სტატიები >
ამერიკის ველური იდეა
01.05.16
დევიდ კვამენი

იელოუსტოუნი უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ პარკი.

2015 წლის 7 აგვისტო. იელოუსტოუნის ეროვნული პარკი. მოლაშქრეთა ბილიკზე მამაკაცის დაგლეჯილ სხეულს პოულობენ.

გარდაცვლილის ვინაობა მალევე დგინდება. ის ლენს კროსბია, 63 წლის ვეტერინარი, რომელიც სეზონურად მუშაობდა პარკის კლინიკაში. დილით მისი დაკარგვის ამბავი პოლიციას ეცნობა.

გამოძიების დასკვნით, წინა დღით კროსბი მარტო მიუყვებოდა ბილიკს. გაირკვა, რომ თან დათვის დასაფრთხობი სპრეი არ ჰქონდა. გზად მდედრ გრიზლის გადაეყარა, რომელიც ორ ბელს დარაჯობდა. კროსბი სწორედ ამ დათვმა იმსხვერპლა, რომელმაც ნაშიერებსაც გაუნაწილა ნადავლი. დარჩენილი ხორცი ფიჭვის ძირში, ფესვებთან დამალა. იმ ღამით, რეინჯერებმა ერთი გრიზლი დაატყვევეს აღნიშნულ ზონაში. გენეტიკურმა ანალიზმა დაადასტურა, რომ მსხვერპლის ცხედართან ნაპოვნი დათვის ბეწვი ამ ინდივიდს ეკუთვნოდა; ჯერ დამამშვიდებელი გაუკეთეს, შემდეგ დააძინეს და საბოლოოდ, მოკლეს კიდეც. მისი კვლავ ბუნებაში გაშვება ვეღარ გარისკეს. თუმცა, არავინ იცის, ამ ფატალური შემთხვევის მიზეზი დათვის აგრესია გახლდათ თუ ადამიანის გაუფრთხილებელი ქცევა. „ჩვენ ძალიან დაგვამწუხრა ამ ტრაგედიამ და გულწრფელად თანავუგრძნობთ დაღუპულის ოჯახსა და მის მეგობრებს“, – თქვა პარკის ზედამხედველმა დენ უენკმა. მას ურთულესი საქმე ავალია: პასუხისმგებელია, რომ იელოუსტოუნი უსაფრთხო ადგილი იყოს, როგორც ადამიანის, ასევე, ველური ბუნების წარმომადგენელთათვის.

გრიზლი რომ საშიში ცხოველია, ეს უდავოა. მაგრამ, იელოუსტოუნის შემთხვევაში, გრიზლის მხრიდან წამოსული ხიფათი ფართო ჭრილში უნდა განვიხილოთ. ბოლო 100 წლის განმავლობაში, ლენს კროსბის სიკვდილი დათვის მიზეზით გამოწვეული მხოლოდ მე-7 ფატალური შემთხვევა იყო. მაშინ, როდესაც, იელოუსტოუნის არსებობის 144 წლის განმავლობაში, თერმულ აუზში

იელოუსტოუნის ზოგიერთი რეგიონი ახლა უფრო ველურია, ვიდრე საუკუნის წინ. გრიზლის არეალი საკმაოდ ფართოვდება. გრენდ-ტიტონის ეროვნულ პარკში ის ყვავებს აფრთხობს, ბიზონის ლეშს რომ დაეპატრონოს. ფოტო: ჩარლი ჰამილტონ ჯეიმსი

მიღებული დამწვრობის, დახრჩობისა თუ სუიციდის გამო, ბევრად მეტი ადამიანი დაიღუპა. მხოლოდ ამის შემდეგ მოდის დათვის მსხვერპლთა რაოდენობა, დაახლოებით ამდენივე ადამიანი დაიღუპა მეხის დაცემით. ამ პერიოდში ბიზონმა მხოლოდ ორი მამაკაცი იმსხვერპლა.

ლენს კროსბის სიკვდილი და თავად დათვის მეტად დასანანი და მძიმე აღსასრული ერთ ადვილად დავიწყებულ გარემოებას გვახსენებს: იელოუსტოუნის ეროვნული პარკი ველური ადგილია, რომელიც საკმაოდ ცუდად შემოსაზღვრეს ადამიანებმა. ის სავსეა ბუნების საოცრებებით – მრისხანე ცხოველებით, ღრმა კანიონებით, მოგუგუნე ჩანჩქერებითა თუ მდუღარე წყლებით. მათი ცქერა მომაჯადოებელია, მაგრამ, მიახლოვება – დამღუპველი.

იელოუსტოუნში გზის პირას მობაჯბაჯე დათვს ჩვენი მანქანიდან ვაკვირდებით, დიად მდინარეს მაღლობიდან გადმოვყურებთ, გეიზერებს ფიცარფენილი ბილიკებით ჩავუვლით, თითქოს მუზეუმში დავსეირნობდეთ. სრულიად უსაფრთხოდ ვართ. მაგრამ, აბა, გადაუხვიეთ ბილიკს 200 მეტრით, გადით ტყიან ხევსა თუ აბზინდის სტეპზე. მაშინვე მიხვდებით, რომ ნამდვილად ჯობდა გრიზლის დასაფრთხობი იმ სპრეის მთელი ყუთი წამოგეღოთ, ლენს კროსბის რომ დაავიწყდა. ეს არის იელოუსტოუნის პარადოქსი, ველური ბუნების „გაკულტურულების“ პარადოქსი: ხელუხლებელი ადგილის შემოსაზღვრა, ბუნების მართვა, ველური ცხოველებისთვის ადამიანური წესების თავს მოხვევა.

რთული საკითხია. იელოუსტოუნი რაღაც უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე უბრალოდ პარკს. ის დიდებული ეკოსისტემის ეპონიმია, მეტწილად დაუმორჩილებელი ველური ბუნების უდიდესი და უმდიდრესი კომპლექსი მთელ ამერიკის შეერთებულ შტატებში (ალასკის გამოკლებით). იელოუსტოუნის ეკოსისტემა მოიცავს, ასევე, გრენდ-ტიტონის ეროვნულ პარკს, ეროვნულ ტყეთა ზონებს, ველური ბუნების სახიზნავებსა და სხვა საჯარო თუ კერძო მიწის ნაკვეთებს. მისი ტერიტორია დაახლოებით 9 მილიონ ჰექტარზე ვრცელდება. გარს აკრავს

იელოუსტოუნი. ლამარის ველზე ბიზონები პაექრობენ. ამ პარკში 4500 მეტი ინდივიდი დააბიჯებს. საუკუნეზე ცოტა მეტი ხნის წინ, მათ წინაპართა მცირერიცხოვან ჯგუფს აქ თავშესაფარი მისცეს და სახეობა გადაშენებისგან იხსნეს. ფოტო: მაიკლ ნიკოლსი

გარდამავალი ზონა, იქ საქონელსა და სამარცვლე ელევატორს უფრო წააწყდებით, ვიდრე ირემსა და გრიზლის; და მგლის ყმუილის ნაცვლად შავი ლაბრადორის ყეფას გაიგონებთ. აღნიშნული ზონა 21-ე საუკუნის ამერიკაა: გზატკეცილები, დასახლებები, ავტოსადგომები, სავაჭრო ცენტრები, უსასრულოდ გადაჭიმული გარეუბნები, გოლფის მინდვრები თუ „სტარბაქსის“ ავტომატები.

ისმება კითხვა: უნდა გვქონდეს თუ არა იმის იმედი, რომ თანამედროვე ამერიკის შუაგულში შესაძლოა გადავარჩინოთ ჩვენი კონტინენტის პირველყოფილი ლანდშაფტი, ჭეშმარიტი ველური ბუნების ნიმუში, დიდებულად არასტუმართმოყვარე, სავსე მტაცებლითა და მსხვერპლით, ადგილი, სადაც „ბუნება“ დღემდე სისხლიანი კბილებით დაძრწის? შესაძლებელია კი, მსგავსი ადგილი მოვარგოთ ადამიანურ მოთხოვნებსა და კომფორტს? მხოლოდ დრო და ჩვენივე არჩევანი გაგვცემს პასუხს. მაგრამ, თუკი „დიახ“, მაშინ ეს პასუხი იელოუსტოუნია.

ხელუხლებელი ადგილის შემოსაზღვრა, ბუნების მართვა, ველურ ცხოველებზე ადამიანური წესების გავრცელება – ეს არის „ველური ბუნების გაკულტურულების“ პარადოქსი.

პარკი განთავსებულია იელოუსტოუნის პლატოზე, ზღვის დონიდან 2400 მეტრზე. ფიჭვის კორომები, მაღალი ბალახი თუ სალბი მოსდებია არემარეს, იქვე მსუბუქად მიიკლაკნება ტალღისებრი გზები. გარემოს სტატიკური და ცივი იერი დაჰკრავს, მაგრამ პირველი შთაბეჭდილება, როგორც წესი, მცდარია – ნუ მოტყუვდებით.

იელოუსტოუნის პლატოს სიმაღლეს მისი სერიოზული გეოლოგიური მიზეზი განაპირობებს. ზუსტად მის ქვეშაა ვრცელი ვულკანური ზონა, დედამიწის მანტიასა და ქერქში გამავალი გიგანტური არხი. ეს თერმული ნაკადი აერთიანებს მაგმის ორ კერას, რომელიც ნახევრად მდნარი ქანისგან შედგება და დედამიწის ზედაპირს ფეიერვერკს ამსგავსებს. ზეგანს ბებერი მთები დაჰყურებენ: ტიტონები, აბსაროკები და გალატინები. საკუთრივ პლატოზე გეოლოგებმა სამ უზარმაზარ კალდერას მიაკვლიეს.

გრენდ-ტიტონის ეროვნულ პარკსა და მთელ პლანეტაზეც, მყინვარები უკან იხევს. იელოუსტოუნის სანახავად მთელი მსოფლიოდან მოეშურებიან დამთვალიერებლები. ფოტო: ჩარლი ჰამილტონ ჯეიმსი

ეს ნაიარევები დედამიწას ლავის ამოფრქვევებმა დაუტოვეს, რომლებიც აგერ უკვე 2,1 მილიონი წელია აქტიურობენ. ვულკანური ძალებით გამოწვეული აფეთქებების გამო, მეტსახელიც შეერქვა იელოუსტოუნის ცხელ წერტილს: სუპერვულკანი. ჩვეულებრივი ვულკანები გვხვდება ტექტონიკური ფილების კიდეებზე; ხოლო სუპერვულკანები პირდაპირ ამ ფილაქნების შუაგულიდან ამოიტყორცნებიან. აი, იელოუსტოუნი კი, თავისი არაპროგნოზირებადი ხასიათით, როგორც ჩანს, ამ სუპერვულკანებშიც კი, მთელ დედამიწაზე ყველაზე დიდია.

ამ ადგილს დღემდე უკავშირდება ადგილობრივ ტომთა ტრადიციები. მათი მომთაბარე წინაპრები აღმა-დაღმა მიუყვებოდნენ პლატოს, დაეძებდნენ საკვებს, ბეწვეულსა თუ სეზონის მიხედვით ცვალებად საცხოვრისს. შემდეგ ევროამერიკელთა ადრეული ტალღებიც შემოიჭრა. თუმცა, ამ შემოტევით იელოუსტოუნი, შეერთებული შტატების დასავლეთ რეგიონებისგან განსხვავებით, ვერ მოდრიკეს. ალბათ, მთავარ დამცავ ფაქტორად, ზეგნის მაღალი განფენილობა (ზღვის დონიდან) იქცა, განსაკუთრებულად მკაცრი ზამთრით. მხოლოდ ერთ-ორ მთის კაცსა და ბეწვეულზე მონადირეს თუ მოეკრა თვალი იელოუსტოუნისთვის, რომელზეც ბუნდოვან ამბებს თხზავდნენ. მაგრამ, 1869-1871 წლებში მოეწყო სამი ექსპედიცია და მისი დიდებულებაც, ბოლოს და ბოლოს, გამჟღავნდა. გეიზერები, ღრმა კანიონები, გიგანტური ჩანჩქერები... მიღებული შთაბეჭდილება – ენითაუწერელი.

მოგვიანებით, გამოქვეყნდა პირველი ექსპედიციის ერთ-ერთი წევრის, უოლტერ ტრემბალის სტატია, რომელიც აღწერდა პლატოს უხვ საძოვრებს, მაგრამ ასევე აკეთებდა ერთ დამაფიქრებელ პროგნოზს: „როდესაც იქ ჩრდილოწყნაროკეანური სარკინიგზო ხაზი გაივლის და იელოუსტოუნის ჩანჩქერებთან თუ გეიზერის აუზთან გზას გაკვალავს, ის მთელ ამერიკაში ყველაზე პოპულარულ საკურორტო ზონად იქცევა და მას უამრავი ხალხი მიაწყდება“.

1871 წლის მომდევნო ექსპედიციას ხელმძღვანელობდა ფერდინანდ ვ. ჰეიდენი (აშშ-ის ტერიტორიების გეოლოგიური კვლევის უფროსი). მის გუნდში შედიოდნენ ფოტოგრაფი

ირმის სამი კვირის ნაშიერები პირველად მიგრირებენ საზაფხულო საძოვრებზე. სამხრეთ-აღმოსავლეთ იელოუსტოუნის 1400-მეტრიან ფერდობზე დედებს კუდში მიჰყვებიან. რამდენიმე საათის წინ, მდინარე შოშონის ერთი განშტოებაც გადაცურეს. ფოტო: ჯო რისი

უილიამ ჰენრი ჯექსონი და მხატვარი თომას მორანი. აშშ-ის აღმოსავლეთ ნაწილში მცხოვრებ ხალხს, განსაკუთრებით კონგრესის წევრებს, მათი ნამუშევრებით შეექმნათ წარმოდგენა იელოუსტოუნზე, თვალწინ გადაეშალათ მდიდარი და, ამავე დროს, ფაქიზი ველური ბუნება. შემდეგ, ჩრდილოწყნაროკეანური სარკინიგზო ხაზის ერთი აგენტი გამოვიდა წინადადებით, რომ „დიდი გეიზერის აუზს“ მინიჭებოდა საჯარო პარკის სტატუსი და მის დასაცავად შესაბამისი კანონიც მიეღოთ. ჰეიდენმა აიტაცა ეს იდეა; სხვა თანამოაზრეებთან ერთად მხარი დაუჭირა კანონპროექტს და გეიზერის აუზის გარდა, იელოუსტოუნის სხვა გამორჩეული ადგილების დაცვაც მოითხოვა. ჯამში, საკითხი ეხებოდა ერთ მილიონ ჰექტრამდე მიწას.

1872 წლის პირველ მარტს კანონპროექტს უხალისოდ მოაწერა ხელი პრეზიდენტმა ულის გრანტმა, რომელიც ველური ბუნების დიდი ქომაგი სულაც არ გახლდათ. ასე შეიქმნა მსოფლიოში პირველი ეროვნული პარკი. ზემოხსენებულ მიწებზე მკვიდრი ტომები აცხადებდნენ პრეტენზიას, მაგრამ მიღებული კანონი მათ ერთმნიშვნელოვნად ზღუდავდა. ეს, ალბათ, არც იყო გასაკვირი, თუ ინდიელთა იმდროინდელ მდგომარეობას გავიხსენებთ. პარკის ფარგლებში აიკრძალა ნებისმიერი ტიპის ნადირობა და თევზაობა. საზღვრები დადგინდა, თუმცა, ეკოლოგიური მდგომარეობა არავის გაუთვალისწინებია და პარადოქსის კონტურებიც გამოისახა.

თავდაპირველად, პარკის იდეა მხოლოდ ჩანასახის დონეზე არსებობდა, არც მისი დანიშნულება ჰქონდათ ბოლომდე გააზრებული, არც პერსონალი ჰყავდათ და არც ბიუჯეტი გააჩნდათ. გაშრა თუ არა პრეზიდენტ გრანტის მელანი დოკუმენტზე, კონგრესის წევრთა ენთუზიაზმიც მაშინვე მიინავლა. იელოუსტოუნი კატასტროფის ზონად გადაიქცა.

ატყდა ქაოსი. დიდი მოგების წყურვილით ანთებული მონადირეები შეესივნენ პარკს. ხოცავდნენ ირემს, ბიზონს, რქასქელ ცხვარსა თუ სხვა ჩლიქოსნებს. ამ ხოცვა-ჟლეტის მასშტაბი ინდუსტრიულ დონეზე გადავიდა.

„გრენდ-პრიზმატიკ-სპრინგი“. იელოუსტოუნის ტერიტორიის მესამედზე მეტი ზის გიგანტურ, უძველეს და ჯერ კიდევ აქტიური ვულკანის კალდერაზე. ერთ დღეს ის კვლავ ამოიფრქვევა კატასტროფული შედეგითო, აცხადებენ მეცნიერები. ფოტო: მაიკლ ნიკოლსი

ერთი ანგარიშით, 1875 წელს ძმებმა ბოტლერებმა დაახლოებით 2000 ირემი დახოცეს მამოთ-ჰოტ-სპრინგსის ტერიტორიაზე. თითოეულ ინდივიდს მხოლოდ ენისა და ტყავის გამო ესროდნენ, მძორს კი გასახრწნელად აგდებდნენ. თავის მხრივ, ირმის მძორი გრიზლის იზიდავდა და ადვილ სამიზნედ აქცევდა მას. ირმის ტყავი 6-8 დოლარი ღირდა, დღეში კი მონადირეს შეეძლო 25-50 ინდივიდის მონადირება, რაც საკმაოდ კარგი შემოსავალი გახლდათ. „1871-1881 წლები გამოირჩეოდა მასობრივი ხოცვა-ჟლეტით“, – ამბობს იელოუსტოუნის ისტორიკოსი ლი უაიტლესი. რქები პირდაპირ ფერდობებზე ეყარა. მიუხედავად იმისა, რომ ტურისტების რაოდენობა არ იყო დიდი, მათი თავაშვებული ქცევა მძიმე კვალს ტოვებდა. ზოგი გეიზერის კონუსებს ამტვრევდა, სხვები საკუთარ სახელებს კაწრავდნენ ხეებსა თუ ლოდებზე და სრულიად უმიზნოდ ხოცავდნენ თეთრ გედებსა თუ სხვა ცხოველებს. ჩლიქოსანთა პოპულაცია მინიმუმამდე შემცირდა. 1886 წელს აშშ-მა უკვე არმია გაგზავნა იელოუსტოუნის დასაცავად. ეს უკვე სასოწარკვეთილი ადამიანის ქმედებას წააგავდა. ამგვარმა რეჟიმმა 30 წელი გასტანა, სანამ 1916 წელს (ზუსტად ერთი საუკუნის წინ) ეროვნული პარკის სამსახური არ შეიქმნა.

მაგრამ, მტაცებელ ცხოველთა უმოწყალო დევნა მომდევნო პერიოდშიც კარგა ხანს გაგრძელდა. იელოუსტოუნის მართვის პოლიტიკა არასწორად იყო დაგეგმილი. იდეა, რომ პარკმა სრულად უნდა დაიცვას ველური ცხოველებიც, გეიზერებიც და კანიონებიც, მხოლოდ მოგვიანებით გაჩნდა. თავიდან მხოლოდ „კარგი“ არსებების უსაფრთხოებაზე ზრუნავდნენ, ამ კატეგორიაში შედიოდა: მონადირეებში დაფასებული სარეწი ცხოველები, მეთევზეებისთვის სასურველი კალმახი და ვიზიტორების გამრთობი, საყვარელი ბალახისმჭამელები; იქნებოდა ეს ირემი, რქაფიწა-ლა ანტილოპა, ბიზონი თუ რქასქელი ცხვარი. „ცუდი“ ცხოველების დევნა განუკითხავად გრძელდებოდა.

იელოუსტოუნი. პელიკანის ველზე მოლს-პეკის მგლები აკვირდებიან გრიზლის კვალს. 1995 წლიდან აქ მგლები ხელახლა შემოიყვანეს. მკვლევრები კი დღემდე უწევენ მონიტორინგს. ფოტო: რონან დონოვანი

მტაცებლებს ესროდნენ, მახეში აბამდნენ და წამლავდნენ კიდეც. ერთმა ზედამხედველმა წაახალისა მახის დამგებები, რომ ასობით თახვი დაეჭირათ. ის უკმაყოფილო გახლდათ, რადგან თახვი ერთგვარ ჯებირს აშენებდა და მის სამართავ ზონას ტბორავდა. წავებსაც კი მტაცებლის იარლიყი მიაკრეს და ომი გამოუცხადეს. მგლების ხოცვა მხოლოდ მაშინ შეწყდა, როდესაც ისინი უკვე აღარსად ჩანდნენ.

ბოლოს და ბოლოს, მე-20 საუკუნის მიწურულისთვის ეს ძალადობა, განუსჯელი ქმედება და შემზარავი ტენდენცია შეჩერდა. იელოუსტოუნის ერთიანობა აღდგა. 70 წლის შემდეგ, კვლავ გაისმა მგლის ყმუილი, 1995-96 წლებში 31 ინდივიდი შემოიყვანეს დასავლეთ კანადიდან. გარკვეული პერიოდი ბაკებში გააჩერეს აკლიმატიზაციის გასავლელად, შემდეგ კი თავისუფლად გაუშვეს პარკის ტერიტორიაზე. ისინი კარგად შეეგუენ ახალ გარემოს და წარმატებულად გამრავლდნენ ამ პარკსა და მთელ რეგიონში. 20 წლის შემდეგ, უკვე 500-მდე მგელი ბინადრობდა იელოუსტოუნის მთელ ეკოსისტემაში. დღეს თავად პარკში ასამდე მგელი (10 ოჯახი) გვხვდება. დაგ სმითი „მგლის პროექტის“ ფარგლებში იქაური მგლების მონიტორინგისა და დაცვის პროცესს ხელმძღვანელობს.

დეკემბრის ერთ ცივ დილას ვერტმფრენი ჯდება პარკის ჩრდილოეთ ნაწილში. წელში მოხრილი ველოდები, როდის ამიყვანს. კაბინაში დაგ სმითია, თავისი პროექტის შედეგები აინტერესებს. ის 37 წლის განმავლობაში მუშაობდა მგლებთან, იელოუსტოუნში კი მათი იქ ხელახლა შეყვანის დღიდან. 500-მდე ინდივიდისთვის შეუბამს რადიოსაყელური. სმითი მაღალი კაცია, ჭაღარა ულვაშითა და მოცინარი თვალებით. პილოტი ჩვენს უსაფრთხოებაში რწმუნდება და ვერტმფრენიც კვლავ ჰაერში იწევს. ის დაბალ სიმაღლეზე მიუყვება იელოუსტოუნის მდინარეს. შემდეგ კი მარცხნივ უხვევს მთისწინეთისკენ და 50 მეტრის

პარკის სამსახურის ბიოლოგი დაგ სმითი ემზადება, რომ ამ დაძინებულ მგელს რადიოსაყელური მოარგოს. ფოტო: დევიდ გუტენფელდერი

სიმაღლეზე ევლება ხეების კენწეროებს. საბოლოოდ, რბილად ვეშვებით პატარა და მოსუფთავებულ თოვლიან მონაკვეთზე. პილოტის ეკიპაჟს უკვე ორი მგლის გათიშვა მოუსწრია. სწორედ ეს გახლავთ მათი საქმე, ბადის სატყორცნი იარაღიდან გასროლა, ვერტმფრენიდან გადმოხტომა და დატყვევებული ცხოველისთვის ტრანკვილიზატორის შეშხაპუნება.

აქ სმითის კოლეგა, დენ სტალერი სხვა ორ ბიოლოგთან ერთად მუშაობს ორ მგელზე. თოვლში ჩამუხლულ მკვლევარს თითქმის დასრულებული აქვს პირველ ცხოველზე საყელურის მორგება. ეს სიმპათიური შავი მამრი სამ წლამდე იქნება და მარჯვენა თვალთან პატარა ნაიარევი ატყვია. მეორე მდედრია, უფრო ახალგაზრდა, ნაცრისფერი მგელი წითური თავით.

გვქონდეს თუ არა იმედი, რომ თანამედროვე ამერიკის შუაგულში, ჩვენი კონტინენტის პირველყოფილი ლანდშაფტი, ჭეშმარიტი ველური ბუნების ნიმუში გადარჩება?

სტალერი იისფერი სამედიცინო ხელთათმანებით შეუდგა საქმეს. მარჯვენა ფეხიდან სისხლი გამოუშვა მამრს, შემდეგ კი კანის პატარა ქსოვილის ნიმუში აუღო მარჯვენა ყურიდან, დნმ-ის ანალიზისთვის. სმითი გაზომვას შეუდგა: მარჯვენა წინა თათი, ტანის სიგრძე, ზედა ყბის კბილები, რომლებიც ავისმომასწავებლად უელავს ხოლმე მგელს ღრენისას. სმითმა მკვეთავ კბილზე გაამახვილა ჩემი ყურადღება: „ეს მჭრელი კბილებია, თითები მაშინაც არ უნდა მოგიხვდეთ ამ მკვეთავ კბილებზე, როდესაც მგელს სძინავს, – თუმცა თვითონ იმ წუთში ზუსტად ამგვარად იქცეოდა, – ეს მათი ძირითადი კბილებია, ბასრი და ძლიერი, ხორცის გასაჭრელად თუ ძვლის დასაფშვნელად“.

სმითის გუნდი სწრაფად მუშაობდა. მამრი ღვედებით აწიეს ასაწონად, 55 კილოგრამიო, დაიძახეს. შემდეგ ფეკალური მასიდანაც აუღეს ნიმუში, წინამხრის ძვლებს შორის კი მიკროჩიპი ჩაუდგეს. ახლა მდედრის ჯერი დადგა. აწონეს და

იელოუსტოუნის მდინარეში ბიზონი დაიხრჩო. ახლა მისი ლეშით მოლს-პეკის ალფა-მდედრი (მარჯვნივ) და მისი ორი წლის ნაშიერები ნადიმობენ. ცოცხალი ბიზონის მონადირება სახიფათოა; იელოუსტოუნში მგლები ბევრად უფრო ხშირად ირემს ესხმიან თავს, რომელიც მათი ზამთრის რაციონის 85%-ს შეადგენს. ფოტო: რონან დონოვანი

გაზომეს. რექტალური თერმომეტრით სხეულის ტემპერატურა გაუზომეს, ცოტა დაბალი ჰქონდა, ჟაკეტებში გაახვიეს და ქიმიური ხელის სათბური მოუთავსეს საზარდულთან. საჭირო მონაცემები რომ მიიღეს, სმითმა მთხოვა, თოვლში ჩაიმუხლეო, საერთო ფოტოს გადაღება უნდოდა. ამ მოზრდილი მგლის თავი ჩემს ხელებში აღმოჩნდა. ცხოველს უკიდურესი სიფრთხილით ვეპყრობოდი, თითქოს პატარა ბავშვს ვიკრავ-დი. შევნიშნე, რომ მის შავ ბეწვს ვერცხლისფერი დაბოლოებები ამშვენებდა. წინდასავით მოშვებული და გადმოგდებული ენა უხალისოდ ირწეოდა. ახლა სუსტი და უძლური მოგეჩვენებოდათ, მაგრამ ის მართლაც დიდებული მგელი იყო.

„შეხედეთ ამ თვალებს“, – ამბობს სმითი. ფართოდ გახელილი, სპილენძისფრად მოელვარე თვალები!

„აი, ეს არის სიველურე, – თქვა მან, – ამის დაკარგვას ცდილობს ჩვენი სამყარო. აი, ეს არის იელოუსტოუნის მთელი ისტორია“.

სწორედ ეს არის იელოუსტოუნის გრიზლის ამბავიც. ადამიანი კი სრულიად საწინააღმდეგოდ მოქმედებს. პარკის ისტორიის უმეტეს პერიოდში გრიზლი იკვებებოდა ტურისტების ხელით მიწოდებული საჭმლით ან იქექებოდა სასტუმროებთან მოწყობილ ნაგვის კონტეინერებში. ამას არავინ აპროტესტებდა. ფიქრობდნენ, დათვი „მოშინაურდება“ და მასზე დაკვირვებაც გაიოლდებაო. ხალხს ველური ბუნების შოუ სწყუროდა. მაგრამ, ისინი ხომ მაინც ძალიან შორს დგანან შინაური ცხოველებისგან. 2015 წელს ლენს კროსბის სიკვდილი ამ ფაქტის მხოლოდ შეხსენებაა.

გრიზლი გაუმაძღარიცაა. იელოუსტოუნში მის რაციონში შედის 266 სახეობის ცხოველი, მცენარე და სოკო. ამ უკანასკნელს უზარმაზარი რაოდენობით მიირთმევს, განსაკუთრებით შემოდგომით, როდესაც ძილქუშისთვის ცხიმს იმარაგებს. მისი მენიუდან არსებითია კალმახი და თეთრმერქნიანი ფიჭვის კაკალი, რომელიც ბოლო ხანებში საგრძნობლად შემცირდა. ამის მიზეზი ადამიანის ქმედებით შეცვლილი ეკოსისტემაა (არაა გამორიცხული,

ზამთარში იელოუსტოუნი მკაცრი ადგილია მძოველი ცხოველებისთვის; ბალახის მოსაძიებლად ბიზონი მასიური თავით ხვეტს თოვლს. თუმცა, ზემო გეიზერის აუზში თოვლი უფრო სწრაფად დნება და მწვანე ამონაყარიც მთელი წელი გვხვდება. ფოტო: მაიკლ ნიკოლსი

რომ სხვა ძირითადი საკვებიც გავაქრეთ), მაგრამ, როგორც მეცნიერები აცხადებენ, გრიზლი ადაპტირებადი ცხოველია და მან ფეხი უნდა აუწყოს ცვლილებებს.

ამის შესახებ საუბრობდა კერი გუნთერიც, დაგ სმითის კოლეგა. ერთ შუადღეს მოშორებულ დასახლებაში ვისხედით და გავყურებდით ზონას, რომელიც ტურისტულ რუკებზეც კი არაა აღნიშნული. ვუცქერდით უჩვეულო, ღრმა წყაროს, გრიზლი საშხაპედ რომ იყენებს ხოლმე. იქ მოსახვედრად მთელი დილა მივიკვლევდით გზას ბუჩქნარში. შემდეგ ლანჩიც მივირთვით პატარა ბორცვზე და იელოუსტოუნის მენეჯმენტზეც გავისაუბრეთ. გუნთერი მიზიარებდა ამ პარკში, 30 წლის განმავლობაში დათვების შესწავლით დაგროვილ ინფორმაციასა და საკუთარ გამოცდილებას. ის მშვიდი ადამიანია, შეფასებებში დინჯი, თავის სფეროში კომპეტენტური, არავის ახვევს თავს საკუთარ აზრს და საკმაოდ გულგრილად ეკიდება ცხარე დისკუსიებს, რომლებშიც, როგორც წესი, ის და დანარჩენი მენეჯერები კრიტიკის ქარცეცხლში ექცევიან კრიტიკოსების ორივე ფლანგის მხრიდან.

„გრიზლის პოპულაციაში ზრდასრული მდედრების კრიტიკული სიმცირე შეინიშნებოდა“, – ამბობს გუნთერი. მიზეზად ასახელებს 1970-იან წლებში შეცვლილ პოლიტიკას: ყურადღების ცენტრში ეკოლოგია მოექცა, „მოშინაურებული“ ველური ბუნება კი მეორეხარისხოვნად გამოცხადდა. შედეგად, მათი პოპულაცია მკვეთრად დაეცა. ამგვარ მიდგომას ხელი შეუწყო ლეოპოლდის ანგარიშმა, რომელიც 1963 წელს გამოქვეყნდა. ის იქცა იელოუსტოუნის დანიშნულებისა და პოლიტიკის ერთგვარ ორიენტირად. ზემოხსენებულ ანგარიშს (ფორმალური სახელწოდებით „ველური ბუნების მართვა ეროვნულ პარკებში“) განიხილავდა კომიტეტი, რომელსაც თავმჯდომარეობდა საყოველთაოდ აღიარებული ბიოლოგი სტარკერ ლეოპოლდი. ანგარიშის არსი გულისხმობდა თითოეული პარკის უფრო აქტიურად მართვას, რათა ველური ბუნება გადაერჩინათ და ამერიკა თავდაპირველი სახით შეენარჩუნებინათ. ასეთმა დამოკიდებულებამ კი, საბოლოოდ, „ველური ბუნების

მკვიდრ ამერიკელთა ტრადიციებსა და რიტუალებში ბიზონი საკრალურია. ფორტ-ჰოლში (აიდაჰო) ლეო ტიტონი დგას ამ ცხოველის ქალებით მორთულ ძელთან. აშშ-ის სამთავრობო ხელშეკრულება მკვიდრ ინდიელებს უფლებას აძლევს, რომ იელოუსტოუნის გარკვეულ ზონებში ინადირონ ბიზონზე. ფოტო: ერიკა ლარსენი

გაკულტურულების“ პარადოქსამდე მიგვიყვანა. ამ და სხვა ფაქტორებმა (გრიზლის ორი სასიკვდილო თავდასხმა ადამიანზე და ამაზე საზოგადოების მწვავე რეაქცია) განაპირობა, მაგალითად, ყველა ღია ნაგავსაყრელის დახურვა იელოუსტოუნის მთელ ტერიტორიაზე.

სანაგვე „ბუფეტების“ დაკეტვამ დათვი მშიერი დატოვა. საკვები წყაროს გაუჩინარებით სახტად დარჩენილი და შემცბარი ცხოველები თავზეხელაღებულ არსებებად იქცნენ. ახალი პოლიტიკის შედეგებმაც არ დააყოვნა: რეპროდუქციამ იკლო, პოპულაცია საგრძნობლად შემცირდა; მთელ ეკოსისტემაში, სულ რაღაც 140 გრიზლი თუ დაბორიალობდა. მხოლოდ ერთ წელიწადს, 1971-ში, 40 გრიზლი მოკლეს სხვადასხვა კონფლიქტისა თუ უბედური შემთხვევის დროს. განწირულთა შორის აღმოჩნდნენ დატყვევებული, დანიშნული და კვლავ ბუნებაში დაბრუნებული დათვებიც, რომლებიც საკვლევ ობიექტებს წარმოადგენდნენ. კიდევ 10 წელი და, შესაძლოა, ის სრულიადაც გამქრალიყო. მაგრამ, 1975 წელს გრიზლი მოხვდა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფ სახეობათა ნუსხაში და ვითარებაც შეიცვალა. ნადირობა აიკრძალა იელოუსტოუნის მთელ ეკოსისტემაში და პარკმა ახალი პოლიტიკა შეიმუშავა დათვებისა და ადამიანების საერთო უსაფრთხოებისთვის.

„ჩვენ მართლაც ბევრი დრო დავუთმეთ დათვების – განსაკუთრებით, მდედრების მდგომარეობას. მათი სიცოცხლის შესანარჩუნებლად ძალას არ ვიშურებდით“, – ამბობს გუნთერი, რომელიც 1983 წელს გამოჩნდა იელოუსტოუნში. „მივიღეთ პრაქტიკული ზომებიც, იქნებოდა ეს პატრულირება ბანაკებში თუ ვიზიტორთა მსუბუქი ტრენინგი. მთავარი ამოცანა იყო ადამიანისა და გრიზლის დაშორიშორება, გრიზლის გადართვა ბუნებრივ საკვებზე და არა – პარკის სანაგვეთა მენიუზე“.

ამგვარმა მიდგომამ იმუშავა. უფრო მეტი მდედრი გამოჩნდა, ნაშიერთა რიცხვიც გაიზარდა, მათი პოპულაცია მართლაც აღდგა. გრიზლის რაოდენობა არა მხოლოდ უშუალოდ პარკის ტერიტორიაზე გაიზარდა, არამედ, მათი არეალი ირგვლივ

ჩრდილოეთ იელოუსტოუნის ქედზე ჰილარი ანდერსონი ჯირითობს, ის კლასიკური ველური დასავლეთის პერსონაჟს წააგავს. მაგრამ მისი დანიშნულება პრაქტიკულია: ის ნახირის თავმოყრას ცდილობს, რომ მტაცებლებს თავდასხმა გადააფიქრებინოს. ფოტო: კორი რიჩარდსი

პერიფერიაზეც გაფართოვდა. ვფიქრობ, მთელ ეკოსისტემაში 1000-მდე ინდივიდი იქნებაო, ამბობს გუნთერი. ამ მონაცემთა და ბოლოდროინდელი ტენდენციების საფუძველზე, არაერთი დათვის მკვლევარი ბიოლოგი აცხადებს, რომ იელოუსტოუნის გრიზლი ამოსაღებია გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების ნუსხიდან. მაგრამ, ამ გადაწყვეტილების მიღება არც ისე მარტივია.

დღეს იელოუსტოუნი ველურ ცხოველთა ნამდვილი თავშესაფარია. დაბრუნდა მგელი და გრიზლის პოპულაციაც აღდგა. ერთ დროს გადაშენების ზღვარზე მყოფი ბიზონი ახლა თავს უსაფრთხოდ გრძნობს პარკში. რქაფიწალა ანტილოპას სამიგრაციო მარშრუტებიც დაცულია და ირემიც უხვადაა (თუმცა, მათი რიცხვი უფრო მაღალი იყო, როდესაც იელოუსტოუნში მგლები აღარ იყვნენ), მშვენივრად გრძნობს თავს თეთრთავა ფსოვიც. ამ მონაცემებს თუ გავითვალისწინებთ, იელოუსტოუნი საოცრად ეფექტური თავშესაფარია.

მის შიგნით კი, ყველაფერი ურთიერთკავშირშია: მგელი და გრიზლი ერთმანეთს ეპაექრება ჩლიქოსანთა მოსანადირებლად – განსაკუთრებით, ირემი უყვართ; მთის ხოჭო სასიკვდილოდ ხრავს თეთრმერქნიან ფიჭვს, შედეგად, სახეზეა ამ მწერის პოპულაციის აფეთქება და მისი გავლენა კლიმატის ცვლილებაზე; ბრუცელოზის გავრცელების თვალსაზრისით, ბიზონის მართვის პოლიტიკა ისევე განიხილება, როგორც შინაური მსხვილფეხა პირუტყვის. შესაძლოა, ბიზონი ამ დაავადების გადამტანიც იყოს. ამის გამო, მონტანის შტატში პარკის საზღვრებს გარეთ იელოუსტოუნის ბიზონის მოკვლა დაუშვეს.

ამგვარი ურთიერთკავშირი ავლენს რეალობას, რომ იელოუსტოუნის ეკოსისტემა არის ცოცხალ არსებათა კომპლექსური და ინტერაქციული ქსელი, ურთიერთობების, ფიზიკური ფაქტორების, გეოლოგიური, ისტორიული და ბიოლოგიური პროცესების ნაზავი. კვლევის საგანი სწორედ ამ ქსელის მუდამ ცვალებადი კავშირებია და მეცნიერთა უთანხმოების მიზეზიც ეს გახლავთ. მაგრამ, ისიც აუცილებლადაა გასათვალისწინებელი, რომ ადამიანის უხეშ ჩარევას ხშირად არაერთმნიშვნელოვანი და

ვაიომინგი. 2013 წელს თავის რანჩოში ნიკ პატრიკი გრიზლიმ დაასახიჩრა. ის ცხოველს არ ადანაშაულებს, ამბობს, უბრალოდ, დედა ნაშიერებს იცავდაო. ფოტო: დევიდ გუტენფელდერი

უხილავი შედეგებიც ახასიათებს. მაგალითად, იელოუსტოუნში მგლების პოპულაციის აღდგენა ყველა იმ პრობლემას ვერ აგვარებს, რაც, თავის დროზე, ამ ცხოველის გაქრობამ გამოიწვია.

იელოუსტოუნის ეკოსისტემა ხშირად ცხარე დისკუსიის საგანი ხდება, ნაწილობრივ იმიტომაც, რომ მის მიმართ ბევრი სხვადასხვა ტიპის ინტერესი და მოლოდინი არსებობს. მთელ ამ ამბავში ერთი უპირობო ჭეშმარიტება იკვეთება: ხალხი, რომელიც აქ ცხოვრობს, მუშაობს, ნადირობს, თევზაობს და ლაშქრობებს აწყობს, სულაც არ არის იქაურობის ექსკლუზიური მფლობელი – ეს პარკი ყველასია, ის ამერიკისაცაა და მთელი მსოფლიოსიც. 2015 წელს იელოუსტოუნის ეროვნულმა პარკმა 4 მილიონზე მეტ ტურისტს უმასპინძლა; გრენდ-ტიტონის ეროვნულმა პარკმა – სამ მილიონზე მეტს. ასეთი ადგილების მონახულების შემდეგ, ვიზიტორები თავს შინაგანად გამდიდრებულად გრძნობენ და პასუხისმგებლობის გრძნობა უღვივდებათ, რაც კარგია. შარშან ივლისში ლათინოსი მოსწავლეების ჯგუფი ერთ-ერთი პროგრამის ფარგლებში გრენდ-ტიტონის პარკში ატარებდა კვირას, სწორედ მათ უთხრა პარკის ზედამხედველმა, დევიდ ველამ: ეს ეროვნული პარკი თქვენ გეკუთვნით. ის თქვენი, როგორც ამერიკელების კულტურული მემკვიდრეობის ნაწილიაო.

და მაინც, აშშ-ის პარკებს აკლიათ დაფინანსება, მათ მოვლას არნახული სამუშაო სჭირდება; კონგრესი მხოლოდ მცირე ნაწილს გაიღებს, შემოსავლის ძირითადი წყარო კერძო სექტორიდან მოდის. პარკებისთვის პოლიტიკური მხარდაჭერაც აუცილებელია.

ყველაზე მწვავე საკითხების გადაწყვეტა (გრიზლი, ბიზონი და მგელი) საჭიროებს კომპლექსურ, შეთანხმებულ და არა ურთიერთგამომრიცხავ მიდგომებს. როგორც ჩანს, იელოუსტოუნზე მოქმედებს კლიმატის ცვლილებაც – მერყევი ტემპერატურა, მწერთა მოძრაობის დარღვეული ციკლები და ვინ იცის, კიდევ რა. ფაქტია, ყველამ ერთად უნდა ვიმოქმედოთ!

რა თქმა უნდა, სათქმელად ადვილია და

ფოტოხაფანგმა მოიხელთა გრიზლი, რომელიც ვაშლის ხეზე ძვრება ნაყოფის მოსაწყვეტად. ფოტო: მაიკლ ნიკოლსი, რონან დონოვანი და ეროვნული პარკის სამსახური

შესასრულებლად რთული, მაგრამ, თუკი გრიზლის ვთხოვთ ადაპტირებას, ქცევის შეცვლასა და ახალ რეალობასთან შეგუებას, იქნებ საკუთარ თავსაც იგივე მოვთხოვოთ?

„გრენდ-პრიზმატიკ-სპრინგს“ (თერმული წყარო) თერმოფილები აძლევს ფერებს. ეს მიკრობები მდუღარე წყალში „ხარობენ“. ქლოროფილის მწვანე ელფერს მზის შუქის შთანთქმა განაპირობებს. ფოტო: მაიკლ ნიკოლსი

იელოუსტოუნის ეროვნული პარკის გეიზერების ფორმირება: მიწისქვეშა წყალი გავარვარებულ ქანს ხვდება და, შედეგად, ვიწრო ხვრელებიდან ამოიფრქვევა. ფოტო: მაიკლ ნიკოლსი

„ვარსკვლავური გზის“ (Star Trek) რეჟისორებს გამოგონილი პლანეტა – ვულკანისთვის ფონი სჭირდებოდათ. მათ სწორედ ეს ფორებიანი ტერასები (მამოთ-ჰოთ-სპრინგსი) შეარჩიეს. ეს წყარო იელოუსტოუნის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეშია. მინერალებით გაჯერებული წყალი ზედაპირზე ამოდის და წვრილმარცვლოვანი და ორნამენტირებული ქანის ახალი ფენებიც წვეთ-წვეთ იქმნება. ფოტო: მაიკლ ნიკოლსი
ორთქლის ღრუბლებში ქალი უჩინარდება. ტარდის გეიზერი, იელოუსტოუნის ზემო გეიზერის აუზი. ფოტო: მაიკლ ნიკოლსი
სრული ვერსია წაიკითხეთ მიმდინარე ნომერში.
ჟურნალის გამოწერისთვის დააჭირეთ აქ.
თეგები: 
იელოუსტოუნი
პარკი
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია