ძირითადი ინსტინქტები >
ძირითადი ინსტინქტები
სიყვარულისა და ვნების კვლევა ცხოველთა სამყაროში
01.06.19
პატრისია ედმონდსი
რასიმ ხელიფა
 
საარსებო გარემო
სტატუსი
საინტერესო ფაქტი
თავის მომკვდარუნება სექსის ასარიდებლად? ზუსტად ასეა

ევროპის, აზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის ტბორებსა და ჭანჭრობებში გავრცელებული ჭაობის ნემსიყლაპია (Aeshna juncea) შეწყვილების რიტუალს, როგორც ბიოლოგი რასიმ ხელიფა უწოდებს, „აკრობატული საჰაერო კოპულაციით“ იწყებს. მდედრის და მამრის სასქესო ორგანოები ჰაერშივე ერწყმის ერთმანეთს და სქესობრივი აქტი მიწაზე სრულდება, რის შემდეგაც მდედრი კვერცხების დასადებად მიდის.

კვერცხების დადებამდე პარტნიორის მაძიებელი სხვა მამრები შეიძლება გამოჩნდნენ. ევოლუცია მდედრს წინააღმდეგობის გაწევას აიძულებს: მას კვერცხები ცოტა აქვს; რეპროდუქციული ტრაქტი განმეორებითი განაყოფიერებისგან შეიძლება დაზიანდეს, მამრი ნემსიყლაპიას სასქესო ორგანო კი ინსემინაციამდე მდედრის სასქესო ორგანოდან არსებულ სპერმას გამოდევნის. განაყოფიერების თავიდან ასაცილებლად მდედრი ძირს მკვდარივით ეცემა, უფრო სწორად კი, სიკვდილის ინსცენირებას აწყობს.

ციურიხის უნივერსიტეტში ხელიფამ ეს ფენომენი შეისწავლა და დაადგინა, რომ „სტრატეგია ამართლებს“. მცირეხნიანი ბზუილის შემდეგ მამრები სხვა სატრფოს საძიებლად მიფრინავენ, მდედრები კი მათი გაუჩინარებისთანავე „ცოცხლდებიან“.

თავის მომკვდარუნება ცხოველების უპირატესობაა

მტაცებლისგან თავის დასაღწევად ცხოველები უსიცოცხლო, უმოძრაო მდგომარეობას იღებენ. სიკვდილის ინსცენირება ბევრ უხერხემლოსა თუ ხერხემლიანში გვხვდება.

ჩრდილოამერიკული ანკარა

სასიკვდილო აგონია უფრო დამაჯერებელი რომ იყოს, ჩრდილოამერიკული ღორისდინგა ანკარა უსიამოვნო სუნს გამოყოფს და პირიდან სისხლსაც კი ანთხევს.

ვირჯინიის ოპოსუმი

შიშისგან ოპოსუმი გონებას კარგავს, ენას აგდებს და დორბლი გადმოსდის. გამოთქმა „ოპოსუმის პოზა“ აქედან წამოვიდა და სიკვდილის ინსცენირებას ნიშნავს.

მტაცებელი ციქლიდები

ამ თევზის ორი სახეობა მსხვერპლის მოსაზიდად მდინარის ან ტბის ფსკერზე მკვდარივით ეშვება. პატარა თევზი თუ მიუახლოვდა, უმალ ციქლიდის სადილად იქცევა.

თეგები: 
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია