ბლოგები >
გზაში დაწერილი წიგნიდან
 
დათო ტურაშვილი
Shutterstock.com
29.05.15

სულ სხვა ამბავი მინდოდა მომეყოლა (მაგალითად იმის შესახებ, თუ როგორი მორცხვი იყო ახალგაზრდობაში ლაშა ბუღაძე და როგორ მთხოვა ერთხელ აფთიაქში, იქნებ პრეზერვატივი შენ მიყიდო, ძალიან მერიდებაო და როგორ შევუსრულე ეს თხოვნა). მაგრამ გუშინ, თურქეთში, ისეთი აღმოჩენა გავაკეთე, რომ ისევ ძველი დარდი გამახსენდა, რომელიც თავს არ მანებებს და არც მე ვეშვები. ანკარაში, მწერლების კონფერენციაზე რეგისტრაციის დროს აღმოვაჩინე (წარწერის მიხედვით რასაკვირველია), რომ გოგონას, რომელმაც პროგრამა და მონაწილეების სია გადმომცა, დენიზი ერქვა, რაც ქართულად ზღვას ნიშნავს და ეს კი იმას ნიშნავს, რომ თურქეთში ადამიანებს ზღვის სახელსაც არქმევენ. არადა თურქები ზღვის პირას სულ რაღაც ათი საუკუნეა რაც დასახლდნენ, ჩვენ კი, იმავე ზღვის პირას, თითქმის ორმოცდაათი საუკუნეა ვცხოვრობთ და არცერთ ქართველ დედას (ან მამას), ჯერ არცერთი შვილისთვის ზღვა არ დაურქმევია. ორმოცდაათი თუ ცოტა გადაჭარბებულია, თუნდაც ოცდაათი საუკუნე ხომ ნამდვილად საკმარისი იყო იმისათვის, რომ ზღვის პირას მცხოვრებ ხალხს ზღვა ისე შეგვყვარებოდა, როგორც ეს საზღვაო ქვეყნებში ხდებოდა, მაგრამ (სამწუხაროდ) - არა ჩვენთან. არადა, იყო დრო, როცა ზოგიერთი ხალხი შავ ზღვას ქართველების (ან ქართველების წინაპრების) ზღვასაც კი უწოდებდა. მაგრამ იყო ისეთი დროც (და საუკუნეებიც), როცა საკუთარ ზღვაში არც კი გვიშვებდნენ და ალბათ ამიტომაცაა, რომ ქართველი მოგზაური ისტორიულად იშვიათი მოვლენაა. მეტიც, ის ქართველი მოგზაურები, რომლებმაც სხვადასხვა ქვეყნები აღწერეს, სინამდვილეში იმ ქვეყნებში სულ სხვა მიზნითა და მისიით იყვნენ გაგზავნილები. როგორც წესი, ყველა წესს აქვს გამონაკლისი და ასეთი გამონაკლისი, საბედნიეროდ, ჩვენც გვყავდა. ჩვენც გვაყვდა მწერალი გიორგი ავალიშვილი (მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს და მეცხრამეტეს დასაწყისში), რომელიც იმავდროულად მოგზაურიც იყო და ეგვიპტესაც ტურისტივით ჯერ კიდევ მაშინ ეწვია, როცა ტურისტის გაგებაც კი არ არსებობდა. არც ეგვიპტეში და არც რომელიმე სხვა ქვეყანაში არცერთ ტურისტს არ შეუძენია ის, რაც გიორგი ავალიშვილმა კაიროში იყიდა და ასე, მხარზემუმიაგადებული მიადგა კიდეც მეზობელ ქვეყანას. უკანა გზაზე, პირველივე შემხვედრ ქვეყანაში მას, რასაკვირველია, აუკრძალეს საზღვრის გადაკვეთა (ბოდიში და) იმ ტვირთთან ერთად. მიზეზი იყო მარტივი – გიორგი ავალიშვილს სუვენირი არ შეუძენია ეგვიპტეში. სინამდვილეში, ის არც ტურისტი იყო და არც დიპლომატი (როგორც მის ბიოგრაფიებში წერია). ნამდვილი მოგზაური იყო და ნამდვილი მწერალიც. ქართველი მწერლის გარდა სხვა ვინ მოიფიქრებდა იმ ვერსიას, რომლის წყალობითაც მან ეგვიპტეში შეძენილი მუმია თბილისში ჩამოიტანა – ბებია მყავდა პირამიდების სანახავად წაყვანილი და ეგვიპტეში მოულოდნელად მომიკვდაო. გიორგი ავალიშვილის (ვინ იცის რამდენი ათასი წლის) ეგვიპტელი "ბებია", ახლაც საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში ინახება.

ზღვა რომ ჯეროვნად გამოგვეყენებინა, იქნებ მუზეუმი და წარსული კი არა, აწმყოც სულ სხვანაირი გვქონოდა, მაგრამ სამწუხაროდ, გემი კი არა, ზოგჯერ ნავიც კი არ გვყოლია (საუკუნეების განმავლობაში) და ნავის ფორმის (იმ წარსულიდან), მხოლოდ აჭარული ხაჭაპური დაგვრჩა. ისიც, ჩვენი სუბიექტური ვარაუდით, შეიძლება ლაზური წარმომავლობისაა და აჭარულს კი იმიტომ ვეძახით, რომ დანარჩენ საქართველოში აჭარლებისგან გავრცელდა, თორემ ლაზების გარდა (ჩვენგან), ზღვაში ნავით შესული, პირადად მე, არც არასოდეს არავინ მინახავს. ნავი და გემი რომ გვჭირდებოდა (ზღვის ქვეყნის მოქალაქეებს), ამას, მაშინვე, დამოუკიდებლობის აღდგენისთანავე მიხვდნენ ქართველები და 1918 წელს პირველი, რაც მათ შექმნეს, ზღვათა სამინისტრო იყო და ვლადიმერ გობეჩიაც მაშინვე დანიშნეს არა ზღვის, არამედ ზღვების მინისტრად. თუმცა ამ საქმიდან, მაინც არაფერი გამოვიდა, რადგან ბოლოს საზღვაო ფლოტი, ჩვენ მხოლოდ მაშინ გვყავდა, როცა კოლხი მედეას გამტაცებლებს წყალ და წყალ გამოვედევნეთ, სამწუხაროდ, სრულიად უშედეგოდ.

როგორც ჩანს, მთავარი, მაინც ზღვის სიყვარულია და ამ სიყვარულის აღსადგენად, აქ, ანკარაში, ისტორიული გადაწყვეტილება მივიღე. სამშობლოში დაბრუნებისთანავე, ჩემი მეუღლე მაკა, კიდევ ერთი შვილის გაჩენაზე უნდა დავითანხმო და გოგო გვეყოლება თუ ბიჭი (სულერთია), მაინც ზღვა უნდა დავარქვა. თურქეთში ზღვა, ბიჭებსაც ჰქვიათ და გოგოებსაც.

პ.ს. თუ ცოლს ვერ დავითანხმებ, იმედია, ამ კეთილი საქმისთვის ვინმე პატრიოტი ქართველი ქალი (სასურველია ბინით უზრუნველყოფილი) აუცილებლად გამოჩნდება...

თეგები: 
ბლოგი
ამბავი
თურქეთი
ზღვა
მოგზაურობა
კაირო
გიორგი ავალიშვილი
მუმია
აჭარა
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია