ბლოგები >
ახალციხელი გამომგონებლები
თამუნა უჩიძე, ახალციხე
01.05.15

ახალციხელი მეათე კლასის მოსწავლეების გამოგონილი მულტიკლიმატიზატორი ფერმერებს მუშაობას გაუადვილებს და მოსალოდნელი ზიანისგან დაიცავს; ვინ არიან ახალციხელი გამომგონებლები, რომლებიც ამერიკაში ნასას ცენტრში სხვა პატარა გამომგონებლებს გაიცნობენ.

ახალციხეში მცხოვრებმა მეათე კლასის მოსწავლეებმა ირაკლი კაპანაძემ და კარლო ხუციშვილმა მულტიკლიმატიზატორი გამოიგონეს. მოწყობილობა ფერმერებს მიწის ტენიანობის, ტემპერატურისა და მოსალოდნელი ამინდის შესახებ აცნობებს.

მისი შექმნის იდეა ირაკლის ეკუთვნის: „კახეთში ძლიერი წვიმის გამო გლეხებს ვენახი ხშირად უფუჭდებათ. ამის შესახებ ტელევიზიით თითქმის ყოველ დღე გვესმის. ამიტომ გამიჩნდა იდეა ისეთი ხელსაწყო შემექმნა, რომელიც გლეხებს მოსალოდნელი ამინდის შესახებ შეატყობინებდა“.

ირაკლიმ იდეა მისი ბავშვობის მეგობარს, კარლო ხუციშვილს გაუზიარა. ირაკლი და კარლო ახალციხის მეექვსე საჯარო სკოლაში თანაკლასელები იყვნენ. კარლო საჯარო სკოლიდან სასწავლებლად კერძო სკოლა, „მზექაში“ გადავიდა, მაგრამ ამას მეგობრებისთვის ერთად მუშაობაში ხელი არ შეუშლია. მულტიკლიმატიზატორის შესაქმნელად გაკვეთილების შემდეგ კარლო ირაკლისთან სახლში მიდიოდა და სხვადასხვა ნივთებისგან აყრილ ოთახში გვიანობამდე მუშაობდნენ.

„პროექტის აწყობა რომ დავიწყეთ, იდეები გვემატებოდა. ხელსაწყოს გარდა კლიმატის გაგებისა სხვა ფუნქციებიც მივანიჭეთ, ტემპერატურისა და ტენიანობის გამზომი აპარატი დავამატეთ“, – გვიყვება ირაკლი.

ხელსაწყოს საშუალებით ფერმერი ნებისმიერი მანძილიდან მიწის ტენიანობის, ტემეპრატურისა და მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ტელეფონზე მესიჯად მიიღებს. ასევე მოწყობილობას დამაგრებული აქვს ვიდეო კამერა, ის ფოტოს იღებს და ტელეფონზე მას sms-ით სახით აგზავნის.

„რამდენ ტელეფონის ნომერსაც გინდა იმდენს მიუთითებ და შესაბამისად, ინფორმაციასაც იმდენი ადამიანი მიიღებს. ამ მოწყობილობით ნაკვეთში უცხო პირის შესვლასაც დააფიქსირებ. განგაშის სიგნალი აქვს დამაგრებული და ყვირილს დაიწყებს“, – გვიხსნიან გამომგონებლები.

ხელსაწყო სამი ნაწილისგან შედგება, მუტლიკლიმატიზატორი, ინფორმაციის მიმღები და დრონი. იგი შესაძლებელია იკვებებოდეს მზის ენერგიით და ეს მისით სარგებლობას უფრო მოსახერხებელს ხდის.

მეათეკლასელებმა ამ გამოგონებით ათასწლეულის ინოვაციის ეროვნულ კონკურსში 11 თებერვალს პირველი ადგილი დაიკავეს. ახალციხელი გამომგონებლები კონკურსში წარდგენილ ათ გუნდს შორის საუკეთესოები აღმოჩნდნენ. ისინი, როგორც პირველ ადგილზე გასულები, 3 აპრილს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრებიან და აქ კონრადის ფონდის ორგანიზებულ ინოვაციების სამიტში, ნასას კენედის კოსმოსურ ცენტრში გამართულ კონკურსში, მონაწილეობას მიიღებენ.

ირაკლი და კარლო ამ გამოგონებამ და გამარჯვებამ ქალაქში პოპულარული გახადა. ამბობენ, რომ ახლა მათ, როგორც გამომგონებლებს ისე იცნობენ.

თუმცა, პოპულარობას, მათი ყოველდღიურობა არ შეუცვლია. დილით ორივე ცხრაზე იღვიძებს, ათის ნახევარზე სწავლა ეწყებათ და საუზმის გარეშე სკოლისკენ ჩქარობენ. შინ შუადღეს ბრუნდებიან, მეცადინეობენ და დარჩენილ დროს ჩხირკედელაობას უთმობენ. ან რაღაცას შლიან და აწყობენ, ან ფიზიკის შესახებ დამატებით ლიტერატურას კითხულობენ, ყველაზე მეტ დროს კი ინტერნეტს უთმობენ, აქ სხვადასხვა ვიდეო გაკვეთილებს უყურებენ. შემდეგ კი მიღებულ ინფორმაციას ერთმანეთს უზიარებენ.

ფიზიკის სწავლა გამომგონებლებმა მეშვიდე კლასიდან დაიწყეს, თუმცა, მანამდე სწორედ ვიდეო გაკვეთილებითა და ძველი ნივთების დაშლა–აწყობით, ფიზიკის კანონების შესახებ უკვე ბევრი იცოდნენ.

კარლომ პირველად სახლში გაფუჭებული ტელევიზორი შეაკეთა. შემდეგ კომპიუტერი დაშალა და მისი თავიდან აწყობა სცადა: „რომ გამომივიდა, ინტერესი გამიჩნდა რაღაცა ჩემითაც ამეწყო“.

ბავშვობიდან უყვარდა სხვადასხვა ნივთების დაშლა ირაკლისაც. ვიდრე პატარა იყო პულტიან მანქანებს შლიდა და აწყობდა. კაბელიანებს უკაბელოდ აკეთებდა. შემდეგ სახლში ტელეფონი დაშალა, ამას რადიო და ტელევიზორიც მოჰყვა. დაშლილი ნივთებით კი მოგვიანებით ციმციმა ააწყო: „ნათურა ციმციმებდა 55 ტაიმზე, მიკრო სქემაა ასეთი. ამის შემდეგ მაგნიტური ლევიტაცია გავაკეთე: ელექტრო მაგნიტის საშუალებით რკინის საგნები ჰაერში რჩებოდა. ეს რომ ავაწყე მეექვსე კლასში ვიყავი“.

ირაკლისაც და კარლოსაც განსაკუთრებით ფიზიკის გაკვეთილი უყვართ, თუმცა, ამბობენ რომ ცუდად არც სხვა საგნებს სწავლობენ. მართალია, ირაკლის ისტორიაში მეცადინეობა განსაკუთრებით არ უყვარს, მაგრამ თავს ძალას ატანს და საგანს მაინც ყოველთვის ამზადებს.

ირაკლისგან განსხვავებით, კარლო სპორტით იყო დაკავებული, ცხრა წელი კარატეზე დადიოდა, თუმცა, გამოგონებაზე მუშაობა ბევრ დროს ითხოვდა და საყვარელ ჰობს იოლად შეელია. თუმცა, მას შემდეგ რაც მულტიკლიმატიზატორზე მუშაობა დაასრულა, ახალი სფეროთი დაინტერესდა, ადამიანის უფლებების შესახებ ბლოგების წერა დაიწყო და ახლა სხვადასხვა კონკურსებში მონაწილეობის მიღებას, ამ მიმართულებითაც გეგმავს.

მიუხედავად იმისა, რომ კარლო ბოლო დროს იურისპრუდენციამ გაიტაცა, დროის დიდ ნაწილს კვლავ ფიზიკას უთმობს და ამას მის სამომავლო გეგმებში არაფერი შეუცვლია.

„ელექტრო ინჟინერიაზე მინდა ჩავაბარო თბილისში“, – ამბობს იგი და ამატებს, რომ სტუდენტობამდე ქუთაისში ფიზიკის სკოლაში სწავლის გაგრძელება სურს – „იქ ფიზიკაზე მეტი იციან, მეტ ინფორმაციას მივიღებ“.

ელექტრო ინჟინერიის მიმართულებით სურს სწავლის გაგრძელება ირაკლისაც. გარდა პროფესიისა, გამომგონებლებს სხვა საერთო სურვილებიც აქვთ, ორივე ამერიკაში სწავლაზე და კიდევ იმაზე ოცნებობს, რომ ცნობილი გამომგონებლები გახდნენ. ამ მხრივ პირველ ნაბიჯებს მომავალ თვეში, ამერიკაში ნასას ცენტრში გადადგამენ. თავიანთ გამოგონებას მსოფლიოს სხვადასხვა წარმომადგენლებს გააცნობენ.

თეგები: 
ბლოგი
ახალციხე
NASA
გამოგონება
ირაკლი კაპანაძე
კარლო ხუციშვილი
მულტიკლიმატიზატორი
ფიზიკა
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია