ.

სრული ვერსია წაიკითხეთ მიმდინარე ნომერში.
ჟურნალის გამოწერისთვის დააჭირეთ აქ.
თეგები: 
13 ივნისი
2015
ტრაგედია
წყალდიდობა
ვერე
ზოოპარკი
ბეგი
ჰიპო
შუმბა
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია