ბლოგები >
სივრცე, სადაც სწავლა და კვლევა სიამოვნებაა: ძველი სამეცნიერო ბიბლიოთეკა რომ გაცოცხლდეს...
ეკა ქევანიშვილი
ირა კურმაევა, ნინო ისაკაძე
06.09.19

საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ფასადი

სასექსის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტს, ერეკლე ჩინჩალაძეს თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის გარდასახვის და განახლებულ მულტიფუნქციურ სივრცედ გადაქცევის იდეა და სურვილი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც ერთ მშვენიერ დღეს იქ სამუშაოდ მივიდა.

თბილისში ჩამოსულს, ესეი ჰქონდა დასაწერი და იფიქრა, რომ ბიბლიოთეკაში მუშაობას შეძლებდა – ვერც წარმოიდგენდა, რომ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის შენობა ასეთ მდგომარეობაში დახვდებოდა – მოძველებული საბიბლიოთეკო სისტემა, გასარემონტებელი შენობა – შიგნით ამოსული ხეებით, მუშაობისთვის არაკომფორტული გარემო, სიცივე... იქაურობა ოდნავადაც არ ჰგავდა იმ ბიბლიოთეკებს, სადაც ერეკლეს, როგორც სტუდენტს, უწევდა მუშაობა დიდ ბრიტანეთში.

და მაშინ გადაწყვიტა, რომ ამ იდეის განხორციელებისთვის ალაპარაკება ღირდა.

ოქსფორდის უნივერსიტეტის ბოდლიანის ბიბლიოთეკის ერთ-ერთი მთავარი შენობის ვესტონის ბიბლიოთეკის ფასადი

დღეს ერეკლეს გვერდით მისი რამდენიმე მეგობარი დგას და ისინი ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცედ გადაქცევის იდეას ერთად ლობირებენ – ლაპარაკობენ ყველგან, სადაც ხმა მიუწვდებათ და ამ იდეის პოპულარიზაციას იმ რესურსით ცდილობენ, რაც აქვთ.

სჯერათ, რომ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა შეიძლება გადარჩეს და მეტიც, სტუდენტებისთვის, ახალგაზრდა მკვლევრებისთვის ერთ-ერთ ყველაზე ღია, მოსახერხებელ და, რაც მთავარია, ხელმისაწვდომ, კომფორტულ სივრცედ გადაიქცეს. მაგალითად, ისეთად, როგორიც ჰელსინკის ბიბლიოთეკაა, რომელიც, როგორც ერეკლეც ჰყვება, დღეს ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე საჯარო სივრცეა.

ბოდლიანის ბიბლიოთეკის ერთ-ერთი უძველესი სამკითხველო დარბაზი

ამ შენობის გახსნა ფინეთმა 2017 წელს, ბოლშევიკებისგან თავდახსნის 100 წლის იუბილეს მიუძღვნა – სიმბოლოები აქაც შეგვიძლია ჩვენ სასიკეთოდ გამოვიყენოთო, გვეუბნება ერეკლე ჩინჩალაძე. მაგალითად, 1985 წელს, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს გახსნილი ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის შენობა, რომელიც საბჭოთა არქიტექტურას მიეკუთვნება, დამოუკიდებელ საქართველოში შეიძლება ერთ-ერთ ყველაზე თავისუფალ სივრცედ იქცეს, რომელიც თავის წვლილს შეიტანდა განათლების რეფორმაში, ახალგაზრდებს კი თავისუფლებისკენ სწრაფვაში  დაეხმარებოდა.

„იქნებ სახელმწიფო და კერძო სექტორიც დაინტერესდეს ამ იდეით“, – ამბობს ერეკლე ჩინჩალაძე.

ციფრულ ეპოქაში ის ქვეყნებიც კი, რომლებიც ამ მხრივ პირველობას არავის უთმობენ (და რომელი ქვეყნებისკენაც დღეს საქართველო ისწრაფვის),  ცდილობენ, რომ ბიბლიოთეკებმა არ დაკარგონ არც თავისი დანიშნულება, მაგრამ თან მოსახერხებელ, თანამედროვე და პოპულარულ ადგილებად იქცნენ.

მაგალითად, ისეთ სივრცედ, როგორიც ოქსფორდის უნივერსიტეტის ვესტონის ბიბლიოთეკაა – ადგილი, რომელიც დანახვისთანავე ჯერ არქიტექტურით გხიბლავს, ხოლო შიგნით რომ შეხვალ, ის მომენტალურად გადაიქცევა კომფორტულ სამუშაო, შემეცნებით და დასასვენებელ ადგილად – ჟურნალ National Geographic საქართველოს გადამღებ ჯგუფს იქ გასული წლის ზაფხულში მოუწია მუშაობა და ჩვენი თვალით ვნახეთ ერთ სივრცეში ინტეგრირებული ყველა კომპონენტი – კაფეც, მაღაზიაც, გამოფენაც და სამკითხველოც  – უამრავი წიგნით. ასეთი იყო ბოდლიანის ბიბლიოთეკის სხვა სამუშაო სივრცეებიც – გარედან მიმზიდველი და ნოსტალგიური, შიგნით კი წარსულისა და თანამედროვეობის სინთეზით წარმოდგენილი. ეს იყო ადგილი, რომელსაც როგორც ღირსშესანიშნაობას, ისე უახლოვდებოდი და საბოლოოდ აღმოაჩენდი სივრცეს, რომელშიც თავისუფლად შეგეძლო როგორც ულევ ინფორმაციასთან წვდომა, ასევე ახალი მეგობრების შეძენა, მეცნიერებთან ურთიერთობა და დროის სასიამოვნოდ გატარება.

საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ფონდებისა და სამკითხველო დარბაზის ამჟამინდელი მდგომარეობა.

ერეკლეს და მის მეგობრებსაც არაერთი სხვა მსგავსი ბიბლიოთეკის მაგალითის მოყვანა შეუძლიათ. ათი საუკეთესო ბიბლიოთეკის პოსტერი საგანგებოდაც კი დაბეჭდეს. მათ რჩეულებს შორის მოხვდა, მაგალითად, ლონდონის კინგს კოლეჯის სამეცნიერო ბიბლიოთეკა, კრაისტ ჩერჩის ბიბლიოთეკა ახალ ზელანდიაში და ა.შ.

რატომ არ შეიძლება იყოს ასეთი თბილისის ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკაც?

საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ფონდებისა და სამკითხველო დარბაზის ამჟამინდელი მდგომარეობა.

„აი, მაგალითად, ეროვნულ სამეცნიერო ბიბლოთეკაში რომ არსებობდეს  საგამოფენო სივრცე, სადაც ქართული თავდაცვითი პროდუქციის, ჯავშანმანქანების პერმანენტული ექსპოზიცია მოეწყობა – ეს იქნებოდა ცოდნის მიღება გართობით. ან ამავე შენობაში საბავშვო სივრცის მოწყობა, სადაც მშობლები თავიანთ შვილებს მიიყვანდნენ და იქ ერთდროულად საგანმანათლებლო სივრცეც დახვდებოდათ და გასართობიც. ასეთი მაგალითები არსებობს და შეგვიძლია ჩვენც გავიზიაროთ”, – ამბობს ერეკლე და სჯერა, რომ თბილისიც შეიძლება შეემატოს იმ ქალაქებს, რომელთა ტურისტულ რუკაზე სანახავი ადგილების სიაში ამ ქალაქის უნიკალური ბიბლიოთეკებიც არის დატანილი.

ერეკლეს მეგობარი ანანო მახარაძეც ფიქრობს, რომ თბილისში არ არსებობს სტუდენტებისთვის განკუთვნილი ხელმისაწვდომი სამუშაო სივრცე, რომელიც უფასო იქნება და სადაც მისვლა მათთვის არა სტრესთან, არამედ სიამოვნებასთან იქნება დაკავშირებული, თუმცა ანანომაც იცის, რომ ასეთი იდეების რეალობად ქცევას ამის მოსურნე მეტი ადამიანი, მეტი რესურსი და, რაც მთავარია, სახელმწიფოს ნება სჭირდება.

საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ფონდებისა და სამკითხველო დარბაზის ამჟამინდელი მდგომარეობა.

შენობის გადარჩენა და რეაბილიტაცია ერთი საქმეა, თუ სახელმწიფო ამ გადაწყვეტილებას მიიღებს და ახალგაზრდების ამ იდეას მხარს დაუჭერს, მერე უკვე იმაზეც იქნება საფიქრალი, როგორი უნდა გახდეს ეს სივრცე, თუმცა, როგორც ერეკლე ჩინჩალაძე ამბობს, მას და მის მეგობრებს იდეების ნაკლებობა არ აწუხებთ; მათ უნახავთ და იციან, როგორია იმუშაო სივრცეში, სადაც ყველაფერი იმაზეა მორგებული, რომ ისწავლო, იკვლიო და უკეთესი განათლება მიიღო – მთავარია, ამის სურვილი გქონდეს:

„მონაცემთა ბაზები იქნება საყიდელი, რომ სტუდენტებს წიგნებზე წვდომა შეეძლოთ; გვინდა, რომ მოეწყოს თანამედროვე „ფეიბოქსის“ ტიპის სისტემა, რომლის დახმარებით სტუდენტი შეძლებს მისთვის საჭირო წიგნის დაჯავშნას...

ძალიან დიდი სტიმულია ასეთ სივრცეში მუშაობა და კვლევა. მოტივაციაც მეტია და კონკურენციაც უფრო მაღალი, როდესაც ხედავ, როგორ მუშაობენ სხვები“...

თეგები: 
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია