ძირითადი ინსტინქტები >
ძირითადი ინსტინქტები
სიყვარულისა და ვნების კვლევა ცხოველთა სამყაროში
01.12.18
პატრისია ედმონდსი და კეიტი უოტკინსი
ჯოელ სარტორე, National Geographic Photo Ark, ეს ყავისფერი ქვრივი ობობა ოდიუბონის საბუნებისმეტყველო ინსტიტუტშია გადაღებული
 
საარსებო გარემო
სტატუსი
საინტერესო ფაქტი
მამრს უფროსი მეწყვილეები იზიდავს. მდედრი აფასებს მის გემოვნებას

სექსის ძიებისას რატომ არ მიდის მამრი ობობა Latrodectus geometricus-ი კარგ ახალგაზრდა მდედრებთან? ისინი უფროსებზე ბევრად ნაყოფიერები არიან და უფრო სწრაფად, განსაკუთრებული ცერემონიების გარეშე შეჯვარდებოდნენ. თან, ახალგაზრდა მდედრები შეჯვარებას თავიანთი პარტნიორების შეჭმით არ ამთავრებენ (ამან განაპირობა ობობების ამ სახეობის მეტსახელი – ქვრივი ობობა).

ამ გასაგები უპირატესობების გამო, ისრაელში მკვლევართა ჯგუფი ელოდა, რომ L. geometricus-ის მამრები ახალგაზრდა მდედრებს არჩევდნენ. ვარაუდის შესამოწმებლად მკვლევრები ობობების ორგიებს აწყობდნენ და მამრებს ყველა ასაკის მდედრებს სთავაზობდნენ. კვლევის შედეგები ჟურნალ Animal Behaviour-ში გამოქვეყნდა.

უფროს მდედრთან შესაჯვარებლად მამრს შეიძლება სხვა მრავალი კონკურენტის ჩამოშორება ან საარშიყო ჟესტების კეთება მოუწიოს, რომლებიც ექვს საათამდე გრძელდება ხოლმე. მაგიურ მომენტში მამრი მისი ორი სასქესო ორგანოდან ერთს მდედრის ორი სასქესო ხვრელიდან ერთ-ერთში ათავსებდა და მდედრი მის ცოცხლად ჭამას იწყებდა. თუ იგი გადარჩებოდა, იქნებ, მეორედაც ეცადა შეწყვილება.

კვლევისას მამრები ახალგაზრდა მდედრების ნახევარზე ნაკლებთან, ხოლო ყველაზე უფროსი მდედრების 100%-თან წყვილდებოდნენ. ახალგაზრდა მდედრებთან შეჯვარებისას არც ერთი მამრი არ დაღუპულა, უფროსებთან შეწყვილებულები კი – ნახევარზე მეტი. „ვერაფრით დავადგინეთ მამრთა სუიციდური ლტოლვა უფროსი პარტნიორების მიმართ“, ამბობს კვლევის თანაავტორი შევი ვანერი. ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, ასაკოვანი მდედრები უფრო ძლიერ სექსუალურ ფერომონებს გამოყოფენ და ამით ახდენენ მათი ახალგაზრდობისა და ნაყოფიერების ნაკლებობის კომპენსირებას.

თეგები: 
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია